reportiori.ge - სიმონ კილაძე: ერთი მხრივ ამერიკა და მეორე მხრივ რუსეთი იწყებს კუბასთან ურთიერთობის აღდგენას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 17:00
პრეს-დაიჯესტი
სიმონ კილაძე: ერთი მხრივ ამერიკა და მეორე მხრივ რუსეთი იწყებს კუბასთან ურთიერთობის აღდგენას
ავტორი:
14 მაისი, 2015. 16:51


კუბური ჯოკერი

 

რუსეთის სახელმწიფო დუმაში (სათათბიროში) არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვმა კუბასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა განაახლოს და ასევე დაიწყოს მუშაობა ლურდოსის რადიოლოკაციური ცენტრის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც მდებარეობს კუბის დედაქალაქ ჰავანასთან ახლოს.


როგორც სათათბიროს უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი გოროვცოვი აცხადებს, ამ საკითხების წამოწევა მოხდა მას შემდეგ, რაც კუბაში გასულ წელს ვიზიტით იმყოფებოდა  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მიმდინარე წლის თებერვალში კი - თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.


რუსეთის დუმის დეპუტატთა გარკვეული ნაწილი ამ საკითხს დადებითად აფასებს და თვლიან, რომ ეს შეიძლება „ცივი შხაპი" აღმოჩნდეს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, რომელიც აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ატარებს რუსეთთან მიმართებაში. მათი აზრით, უნდა აღდგეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა კუბის რესპუბლიკასთან, რადგან კუბა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა მოსკოვისათვის, კუბა რუსეთისათვის ინტერესების მქონე რეგიონში - კარიბის ზღვაში მდებარეობს.


„სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში ჩვენ შევძლებთ, აღვადგინოთ ლურდოსის რადიოლოკაციური სადგური, რომელსაც ჯერ საბჭოთა კავშირი იყენებდა, შემდეგ კი - რუსეთის ფედერაცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ცივი ომის პერიოდში სადაზვერვო  ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით", - აცხადებს სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი, რომელიც თავდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა ვიზიტით კუბაზე და როგორც თავად აცხადებს, საქმის კურსშია ამ მოლაპარაკების თაობაზე.


რას ფიქრობენ ქართველი პოლიტოლოგები რუსეთის ამ ნაბიჯზე და რამდენად გამწვავდება ურთიერთობა რუსეთსა და აშშ-ის შორის კუბის საკითხთან მიმართებაში? - ამ საკითხზე „რეზონანსი" პოლიტოლოგებს ესაუბრა.


როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი სიმონ კილაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე სულ რამდენიმე მოვლენა მოხდა, რომელმაც აშკარა დაპირისპირება გამოიწვია საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის. ერთ-ერთი მათგანი კარიბის ზღვის კრიზისი იყო, როცა 1962 წელს  მსოფლიო ყველაზე ახლოს იყო ბირთვულ კატასტროფასთან.


„ყველაფერი კი უფრო ადრე დაიწყო, როდესაც ხელისუფლებაში ფიდელ კასტრო მოვიდა. მან ბრძოლა გამოუცხადა დიქტატორ ბატისტას და მისი ქონების ნაციონალიზაცია მოახდინა. ასევე საფრთხის ქვეშ დადგა აშშ-ის სავაჭრო ინტერესები. ამერიკამ კუბას გამოუცხადა ბლოკადა; კუბიდან შაქრის მიღება და მისთვის ნავთობის მიწოდება შეწყვიტა. კუნძული აღმოჩნდა ეკონომიკური კრიზისის წინაშე.


ამის შემდეგ ფიდელ კასტრომ თხოვნით მიმართა დახმარებისთვის საბჭოთა კავშირს. აქედან დაიწყო საბჭოთა კავშირისა და კუბის ურთიერთობა, დამყარდა დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირი.


რასაკვირველია, ამ ფაქტმა ამერიკის და მისი მოკავშირეების შეშფოთება გამოიწვია - ამერიკამ ბირთვული რაკეტები განალაგა თურქეთში, ქალაქ იზმირთან. ამ რაკეტების არეალში მოხვდა მოსკოვი. საბჭოთა კავშირმაც თავის მხრივ დაიწყო ბირთვული რაკეტების განლაგება კუბაზე. ეს ხდება 1962 წლის გაზაფხულზე, რომელიც ისტორიაში შევიდა კარიბის ზღვის კრიზისით.


1962 წლის 27 ოქტომბერი კი ყველაზე მწვავე დღე აღმოჩნდა ორი ქვეყნისთვის, უნდა დაწყებულიყო ბირთვული ომი. ამას ორივე მხარე აცნობიერებდა. საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ თეთრი სახლიდან კრემლში წერილი გაიგზავნა იმის შესახებ, რომ კუბიდან ბირთვული შეიარაღების გატანა იქნებოდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოგვარების დასაწყისი.


აშშ-ს პრეზიდენტმა შესთავაზა ნიკიტა ხრუშჩოვს სიტუაციის განმუხტვა, წერილში ნათქვამი იყო, რომ „თუ თქვენ თანახმა იქნებით, გაიყვანოთ თქვენი შეიარაღება, აშშ თანახმაა, კუბას ბლოკადა მოუხსნას და გაძლევთ გარანტიას, რომ კუბას თავს არ დავესხმებით". ხრუშჩოვი დაეთანხმა. 28 ოქტომბერს გასცა ბრძანება კუბიდან ბირთვული შეიარაღების გატანის.


ამ კრიზისის შემდეგ საბჭოთა კავშირსა და კუბას შორის ურთიერთობები უფრო განმტკიცდა, როგორც ეკონომიკური ისე სამხედრო კუთხით. საბჭოთა კავშირს კუბაზე ჰქონდა მთელი რიგი სამხედრო ობიექტები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ლურდესის ბაზა, საიდანაც ხდებოდა რადიოლოკაციური დაკვირვება და ეს ბაზა მართლაც ძალიან ძლიერი იყო. გადის წლები, დაიშალა საბჭოთა კავშირი, რუსეთში კრიზისი დაიწყო და ეს ურთიერთობებიც დაღმავალი გზით წავიდა.


ბოლო ხანებში ხდება ის, რომ ერთი მხრივ - ამერიკა და მეორე მხრივ რუსეთი იწყებს კუბასთან ურთიერთობის აღდგენას. 2014 წლის ზაფხულში პუტინი ჩადის კუბაზე და ხვდება რაულ კასტროს. პუტინი კუბას ვალების 90%-ს ჩამოაწერს, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ოდენობით. 2015 წლის დასაწყისში კუბაში ვიზიტად იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ და იქ განიხილებოდა სამხედრო თანამშრომლობის საკითხი, მათ შორის ლურდესის რადიოლოკაციური სადგურის აღდგენის საკითხიც.


თავის მხრივ ამერიკაც ცდილობს ურთიერთობის აღდგენას კუბასთან. ობამამ 2014 წლის დასაწყისში რაულ კასტროს შესთავზა ურთიერთობის აღდგენა და ორივე დათანხმდა, აღდგენილიყო დიპლომატიური ურთიერთობა, რომელიც 1961 წლიდან შეწყვეტილი იყო. ახლა საკითხი ასე დგას, ვინ - ვის; აშშ თუ რუსეთი - რომელი უფრო პრიორიტეტული იქნება კუბისთვის.


აქვე უნდა აღვიშნოთ, რომ ამერიკაში საკმაოდ ძლიერია კუბის ემიგრაცია, რომლებიც კომპაქტურად არიან დასახლებული ფლორიდის შტატში და, ცხადია, კუბის ემიგრაცია ცდილობს დაარწმუნონ აშშ-ის ხელისუფლება, რომ დააჩქაროს კუბასთნ ურთიერთობის გაღრმავება, რათა უპირატესობა რუსეთმა არ მოიპოვოს.


რუსეთისთვის კუბა დღეს ისევე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, რაც გამოწვეულია იმ დაძაბულობით, რომელიც ამ ბოლო პერიოდში რუსეთ-ამერიკას შორის არსებობს. რაულ კასტრო აცხადებდა, რომ 9 მაისს არ ჩავიდოდა მოსკოვში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მან სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავზე გამართულ ღონისძიებებში", - ასე აფასებს მოვლენებს სიმონ კილაძე.




ია აბულაშვილი

გაზეთი „რეზონანსი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016