ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებთან დაკავშირებით გვესაუბრება ეკონომიკური საკითხების ექსპერტი, პოლიტიკოსი დემურ გიორხელიძე.
- სიმართლე გითხრათ, შესაფასებელი ბევრი არაფერია, მთავრობა იცვლება, მაგრამ ეს კოსმეტიკური ცვლილებაა. ჩვენ არ ვიცით, რატომ დაინიშნენ ის მინისტრები, რომლებიც თავის დროზე დაინიშნენ და შემდგომ რატომ გათავისუფლდნენ, რა გააკეთეს, რა ვერ გააკეთეს, საერთოდ, მთავრობას ორ წელიწადნახევრის განმავლობაში რა უნდა გაეკეთებინა, რა ვერ გააკეთა. ასეთი პარამეტრები არ არსებობს, ამიტომ ჟურნალისტები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და სერიოზულ შეცდომას უშვებენ, როდესაც ეკონომიკური გუნდის გამოყოფას და მათ პასუხისმგებლობას ითხოვენ.
- ლარის კურსის კატასტროფულ ვარდნაში ნაციონალები მთავრობას ადანაშაულებენ, მთავრობა ამის მიზეზად გარე ფაქტორებსა და ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას. თქვენი აზრით, ლარის გაუფასურება რამ გამოიწვია?
- ცხადია, ის, რაც დღეს ლარს ჭირს, არ არის ერთი ფაქტორის შედეგი. ისიც ცხადია, რომ ეროვნული ბანკი ორი წლის განმავლობაში სრულიად გაუგებარ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა, იგი აშკარად იყო ცუდი ბროკერის როლში, რომელიც არა რეგულატორი, არამედ სამი მსხვილი ბანკის მომსახურე იყო. სწორედ ცუდმა რეგულირებამ, ცუდმა ფულადმა პოლიტიკამ, რომელიც არ იყო ერთიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, გამოიწვია ეს შედეგი. შემდეგ ამას მთავრობის სისუსტეც დაერთო, იგი ვერ გაერკვა რა პროცესები მიდიოდა. მაკროეკონომიკური პოლიტიკის ის ნაწილი, რომელიც მთავრობას უნდა შეესრულებინა, ვგულისხმობ ფისკალურ პოლიტიკას, ძალზე სუსტი იყო. დღევანდელ მდგომარეობაში საბოლოო ჯამში ეროვნული ბანკიც და მთავრობაც თანაბრად არის დამნაშავე. ხელისუფლებას უბრალოდ არ აღმოაჩნდა იმის ნება და პასუხისმგებლობა, რომ საქმე აქამდე არ მიეყვანა. ცხადია, ლარი ვერ იქნებოდა შენარჩუნებული იმ ძალზე მაღალ ნიშნულზე, რომელზეც ხელოვნურად იყო მიყვანილი წინა ხელისუფლების მიერ, რაც კეთდებოდა მხოლოდ ფულის მიწოდების ხელოვნური შეზღუდვის გზით. ცხადია, ლარის დევალვირება უნდა მომხდარიყო, მაგრამ არა ასე ელვისებურად, სპეკულაციაზე აგებულმა დევალვაციამ, ბანკებს ფანტასტიკური მოგება მისცა, ხოლო ჩვენი მოქალაქეები კიდევ უფრო გააღარიბა. ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი თავის თანამდებობაზე რჩებოდა, რომელიც სხვა პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშაა, ის სხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა სრულიად დაუმსახურებლად, ნულოვანი ბექგრაუნდის პირობებში დასვა ხსენებულ თანამდებობაზე. გიორგი ქადაგიძე ასრულებს იმ დავალებებს,რა დავალებებსაც თავისი როგორ იტყვიან, პარტიული ბოსები მისცემენ. ფაქტია, ქვეყანა დაზიანდა, მოდით, ასე ვთქვათ, თუ ეროვნულმა ბანკმა რაიმე არასწორი გააკეთა, ხელისუფლებამ მისცა ამის საშუალება, ე.