თბილისში ჩამობრძანებული EBRD-ის პრეზიდენტი, სუმა ჩაკრაბარტი აცხადებს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას. მისი შეფასებით, სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა მოდელი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს - გონივრულია მცურავი გაცვლითი კურსი და მნიშვნელოვანია სავალუტო რეზერვების შენარჩუნება-გაფრთხილების პოლიტიკა. მან გიორგი ქადაგიძეს წლის ცენტრალურ ბანკირად აღიარება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა გამართულია და კაპიტალიზაციის დონეც მაღალია.
ჩაკრაბარტიმ (რომლის სახელიც რუსულად „თანხას" ნიშნავს) ამ მცირე კომენტარში რამდენიმე საიდუმლო გაამჟღავნა და მნიშვნელოვანი კითხვებიც გააჩინა: პირველი - რატომ უჭერს მხარს სრულად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, რა ინტერესები იკვეთება უცხოელების მხრიდან? რატომ არის მცურავი გაცვლითი კურსი გონივრული, როცა ჩვენი მოსახლეობა ყოველდღიურად ღატაკდება? რა საიდუმლოსთან გვაქვს საქმე, რა ნომინირებული ობლიგაციები გამოუშვა საქართველომ ლარში, როცა ჩვენ ამის შესახებ არაფერი გვსმენია?
ამ საკითხებზე „ალიას" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლია ელიავა ესაუბრება:
- საქართველოს ბანკი და მსოფლიო ბანკი არიან ბიზნესპარტნიორები. ეს გამოიხატება იმაში, რომ გიორგი ქადაგიძემ მთელი ჩვენი სავალუტო რეზერვები გადასცა მსოფლიო ბანკს მართვისთვის, რომელიც ამ რეზერვებს ათავსებს ზოგს მყარ და ზოგს საეჭვო წარმომავლობის ფასიან ქაღალდებში, ასევე ფირმებში და აქედან იღებს გარკვეულ შემოსავალს. მცირე ნაწილს აძლევს ეროვნულ ბანკს, დანარჩენს კი იტოვებს თვითონ.
ამჟამად მსოფლიო ბანკი პრაქტიკულად ფლობს მთელ ჩვენს სავალუტო რეზერვებს, ეროვნული ბანკი ზის ნულზე. ქადაგიძემ თქვა, ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს მომავალ თაობებს არ გავუყიდითო. ჰოდა, მომავალი თაობების კუთვნილი სიმდიდრე მიბარებული აქვს მსოფლიო ბანკს, რომელიც გახლავთ კომერციული დაწესებულება, თავისი საქმიანობიდან იღებს მოგებას. ამიტომ ის არის დაინტერესებული, ხელთ ჰქონდეს ჩვენი 2 მილიარდ 400 მილიონი დოლარი და აქედან მიიღოს შემოსავალი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც მისი კანტორაა, სხვადასხვა კორპორაციებთან ერთად. ამ ყველაფერს მართავს ერთი ჯგუფი. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ცრუობს, როცა აცხადებს, სავალუტო რეზერვებს არ დავხარჯავთ, ვუფრთხილდებითო, უბრალოდ, ვერ დახარჯავს, რადგან პრაქტიკულად არ გააჩნია. რაც ჰქონდა, უკვე დახარჯა, ახლაც 40 მილიონი გამოიტანა და მეტი აღარ დარჩა.
- თქვენ თქვით, მსოფლიო ბანკი ჩვენს რეზერვებს მართავს და აქედან მცირე ნაწილს ეროვნულ ბანკს აძლევსო. ეს მცირე ნაწილი რამდენია?
- ეს არის ზღვაში წვეთი, 8-10 მილიონი დოლარი წელიწადში. გიორგი ქადაგიძე თავის წლიურ ანგარიშში წერს, მსოფლიო ბანკისთვის რეზერვების გადაცემის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს ესწავლათ ამ რეზერვების მართვა.
ესე იგი, გამოდის, ქადაგიძემ გაფხიკა ქვეყანა, სხვას გადასცა ჩვენი ფინანსური სტაბილურობის გარანტი, რათა მისმა თანამშრომლებმა რაღაცა ისწავლონ. ეს არის ქვეყნის ღალატი! ამავე დროს, ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებენ ჩვენი მთავრობის წევრები ლარის კურსთან დაკავშირებით, მინისტრები გამოდიან და ამტკიცებენ, ლარი დასტაბილურდებაო. საიდან მოაქვთ ასეთი ინფორმაცია? ერთი უბედურებაა, რომ ლარის გაუფასურებით გარკვეულ წრეებში დიდი ფული კეთდება, მაგრამ მეორე უბედურებაა ფასების ზრდა, იმპორტის შემცირება მოხმარების შემცირებიდან გამომდინარე, რასაც მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია და მთლად განადგურდება ეკონომიკა.
- ქალბატონო ლია, თუკი ჩვენი სავალუტო რეზერვები მთლიანად მსოფლიო ბანკის ხელშია, გამოდის, ლარის მცურავ კურსსაც ეს ორგანიზაცია გვიდგენს, არა?
- ჩვენი სავალუტო რეზერვების შედარებით მცირე ნაწილი არის საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ხელში, რომელიც ბაზელში მდებარეობს. ახლა ამ ბანკის კომიტეტში გიორგი ქადაგიძე დანიშნეს მრჩევლად. ხვდებით, რაშია საქმე? რაც შეეხება მცურავ კურსს, ეს სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, შემოიღეს 2009 წელს, გაგანია მსოფლიო კრიზისის პერიოდში. იდეა ის იყო, რომ მცურავ კურსს უნდა შთაენთქა გარე შოკები და არ დაეზარალებინა ეკონომიკა. სანამ ხორციელდებოდა სავალუტო ინტერვენციები, ეს მეთოდი მართლაც მუშაობდა, მაგრამ როგორც კი ინტერვენციები შეწყდა, ლარმა დაიწყო გაუფასურება და ამან დაარტყა ეკონომიკას ძალიან ძლიერად. რაც ჩვენში ხდება, ეს მაინც ბოლომდე არ არის მცურავი კურსი, ეს არის მართვადი კურსი და ამ მართვაზე ეროვნულმა ბანკმა თქვა უარი.
- ჩაკრაბარტი ამბობს, საქართველომ ლარში ნომინირებული ობლიგაციები გამოუშვაო. ეს რა ობლიგაციებია, როდის გამოუშვეს?
- ეს არის 50 მილიონი ლარის ობლიგაციები, მსოფლიო ბანკმა გამოუშვა რამდენიმე თვის წინ. ყველაფერი იმდენად ფარულად გააკეთეს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. მიზანი თითქოს იყო, საქართველოში უნდა განვითარებულიყო ფასიანი ქაღალდების ბაზარი. ველაფერს რომ დავანებოთ თავი, ამ ობლიგაციების გამოშვება საერთოდ არ დაეტყო ჩვენი ქვეყნის საფინანსო სექტორს. ფაქტი კი ასეთია: მსოფლიო ბანკმა ობლიგაციების სანაცვლოდ მიმოქცევიდან ამოიღო 50 მილიონი ლარი, რასაც, ალბათ, მერე ჩადებს რომელიმე საინვესტიციო პროექტებში ისევ საქართველოში, ანუ ჩვენივე ფულს ჩაგვიდებენ რაღაც საქმეებში.
- თუ შეიძლება, ამ ობლიგაციების გამოშვების სქემა ავხსნათ ცოტა მარტივად, ჩვენ ობლიგაციები გვახსოვს საბჭოთა პერიოდიდან, როცა სახელმწიფო უშვებდა, მოსახლეობაში არიგებდა და რაღაც დროის შემდეგ ანაღდებდა. ამჯერად ობლიგაციები ჩვენამდე არ მოსულა, კონკრეტულად რა სქემა მუშაობს?
- მსოფლიო ბანკმა გამოუშვა, გაიტანა საფონდო ბირჟაზე, იყიდეს ქართულმა კომერციულმა ბანკებმა, ლარი სხვას არ სჭირდება. ბუნებრივია, ამ ობლიგაციებს აქვს ვადა და საპროცენტო განაკვეთი. ვადის გასვლის შემდეგ მსოფლიო ბანკი კომერციულ ბანკებს გაუნაღდებს პროცენტის დამატებით. აქ ორივე მხარე რჩება მოგებული, კომერციულმა ბანკებმა ლარი ვერსად ვერ დააბანდეს და მაინც მოგებას ნახავენ, ხოლო მსოფლიო ბანკი საქართველოში პროექტებს განახორციელებს ჩვენივე ფულით.
