ახლა ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე, როდის მითხრა პირველად ეს მამაჩემმა. ალბათ მაშინ, დამოუკიდებლად ცხოვრება რომ დავიწყე - ან, ცოტა უფრო ადრე - სტუდენტი რომ გავხდი და ქვეყნის ერთი თავიდან, მეორე ბოლოში მომიწია ცხოვრება, მოკლედ - მშობლის ერთი ჩვეულებრივი "ლექციის" ფარგლებში. თარიღი არ მახსოვს.
„არავინ არ არის სანდო!" - პირველად ეს სიტყვები ამ წყობით რომ მოვისმიე, შინაგანი პროტესტის გრძნობა დამეუფლა და ჩემთვის, ჩუმად დავიწყე იმ ადამიანების ჩამოთვლა გულში, ვინც მამაჩემის ამ ხისტ ნათქვამში არ მინდოდა მოქცეულიყვნენ. სია არცთუ ისე მოკლე იყო, ამიტომ სათვალავი რომ არ ამრეოდა, თითები მივაშველე და მათემატიკური უნარებიც მოვიშველიე...
მამაჩემის ნათქვამი კარგად დავიმახსოვრე, მაინც...
მანამდეც და მას მერეც, სულ ვცდილობდი, რომ ყველაზე არასანდო ადამიანიც კი გამემართლებინა და ჩემი სია არ შემოკლებულიყო. პრინციპი ყოველთვის უცვლელი იყო - „ენდე, მაგრამ გადაამოწმე!" გადამოწმებისას კი ვხვდებოდი, რომ ვიღაცების გამართლება თავის მოტყუებაში გადამდიოდა და სიამაც დაიწყო შემოკლება.
ჩემთვის ადამიანის სანდოობის საზომი მარტო ის არ არის, ვინმეს რამეს რომ მოუყვები, როგორ ან რამდენი ხნით შეგინახავს ამბავს. სანდოობა სხვა რამ მგონია. მე მგონია, რომ სანდო ადამიანი ის ადამიანია, ვინ პირველ რიგში საკუთარ თავს არ ღალატობს, როცა ერთს ამბობს და აკეთებს კიდეც, როცა საკუთარი სიტყვების პატრონია და შეხედულებებს არ იცვლის წარა-მარა. კიდევ რამდენიმე მახასიათებელია, მაგრამ ესენი გამორჩეულად. როცა ამას არ აკეთებ, ჩემს თვალში უკვე არასანდო ხარ, ანუ არც შენ ხარ სანდო.
ვაკვირდები და რატომღაც ვიმახსოვრებ, ავტომატურად... ყველა მიმართულებით ერთი და იგივე ხდება - ამბობენ ერთს, აკეთებენ მეორეს... ან, საერთოდ არაფერს არ აკეთებენ... ღალატობენ საკუთარ თავებს, ხალხს, ქვეყანას... თან, ძალიან ჩვეულებრივად, აუღელვებლად... ამ დროს შენ არ უნდა „შეიმჩნიო" არაფერი, უნდა „გაატარო". ადამიანური ვალდებულებაა ასეთი...
დღეს მე კიდევ ერთი ფაქტის წინაშე დავდექი.
ახლა რომ მითხრას მამაჩემმა იგივე, ალბათ თითების მოშველიებაც არ დამჭირდება, ჩემი გაგებით, სანდო ადამიანების ჩამოსათვლელად.
...და მაინც, ეჭვი არ მასვენებს... ნეტავ, მართალი ხომ არ იყო მამაჩემი, როცა მითხრა, რომ „არავინ არ არის სანდო!"