ი. ხელისუფლებამ ან არ იცოდა ეროვნული ბანკი რას აკეთებდა, ანდა, როცა მიხვდა, უკვე გვიან იყო. ხელისუფლების საერთო სისუსტე, სტრატეგიის, სერიოზული სისტემური რეფორმების ხედვის არქონა, შემთხვევითი საკადრო პოლიტიკა... გადახედეთ ამ ორწელნახევრის განმავლობაში რა ხალხი მოიყვანეს თანამდებობებზე, თუ გნებავთ, ის შეცვლილი მინისტრები. ისინი არც პოლიტიკური გუნდის ნაწილი იყვნენ, ვიღაც გავლენიანი, რომ იტყვიან არაფორმალური გადაწყვეტილებების მიმღების გადაწყვეტილებების შედეგი იყო და ცხადია, საიდანღაც „დახეთქებული" მინისტრები უუნარონი და უვარგისნი აღმოჩნდნენ, თუ გნებავთ უკვე შეცვლილი ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვის მინისტრები. ვინ იყო ეს ხალხი, მათ სახეზეც არავინ იცნობდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება საიდანღაც იმართება, რაც გასაკვირი სულაც არ არის.
- ბატონო დემურ, სანამ ახლად დანიშნულ მინისტრებზე ვისაუბრებდეთ, იქნებ მითხრათ, რატომ არ შეცვალეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამ შემთხვევაშიც საგარეო ფაქტორებმა ხომ არ იქონიეს გავლენა?
- მართალია მოქმედი კანონმდებლობა მისი შეცვლის პირდაპირ საშუალებას არ იძლეოდა, რადგან ეროვნული ბანკის საბჭო ისეა ფორმირებული, რომ გადაწყვეტილებებზე გარედან რაიმე მოქმედება შეუძლებელია, რაც ერთი მხრივ კარგია, მაგრამ გააჩნია იქ ვინ არის ხომ? ამიტომ ახლად მოსულ ხელისუფლებას, ასეთ მნიშვნელოვან ადგილზე რეფორმები და ვითარების ნამდვილად გაუმჯობესება რომ ჰქონოდა მიზნად, იგი კანონმდებლობასაც შეცვლიდა და მონეტარული პოლიტიკა გახდებოდა ერთიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, როგორც მთელ მსოფლიოშია. მერე რა, რომ ნაწილს მთავრობა ასრულებს და ნაწილს ეროვნული ბანკი, პოლიტიკა ერთია, რაკი ასე არ იყო, იმიტომაც მივიღეთ მძიმე შედეგი. კანონმდებლობა რომ შეცვლილიყო, ზეწოლა განხორციელდებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე, ის დატოვებდა თანამდებობას, მოიძებნებოდა ვინმე ღირსეული კანდიდატი, რომელიც იქნებოდა არა გავლენის ფიგურა, არამედ პროფესიულად და პასუხისმგებლობით გაცილებით მაღალ საფეხურზე მდგომი და აქამდე არ მიიყვანდა საქმეს. მე ახლაც ვერ ვხედავ მთავრობის ცვლილებებში რაიმე აზრს, რადგან ვერ ვხედავ შეხედულებებში ცვლილებებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლასთან დაკავშირებით არანაირ საგარეო ფაქტორს არ ჩანს, ეს არის სუსტი ხელისუფლების შედეგი და არა დასავლეთის, ან ჩრდილოეთის გავლენა.
- თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის გამინისტრებამ საზოგდოება შოკში ჩააგდო. რესპუბლიკელთა ურიეიტინგო პარტიის მიერ ხელისუფლების ლამის მთელი პოლიტიკური სადავეების ხელში ჩაგდებას როგორ შეაფასებდით?
