reportiori.ge - თბილისის საცობებისგან განმუხტვის გეგმა - დისტრიბუციის და დასუფთავების მანქანებს შეზღუდვები დაუწესდება?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:30
პრეს-დაიჯესტი
თბილისის საცობებისგან განმუხტვის გეგმა - დისტრიბუციის და დასუფთავების მანქანებს შეზღუდვები დაუწესდება?
ავტორი:
19 მაისი, 2015. 13:25


თბილისი „სმარტ-სიტი" - ასე ჰქვია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ 50-გვერდიან დოკუმენტს, სადაც საუბარია ქალაქში საცობების შექმნის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე.


რა გზა მოძებნა მერიის მიერ გადაუწყვეტელი პრობლემის გადასაჭრელად შექმნილმა ალტერნატიულმა კომისიამ? რას თვლიან პირველ რიგში მოსაწესრიგებელ პრობლემად? რა დაუჯდება საცობების განმუხტვა დედაქალაქის ბიჯეტს?


„ალიას" „ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე ესაუბრა:


- თბილისის მერიამ, რამდენიმე თვის წინ, ქალაქის საცობებისგან განმუხტვის საკითხზე სამუშაოდ, სპეციალური კომისია შექმნა. ამ კომისიას უნდა შეემუშავებინა გეგმა, სტრატეგია, როგორ უნდა განტვირთულიყო ქალაქი საცობებისგან. კომისია შეიკრიბა სულ 2-3-ჯერ და რეალური, ხელშესახები რამ, დღემდე არ შეუმუშავებიათ. ამ კუთხით მერიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რითაც კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება - ვგულისხმობ აკრძალვას მანქანების ტროტუარებზე გაჩერებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ თბილისში ყველაზე დიდ გამოწვევად კვლავ საავტომობილო საცობები რჩება, რის გამოც, ალტერნატიულმა კომისიამ დავიწყეთ ამ პრობლემაზე მუშაობა. შევქმენით დოკუმენტი, სადაც კარგადაა გაწერილი, რა არის დღეს საცობების გამომწვევი მიზეზები და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის გამოსასწორებლად მოკლე პერიოდში. ჩვენ მიერ შემუშავებული დოკუმენტი არის 50-გვერდიანი და ჰქვია თბილისი „სმარტ-სიტი", რომელსაც წარვადგენთ დაინტერესებული საზოგადოების წინაშე. ეს დოკუმენტი გადაეგზავნება ყველა საჯარო უწყებას და გავრცელდება სხვადასხვა ვებგვერდებზე.


- რა წერია თქვენს დოკუმენტში, რა არის უმთავრესი პრობლემები, რაც საცობებს ქმნის?


- ესენია: ავტომობილების რაოდენობის ზრდა, ინფრასტრუქტურა, მწყობრიდან გამოსული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დისტრიბუცია, დასუფთავების სამსახური, სპეცტექნიკა, ტაქსები, მეტრო, რომელიც იმდენად ამორტიზებულია, რომ უმეტესობა ტაქსით ან საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას ამჯობინებს, თუ გამოუვალ სიტუაციაში არაა ადამიანი. არის კიდევ სხვა პრობლემებიც, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.


- ქალაქში საცობებისთვის არის რამდენიმე „ცხელი" წერტილი. მაგალითად, პეკინის, კოსტავას ქუჩები, სააკაძის მოედანთან, ლაგუნა-ვერედან აბანოთუბნამდე ჯავახეთის ქუჩა ვარკეთილში და ა.შ. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ადგილების მოწესრიგება?

