ბუტა რობაქიძის გახმაურებული მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე კარგა ხანია, მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სასამართლოზე მოწმეები იკითხებიან.
ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გურამ დონაძემ ჩვენება შეცვალა და განაცხადა,რომ ბუტა რობაქიძეს იარაღი არ ჰქონია.
რა ეტაპზეა საქმე, უცხადებს თუ არა ნდობას სასამართლოს, აღდგა თუ არა ქვეყანაში სამართლიანობა? - ამ საკითხებზე „ახალი თაობა" ბუტა რობაქიძის დედას, ქალბატონ ია მეტრეველს ესაუბრა.
- ქალბატონო ია, გურამ დონაძემ შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ ამ ბიჭებს იარაღი არ ჰქონდათ და დაუდესო? ეს სიმართლეა?
- ბიჭებს არ ჰქონოდათო, ასე არ უთქვამს. ზუსტად ეგ არის საქმე. ეს დონაძის ახალი ავანტიურაა.
- რატომ, რა ხდება?
- დონაძეს უნდა, რომ ისევ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და ახალ ვერსიას ავითარებს. დონაძეს არ უთქვამს, რომ ბიჭებს იარაღი არ ჰქონდათ. ჩიხში არიან და ყველა ბიჭი ადებს დონაძესა და მიქაძეს ხელს, რომ ესენი იყვნენ იქ მთავარი დირიჟორები და კონკრეტულად დონაძე იძლეოდა მითითებებს, ამას ეს დაუდე, იმას ის დაუდე და თან ამ ყველაფერს იღებდა კიდეც. ამას ადასტრებს ყველა მოწმე, ყველა ბიჭი, ვინც იქ იყო და ვისაც დაუდეს იარაღი. სერიოზულ ჩიხშია დონაძე შესული და ამიტომ ასეთი რამ გადაწყვიტა.
- როგორია მისი ახალი ვერსია?
- ახლა ამბობს, რომ ბუტა იყო უდანაშაულო, ბუტას არ ეჭირა ავტომატი, მაგრამ ის ყველაფერი, რაც იქ ეწყო, ნამდვილად იყო ამ ბიჭების. მას უნდა, ისე გამოიყვანოს, თითქოს ეს ბიჭები იყვნენ ბანდიტები და ისინი იტყუებიან, რომ ეს იარაღები კი არ ჩაუდეს, ნამდვილად მათი იყო, ოღონდ ბუტა იყო უდანაშაულო და ბუტა შემთხვევით იყო იმ მანქანაში. აი, ამ ვერსიას ავითარებს დონაძე.
- თავიდან ხომ ამბობდნენ, რომ ბუტას ავტომატი ეჭირა ხელში და ისროდა?
- დიახ. ჩვენ თავიდანვე ვითხვდით, სად გააქრეთ ის ავტომატი, კადრებში რომ ჩანს, მიქაძეს რომ უჭირავს ხელში და რომ ამბობს, ბუტა აქედან ისროდაო. ვეკითხებოდით, სად წაიღეთ ეს ავტომატი. ახლა რომ გაამართლეთ ბუტა და აღიარა ბაშალეიშვილმა, ბუტას არ ეჭირა ავტომატი და ვითომ თვითონ გაუვარდა. როდესაც ვითხოვდით, ეჩვენებინათ ავტომატი, ამაზე პასუხს არ გვცემდნენ, ავტომატი საერთოდ გააქრეს საქმიდან სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. ახლა დონაძე ცდილობს, ეს ფაქტი გამოიყენოს და ასეთი ფრაზა გააჟღერა: საქმეში არსად ფიგურირებს, რომ ბუტას ავტომატი უჭირავს და არავინ ამბობს, რომ ბუტას ჰქონდა ავტომატი. ამას მაიმუნობს ახლა დონაძე, თორემ ის კი არა, რომ სინდისმა შეაწუხა და აღიარებს. დონაძე ზეწოლას ახდენს მოწმეებზე.
- ეს რით გამოიხატება?
- სასამართლოზე ისიც განაცხადა, მობრძნადება აქ მუკბანიანი (მოწმე, მისი ჟურნალისტი) და ვნახოთ, აქ რასაც იტყვისო ანუ აშინებს, ზეწოლას ახდენს. ასევე მის ოპერატორ ვაწაძეზეც აკეთებს მსგავს განცხადებებს, უთვალთვალებს ვაწაძეს და მე მინდა, ზუსტად ეს საკითხი დავაყენო პროკურატურაში, რომ დონაძე მოწმეებზე ახდენს ზეწოლას.
