ვერა თორინტონი: „ენდიაი-ს პოლიტიკური მიზნები არ აქვს"
გუშინ, 14 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უფლებადამცველთა გაერთიანებამ", „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციამ" და საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „სამართლიანობისთვის" ენდიაი-ს სათავო ოფისთან გამართეს აქცია-პრესკონფერენცია „არა გაყალბებას".
აქციის მომწყობებს გამოტანილი ჰქონდათ ლოზუნგები: „კვლევები ემსახურება ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას", „იძებნება ენდიაის კვლევაში მონაწილე", „ჩვენ დავაბრუნებთ მიშას - ენდიაი", „არა გაყალბებას", „თქვენი კვლევებით ანტიდასავლურ განწყობას აღვივებთ".
ნიკოლოზ მჟავანაძე - „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე:
- სანამ ჩვენ აქციას გავმართავდით, ენდიაის ოფისში იმყოფებოდნენ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი. არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, მათი საუბრის შემდეგგამოვიდა ჟურნალისტებთან ენდიაის ხელმძღვანელი და გააკეთა კომენტარი, რომ მიკერძოებული არ არის.
მჟავანაძის თქმით, ამ ორგანიზაციის ურთიერთობები რესპუბლიკელებთან, ნაციონალებთან და ალასანიასთან უკვე იმდენად გაშიფრულია, რომ სახალხოდ ფამილარული ურთიერთობების დაფიქსირებას არ ერიდებიან.
- ჩვენ ჩავატარეთ მოქალაქეების გამოკითხვა, გარკვეულ პერიოდში აირაისა და ენდიაის მიერ თვითონ ან მათი ოჯახის წევრები თუ გამოჰკითხა ვინმემ. გაირკვა, რომ არავინ გამოუკითხავთ. მაქვს ეჭვი, რომ ეს ხალხი ნაცმოძრაობის სიებით ატარებს კვლევებს. - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
- თქვენ გამოიტანეთ პლაკატი, სადაც ეწერა, რომ ენდიაი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს. რატომ შეგექმნათ ეს შთაბეჭდილება?
- ნამდვილად ასეა, ენდიაი ცდილობს, საქართველოში ანტიდასავლური განწყობები შექმნას. მერე რატომ უკვირთ ზოგიერთებს, ევრაზიულ კავშირს 31% თუ უჭერს მხარს. ეს უნდა გაითვალისწინონ ენდიაის ხელმძღვანელებმა. წარმოადგინონ დოკუმენტი, ვინ გამოჰკითხეს. 2012 წელს დადეს კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს უფრო ნაკლები რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე გიორგი თარგამაძეს, ნაცმოძრაობას სამჯერ მეტი რეიტინგი ჰქონდა. ამ პათოსით ატარებენ კვლევებს ახლაც. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მათი მიზანი არა კვლევების ჩატარება, არამედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება და ქვეყანაში წინასარევოლუციო ფონის შექმნაა.
- რით გამოიხატება წინასარევოლუციო ფონის შექმნა?
- როდესაც ისინი არჩევნების წინ დადებენ კვლევის შედეგებს, თითქოს ნაციონალებს 70% აქვთ, ხოლო სხვა პარტიებს - ნაკლები, არჩევნების შედეგები კი სხვაგვარად გამოცხადდება, ეს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას უბიძგებს რევოლუციური პროცესებისაკენ.
- ევრაზიული კავშირის მომხრეთა 31% რეალური შეიძლება იყოს?
- 31%-იც არის და მეტიც, მაგრამ მათი გაყალბებული კვლევები ასე აჩვენებს. ეს არის დასავლეთის რეაქციების შედეგი. ისინი სააკაშვილს ღიად მხარს უჭერენ, აქ კი არიან ლობისტი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათგან ფინანსდებიან. ყოველი მათი გამოჩენა იწვევს ანტიდასავლური განწყობების ჩამოყალიბებას.
- თქვენ თქვით, რომ ევრაზიული კავშირის მომხრე 31%-ზე მეტი შეიძლება იყოს. ეს დადებითი მომენტია თუ უარყოფითი?
- ეს ჩემი განსასჯელი არ არის. ყველას აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების უფლება.
ლექსო კობაიძე, „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" ხელმძღვანელი:
- ენდიაის კვლევები უკვე გადაიზარდა აბსტრაქტულ კვლევებად, რადგან აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია აპელირებს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე, რასაც ჩვენ არ მივესალმებით. არასამთავრობოები შევიკრიბეთ არა მხოლოდ ენდი აი-ს, არამედ იმის წინააღმდეგ, ვინც ამ კვლევებს უკვეთს. ქართველი ხალხი ვერ აიტანს იმას, რომ ნაცმოძრაობა ისევ დომინანტი პარტია იყოს. მსგავსი კვლევებით უნდათ, ნაცმოძრაობა გააცოცხლონ.