- ვინც სადავეებს იღებს, პასუხიც მას უნდა მოეთხოვოს, ამიტომ აქ საშინელს ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება უშუალოდ თინა ხიდაშელს, ჩვენ ასეთი პოლიტიკური მმართველობის პირობებში რომელიმე თანამდებობაზე რომელიმე ადამიანის დანიშვნა არ უნდა გაგვიკვირდეს. ჩემი შეფასებით, არ მგონია თინა ხიდაშელისთვის ეს კარგი დანიშვნა იყოს, თუ პერსპექტივაში ის თავს პოლიტიკურ ფიგურად მოიაზრებს. ახლა მთავარი ისაა, რომ მან შეძლოს თავდაცვის სამინისტროში ვითარების, რომ იტყვიან, პროფესიულ ჩარჩოში გადაყვანა. ბატონი ალასანია იყო და სრულიად გაუგებარი თავდაცვის მინისტრი იყო, კატასტროფულ განცხადებებს აკეთებდა, უფრო დიდ საფრთხეებს უქმნიდა ქვეყანას, ვიდრე რაიმეთი ხელს უწყობდა. არ მგონია თინა ხიდაშელმა ირაკლი ალასანიას გზა გააგრძელოს, თუ გააგრძელებს, უბრალოდ ცუდად დაამთავრებს თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას, რადგან ჩვენი ქვეყნის 25-წლიანი გამოცდილება გვეუბნება, რომ დღეს თუ არა ხვალ, ყველას მოეკითხება პასუხი. დააკვირდით, რამდენი ადმიანი გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი თანამდებობებიც ეკავათ. საქართველოში უბედურება აგრესიული, უზრდელი, თავხედი და უპასუხისმგებლო დილეტანტიზმია. სწორედ ამ უზრდელმა და თავხედმა დილეტანტიზმმა მიიყვანა ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობამდე, რაც ჯერჯერობით კვლავ გრძელდება. რაც შეეხება ქვეყნისთვის საფრთხეების შექმნას, მე წინსწრებით არ ვფიქრობ, წინასწარ არ ვფიქრობ, წინასწარ ნურაფერს ვიტყვით. ვიმეორებ, თუ იგივე კურსი გაგრძელდა, რაც ბატონ ალასანიას დროს გვქონდა, რა თქმა უნდაქვეყანა დაზიანდება, მაგრამ არც თინა ხიდაშელია სამარადჟამოდ არჩეული მინისტრი, შედეგების მიხედვით, მასაცადრე თუ გვიან პასუხს მოთხოვენ. თუ საბრძოლო მოქმედებებში ჩაგვითრიეს, ეს იქნება კატასტროფა. თავდაცვის მინისტრი თუ ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველო სადმე საომარ მოქმედებებში ჩაერთოს... მაშინ ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. მაშინ მოხდება ის, რაც მოსალოდნელია, ანუ სახელმწიფოებრიობის დაკარგვა და მისი შემდგომი დეზინტეგრაცია არაერთი ქვეყნის მიერ.
გიგლა აგულაშვილთან გარკვეულწილად მქონია შეხება, მას ისეთი პიროვნული თვისებები აქვს, რომ არ მგონია ის ფიგურა იყოს, რომელიც შეგნებულად გააფუჭებს რამეს, ანდა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს. არ ვფიქრობ, რომ ხსენებული მიწის კანონი გიგლა აგულაშვილის ინიციატივაა. ერთ-ერთ საპარლამენტო განხილვაში ვმონაწილეობდი და შემიძლია გითხრათ, რომ უბრალოდ ეს არის დავალება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც საიდანღაც მომდინარეობს. ყველა, ვინც ამბობს, რომ განუკითხავად უნდა გაიყიდოს უცხოელებზე ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მიწები, ან პროვოკატორია, ან შეგნებული მტერი, ანდა გრანტს დახამებული მათხოვარია, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, ოღონდ უცხოელებმა დააფინანსონ და ჭირსაც წაუღია საქართველო, სხვა შეფასება არ შეიძლება. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი განუკითხაობა და უპასუხისმგებლობა საკუთარი სასიცოცხლო რესურსისადმი. მიწა არ წარმოადგენს ჩვეულებრივ საქონელს. ჩვენს წყალწალა ლიბერალებს, წყალწყალა პროფესიონალებს, რომლებსაც ძალიან მწყრალი დამოკიდებულება აქვთ ეკონომიკასთან და იდეოლოგიის დონეზე ეკონომისტობენ, ისიც ვერ გაუგიათ, რომ მიწა და კბილის ჯაგრისი ერთი და იგივე საქონელი არ არის. ხსენებული კანონი ქვეყნისთვის მავნებლურია, რაც ძალიან ძვირად დაუჯდება საქართველოს. უცხოელები თუ იყიდიან, ზემოხსენებულთა ლოგიკას თუ გავყვებით დიახ, მიწა არსად მიდის. მერწმუნეთ, უცხოელები საქართველოს ქართველებზე კარგად მოუვლიან. ქართველები 25 წელია ვამტკიცებთ, რომ ჩვენი მომავალი და ჩვენი ფანტასტიკურად კარგი ქვეყანა ფეხებზე გვკიდია. თუ ჩვენს ქვეყანას გავყიდით, მერწმუნეთ, 5-10 წელიწადში უცხოელები აქ სამოთხეს მოაწყობენ, მაგრამ ეს არ იქნება ქართველების ქვეყანა. ახლა ჩვენ რა გვინდა, ეს ტერიტორია აყვავდეს ისე, რომ ჩვენ აქ არ ვიყოთ, თუ ჩვენ გვეყოს იმდენი ჭკუა და ავაყვავოთ ჩვენი ქვეყანა? აი, ეს ვერ გაუგია ქართველს და იმიტომაც გვჭირს ისტორიული ავადმყოფობა, საკუთარი ქვეყნისა და ერთმანეთის ძიძგნა.
- თურმე ტურიზმის განვითარება ააღორძინებს ჩვენს ეკონომიკას და გადაარჩენს ქვეყანას.
- ნორმალურ ქვეყანაში ცხადია, ტურისტული რესურსი თუ გაგაჩნია, საქართველოს კი კარგი რესურსი გააჩნია, ეკონომიკის ერთი ძალიან კარგი სექტორი შეიძლება იყოს ტურიზმი. რატომაც არ უნდა განვავითაროთ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის ის მავნებლური იდეა, რომ ტურიზმი უნდა ყოფილიყო მთავარი, ამიტომ იყო განადგურებული საკუთარი წარმოება და ყველაფერი იმპორტზე ჩამოკიდებული. ტურიზმზე აქცენტის გაკეთება ნიშნავს, რომ შენი ქვეყანა ადრე თუ გვიან ძალიან სერიოზულ ჩიხში შეიყვანო. დააკვირდით, რა მოუვიდა საბერძნეთსა და ესპანეთს, როცა მსოფლიო კრიზისი განვითარდა, იგივე ბედი ელის საქართველოს. ხსენებულ ქვეყნებში მეტნაკლებად რაღაც მაინც იყო განვითარებული, საქართველოში კი არაფერია განვითარებული, სოფლის მეურნეობის საკუთარ პროდუქციასაც კი ვერ ვაწარმოებთ კარგად, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი კარგი ხარისხის პროდუქცია მიიღონ. ცხადია, ბევრ რამეს ჩვენ არ ვაწარმოებთ, ანდა ცუდად შეგვიძლია წარმოება, მაშინ ქვეყნის გარეთ უნდა ვიყიდოთ. ვიმეორებ, ტურიზმზე ორიენტირება იყო ნაცმოძრაობის მზაკვრული იდეა, რომ ადრე თუ გვიან ქვეყანა გაეხადათ, რაც მათ ფაქტობრივად გახადეს კიდეც, ბორდელების ცენტრი. მთელს აღმოსავლეთში ცნობილია, რომ საქართველო სექსტურიზმის შესანიშნავი ადგილია. ამიტომ აქ ხალხი არა ჩვენი ღირსშესანიშნაობების სანახავად, არამედ ძირითადად სექსტურიზმის მიმართულებით ჩამოდის. არის რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, მაგრამ არ არის განათლება, მეცნიერება, ინოვაციები, ტექნოლოგიები, რომლის გარეშეც სახელმწიფო ვერ იარსებებს. ტურიზმით საქართველო ვერ იარსებებს, სააკაშვილი მასობრივ ტურიზმზე აკეთებდა აქცენტს, რაც იყო უდიდესი დანაშაული, საქართველოში მასობრივი ტურიზმი ნიშნავს, ქვეყნის სრულ დეგრადაციას. ჩვენ გვაქვს მართლაც შესანიშნავი ადგილები, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს, მაგრამ ეს სხვა ტურიზმია, რომელიც მაღალ მომსახურეობაზე შეიძლება იყოს გათვლილი და არა მასობრივ და იაფფასიან ტურიზმზე.