- ახლა რა ეტაპზეა სასამართლო?
- მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. ბუტასთან ერთად ვინც იყო, ერთ-ერთი ბიჭის დაკითხვა იქნება 29 მაისს. ძალიან არ მომწონს, რომ ასე იწელება სასამართლო პროცესი. სამი კვირით გ ადადეს კიდევ პროცესი. უამრავი მოწმეა დასაკითხი და გამოდის, რომ ერთი-ორი წელი უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები? ასეთი დამნაშავეები, როგორებიც არის მიქაძე და დონაძე, გარეთ რომ მილიონ ცუდ რაღაცას აკეთებენ და გამოძიების ხელს უშლიან, გარეთ არ უნდა დადიოდნენ.
- რატომ ჭიანურდება პროცესი? თქვენ რა ეჭვები გაქვთ?
- ჩემთვის ეს ძალიან მიუღებელია. ისედაც 10 წელია, ამას ველოდებოდით და კიდევ ასე იწელება. მე არ ვიცი, ამის უკან რა დგას. ცოტა ხანს კიდევ შევხედავ და რომ დავრწმუნდები და მოსამართლეში რომ შემეპარება ეჭვი, ალლბათ, დავაყენებ უკვე საკითხს მოსამართლის აცილებაზე.
- რა პრეტენზიები გაქვთ მოსამართლესთან?
- ჯერ კონკრეტულს არაფერს ვიტყვი, მაგრამ ის, რომ მოსამართლე ლოიალურად ექცევა მათ, ყველაფერს უსრულებს, ჩვენთვის მიუღებელია.
- ვინარის მოსამართლე?
- გელაშვილი. მე არ მინდა, მას რამე დავაბრალო, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი სიტუაციაა და ვნახოთ, მე დავაკვირდები. ჯერ კიდევ ბევრი სასამართლო პროცესია წინ.
- ქალბატონო ია, საკმაოდ აქტიურად იყავით ჩართული ხელისუფლების შეცვლის პროცესში. ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც ასე აქტიურად ითხოვდა სამართლიანობის აღდგენას. დღეს ამბობენ, რომ ხალხს გაუცრუვდა იმედები და არ დადგა ის შედეგი, რომელსაც ელოდნენ.
- მეც ძალიან მტკივა გული,რ ომ არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა. დაგვიხოცეს ისეთი ხალხი, რომლებიც მართლაც წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან ძალას სამართლიანობის აღდგენის პროცესში. ვგულისხმობ ბატონ იური ვაზაგაშვილს, რომელსაც მართლა თავი ჰქონდა გადადებული და კიდევ შეეწირა ამ უსამართლობას. დღეს კი არ არის დასჯილი არც მისი მკვლელი.
- ხომ დააკავეს სოსანაშვილი?
- თუმცა ჯერ არ არის გამოკვეთილი, ვინ არის შემკვეთი ანუ მთავარი. ასევე ხარძიანი, რომელიც ასევე უსამართლობაზე ხმას იმაღლებდა და იბრძოდა. იმედს მაინც არ ვკარგავ. იმედი მაქვს, რომ ცოტა ტემპს მოუმატებს ხელისუფლება და საბოლოო სამართალს მივაღწევთ.
- რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ თქვენი შვილის საქმეში სამართალი იზეიმებს?
- 10 წლის შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებშიც თუ არ დადგა სამართალი, მაშინ აღარ ყოფილა ქვეყანა და მართლა არ ვიცი, მერე რა მოჰყვება ამ ყველაფერს! ბუტას საქმე ისეთი საქმეა, შავით თეთრზეა ყველაფერი. ამდენმა ავაზაკმა რა ჩაიდინა და დღეს ეს ავაზაკები სასამართლო დარბაზში ისე თავხედურად იქცევიან,რ ომ გაუსაძლისია ამის ყურება. ფიქრიც არ მინდაიმაზე, რომ საქმე ბოლომდე არ მივა და სამართალი არ აღდგება. ჭიანურდება, მაგრამ, ვფიქრობ, საბოლოოდ ისე დამთავრდება, როგორც უნდა დამთავრდეს!
„ახალი თაობა" გურამ დონაძესაც ესაუბრა.
- გურამ, ბუტა რობაქიძის საქმეზე ჩვენება შეცვალეთ?
- ვინ გითხრათ, რომ ჩვენება შევცვალე? საიდან მოიტანეთ ეს ჭორი?!
- გავრცელდა ინფორმცია და ამას ბუტა რობაქიძის დედაც ადასტურებს.
- ია მეტრეველი წლების განმავლობაში ბევრ რამეს ამბობდა, მაგრამ ყველაფერი არ იყო სიმართლე, ისევე, როგორც ეს განცხადება. არანაირი ჩვენება არ შემიცვლია. საერთოდ ჩვენება არ შეუცვლია არავის. ჩვენება შეცვლილი აქვს ბაშალეიშვილს, რომელმაც მოახდინა გასროლა ბუტა რობაქიძის მიმართულებით, შემთხვევით. მას შეცვალა ჩვენება. აქვე აღვნიშნავ, რომ ბაშალეიშვილი ჩვენთან კავშირში არ არის ამ საქმეში, ჩემი განცხადება, სამწუხაროდ, სათავისოდ გამოიყენა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა.
- ვინ?
- დავასახელებ მანანა კობახიძეს, თინა ხიდაშელსა და ეკა ბესელიას, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ირგებდნენ სათავისოდ, რაც შეეხება ჩემს განცხადებას, რომ ბუტა რობაქიძეს, საქმის მასალებით, იარაღი არ ჰქონია, ეს იმიტომ განვაცხადე,რომ ჩვენთან მიმართებით საქმეში არსად არის, არც ერთი მოწმე არ ამბობს, რომ ბუტა რობაქიძეს იარაღი ჰქონდა! იარაღები იდო მათ მანქანაში და ამას ადასტურებს სასამართლოს მიერ მტკიცებულებად აღიარებული ვიდეოფირი, რომლის საექსპერტო დასკვნაც დადეს ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიურომ, ამერიკის ფედერალური გამოძიების ეროვნულმა ბიურომ, უკრაინის საერთაშორისო და სახელმწიფო საექსპერტო ბიურომ, ინგლისმა, მოსკოვმა, ასევე გერმანიასაც ველოდებით. კადრის უწყვეტობა, რომელიც არის გასროლიდან იარაღების პოვნამდე, დადასტურებულია ექვსი სახელმწიფოს საექსპერტო კრიმინალისტური ბიუროების მიერ. ეს სასამართლომ აღიარა მტკიცებულებად. გურამ დონაძეს ჩვენება არ შეუცვლია და გურამ დონაძე არ შეცვლის არანაირ ჩვენებას.
- თქვენ არ გითქვამთ, რომ იქ იარაღები არ იყო?
- ის მოლოდინი, რომ, არიქა და მე ვაღიარე, ვითომ იარაღები არ იყო, ეს არის ტყუილი! დიახ, იარაღები იყო! უბრალოდ, ვამბობ და ძალიან გთხოვთ, კონტექსტიდან არ ამოჭრათ ჩემი კომენტარები. ის, რომ ბუტა რობაქიძეს გაპიროვნებულად იარაღი ედო, ჟარგონი რომ ვიხმაროთ, რომ ბუტას ვინმემ ჩაუდო იარაღი, ასეთი საქმეში არ არსებობს და არც ყოფილა!
- თავიდან ხომ იყო ამაზე საუბარი?
- პირველი ძიებისას გრიგოლ ბაშალეიშვილმა რა თქვა, როგორ თქვა და რანაირად თქვა, ეს ჩემს საქმესთან მიმართებით არ არის წარმოდგენილი. თუ გრიგოლ ბაშალეიშვილმა განაცხადა, რომ მოახდინა გასროლა სამოქალაქო პირის მიმართ, მისი საქმის ძიება დასრულებულია 7 წლის წინ. მან მოიხადა 5 წელიწადი საპატიმროში, იყო ტუსაღი. სასამართლომ ის აღიარა დამნაშავედ და ჩვენთან მიმართებით გრიგოლ ბაშალეიშვილი არც მოწმეა, არც დაზარალებული და არც - ბრალდებული.
- ბუტა რობაქიძეს ავტომატი ეჭირა ხელშიო, თავიდან ეს ვერსია გავრცელდა. ქალბატონი ია აცხადებს, რომ დღეს ეს ავტომატი საქმეში არსად ჩანს. ამაზე რას იტყვით?
- საქმეში ორი ავტომატი კარგად ჩანს, ასევე ერთი ბარაბნიანი პისტოლეტი, ხელყუმბარა და ტყვიები. ეს ყველაფერი საქმეში დევს, იმ საქმეში, რომლის მთავარი გამომძიებელიც იყო ნიქაბაძე და რომელმაც თავის დროზე ეს ყველაფერი გააყალბა.
- რას გულისხმობთ?
- პირველი სიყალბე, რომელიც ნიქაბაძემ ჩაიინა და ჩემთვის გაუგებარია, ის რატომ არ ზის ციხეში! მან გააჩუქა ნივთმტკიცება, სეიფიდან მოიპარა დალუქული იარაღი. მან მოიძია ის ოჯახი, რომელსაც თავის დროზე ეს იარაღი ეკუთვნოდა და დაშინებით გადააფორმებინა თელავის პოლიციისთვის. გინდა გითხრათ, აქ მთავარი სკანდალი რა არის?!
- მითხარით.
- წინა პროცესზე ირაკლი ფირცხალავამ დაუსვა ასეთი შეკითხვა ერთ-ერთ მოწმეს: „ჩემი გავრცელებული კადრებიდან რა არის სიმართლე თქვენთვის იმ ვიდეომასალაში?" - მოწმემ, იცით, რა თქვა სასამართლოზე, რომელიც უკვე მტკიცებულებაა?
- რა თქვა?
- მოწმემ განაცხადა, რომ სიმართლეა გასროლა, სადაც ბუტა კვდება! და თქვენ იცით, რომ გასროლიდან, სანამ ბუტა დალევს სულს, იარაღები ჩანს და ეს კადრები არის უწყვეტი და უმონტაჟო?! აი, სწორედ ეს კადრია აღიარებული 6 სახელმწიფოს მიერ! ეს არის სიმართლე და ახლა ვისაც უნდა, დაიბრმაოს თვალები. ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცა გვიჭირავს ხელში და სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის.
- რა სიურპრიზებზე საუბრობთ?
- ის, რომ ჩვენ ვართ უდანაშაულოები! დღეს პროკურატურა ჩიხშია. თავისივე სიყალბეში არიან მოქცეული და ვეღარ გაუგიათ, რა ქნან! იცით, დღეს ჩვენი ბრალი რაში მდგომაროებს? იცით, რას გვედავება პროკურატურა?!
- რას?
- ია მეტრეველის თქმით, იარაღების ჩადებასა და ბუტას მკვლელბას, მაგარმ ეს არ არის სიმართლე! ჩვენ ბრალად გვაქვს წარდგენილი, აგერ ხელში მიჭირავს დადგენილება - უფლებამოსილების გადამეტება! მეტი არაფერი მაქვს მე ბრალში! მე იარაღების მიტანას არვინ მედავება! მე ბუტას მკვლელობას არავინ მედავება! მე მედავებიან იმას, რომ თითქოს იქ რომ იარაღები მიიტანა ვიღაცამ, დაუდგენელმა პირმა, თითქოს მე მივუთითე, რომ ასა გადაიღე, აქ დაალაგე, აი, ეს კადგი გადაიღე და ასე შემდეგ.
- დიახ, ამას აცხადებენ, გურამ დონაძე იქ მითითებებს იძლეოდაო.
- ჰო, მითითებებს იძლეოდაო, მაგრამ ამ მითითითებების მტკიცებულებები რომ არ არსებობს?! გურამ დონაძე იქ რომ მივიდა, ბუტა უკვე გარდაცვლილი დახვდა და იარაღებიც იქ იყოშ. კადრის უწყვეტობაც ამდენმა სახელმწიფომ აღიარა და, თუ გინდა, გაიზიარე ეს არგუმენტი და თუ არ გჯერა, მტკიცებულებებს შარმოგიდგენ. მეტი რა გითხრათ, დანარჩენი თქვენზეა.
ნონა ცაბაძე
გაზეთი „ახალი თაობა"