- ამ კვლევებს ნაცმოძრაობა აფინანსებს?
- არ გამოვრიცხავ,რომ ენდიაის კვლევებს ნაცმოძრაობა აფინანსებდეს. ენდიაის კვლევები ყოველთვის არარეალისტურია, მაგრამ, სამწუხაროდ, ზეგავლენას ახდენს ხალხზე.
***
აქციის ორგანიზატორებთან და ჟურნალისტებთან ამერიკული ორგანიზაცია „ენდიაი-საქართველოს" თბილისის ოფისის დირექტორი ვერა თორინტონი გამოვიდა.
- რას უპასუხებთ აქციის მომწყობებს?
- პირველ რიგში, ჩვენ ვაღიარებთ ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, მივესალმებით, თუ რომელიმე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს სურს გამოხატოს საკუარი აზრი ან წინააღმდეგობა ჩვენი კვლევების შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „სიაისი საქართველო" ვატარებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კვლევებს, რომლებიც იძლევა ზუსტ ინფორმაციას, თუ რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები. არანაირი პოლიტიკური მიზნები ჩვენს ორგანიზაციას არ აქვს და არ ამოძრავებს, რადგან ის არის დამოუკიდებელი არაპოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ პოლიტიკოსებსა და გარკვეულ ინსტიტუტებს, იცოდნენ მოქალაქეების დამოკიდებულება და მათ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკა შეიმუშაონ.
- არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ ნაცმოძრაობა გაფინანსებთ.
- ჩვენ გვყავს დასავლელი დამფინანსებლები. ორი საერთაშორისო ორგანიზაცია გვაფინანსებს: „სიდა" და „იუსაიდი". თუ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია გაინტერესებთ დაფინანსებასთან დაკავშირებით, არავითარი პრობლემა არ არის, მზად ვართ, გაგიზიაროთ.
-ჯერ კიდევ წინა დირექტორის, ნავაროს პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოში არ ენდობოდნენ იმ ორგანიზაციას, რომელსაც თქვენ ატარებინებთ კვლევებს.რატომ უკვეთთ კვლევებს მაინცდამიანც იმ ორგანიზაციას, რომელსაც ხალხი არ ენდობა?
- რა თქმა უნდა, სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს და გავრცელებულია ხმები, რომ ის ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ კვლევებს ვუკვეთთ, არ არის სანდო, მაგრამ არავის წარმოუდგენია მტკიცებულება,რომელიც დაადასტურებდა, რომ „სიაისი საქართველო" რამენაირად აყალბებს კვლევებს. ჩვენ ამ ორგანიზაციის მიმართ სრული ნდობა გვაქვს.
- 2012 წელს ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები სრულიად ასცდა იმ მონაცემებს, რაც არჩევნების შემდეგ დაიდო. ამან მაინც არ გაფიქრებინათ,რომ რაღაც წესრიგში არ იყო?
- ჩვენი კვლევის მიზანი არასოდეს ყოფილა და დღესაც არ არის არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველება. თქვენ, ალბათ, გახსოვთ, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ არ იცოდა, ვის მისცემდა ხმას. შესაბამისად, იმის წინასწარმეტყველება, ვინ გაიმარჯვებდა არჩევნებში და, საბოლოო ჯამში, ამომრჩევლები საით გადაიხრებოდნენ, შეუძლებელი გახლდათ. ჩვენი კვლევის შემდეგ მოვლენების განვითარებამ (გამოქვეყნდა ციხის კადრები) დიდი გავლენა მოახდინა ადამიანებზე და მათ გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელი იქნებოდა იმ პირობებში, როდესაც ადამიანებს არ უნდოდათ, გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები.
- წლების განმავლობაში თქვენს კვლევებზე ხმაური რომ არის საზოგადოებაში, კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციის მიმართ მინიმუმ უნდობლობაზე არ მეტყველებს?
- ალბათ, პრობლემა ისაა, რომ მოქალაქეებს, ადამიანების დიდ ნაწილს, ჯერ არ ესმის, საზოგადოებრივი აზრის კვლევები რას ემსახურება. ბევრ ადამიანს არ ესმის კი არა, უბრალოდ, არ სჯერა საზოგადოებრივი კვლევების.
გულიკო ბალაძე
გაზეთი „ახალი თაობა"