reportiori.ge - რა უნდა შეცვალოს მინისტრმა ხიდაშელმა თავდაცვაში სასწრაფოდ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:49
პრეს-დაიჯესტი
რა უნდა შეცვალოს მინისტრმა ხიდაშელმა თავდაცვაში სასწრაფოდ?
ავტორი:
15 მაისი, 2015. 10:46


თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მინდია ჯანელიძეს სამხედრო და უსაფრთხოების ექსპერტები არაკომპეტენტურობაში, პრორუსულ ორიენტაციაში, ნატო-სთან ურთიერთობის შეფერხებაში, თავდაცვის უწყებაში შერჩენილი „ნაციონალების" მფარველობაში და კიდევ ბევრ სხვა რაიმეში ადანაშაულებდნენ. ჯანელიძის ერთ-ერთი პირველი კრიტიკოსი, უსაფრთხოების ექსპერტი, ვახტანგ მაისაია იყო. ახლახან მინდია ჯანელიძე თინა ხიდაშელმა შეცვალა.


ვინ უნდა დააბრუნოს მინისტრმა ხიდაშელმა თავდაცვის უწყებაში? რომელი  ქვეყნის მოდელი უნდა გადმოიღოს საქართველომ თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად?



„ალიას" უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრა:



- ბატონო ვახტანგ, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს თინა ხიდაშელმა, რასაც მინდია ჯანელიძეს ურჩევდით და არ გააკეთა?


- თავდაცვის ყოფილი მინისტრი უკვე წასულია პოსტიდან და მის შესახებ აღარ ვისაუბრებ, თუნდაც, „ალიას" მეშვეობით ისედაც საკმაოდ ბევრი ვაკრიტიკე. თინა ხიდაშელი არის პრინციპული ადამიანი, არ უჭირს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, აქვს სოლიდური პოლიტიკური წონა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ის გადაჭრის იმ პრობლემებს, რაც დღეს უხვადაა დაგროვილი თავდაცვის სამინისტროში. უპირველესად, უნდა გააძლიეროს ჩრდილოატლანტიკური კურსი, ნატო-სთან რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს. ეს არის ერთადერთი გზა საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ უნდა შეიქმნას საქართველოს ახალი სამხედრო დოქტრინა, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ქვეყნის მთავარი საფრთხეები, თავდაცვის სისტემის განვითარების გზები და მისი ამოცანები ამ საფრთხეების გათვალისწინებით. თინა ხიდაშელს მოუწევს, აღადგინოს ის სამხედრო სახეობები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დანაშაულებრივად გააუქმა და სახელმწიფოს თავთავდაცვისუნარიანობას ამით უდიდესი ზიანი მოაყენა. კერძოდ, სამხედროსაზღვაო ძალები, ჰაერსაწინააღმდეგო და საჰაერო ძალები.


ახალ მინისტრს აუცილებლად მოუწევს მათი აღდგენა და იმ პროფესიონალი სამხედროების თავდაცვის უწყებაში დაბრუნება, ვინც ამ სფეროებში წლების მანძილზე მსახურობდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასერიოზული იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ლაპარაკიც კი. საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები რომ არ გვქონდა სათანადოდ განვითარებული, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 2008 წლის ომში რუსეთთან ასე სამარცხვინოდ დავმარცხდით და ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს სფეროები სათანადო დონეზე რომ გვქონოდა, კოდორის ხეობას ასე უნიათოდ არ ჩავაბარებდით და დიდი ალბათობით, შევინარჩუნებდით. ეს ფაქტი, ვფიქრობ, სრულიად საკმარისი არგუმენტი იქნება ახალი მინისტრისთვის, რომ აღადგინოს საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალები.


თავდაცვის სამინისტროში უნდა შეიქმნას ანალიტიკური მიმართულება, სტრატეგიული დაზვერვის სტრუქტურები. ეფექტური ანალიტიკური სამსახურის, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის გარეშე, წარმოუდგენელია ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ჯარის შექმნა. კი, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურები არსებობს ამჟამად თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ ისინი ძველი, არაპროფესიონალი და პოლიტიზებური კადრებით არიან დაკომპლექტებულნი. უნდა მოხდეს ამ სამსახურების სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია. პოლიტიზებულ კადრებზე ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურებში დღესაც მრავლად არიან შემორჩენილი „ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი ოფიცრები და ამ ხალხს ჯარში არაფერი ესაქმება. მინდია ჯანელიძემ ოდიოზური ფიგურები - ვალერი ზუმბაძე და რობერტ გრიგალაშვილი მიიყვანა სამინისტროში და ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვას ახალმა მინისტრმა, სამინისტროს არ უნდა გააკაროს ის ხალხი, ვინც კონკრეტულ დანაშაულში იმხილება.


ახალმა მინისტრმა უნდა გააკონტროლოს, რომ თავდაცვის სამინისტროს სპეცსამსახურების კადრები თუ ტექნიკური რესურსები, არ იქნეს გამოყენებული პოლიტიკური ან კერძო მიზნებისთვის, ფარული მოსმენების, თვალთვალისთვის, ფარული გადაღებებისა და სხვა ამგვარი უკანონო და უსანქციო ქმედებებისთვის, რაც სააკაშვილის დროს ნორმად ითვლებოდა. კი, ახალი ხელისუფლების პირობებში ამგვარი ფაქტები არ დაფიქსირებულა, მაგრამ საფრთხე კვლავ არსებობს, რადგან სისტემაში მრავლად არიან ის ადამიანები, ვინც ამ უკანონობას სჩადიოდნენ. თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, უნდა გააძლიეროს ანტიტერორისტული სტრუქტურები, ცხადია, ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატში.


