რუსეთის ჟურნალ „ექსპერტში“ გამოქვეყნდა კომენტარი თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შედეგების თაობაზე.
„ერთ-ერთი ხმამაღალი განცხადება, რომელიც სამიტზე გაისმა, მასპინძელი ქვეყნის - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუდ ჩავუშოღლუს ეკუთვნის: „ამჟამად ოთხი ქვეყანაა, რომლებიც NATO-ში მიღების კანდიდატები არიან: ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩერნოგორია, მაკედონია და საქართველო. ჩვენ გვინდა, რომ 2016 წლის NATO-ს სამიტი [ვარშავაში] გაფართოების სამიტი იყოს“, - განაცხადა თურქეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა და დაამატა, რომ „იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ინტეგრაციის პროცესში პოზიტიური შედეგები გამოავლინეს, დადებითი პასუხი უნდა მიიღონო“, ანუ ალიანსის წევრები უნდა გახდნენო.
NATO-ს გადაწყვეტილება ჩენოგორიის მიღების თაობაზე სრულიად გასაგები და ბუნებრივი იქნებოდა. მაკედონიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას რაც შეეხება, აქ ცოტა საეჭვოა - ისინი ამჯამად თავიანთი არსებობის არასტაბილურ პერიოდში არიან და თუ NATO იქ სიტუაციის მოწესრიგებას დაიწყებს, ღმერთიც უშველის. აი, საქართველოსთან მიმართებით კი NATO-ში ინტეგრაციამ შეიძლება უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოიტანოს.
ევროპელმა პოლიტიკოსებმა იციან, სადაც უნდა დაარტყან. ამჟამად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ნორმალიზების პერიოდშია. საქართველოს ხელისუფლება უკიდურესად პრაგმატულად მოქმედებს და ცდილობს, რომ გარკვეულად დისტანცირებული იყოს უკრაინის კრიზისისაგან, რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით. და თუ თბილისი ვლადიმირ პუტინთან საერთო ენას მონახავს, ეს დასავლური პროპაგანდისათვის სერიოზული დარტყმა იქნება. თავის მხრივ, თუ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროცესი დაჩქარდება, ამით მოსკოვ-თბილისის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი შეჩერდება: ერთი მხრივ, ეს ფაქტი ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისთვის აუხდენელი ოცნებების გამოცოცხლება იქნებოდა, მეორე მხრივ კი, რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა (ტყუილად კი არ უკავშირებენ 2008 წლის ომის მიზეზს NATO-ს ბუქარესტის სამიტს, სადაც პირველად გაცხადდა, რომ საქართველოს NATO-ს წევრი გახდებაო).
მოსკოვი მიანიშნებს, რომ ევროპული უსაფრთხოებისათვის ყველაზე კარგი გარანტი იქნებოდა ახალი კოლექტიური უშიშროების სისტემის შექმნა რუსეთის მონაწილეობით, მაგრამ NATO მასზე უარს აცხადებს. სხვათაშორის, ასევე უარს აცხადებდა 2000-იან წლებშიც, შემდეგ კი მოულოდნელად ევროპა უკრაინის კრიზისის წინაშე დადგა. საქართველოში მსგავსი ახალი კრიზისის დაწყება არავის სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ ასე იქნება“, - ნათქვამია სტატიაში.
http://expert.ru/2015/05/14/nato/
უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან: თბილისი დროს ებრძვის
საქართველოს ბრიუსელისაგან უვიზო რეჟიმის მიღება სურს, მაგრამ რიგის სამიტზე ამის დრო ჯერ არ დამდგარა
რედაქცია
(შემოკლებით)
„აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტის წინ სამხრეთკავკასიური სახელმწიფო - საქართველო იმედოვნებს, რომ თავისი მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად უვიზო რეჟიმს მიიღებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მიიჩნევს, ახლოვდება „კრიტიკული თარიღი“, როცა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს და უკრაინას, რომლებიც ევროპის კართან და არაპროგნოზირებადი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინაშე დგანან, მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნონ.
საქართველოს მთავარი დიპლომატი ევროკავშირისაგან პოლიტიკურ დეკლარირებას ითხოვს, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ 4,5-მილიონიან საქართველოს უახლოეს ხანში უვიზო რეჟიმი მიეცემა. ბოლო თვეებში ოფიციალური თბილისი ამ მიმართულებით საგანგებოდ გააქტიურდა: თამარ ბერუჩაშვილის მოადგილე გიგი გიგიაძე ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში დადიოდა, რათა პარტნიორების განწყობა გაეგო.
2013 წლის თებერვლიდან ეს სამხრეთკავკასიური სახელმწიფო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე („ვიზა-ლიბერალიზაციის“ სამოქმედო გეგმის ჩარჩოებში) მოლაპარაკებას აწარმოებს. პირველი ფაზა, რომელიც საზღვრების მართვას, დოკუმენტების საიმედოობას და მიგრაციის მენეჯმენტს ითვალისწინებს , საქართველომ წარმატებით გაიარა. ახლა შედეგების შეფასება მიმდინარეობს.
ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში უკვე დიდი ხანია, ვიზის გარეშე დადიან. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისათვის, რომელმაც გასულ კვირას ცვლილება განიცადა, უვიზო რეჟიმის მიცემა მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი სიგნალი იქნებოდა იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობა რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ლარის გაუფასურებისა და ცხოვრების გაძვირების გამო. „ამით ბრიუსელი საქართველოს სიმბოლურად დაგიახლოვებს, რაც ჩვენთვის დიდი კაპიტალი იქნებოდა, - განაცხადა გიგი გიგიაძემ „პრესე“-სთან საუბრის დროს, - საქართველო საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, ქვეყანა გარდაიქმნას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში“.
თუმცა, ამის მიუხედავად, ევროკომისიის მიერ ამასწინათ გამოქვეყნებული მესამე ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უვიზო რეჟიმის მისაღებად რამდენიმე მოთხოვნა ჯერ არ შეუსრულებია, მაგალითად, ეფექტური ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ, მოსახლეობის ინფორმირება ამ საკითხში და ა.შ. თუ ეს მოთხოვნები სწრაფად შესრულდება, ევროკომისია საკითხის გადაწყვეტას დააჩქარებდა. როგორც გიგი გიგიაძე ამბობს, იგი „ძალიან ბედნიერი იქნება“, თუ მისი ქვეყანა უვიზო რეჟიმს 2016 წელს მიიღებს. ამასწინათ ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი თბილისს [რიგის სამიტზე] დადებით შედეგებს დაჰპირდა, თუმცა... როგორც ჩანს, საქართველო ლატვიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალს ვერ მიიღებს, ანუ თბილისს უვიზო რეჟიმზე უარს ეტყვიან.
http://diepresse.com/home/politik/eu/4731566/
მიხეილ სააკაშვილმა, შეიძლება, საქართველო-მოლდოვას ურთიერთობა გააუარესოს
„კორუფციასთან ბრძოლაში დასახმარებლად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიწვევით მოლდოვას ხელისუფლება დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩნდა: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიშინიოვს მოუწოდა, რომ უარი თქვას ყოფილი პრეზიდენტის დახმარებაზე. როგორც მოლდოვას პარლამენტის დეპუტატმა ბოგდან ცირდიამ განაცხადა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირილ გაბურიჩი, რომელიც თითქოსდა კორუფციას ებრძვის, „თვითონაა კორუმპირებული და მის წინააღმდეგ, პასპორტების გაყალბების გამო გამო, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ახლა იგი დამნაშავე ექს-პრეზიდენტისგან დახმარებას ითხოვს“, - ასე იწყება რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული სტატია (ავტორი - სვეტლანა გამოვა).
საქართველოსა და მოლდოვას ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობები აქვთ, თუმცა ამ ურთიერთობებს უფრო პოლიტიკური ხასიათი აქვს, ვიდრე ეკონომიკური. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა მოლდოვაში, ერთი მხრივ, უკრაინის მესიჯია, რომელიც შეიძლება დადებითად მივიჩნიოთ, მაგრამ მეორე მხრივ - საქართველოს ექს-პრეზიდენტის კიშინიოვში ყოფნას ანტირუსული დატვირთვაც ექნება, მოსკოვი შეიძლება გაღიზიანდეს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის კიევი უფრო მნიშვნელოვანია. ამასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაც, სააკაშვილის დახმარება არ მიიღოთო, პრობლემებს გვიქმნის, რომლებიც როგორღაც უნდა მოგვარდეს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენთან მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლაში დასახმარებლად ჩამოდის“, - ამბობს „ნეზავისიმია გაზეტას“ ჟურნალისტთან საუბრის დროს კიშინიოვში არსებული სტრატეგიული კვლევებისა და პოლიტიკური კონსალტინგის ცენტრის დირექტორი ანატოლი ცარანუ.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მოლდოვაში მიწვევის თაობაზე პირველად ქართულმა რადიოსადგურმა „პირველმა რადიომ“ გაავრცელა, რომელშიც მოხსენიებულია ირაკლი ღარიბაშვილსა და კირილ გაბურიჩს შორის გამართული სატელეფონო საუბარიც: თითქოსდა ქართველ პრემიერს მოლდოველი კოლეგისთვის უთქვამს, თუ სააკაშვილს მიიყვანთ, ქართულ-მოლდოვური ურთიერთობები გაუარესდებაო. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ ტელეფონით საუბარი მართლაც შედგა, ურთიერთობის საკითხები განიხილეს და მოლდოვას პრემიერმა თავისი ქართველი კოლეგა კიშინიოვში ვიზიტით მიიწვიაო, ივნისის თვეში.
ამჟამად მოლდოვაში მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი რეფორმატორების ჯგუფი იმყოფება, რომელიც ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. თვით კირილ გაბურიჩს კი მიხეილ სააკაშვილთან კიევში ყოფნის დროს უსაუბრია და სწორედ მაშინ უთხოვია დახმარება. „მოლდოვაში მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ბანკები გაძარცვა. ხალხი მოპარული მილიონების დაბრუნებას ელოდება და სწორედ ამ დროს გაბურიჩს კიშინიოვში მიხეილ სააკაშვილი ჩამოჰყავს... ეს დადგმულ შოუს ჰგავს, რადგან ივნისში ჩვენთან ადგილობრივი ორგანოების არჩევნებია დაგეგმილი, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ წააგოს. სააკაშვილის მოწვევით მთავრობა ხალხს აჩვენებს, რომ თითქოსდა წესრიგს ამყარებს. ჩვენი კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ასეთივე კორუმპირებულ ქართველ ექს-პრეზიდენტს დასახმარებლად იწვევს! განა რა გააკეთა ისეთი დადებითი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილმა? ცნობილია, რომ კიევში ოლიგარქთა ქონების გადანაწილება დაიწყო... რა შეიძლება მოხდეს მოლდოვაში, ამის პროგნოზირებაც კი შეუძლებელია“, - მოლდოვას პარლამენტის წევრი, სოციალისტი ბოგდან ცირდია.
მოლდოვური მასმედია ხაზს უსვამს, კორუფციასთან საბრძოლველად მიხეილ სააკაშვილის მიწვევა, ერთი მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ადგილობრივ სპეციალისტებს არ ენდობა, მეორე მხრივ კი, დასავლელი პარტნიორების წინაშე საკუთარი იმიჯის გაუმჯობესება სურს.
http://www.ng.ru/cis/2015-05-15/1_saakashvili.html
(მოამზადა სიმონ კილაძემ, „რეპორტიორის" ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა)