reportiori.ge - ალეკო შალამბერიძე: მოვუწოდებ მოქალაქეებს - ვისაც „სითი პარკის“ ჯარიმებს გამოუწერენ, დაგვირეკონ: 5 93 505 444; 5 99 200 334
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 17:14
პრეს-დაიჯესტი
ალეკო შალამბერიძე: მოვუწოდებ მოქალაქეებს - ვისაც „სითი პარკის“ ჯარიმებს გამოუწერენ, დაგვირეკონ: 5 93 505 444; 5 99 200 334
ავტორი:
19 მაისი, 2015. 13:44


„სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული სამსახური იქმნება


„სითი პარკის" აღვირახსნილი ქმედებების წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური კოალიცია („თავისუფალი საქართველო", „რეფორმატორები" და „ქდმ") ბრძოლის ტაქტიკას ცვლიან. მოძალადე „სითი პარკის" თბილისიდან გაძევების ახალი და, მათი თქმით, უფრო ეფექტური გეგმა აქვთ. კონკრეტულად რას და როგორ აპირებენ?


„ალიას" „თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო შალამბერიძე ესაუბრა:


- ბატონო ალეკო, თქვენ გამოაცხადეთ ტელეფონის ნომრები, სადაც იმ მოქალაქეებს უნდა დაერეკათ, რომელთაც პრობლემები შეექმნებოდათ `სითი პარკთან". შემდეგ, თქვენი მობილური ჯგუფები გავიდოდნენ შემთხვევის ადგილზე და მოქალაქეებს ადგილზე სამართლებრივად დაეხმარებოდნენ ამ კომპანიის წარმომადგენლებთან წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებაში. გაამართლა ამ მეთოდმა?


- სიმართლე გითხრათ, ამ ვარიანტმა არ გაამართლა, რადგან რამდენჯერაც გავიდნენ მობილური ჯგუფები ადგილზე, იმდენჯერ პოლიციამ დაიჭირა იქ მომხდარი შეხლა-შემოხლისა და პოლიციისა თუ „სითი პარკის" თანამშრომელთა პროვოკაციული ქმედებების გამო. რამდენჯერაც გავედით შემთხვევის ადგილას, რამდენჯერაც ჩავერიეთ „სითი პარკის" წარმომადგენლის უკანონო ქმედებებსა და მოქალაქეებს შორის დავაში, რომელთა მანქანებიც საჯარიმო ავტოსადგომზე გადაჰყავდათ, იმდენჯერ პოლიციამ ჩვენი ლიდერები დაიჭირა. მართალია, სასამართლო უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ ასე გაგრძელება არ  შეიძლებოდა, ასე საქმე ვერ გაკეთდება. გავაცნობიერეთ, რომ არცთუ ეფექტური გზა ავირჩიეთ. ამას დაუმატეთ პოლიციის აქტიური და უსამართლო მხარდაჭერა ამ კომპანიის წარმომადგენელთა მიმართ. ამიტომ, ბრძოლას არ ვწყვეტთ, მაგრამ ტაქტიკას ვცვლით. ვიწყებთ ტროტუარებზე „სითი პარკის" მიერ პარკირებისთვის უკანონოდ მონიშვნული ადგილების წაშლას, ასევე, იქვეა „სითი პარკის" ამკრძალავი ნიშნები და ცხადია, მათაც მოვხსნით, მოქალაქეებს მივცემთ უფლებას, რომ გააჩერონ ტროტუარებზე მანქანები, რადგან მათ სხვა გზა არ აქვთ. ჯერ ახალი პარკინგები უნდა გააკეთო ქალაქში და მერე უნდა აკრძალო ტროტუარზე მანქანის გაჩერება. „სითი პარკი" ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე და თუ ჩვენს ქმედებასაც ძალადობად აღიქვამს ვინმე, რა ვქნათ, ასე ჩათვალონ. მოძალადეს სხვაგვარად ვერ დავუპირისპირდებით.


- მერედა, ეს არ გამოიწვევს იმავე „სითი პარკის" წარმომადგენლებთან შეხლა-შემოხლას, შემდგომში პოლიციის ჩარევასა და ისევ თქვენი წარმომადგენლების დაპატიმრებას?


- კი, შესაძლოა, ამგვარ ფაქტებს კიდევ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ სხვა გზა არ არის. იმედი გვაქვს, რომ მიზანს მივაღწევთ და ტროტუარებს გავათავისუფლებთ „სითი პარკის" უზურპაციისგან.


