reportiori.ge - ყოვლად დაუჯერებელი ამბები - აქა ამბავი სიმდიდრისა და სიღარიბისა, ანუ მოპოვებისა და გაყოფისა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:40
პრეს-დაიჯესტი
ყოვლად დაუჯერებელი ამბები - აქა ამბავი სიმდიდრისა და სიღარიბისა, ანუ მოპოვებისა და გაყოფისა
ავტორი:
13 მაისი, 2015. 15:59

კარგი ცხოვრება ყველას უნდა – რა არის აქ გასაკვირი?.. არც ახალია რამე. ყოველთვის ასე იყო, თურქი ათადან და ბაბადან კი არა, მზია და ზეზვადან კი არა,  და უფრო ადრეც...

 

ოღონდ ეგ არის, რომ არ გამოდიოდა ეს კარგი ცხოვრება მარტოდ და ეულად. ადამანისთვის არ გამოდიოდა, თორემ ვეფხვებისთვის ნამდვილად გამოდის. ადამიანი ვფხვივით ძლიერი არც მზიასა და ზეზვას დროს იყო და იმავე ვეფხვის არჩივი რომ არ გამხდარიყვნენ, ადამიანებს ჯგუფად უნდა ეცხოვრათ. ჯგუფურად საზრდოს მოპოვებაც უფრო ადვილი იყო და ცხოვრებაც – უფრო უსაფრთხო.

 

აქედან – დასკვნა:  ადამიანისთვის ჯგუფური, ანუ საზოგადოებრივი ცხოვრება და შრომა უფრო უსაფრთხო და უფრო ნაყოფიერია.

 

მოპოვება კი იყო უფრო ადვილი, მაგრამ ჯგუფურად მოპოვებული საზრდო – ვთქვათ, ნანადირევი ხომ უნდა გაყოფილიყო რაღაცნაირად. თუმცა ზეზვას და მზიას დროს ჯგუფის ძლიერი წევრები გაყოფის წესზე ფიქრით მაინცდამაინც თავს არ იწუხებდნენ და მოპოვებულს ყოველგვარი გაყოფის გარეშე შეექცეოდნენ. ჯერ ყველაზე ძლიერი ჭამდა, თუ ჯგუფში მეორე ძლიერიც გამოჩნდებოდა, მაშინ ერთმანეთს დასცხდებდნენ და ვინც აჯობებდა, ის პირველი მიირთმევდა. ისეც ხდებოდა, რომ ძლიერები შეამხანაგდებოდნენ ხოლმე, მეტადრე მაშინ, თუ საკვები საკმაოდ იყო. სანამ შეამხანაგებული ძლიერები თქვლეფდნენ, უფრო სუსტები იბოღმებოდნენ და სამართლიანი განაწილების წესზე და დემოკრატიაზე ფიქრობდნენ...

 

აქედან – დასკვნა: მოპოვების წესის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი გაყოფის წესი გახლავთ და დემოკრატია და სამართლიანობა კი დაბოღმილი სუსტების მოგონილია.

 

ხომ არ გგონიათ, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა? – ბევრიც არაფერი. მოპოვება და გაყოფა ისევ უმნიშვნელოვანესი საკითხებია. ოღონდ ეგ არის, რომ მათ შორის რომელი პირველია და რომელი – მეორე, ისე ნათელი აღარ არის, როგორც ზეზვას და მზიას დროს იყო.

 

ისე, უნდა ვაღიაროთ, რომ არც მაშინ იყო საქმე მარტივად. შედარებით სუსტები ანუ საშუალო სტატისტიკური ადამიანები, რომლებზეც შოთამ გვითხრა: დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთაო, მოპოვებულ ხილს, კვერცხებსა თუ კურდღელს იქვე ადგილზევე მიირთმევდნენ, რადგან საერთო ბეღელში რომ მიეტანათ, გაყოფის არსებული წესი მათ ამ პროდუქტით დატკბობის გარანტიას არ აძლევდა. თანაც, თუ ამ წვრილმანი სანოვაგით მოპოვების ადგილზევე ჩაიკოკლოზინებდნენ ყელს და გამოქვაბულში მისულები კი დაიწუწუნებდნენ, დღეს ვერაფერი მოვიპოვეთ, ტყუილად ჩამოვწყდით და დავიღალეთო, ძლიერებს შეიძლება შესცოდებოდათ და თავად რომ გამოძღებოდნენ მათივე მონადირებული ჯიხვის ან ვირის ხორცით, ნარჩენები – ვთქვათ, თავ-ფეხი, ამ საშუალო სტატისტიკურებისთვისაც შეეხვედრებინათ. ეტყობა, ერთ საშუალო სტატისტიკურს გოგია ერქვა და იქიდან შემორჩა ნათქვამი: გოგიას რაღაოდა – ვირის თავ-ფეხიო.

 

აქედან დასკვნა: უსამართლო განაწილება აიძულებს გოგიებს, რომ რასაც იშოვიან, გასაყოფად არ გახადონ და მაშინვე მოჟოშკონ“.