 

- ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტებია, უნდა შეიქმნას დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქს განტვირთავს. პირველი და უმნიშვნელოვანესი შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება, იმიტომ, რომ განსაკუთრებით მარცხენა სანაპიროზე პრობლემას წარმოქმნის ის გზა, რომელიც მარცხენა სანაპიროს ყოფს შუაზე და ავტომობილების დამაკავშირებელია რამდენიმე მონაკვეთი. ამ შემთხვევაში რკინიგზის პროექტის დასრულებისა და გადატანის დროს ჩვენ მივიღებთ თავისუფალ სივრცეს, სადაც აუცილებლად უნდა აშენდეს ჩქაროსნული მაგისტრალი, იმის მსგავსი, რომელიც აშენდა ვაკე-საბურთალოზე, ვერეს ხეობაში, ასეთი უნდა აშენდეს მარცხენა სანაპიროზე, თავისი ესტაკადებით, დამაკავშირებელი ხიდებითა და გვირაბებით.


ასევე, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობა უნდა მოეწყოს ორ დონეზე, შექნიშნებზე უნდა მოეწყოს ორდონიანი დამაკავშირებელი ესტაკადა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისის მოედანზე მოძრაობის მოწყობა ორ დონეზე, გვირაბის საშუალებით მოხდეს, რადგან საცობების გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია აღნიშნული მოედანი. ასევე, აუცილებელია ვერეს ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება გმირთა მოედანზე არსებულ ლაგუნასკენ მიმავალ  გვირაბთან. ეს, თავის დროზე, არსებობდა პროექტში. როცა ჩვენ ვერეს ხელობიდან მოვდივართ გმირთა მოედნის მიმართულებით, ხშირად მაგ წერტილშია საცობები, აი, მანდ უნდა გაკეთდეს გვირაბი, სანაპიროზე მიმავალი - ლაგუნას გავლით, რომლის საშუალებითაც გვერდს აუვლიან ავტომობილები გმირთა მოედანს.


ასევე, შემდეგი წერტილია მარშალ გელოვანის მოედანზე, ვეფხვისა და მოყმის ძეგლთან არსებული ტერიტორია. აუცილებელია მისი ორ დონეზე მოწყობა გვირაბის მეშვეობით და მტკვარზე ხიდის მშენებლობა, რომელიც სამტრედიის ქუჩას დააკავშირებს მარშალ გელოვანის ქუჩასთან. ასევე, სააკაძის მოედანზე, სატრანსპორტო საშუალების ორ დონეზე მოწყობაა აუცილებელი, ესტაკადებისა და გვირაბების საშუალებით. ეს არის ის მოკლე ჩამონათვალი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა მოუწესრიგებელი გზის საფარი, როცა მძღოლები უვლიან გვერდს, ან მოძრაობას ანელებენ, ასეთ დროსაც ფერხდება მოძრაობა და ესეც ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია საცობების.


როგორც ზემოთ აღვნიშნე, საცობების გამომწვევი მიზეზია დასუფთავების სამსახურისა და დისტრიბუციის მუშაობა. დასუფთავების სამსახურმა უნდა იმუშაოს ღამით. შესაბამისად, უნდა დაემატოს ურნები, რომ დღის განმავლობაში გაუძლონ დატვირთვას. რაც შეეხება სადისტრიბუციო მანქანებს, რომლებიც დღის განმავლობაში დგანან ვიწრო ქუჩაში და შეუძლებელი ხდება ავტომობილების მოძრაობა - უნდა დარეგულირდეს მათი გადაადგილებაც და პიკის საათებში მათი გადაადგილება უნდა შეიზღუდოს. იგივე შემიძლია გითხრათ სპეცტექნიკაზე, რომლებიც დღის განმავლობაში მოძრაობს სხვადასხვა ტვირთით.


ასევე, ხშირ შემთხვევაში, ქვეითთათვის არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათი გადაადგილება შესაბამისად ქმნის შეფერხებას ტრანსპორტის გადაადგილებისას. ასევე, შემდეგი პრობლემაა პარკინგი და ინფრასტრუქტურა - უნდა დაემატოს პარკინგისა და მიწისქვეშა გადასასვლელების ადგილები. გასამკაცრებელია საპატრულო პოლიციის როლი და კანონის აღსრულება.