გარდა ამისა, არსებობს პრეცედენტები, როცა მოქალაქეებმა „სითი პარკის" ჯარიმები გაასაჩივრეს და უკან დაიბრუნეს გადახდილი თანხა. ერთი მათგანი არის სამართლის დოქტორი, ავთანდილ კახნიაშვილი, რომელიც სამართლებრივი და პროტესტის სხვა მეთოდებითაც ებრძვის ამ მტაცებლებს. ჩვენ, „თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებმა, ავთანდილ კახნიაშვილთან ერთად გადავწყვიტეთ, მოქალაქეებს დავეხმაროთ უკანონოდ გადახდილი ჯარიმების დაბრუნებაში, ასევე, არ გადავახდევინოთ გამოწერილი ჯარიმები. ამ საქმეს ავთანდილ კახნიაშვილი ჩაუდგება სათავეში. ცხადია, ჩვენგან ყველანაირი მხარდაჭერა ექნება. იურისტები პარტიაშიც გვყავს და კახნიაშვილსაც, იმედია, ბევრი მისი კოლეგა დაეხმარება ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. რაც მეტი იურისტი შემოგვიერთდება, მით უკეთესი. „სითი პარკის" რაც შეიძლება მეტი ჯარიმა უნდა გავასაჩივროთ სასამართლოში, ძველიც და ახალიც, რაც შეიძლება მეტი სასამართლო პროცესი უნდა მოუგონ მოქალაქეებმა ამ მძარცველებს.


ამ კომპანიას რაც შეიძლება უნდა შევუმციროთ ამ უკანონო ჯარიმებით მიღებული შემოსავალი, უნდა მივაყენოთ ფინანსური დარტყმა. ჩვენ მიერ არჩეული ბრძოლის ეს გზა გაამართლებს, რადგან „სითი პარკს", არ აქვს მოქალაქეების დაჯარიმების უფლება. ამის პრეროგატივა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოს გააჩნია. „სითი პარკის" მიერ გამოწერილი ყველა ჯარიმა უკანონოა. ამ უკანონო ჯარიმებს არ უნდა დაემორჩილონ ჩვენი მოქალაქენი. ავთანდილ კახნიაშვილმა და სხვებმაც, სწორედ ამ სამართლებრივი არგუმენტის საფუძველზე მოუგეს სასამართლო პროცესები „სითი პარკს" და არ გადაიხადეს ჯარიმები, ან გადახდილი უკან დაიბრუნეს. შესაბამისად, არც სხვებს უნდა გაუჭირდეთ სასამართლოში „სითი პარკის" დამარცხება.


- მთლიანად თქვენ უზრუნველყოფთ მოქალაქეებს იურიდიული მომსახურებით? თუ ასე იქნება, ვინ დააფინანსებს ამხელა კამპანიას?

 

- ამ დეტალებს ახლა ვაზუსტებთ. ჩვენ გვინდა, რომ მოქალაქეებს არანაირი გადასახადი არ ჰქონდეთ გადასახადი, არც სასამართლო ბაჟი და არც სხვა რამ. თუმცა, თუ უკანონოდ დაზარალებულ მოქალაქეებს სურთ სამართლიანობის, შელახული ღირსების აღდგენა, ცხადია, ბევრი მათგანი არ იტყვის უარს სასამართლო ბაჟის გადახდაზე. თუმცა, ვეცდებით, ეს ტვირთი ჩვენც გავინაწილოთ, ყველას ამის საშუალება არ აქვს და იმ მოქალაქეებს უნდა შევეხიდოთ. იმედი გვაქვს, „სითი პარკისგან" დაზარალებული შეძლებული მოქალაქეები დაგვიდგებიან გვერდით და ნაწილობრივ დააფინანსებენ როგორც საკუთარ, ასევე, სხვა დაზარალებულ მოქალაქეთა სამართლებრივ დავებს. ვნახოთ, შესაძლოა, სხვა ფინანსური წყაროებიც გამოვნახოთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად.


- „სითი პარკთან" სამართლებრივ დავას ძალიან ბევრი მოქალაქე იმიტომ არიდებს თავს, რომ სასამართლოში სირბილის დრო არ აქვთ. მათ რა უნდა ქნან?