- შს სამინისტროში ხომ არის კონტრტერორისტული სამსახური და მას სწორედ ტერორიზმთან ბრძოლა ევალება?

 

 

- გასაგებია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ხალიფატი საქართველოს უკვე აშკარად ემუქრება და კონკრეტული საფრთხეები მალე, შესაძლოა, ჩვენს ტერიტორიაზეც გამოჩნდეს. ხალიფატი აღარ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომ მას კონტრტერორისტული ცენტრი მარტო გაუმკლავდეს. ხალიფატი არის ჰიბრიდული კვაზი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია სრულმასშტაბიანი სამხედრო შეიარაღებული ფორმირებები, ეფექტური სპეცსამსახურები, ეს საკითხიც აუცილებლად უნდა ჩაიდოს ახალ სამხედრო დოქტრინაში. ხალიფატს რომ ფეხის მოსაკიდებელი აქვს საქართველოში, ეს პანკისის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა, როცა ათეულობით ადგილობრივი რელიგიურ ომში საბრძოლველად წავიდა თუ წაიყვანეს. პანკისის გარდა, ეს შესაძლოა, საქართველოს სხვა რეგიონებშიც მოხდეს - ქვემო ქართლსა და აჭარაში. ამდენად, პრობლემა ძალიან ღრმა და სერიოზულია და მას მარტო კონტრტერორისტული ცენტრი ვერ გაუმკლავდება.


თინა ხიდაშელმა აუცილებლად უნდა აღადგინოს სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრი. ასევე, სამხედრო მეცნიერება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ ჩაკლა. წარმოუდგენელია, ქვეყანას ჰყავდეს ჯარი, ჰქონდეს თავდაცვის სამინისტრო და არ ჰქონდეს სამხედრო მეცნიერება. საქართველო, მგონი, ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ასეთ მდგომარეობაშია. ცხადია, სამხედრო მეცნიერება თავისთავად გააძლიერებს სამხედრო აკადემიას, ეს კი, კვალიფიციური ოფიცრების მომზადებას დიდად წაადგება.


- ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რუსული საფრთხეებისგან თავდასაცავად რა უნდა გააკეთოს ახალმა მინისტრმა?


- ისევ და ისევ ნატო-ს სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ერთობლივი სამხედრო ღონისძიებების გააქტიურება, მხოლოდ ეს არის რუსული საფრთხეებისგან დაცვის პრევენცია, მცოცავი ოკუპაციის შეჩერების საშუალება. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს, მარტონი, საგარეო მხარდაჭერის გარეშე, ვერაფერს გავხდებით რუსეთთან და მისგან მომავალ საფრთხეებს ვერ შევაკავებთ. თინა ხიდაშელი ამას რომ გააკეთებს, სწორედ იმიტომ დანიშნეს თავდაცვის მინისტრად და ეს ის საკითხია, სადაც ჩემი რჩევა ნამდვილად არ სჭირდება მინისტრს და ამას უჩემოდაც გააკეთებს.


- რომელი ქვეყნის ჯარის მოდელის გადმოღება იქნება საქართველოსთვის ოპტიმალური? მთლად კონკრეტული ქვეყნის ჯარის კოპირებას ნუ მოვახდენთ, მაგრამ მაინც რომელი გამოადგება მისაბაძად ჩვენს ქვეყანას?


- მაგალითად, შვეიცარიას საკმაოდ ძლიერი და მობილური არმია ჰყავს, ყველა სტრუქტურა გამართულია და ძალიან ეფექტურად მუშაობს სარეზერვო სისტემები. ასევე, კარგი იქნება, თუ მივბაძავთ ისრაელს და მის მაგალითზეც შევქმნით ძლიერ სადაზვერვო სტრუქტურებსა და ასევე, ძლიერ,  ობილურ სამხედრო სტაფს. ისრაელი ჩვენსავით პერმანენტული საფრთხეების ქვეშ ცხოვრობს და თავდაცვის სისტემაც ამის კვალობაზეა მოწყობილი. შვეიცარიის სარეზერვო სისტემისა და ისრაელის სამხედრო მოდელების შერწყმას თუ მოვახდენთ, ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, ჩემი აზრით.


დაბოლოს, თინა ხიდაშელმა თავდაცვის სტრუქტურებში აუცილებლად უნდა დააბრუნოს „მუხროვანის ამბოხის" დროს დათხოვნილი ოფიცრები, ასევე, „ენვერის საქმის" მონაწილე სამხედრო მფრინავები და აღადგინოს სამართლიანობა. ეს ხალხი ქვეყნის მტრებად წარმოაჩინეს სრულიად  საფუძვლოდ, ზოგი დაიჭირეს და ზოგიც გააქრეს სისტემიდან. სააკაშვილის რეჟიმის მიერ განწირული ეს პროფესიონალები ქვეყანას სჭირდებიან.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016