„ბოლო წლების განმავლობაში არცერთ პოლიტიკურ ძალას, არცერთ მედიას არ მიუყენებია ამერიკისთვის ისეთი დიდი ზარალი, როგორიც მიხეილ სააკაშვილმა მიაყენა." - ეს განცხადება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა, კახა კუკავამ გადაცემა „პოლიტმეტრში" გააკეთა. კუკავა პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „26 მაისს, ჩვენს შსს-ში, ამერიკული FBI-ს ჯგუფი იჯდა და მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს თვალყურს ადევნებდა."
„თავისუფალი საქართველოს" ლიდერი აღნიშნულ განცხადებას არადიპლომატიურად თვლის და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე, უფრო კეთილგანწყობილი იყო ამერიკის მიმართ, ვიდრე დღესდღეობით.
„26 მაისი საზოგადოებაში ნეგატიური მოვლენა იყო, პასუხისმგებლობა კი მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ პარტნიორებს დააკისრა"- აღნიშნა კახა კუკავამ.
მისი თქმით, პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც „9 აპრილის შემდეგ მოწყობილ ყველაზე სისხლიან დარბევაში" სტრატეგიული პარტნიორი დაადანაშაულა. „თავისუფალი საქართველოს" ლიდერს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი აშშ-მ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.