 

- მთავარია, მოგვმართონ, მოგვცენ მინდობილობა, რომ სასამართლოში მათი სრულუფლებიანი წარმომადგენლები ჩვენი იურისტები იქნებიან და მათ არ მოუწევთ სასამართლოში სირბილი, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ უკანონოდ გადახდილი ჯარიმები უკან დაუბრუნონ, ან არ გადაახდევინონ ახლად გამოწერილი ჯარიმები. რა ვიცი, არ უნდა იყოს ურიგო გეგმა, თუ ყველა არ გავერთიანდით, ისე „სითი პარკს" ვერ გავაგდებთ თბილისიდან. უპირველესად, ამ უკანონო ჯარიმებიდან რომ შესდის უამრავი ფული, ეს ფინანსური ნაკადი უნდა გადავუჭრათ.


- საპროტესტო აქციებზე უარს ამბობთ?

 

- არა, კვირაში ერთხელ გავმართავთ ხალხმრავალ საპროტესტო აქციასაც, პარალელურად, ამ მეთოდსაც გამოვიყენებთ. ხალხს მუდამ უნდა შევახსენოთ, რომ ყაჩაღებთან გვაქვს საქმე, ყაჩაღებს კი ნებით ფულს არ უხდიან.


- ნებით არა, სწორედ ძალით მიაქვს ფული „სითი პარკს".

 

- ჰოდა, აღარ გავატანთ ამ ფულს და მერე მოვლენ გონს, იმედია. მათ ხომ საერთოდ არ აინტერესებთ თბილისი, თბილისელთა ინტერესები, ქალაქში პარკირების საკითხები... დგანან და ყვლეფენ ხალხს. აი, რომ ვეღარ გაყვლეფენ, მერე იმედია, უკან დაიხევენ და ბოლოს, თბილისიდანაც წავლენ. ფინანსური მოტივაციის გარდა, „სითი პარკს" სხვა ხომ არაფერი გააჩნია და თუ ეს მოტივაცია აღარ ექნება, მოშორდება თბილისს. აქვე მინდა გითხრათ, რომ თბილისში პარკირების უფლება მომავალში უნდა გადაეცეს თბილისის მერიას, არც ერთ კერძო კომპანიას ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამით ხალხიც დასაქმდება და ბიუჯეტშიც შევა ის ფული,  აც დღეს „სითი პარკს" მიაქვს. ეს თვეში, მინიმუმ, 200 000 ლარია.


- მერიისთვის პარკირების უფლების გადაცემა, კორუფციის წყაროდ არ იქცევა? დავუშვათ, მძღოლმა აკრძალულ ადგილას დააყენა მანქანა და სოლიდურ ჯარიმას იმსახურებს, „სტაიანშიკი" ადგება და ჯარიმის ნახევარს ან ნაწილს გამოართმევს და ამ სოლიდურ ჯარიმას არ გამოუწერს.

 

- თეორიულად, ეს საფრთხე კი არსებობს, მაგრამ მკაცრი კონტროლი თუ იქნება და იმ „სტაიანშიკს" კიდევ სხვა გააკონტროლებს, არაფერი მსგავსი არ მოხდება. პატრული განურჩევლად ყველას აჯარიმებს, ჯერ არ გამიგია, პატრულმა ქრთამი აიღოო. არადა, 500-ლარიან ჯარიმებსაც წერენ და მეტსაც. ეს იმიტომ, რომ მკაცრი კონტროლია. ასე უნდა იყოს მერიის იმ სამსახურშიც, რომელსაც პარკირება დაექვემდებარება.


- ის მოქალაქეები როგორ უნდა დაგიკავშირდნენ, ვისაც „სითი პარკის" ჯარიმების გასაჩივრება მოუნდებათ?


- ისევ იმ ნომრებზე, რომლებიც ადრე გამოვაცხადეთ: 5 93 505 444, 5 99 200 334. მოვუწოდებ მოქალაქეებს, აღარ გადაიხადონ „სითი პარკის" უკანონო ჯარიმები და ვისაც ამ ჯარიმებს გამოუწერენ, დაგვირეკონ, მოვიდნენ ჩვენთან და ერთად ვებრძოლოთ ამ საერთო სატკივარსა და უკანონობას. რაც ჩვენს შესაძლებლობას არ აღემატება, ყველაფერს გავაკეთებთ. ცხადია, მოქალაქეებმაც უნდა იაქტიურონ და ერთად მივაღწევთ მიზანს - „სითი პარკს" ბოლოს აუცილებლად გავაგდებთ თბილისიდან.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016