 

ცხადია, აშუალო სტატისტიკურების ანუ ხალხის ეს ეშმაკობა ძლიერებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და მათ მეთვალყურე (საგადასახადო ინსპექცია) მიუჩინეს, რომ რასაც მოიპოვბდნენ, ადგილზე არაფერი შეეჭამათ და ყველაფერი გამოქვაბულში მიეტანათ. გართულდა საქმე. მაგრამ მეთვალყურეებიც ადამიანები იყვნენ, მათაც შიოდათ და სწყუროდათ და როცა საშუალოები შესთავაზებდნენ ხოლმე, სანოვაგე ისედაც ცოტაა და იქ რომ მივიტანოთ, არც ჩვენ შეგვახვედრებენ რამეს და არც შენაო და მოდი აქვე დავნაყრდეთო, – ზოგიერთი მშიერი მეთვალყურე ცდუნებას ვერ უძლებდა და აი,.. ასე წარმოიშვა კორუფცია. მერე იმ მეთვალყურეს მწყერი ან კურდღელი რომელიმე თავის ახლობელ ძლიერთანაც მიჰქონდა, რომ ამ ძლიერს სხვა ძლერებისაგან დაეცვა, თუკი რამე მოხდებოდა. ეს ძლიერი კიდევ მთლად ძლიერს ანუ ბელადს უთავაზებდა ხოლმე ძღვენსა თუ საჩუქარს და... ასე მიიღო კორუფციამ სისტემური ხასიათი.

 

გართულდა საქმე. მიხვდნენ, რომ რამეს თუ არ მოიფიქრებდნენ, ტომი და სახელმწიფო ჩამოეშლებოდათ და ერთად ვეღარ იცხოვრებდნენ. მერე მოსდგებოდნენ ამ გათითოკაცებულ და საშოვარს გადაგებულ ჩვენს წინაპრებს მგლები და ვეფხვები და ყველას სათითაოდ შეახრამუნებდნენ. დასხდნენ, იფიქრეს, იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ საგადასახადო კოდექსი დაეწერათ. ატყდა ერთი სჯა-ბაასი და კამათი. გოგიები გაიძახოდნენ, თქვენ რომ ვირის თავ-ფეხის გარდა არაფერს გვარგუნებთ, სადაური წესიაო, – სადაური წესია და აქაურიო. – ძლიერები მიუგებდნენ. – აბა, თქვენ რომ გზადაგზა მიირთმევთ მოგროვილსო და ეს საგადასახადოც გაგვირყვენითო, გგონიათ, შეგრჩებათო, ვერ მოგართვითო, – ახლა ძლიერები აყვედრიდნენ. ვერ მოხერხდა კონსენსუსი. გოგიები გაიძახოდნენ – ყველაფერი შევაგროვოთ და თანაბრად გავყოთო; ძლიერები პასუხობდნენ, ჯობია ძმურად გავყოთო. ვერა და ვერ მოხერხდა გაყოფის წესზე შეთანხმება. მერე ძლიერებმა უთხრეს, მოდით, კაცო, ამ კოდექსის ტერმინებზე მაინც შევთანხმდეთო. რადგან ჩვენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი ვართ, ჩვენ ხელისუფლებასა და მთავრობას დავირქმევთ, თქვენ კიდევ ხალხი იყავითო. თქვენ იშრომეთ და ჩვენ კიდევ გმართავთ და ვეფხვებისგან დაგიცავთო. ოღონდ უკეთესად რომ დაგიცვათ, თქვენგან ლაშქარიც ჩამოვაყალიბოთ და იმასაც ჩვენ ვუხელმძღვანელებთო. თქვენც ასე ჯგუფ-ჯგუფად ინადირეთ და თქვენც შეძლებთ დიდი ნადირის მონადირებასო. ოდა, რასაც იშოვით, ანუ საზოგადოებრივი დოვლათი, აქ მოიტანეთ და ძმურად გავყოთო. ეგ როგორაო? – როგორაო და ნახევარს ჩვენ ავიღებთო – რომელიც მოგვეწონება, იმ ნახევარსაო და დანარჩენი კიდევ სულ თქვენი იყოსო. სუუულ, სუუულ თქვენიოოო. მეტი რაღა გინდათო, კოდექსიც გამარტივებული გამოვა და ადმინისტრირებაც – ადვილიო. გოგიები მიხვდნენ, რომ თავსზევით ძალა აღარ იყო, თანაც ერთი შეხედვით ნახევარი არც ისე ცოტა უნდა ყოფილიყო... და დათანხმდნენ. მოკლედ, რაკიღა ხალხის თანხმობა და მანდატი მიიღეს, დასხდნენ ძლიერები, იმსჯელეს, კენჭიც უყარეს, ხელიც მოაწერეს და ბეჭედიც დაარტყეს. მოკლედ, საგადასახადო კოდექსი მიიღეს. იმ თანხმობის გამო გოგიებმა სულ მალე ინანეს. რადგან აღმოჩნდა, რომ წინანდელ თავ-ფეხს ძლიერებმა ფილტვი და კუდიღა დაუმატეს და მათი წილხვედრი ნახევარი ასე შეუსრულეს. დარჩა ხალხი მშიერი და მოტყუებული.

 

იმ მოტყუებულ ხალხში რამდენიმე ისეთიც აღმოჩნდა, რომელიც მიხვდა, რომ საზოგადოებრივი დოვლათიდან დიდი წილის დათრევა ვისაც უნდა, გველის ტყავში უნდა გამძვრალიყო და როგორმე ხელისუფლებაში მოსულიყო.

 

ატყდა ბრძოლა ხელისუფლებაში მოსასვლელად და დიდი წილის დასათრევად. ეს ბრძოლა ხან სისხლიანი იყო, ხან – დემოკრატიული, მაგრამ ამით მისი მიზანი და არსი არ იცვლებოდა – ხელისუფლებაში მოსვლა და ყოფნა ხალხის მოტყუებისა და საერთო საქვეყნო ქონებიდან დიდი წილის მიღების გარანტიას იძლეოდა. მოგვიანებით ამ ბრძოლას პოლიტიკა უწოდეს.

 

ეს ამბები პატარ-პატარა განსხვავებებით ყველა ქვეყანაში ერთნაირად ხდებოდა. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ქვეყანა გამდიდრდა თავისი ძლიერებიან-ხალხიანად. ისე გამდიდრდა, რომ იქაური საშუალო სტატისტიკური მოქალაქე ღარიბი ქვეყნის დამწყებ პოლიტიკოსზე მდიდარიც კი იყო. ქვეყნების უმეტესობა კი ისევ ქვის ხანაში ჩარჩა და მათი სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება ვირის მძორის გაყოფაზე დავას ვერ გასცდა.

 

გამოხდა ხანი და ერთხელაც ერთი ასეთი ღარიბი ქვეყნის მოქალაქეს (გვარად ბრეგვაძეს) გული მოუვიდა. რა გვჭირს, ჩვენ, ბრეგვაძეებს, ასეთი უსაშველოო, იყვირა, რატომ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა სულ ღარიბი და როდემდე უნდა ვხოცოთ ერთმანეთი ვირის მძორის გაყოფაზეო, წავიდეთ და ვნახოთ, რატომ არის ბიძია სემის ქვეყანა მდიდარი და იქნება ჩვენც გვეშველოს რამეო.

 

წავიდნენ და ნახეს. ისე კარგი მოგეცათ, როგორც არაფერი არ იცვლება, თურმე, ამ დუნიაზე. ისევ მოპოვებისა და გაყოფის წესები ყოფილა, თურმე, სიმდრისა და სიღარიბის მიზეზი.

 

ბიძია სემის ქვეყანაში ერთი ბრძენკაცი ყოფილა წინა საუკუნეში, გვარად ლაფერი. იმას უანგარიშია, რომ თუ ძლიერები ხალხს მათი შექმნილი დოვლათიდან ერთ მესამედზე (33%–ზე) მეტს წაართმევენ, მაშინ საშუალო სტატისტიკურებს შრომის ხალისი ეკარგებათ და ზარმაცდებიან. ანუ აღარ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დოვლათი შექმნან. ხოლო თუ მესამედზე ნაკლებს მოსთხოვ, ვთქვათ ერთ მეოთხედს ან ერთ მეხუთედს, მაშინ ეს ზარმაცი საშუალო სტატისტიკურები ისეთი შრომის ფერხულს ჩააბამენ, რომ ქვეყანა ხალხიან-მთავრობიანად მდიდრდება. ოდა, გაყოფისამ გონივრულ წესს სიმდიდრის გამომუშავების ისეთი მექანიზმი შეუქმნია, რომ ითვლიან დოვლათს, ითვლიან და ვერ დაუთვლიათ...

 

აქედან დასკვნა: რაც ნაკლებია გადასახადები (საგადასახადო ტვირთი), მით უფრო მდიდარია ქვეყანაც, მისი ხალხიც და მთავრობაც (ბიუჯეტი).

 

 

უცნაური ის არის, რომ სიმდიდრის ეს რეცეპტი სულაც არ ყოფილა საიდუმლო და მისი წყალობით უკვე ორ ათეულზე მეტ ქვეყანას უსარგებლია და გამდიდრებულა კიდეც. ხოლო ისინი კი, ვისაც ამ რეცეპტის წაკითხვა ეზარება, ან არა სჯერა, დღესაც ან ვირის მძორის სამართლიანად გაყოფას ცდილობს, ან ბიძია სემის ქვეყანას (და ზოგიერთ სხვას) მისდგომია და ეხვეწება - კრედიტი, დახმარება ან რაიმე სხვა გამომიყავიო. ბიძია სემის ქვეყანაც, იმის მიხედვით, ვინც რისი ღირსია, ზოგს კრედიტს გამოუყოფს, ზოგს ენას და ზოგსაც სხვა რამეს და არის ხალისი და გართობა.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016