- ეს კაცი ასევე გვეუბნება, 2 მილიარდ 600 მილიონი ინვესტიცია გვაქვს ჩადებული საქართველოში, ჩვენ დავაფინანსებთ მცირე და საშუალო საწარმოებს კომერციული ბანკების საშუალებითო. სად არის ეს ინვესტიციები, რომელ საწარმოებს დააფინანსებენ, ამის შესახებ იცით რამე?
- ეს არის სახელმწიფო პროგრამები - „აწარმოე საქართველოში" და „იაფი აგროკრედიტი", სადაც დევს ჯგუფ „ქართუს" ფული. არის კიდევ ერთი საერთაშორისო აგრარული ფონდი. დღეს ჩვენი სოფლის მეურნეობა ფინანსდება კერძო ფულით, რომელიც გადაეცა სახელმწიფოს. ანალოგიური პროგრამები აქვს ეკონომიკის სამინისტროს. აქ საპროცენტო განაკვეთის დიდ ნაწილს, 80 პროცენტს იხდის სახელმწიფო და ჰქვია იაფი კრედიტი. ამიტომ ამბობს ჩაკრაბარტი, საწარმოების უმეტესობა კომერციული ბანკების მიერაა დაფინანსებულიო. ევროპის რეკონსტრუქციის ბანკს აქ სატრაბახო არაფერი აქვს, ისევ გვატყუებენ.
_ გამოდის, ჩვენ ვართ საერთაშორისო ფინანსური მაფიის მძევლები? სად არის აქ ჩემი პატივცემული მთავრობა, რას აკეთებს, ისიც ჩათრეულია ამ ყველაფერში? ჩვენ ვისაც არ უნდა დავაბრალოთ შექმნილი სიტუაცია, ჩვეულებრივ მოქალაქეს პრეტენზია მაინც აქვს ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ის არის ხელისუფლებაში თუ არა, არავის არ აინტერესებს, ამ ადამიანმა გასცა დაპირებები, ამ კაცმა დაუშვა შეცდომები, დატოვა თანამდებობაზე ქადაგიძე, რამაც დააზარალა ხალხი და თვითონვე უნდა აგოს პასუხი.
- მოდით, ვთქვათ ერთი რამ, ივანიშვილმა დადო მილიარდი დოლარი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მაგრამ ეროვნულ ბანკთან მიმართებაში დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, 2012 წლის შემოდგომაზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა მან დატოვა, არ გაუშვა. ამ შეცდომამ დღეს გამოიღო მძიმე შედეგები, ჩვენ თანდათანობით შევდივართ ეკონომიკურ კრიზისში.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, პასუხი ვინ უნდა აგოს ამ ყველაფერზე?
- უფრო მეტად პარლამენტმა, იქ უნდა მოეხდინათ დროული რეაგირება. კი, ბატონო, ახლა ყველას ყელში ამოუვიდა ასეთი დაძაბული სიტუაცია და დაიწყეს ლაპარაკი იმპიჩმენტზე, მაგრამ უკვე დიდი დროა დაკარგული. ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩაიხედოს და რაღაც კორექტივები შეიტანოს, ეს არის პარლამენტი. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და არ გვაქვს პასუხები, ეროვნული ბანკი არ გვპასუხობს. ამიტომ უნდა იმუშაოს პარლამენტის კომისიამ და დაადგინოს, ვინ არის დამნაშავე. ქვეყანა იღუპება, შეიძლება ბევრი ვერც აცნობიერებს, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ, ხალხის უკმაყოფილება ბუნებრივია, ინფლაცია იზრდება, შემოსავლები მცირდება, ქვეყანა ღატაკდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ყველაფერი არის ეროვნული ბანკის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგი, ვინც ამ საქმიანობასთან ახლოს დგას, ვინც ხმას არ იღებს, ვინც ჩათრეულია, ყველამ უნდა აგოს პასუხი.