- ესტაკადები, გვირაბები, ხიდი... რა დაუჯდება ეს ყველაფერი ბიუჯეტს, თუ გაქვთ გამოანგარიშებული?

 

- ჩვენ დაწვრილებით გვაქვს გაწერილი ის პროექტები, რომლებიც შესაძლოა, მილიონებს უკავშირდებოდეს, მაგრამ არ გვაქვს ასე ზედმიწევნით გამოთვლილი, იმიტომ, რომ აუცილებელია ამაზე იმუშაონ არქიტექტორებმა და სამშენებლო კომპანიებმა და დადონ საერთო ღირებულება. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს არსებული ბიუჯეტით ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია, ვინაიდან, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ამ ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები იყოს.


- ვინ იყო ამ სტრატეგიის შემუშავებაში ჩართული, რამდენად პროფესიონალები არიან?

 

- ამ სტრატეგიის საქმიანობაში ჩართულები იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ხანია ამ საკითხებზე მუშაობენ, ასეთები არიან - „გზებისა და ტრანსპორტის ასოციაცია", ჩვენი ორგანიზაცია, კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა, სადაც 18 ორგანიზაცია ერთიანდება, ასევე, მუშაობდნენ პროფესორები, დამოუკიდებელი ექსპერტები. გავითვალისწინეთ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებაც - როგორ ხდება სხვა ქვეყნებში აღნიშნული პრობლემის მოგვარება - ჰოლანდიაში, გერმანიაში და ა.შ. და ამ ყველაფრის შესწავლის შემდეგ დავდეთ ეს შედეგი.


- სანამ ამ სტრატეგიაზე დაიწყებდით მუშაობას, მანამდე ან მას მერე, თუ გქონიათ მერიასთან საუბარი, რომ თქვენ მოამზადებდით რაღაც სტრატეგიას?

 

- ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია არ გვქონია მერიასთან, მაგრამ მედიასაშუალებებით გავაჟღერეთ ამის თაობაზე, რომელსაც ბატონი ნარმანია გამოეხმაურა და გვითხრა, რომ მიესალმება ყველა რეკომენდაციას, თუმცა ამის იქით, არაფერი ყოფილა მისგან.


- როგორც ვიცი, ამ თქვენს სტრატეგიას უსასყიდლოდ მიაწვდით მერიას. ეს გასაგებია, მაგრამ ამ ყველაფრის მოგვარებას ხომ სჭირდებოდა დრო, ენერგია... - რა არის თქვენი დაინტერესება?

 

- ჩვენ ასეთ თემებზე სულ ვმუშაობთ, გვაქვს ორგანიზაციები და გაგვაჩნია ორგანიზაციული სახსრები. რადგან მართლა მწვავე პრობლემაა საცობები თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენ გამოვყავით დრო, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზა გამოგვეძებნა. საზოგადოებრივი ინტერესის საგანია ეს თემა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმეც ეგაა.


- თუ მერია არ გაითვალისწინებს თქვენს რეკომენდაციას, მაშინ რას აპირებთ?

 

- თუ მერია არ გაითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციას, ამის მიუხედავად, მაინც გავაგრძელებთ საქმიანობას და თუ დავინახავთ, რომ მერიას აქვს რაღაც რესურსი, მაგრამ შეგნებულად მიდის საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ, მაშინ სხვა ხერხს მივმართავთ - ეს იქნება სამოქალაქო კამპანია, ეს იქნება აქციები და სხვა ქმედითი ნაბიჯები, რაც იძულებულს გახდის მერიასა და თავად სახელმწიფოს რომ იყოს ქმედითი.

 

განიხილავს თუ არა თბილისის მერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ სტრატეგიას? ამ კითხვით ქალაქის მერიას მივმართეთ, თუმცა მიუხედავად სატელეფონო ზარებისა და სმს შეტყობინებებისა, მერიის პრესსამსახურისგან კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016