- ბატონო დემურ, ენერგოკომპანიები დენის ტარიფის გაზრდას ითხოვენ და უკვე განცხადებითაც მიმართეს სემეკს. მალე ბუნებრივი აირის გაძვირებაც აქტუალური გახდება. სემეკის თავმჯდომარე, ქალბატონი მილორავა ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ დიდი ალბათობით „ნოტარიულად" დაუმოწმებს მათ მოთხოვნებს. რამდენად სამართლიანია ენერგოკომპანიების მოთხოვნა, რომლებსაც შემოსვლის დღიდანვე სასათბურე პირობები შეუქმნეს და ფაქტობრივად აჩუქეს ენერგოაქტივები?
- მე შემიძლია ამ თემაზე მოკლედ გიპასუხოთ, რადგან ამის თაობაზე ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში გავაკეთე ძალიან სერიოზული განცხადებები და გაანგარიშებებიც გადავეცი მედიის წარმომადგენლებს. დღევანდელ პირობებშიც არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ტარიფები გაიზარდოს, მით უმეტეს ტარიფები გაიზარდოს „ენერგოპრო ჯორჯიასთვის", რომელსაც ფაქტობრივად, მხოლოდ ხელისუფლების ლობირებით გააჩნიაის, რაც გააჩნია. რამდენი პრობლემაც გაუჩნდება კომპანიებს, არ შეიძლება ეს ხალხმა ზღოს. დაე, გაკოტრდნენ, თავში ქვა უხლიათ, ვერ ახერხებენ მართვას? მოვლენ სხვა ადამიანები, რომლებიც გაცილებით ეფექტურად მოუვლიან ამ სფეროს და ეფექტურად წარმართავენ საქმიანობას. ხელისუფლების მხარდაჭერა რომ არ ქონდეთ ენერგოკომპანიებში მოკალათებულ ინტერესთა ჯგუფებს, საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგად იქნებოდა სტიმულირებული და ძალიან კარგი ეკონომიკური აქტივობა გვექნებოდა. ჩვენ კი რა გვაქვს - ჩვენ გვაქვს ხელშეწყობილი მძარცველური ჯგუფები, როგორც ელექტროენერგეტიკაში, ისე ბუნებრივ აირში, გვაქვს დამხრჩვალი ეკონომიკა და გაძარცვული მოსახლეობა. ეს არის პოლიტიკის შედეგი, კერძო სექტორს ნაკლებად უნდა დავაბრალოთ. თუ ტარიფი გაიზარდა, ეს იქნება ქვეყნის წინაშე დანაშაული, მთავრობაშიც არის ხალხი, რომელიც ინტერესების გამო ამ დანაშაულზე მიდის. მოსახლეობა კი სანამ თუთიყუშისა და ბაიყუშის როლში იქნება, იგივე გაგრძელდება, პრობლემა არ არის.
მანანა სუხიშვილი
გაზეთი „საერთო გაზეთი"