- მთავრობის ეკონომიკური გუნდი არის თუ არა გასაშვები?
- ამათ რაღაც სცადეს, რაღაცას აკეთებენ, პროგრამებიც აქვთ, მაგრამ ეკონომიკური გუნდი უნდა შედგებოდეს პროფესიონალებისგან, რომლებმაც იციან, რა გააკეთონ. მაგალითად, ეკონომიკის სამინისტრომ სამთავრობო პროექტები რეალიზაციისთვის გადასცა კომერციულ სტრუქტურებს. აი, აქ არის დაშვებული დიდი შეცდომა. ესენი ცალმხრივად რაღაცას კარგს აკეთებენ, მეორე მხრივ - შეცდომებს უშვებენ. აუცილებელი იყო სახელმწიფო ბანკის შექმნა, იდეა კი გაახმაურეს, მაგრამ ჩაიშალა კომერციული ბანკების ზეწოლის შედეგად, რომელთა მფლობელებიც არიან ფარული მილიარდერები. ჩვენ ერთი გვყავს ხილული მილიარდერი, მაგრამ არიან უხილავებიც. თუ ბიზნესსექტორი ბევრად ძლიერია სახელმწიფოზე, ბუნებრივია, ის მთავრობას ყოველთვის უკარნახებს, რა უნდა გააკეთოს.
- სამწუხაროა, რომ პრინციპული ბიძინა უპრინციპო მოქალაქედ გადაიქცა.
- არ მახსოვს, ვისი სიტყვებია, მაგრამ კარგად დამამახსოვრდა: „ყველაზე ბევრი ტყუილი ითქმება ნადირობის შემდეგ, ომის დროს და არჩევნების წინ". სამწუხაროდ, ეს ტრადიცია ჩვენს ქვეყანაშიც დამკვიდრდა.
- თქვენ რას ელოდებით ამ ბიზნესფორუმიდან, რომელიც თბილისში
გაიმართება?
- არაფერს, შეიკრიბებიან, ილაპარაკებენ და კრება დარჩება მხიარული. ფორუმები ტარდება არა იმიტომ, რომ რომელიმე ქვეყანას დაეხმარონ, უბრალოდ, შეარჩიეს საქართველო თავშეყრისთვის. აქედან ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანს არ უნდა ველოდოთ.
კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ამბობს „ალიასთან" საუბარში, მათთვის 2.4 მილიარდის გატანის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ, ცნობილია, მაგრამ დეტალურად ყველაფერი ეცოდინებათ, როცა ქადაგიძე მივა წლიური ანგარიშის ჩასაბარებლად და შეიქმნება საგამოძიებო კომისია:
- ბატონო თამაზ, მაისის ბოლოს პარლამენტში ეკონომიკური გუნდიც გყავთ დაბარებული?
- დიახ, რა თქმა უნდა, ქადაგიძესთან ერთად მინისტრებიც მოვლენ და მათთანაც გვექნება შეკითხვები.
- თქვენს წინა ინტერვიუში მითხარით, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაუშვა დიდი შეცდომა, როცა ქადაგიძე დატოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად და ამის გამო ხალხმა იზარალა. იქნებ მითხრათ, რა ფორმით უნდა აგოს პასუხი ივანიშვილმა, რომ დანაშაული გამოისყიდოს?
- არ ვიცი, რა ფორმით უნდა აგოს პასუხი... რამდენადაც მე ვიცი, მან გაითვალისწინა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა, რომ არ დაეჭირა ქადაგიძე.
- თუ არ დაიჭერდა, ხომ შეეძლო, რომ გაეშვა? არც ერთი გააკეთა, არც მეორე და, ალბათ, ხედავთ, ხალხი რა დღეშიც ჩავარდა, 1 დოლარი ლამის უკვე 2 ლარი და 40 თეთრი გახდა.
- ვხედავ და ძალიან ვწუხვარ... როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განთავისუფლება არ შეეძლო, მაგრამ დაჭერა შეეძლო, რაც არ გააკეთა. ცოტა დრო მომეცით, ეკონომიკური ფორუმი ჩამთავრდება და ამ თემაზე ვრცლად ვილაპარაკოთ.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"