A ჯგუფი
ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. „მანჩესტერ იუნაიტედმა" უამრავი საგოლე მომენტი გაფლანგა, მარტო კაგავას შეეძლო სამჯერ გატანა, მაგრამ მხსნელად „სოსიედადის" ფეხბურთელი ინიგო მარტინესი მოევლინა და მისმა ავტოგოლმა მანკუნიანელებს პირველ წრეში გალიდერების საშუალება მისცა.
„ლევერკუზენმა" „შახტარი" ყველა ასპექტში დაჩაგრა, ოთხი უპასუხო ბურთიც გაუტანა, მაგრამ მთავარი ბრძოლა მეორე ადგილისთვის ორი კვირის შემდეგ გაიმართება, როცა იგივე გუნდები უკვე დონეცკში შეხვდებიან ერთმანეთს.
B ჯგუფი
„რეალმა" მოიგო, „იუვენტუსს" ურთიერთშეხვედრებშიც გადაასწრო და ჯგუფში პირველ ადგილსაც ძნელად რომ ვინმე შეეცილოს.
კრიშტიანუ რონალდომ ორი გოლი გაიტანა, ფერნანდო ლორენტემ ერთი კი გაქვითა, მაგრამ მეტის გაკეთება ბებერ სინიორას მსაჯმა მანუელ გრეფემ არ დაანება: 29 წუთზე ჯორჯო კიელინის გაძევება, აშკარად ზედმეტი იყო. იუვემ საქმე ძალიან გაირთულა, თუმცა მთლად უშანსოდ არ არის.
„გალათასარაიმ" რობერტო მანჩინის კარგი საჩუქარი გაუკეთა და თუ მომდევნო ტურშიც მოახერხა იგივე მეტოქის დამარცხება, იქნებ სენსაციასაც გამოკრას ხელი.
C ჯგუფი
თუ გარეთ ბეილი 100 მილიონი ღირს, მაშინ რა ფასი აქვს ზლატან იბრაჰიმოვიჩს? კაცს ლამის ყველა თამაშში გააქვს, თან როგორ? თავით, მუხლით, ქუსლით, ხელით არ შეიძლება, თორემ არც ამაში ჩამორჩებოდა ვინმეს; მარტო იგებს თამაშებს, როგორც ნაკრებში, ისე კლუბში... მეტი რა ქნას ერთმა კაცმა?
პ.ს.ჟ. იბრას პოკერის წყალობით ცალი ფეხით მერვედფინალშია. მეორე ადგილისთვის ბრძოლა კი „ბენფიკასა" და „ოლიმპიაკოსის" შორის ორი კვირის შემდეგ გაგრძელდება და სავარაუდოდ ჯგუფიდან მეორე გამსვლელის ბედიც პირეოსში გაირკვევა.
D ჯგუფი
„მანჩესტერ სიტიმ" დაამტკიცა, რომ შემდეგ ეტაპზე თამაშის ღირსია; მოსკოვის გარეუბანში, „ხიმკის" საშინელ მინდორზე, ცსკა-ს აგუეროს დუბლით სძლია და ახლა ორ კვირაში შინ დაელოდება რუსთა სტუმრობას და, ალბათ, იქვე გაიფორმებს მერვედფინალის საგზურს.
ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა აშკარად დაინდო პლზენის „ვიქტორია". დაინდო რა, ხუთზე მეტი ბურთი არ გაუტანა და არც საკუთარ საჯარიმოს გააკარა სტუმრები. უცნაურია, მაგრამ ჩეხებს „ბაიერნის" კარის მიმართულებით საერთოდ არ დაურტყამთ(!) ჰოდა, 0:5 დანდობა არ არის?