„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს" («Radio France Internationale») ინფორმაციით, ფრანგულ საკვირაო გაზეთ «Le Journal Du Dimanche»-ში 17 მაისს გამოქვეყნდა სტატიები, რომლებიც რუსეთის საგარეო პოლიტიკას ეხება, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებს. პუბლიკაციებში განხილულია „აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნების რიგის სამიტის პერსპექტივებიც, რომელსაც კრემლში „ანტირუსულს" უწოდებენ.
გაზეთ «Le Journal Du Dimanche»-ის სტატიებში ცენტრალური ადგილი უკავია რეპორტაჟს საქართველოდან სათაურით „როცა მოსკოვი თავის საზღვრებს წინ სწევს".
„ქვეყანას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ფართობის მქონეა, თავისი ტერიტორიის გაფართოება კიდევ რამდენიმე კვადრატული მეტრით სურს", - ასე ირონიულად შეაფასა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსკოვში, 9 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გამოსვლა, როცა რუსმა ლიდერმა გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მიულოცა, ბალტიისპირეთის, საქართველოსა და უკრაინის გარდა", - აღნიშნულია სტატიაში.
გაზეთის კორესპონდენტი იმყოფებოდა გორის რაიონის სოფელ დიცში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტში, სადაც მან რეპორტაჟი მოამზადა. ავტორი შეხვდა სოფლის მოსახლეობას, ისინი ჰყვებიან, როგორ გადაკეტეს ოსებმა სარწყავი არხები, რომლითაც ქართული სოფლები მარაგდებოდა; როგორ აკავებენ ადგილობრივ მცხოვრებლებს რუსი მესაზღვრეები „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის" გამო, რომელსაც ოსები, რუსების მხარდაჭერით, პერიოდულად რამდენიმე მეტრით წინ სწევენ, ქართული სოფლების მიმართულებით.
რეპორტაჟთან ერთად გაზეთში გამოქვეყნებულია აგრეთვე ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან. ფრანგი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას იტყოდა ქართველი მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე - „აღმოსავლეთის პარტნიორობის" რიგის სამიტს ანტირუსული ხასიათი აქვს" - თინა ხიდაშელი ამბობს, რომ „რუსეთს საქართველოს არსებობაც კი აღიზიანებს".
ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებთან და NATO-ში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება ხვალინდელი დღის საკითხი არ არის, მაგრამ თუ ეს ოდესმე მოხდება, ეს ფაქტი რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად, ანტირუსულ პოლიტიკად არ უნდა იყოს აღქმული. NATO-ს არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ამ ორგანიზაციის არცერთ წევრ სახელმწიფოს არ ჰქონია რუსეთზე თავდასხმის მცდელობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში საქართველოს საზღვრებთან რუსეთის არმიის პროვოკაციები გახშირდა, თბილისი რეაგირებას არ აპირებს: „ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა მოსკოვის თამაშებში ჩაბმას ნიშნავს. ისინი სწორედ ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს ელოდებიან", - ამბობს თინათინ ხიდაშელი «Le Journal Du Dimanche»-ის კორესპონდენტთან საუბარში, - „ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარია, თავიდან ავიცილოთ ახალი ომი. ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანები კვლავ დაიღუპონ".
«Актуальные комментарии//Укринформ»: მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა?
უკრაინის მასმედიაში სკანდალი გამოიწვია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადებამ, რომელშიც უკრაინის ხელისუფლებაა გაკრიტიკებული: „მე ვფიქრობ, რომ რომ ცვლილებები მხოლოდ [ქვემოდან], საზოგადოების ზეწოლის გზით თუ მოხდება, თორემ ზემოდან მე პოლიტიკური ნების გამომჟღავნებას ვერ ვხედავ. თვით უკრაინის ხელისუფლების სტრუქტურა არ იძლევა ამის საშუალებას, რადგან ნებაც რომ გქონდეს, რეფორმას სწრაფად მაინც ვერ განახორციელებ", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი დისკუსიის დროს, რომლის დროსაც ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და მათთვის სახელმწიფო მხარდაჭერის გაწევის საკითხები განიხილეს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელი ახლახან დაინიშნა უკრაინაში რეფორმების განხორციელების საბჭოს ხელმძღვანელად, აღშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში არსებული კორუფციის დონისა და ჩინოვნიკთა მოქმედების გამო, რომლებთაც რეფორმების გატარება და თანამოქალაქეთა კეთილდღეობა არ სურთ.
უკრაინის საინფორმაციო სააგენტო «Укринформ»-ის ვებგვერდზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელებში კომენტარები გაკეთდა, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის განცხადება გაყალბებულია და მას ასეთი რამ არ უთქვამს. ამის საპასუხოდ სააგენტო «Укринформ»-მა დისკუსიის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადება სავსებით დასტურდება.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ წავიდა, სამშობლოში კი, მრავალი დანაშაულის ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი კიევის „მაიდანზე" გამოჩნდა და პოსტმაიდანურ უკრაინას მთავარ რეფორმატორად მოევლინა.
„ჩაიდინა რა თავისი მთავარი დანაშაული 2008 წლის აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილმა რუსული საზოგადოების თვალში ნეგატიური სახე დაიმკვიდრა. ამის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მან გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, და, შესაბამისად, ექს-პრეზიდენტის განცხადებები უკრაინის შესახებ ყურადსაღებია", - წერს რუსული გამოცემა «Актуальные комментарии».
„მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ წარმატებული რეფორმატორია, თუმცა მან ძალზე ტრაგიკული შეცდომა დაუშვა, როცა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა და საქართველო კატასტროფის პირას მიიყვანა", - ამბობს პოლიტოლოგი კონსტანტინ კალაჩევი, - „ეს გარემოება რომ არა, მის მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება იქნებოდა. მართლაცდა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებში გაქრა კორუფცია, ყოველ შემთხვევაში, ყოფით დონეზე მაინც... ქვეყანაში გაჩნდნენ პატიოსანი პოლიციელები, მოხდა დებიუროკრატიზაცია".
კონსტანტინ კალაჩევის აზრით, მიხეილ სააკაშვილს თავისი პლუსები და მინუსები აქვს და იმის გამო, რომ იგი ანტირუსულადაა განწყობილი, მისი დემონიზება უადგილოა. „მერე რა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის, ამ ფაქტს მის რეფორმატორობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მას შეუძლია, რეფორმების საკითხში უკრაინის ხელისუფლებას რაღაც-რაღაცეები ურჩიოს".
„ამჟამად უკრაინაში რეფორმების გატარების საკითხში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ რეფორმები სწრაფად, ენერგიულად უნდა გატარდეს, შოკური თერაპიით. სხვები ფიქრობენ, რომ ცვლილებები ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ვითომდა გარდაქმნების იმიტირებას ეწევიან. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი გულწრფელად მოქმედებს და მასში ეჭვის შეტანა უადგილოა", - ამბობს კონსტანტინ კალაჩევი.
უკრაინაში რეფორმების გატარების პრობლემურ საკითხს ეხება აგრეთვე ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ანდრეი ილარიონოვი ინტერვიუში, რომელიც უკრაინის გამოცემა «Главком»-მა გამოქვეყნა. მისი თქმით, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების ცნობიერება ისეთია, რომ მათ რეფორმების გატარება არ შეუძლიათ. კი, გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, მაგალითად, ეკა ზღულაძის - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის საქმიანობა ამას ადასტურებს, მაგრამ იგი, ფაქტობრივად, საქართველოდანაა ჩაყვანილი, ანუ მისი რეფორმატორული ცნობიერება იმპორტირებულია, სხვა ადგილობრივ მაგალითს კი ვერ იპოვი. უკრაინის ხელისუფლება რეფორმად იმას მიიჩნევს, რომ გაზზე ტარიფები გაზარდა. „არადა, აუცილებელია სტრუქტურის ცვლილება, მონოპოლიის ლიკვიდაცია, გაზის ბაზრის ლიბერალიზება, კონკურენციისათვის ხელშეწყობა... კიევის ხელისუფლებას ცხონებულმა კახა ბენდუქიძემაც კი ვერაფერი შეასმინა, რომელიც უკრაინაში რვა თვის განმავლობაში იმყოფებოდა", - ამბობს ინტერვიუში ანდრეი ილარიონოვი.
და ბოლოს, 17 მაისს ამერიკულ «The New York Times»-ში გამოქვეყნდა სტატია „უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლა ჭიანურდება", რომელშიც გაკრიტიკებულია უკრაინის ხელისუფლების უმოქმედობა ამ მიმართულებით. აი, რას წერს გაზეთი: „უკრაინისთვის კორუფციასთან ბრძოლა მთავარი პრობლემაა, მაგრამ ამ საქმიანობაში თითქმის არავითარი შედეგი არ შეიმჩნევა. გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელმაც თავის მშობლიურ საქართველოს სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებები განახორციელა, შემდეგ კი უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და პროკურატურაში რეფორმების გატარების მანდატი მიიღო, ამბობს: „ყველაფერი ისევ კორუმპირებულია. სამართალდამცველ ორგანოებში და სასამართლოებში სისტემური ცვლილებები არ მომხდარა... ჩვენთან (უკრაინაში) დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა არ არსებობს. არცერთ პროკურორს მკაფიო რეკომენდაციები არ აქვს და ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინის პარლამენტი, კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და განახლების ნაცვლად, სულ უფრო მეტ ბიუროკრატიას ქმნის".
წყაროები:
http://actualcomment.ru/saakashvili-obrushil-kritiku-na-ukrainskie-vlasti.html
http://glavcom.ua/articles/29168.html
(მოამზადა სიმონ კილაძემ, „რეპორტიორის" ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა)