reportiori.ge - დემიკო ლოლაძე ქართული ფეხბურთის ცოცხალი მატიანეა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:48
პრეს-დაიჯესტი
დემიკო ლოლაძე ქართული ფეხბურთის ცოცხალი მატიანეა!
ავტორი:
20 მაისი, 2015. 15:32


13 მაისს 34 წელი შესრულდა იმ დიდი გამარჯვებიდან, რომელიც თბილისის „დინამომ" გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, „რაინშტადიონზე" მოიპოვა. დიახ, 1981 წლის 13 მაისს ტყავის ბურთის ქართველი ჯადოქრების მიერ იენის „კარლ ცაისის" დამარცხება (2:1) და თასების თასის მოპოვება დღემდე რჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ გამარჯვებად.


სწორედ ამ დიდებული თარიღთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინათ, რედაქციაში გვესტუმრა ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ფოტოგრაფი დემიკო ლოლაძე, რომელიც ერთადერთია არამარტო საქართველოს, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა მასშტაბით, ვინც თბილისის „დინამოს" ისტორიული მატჩის ფრაგმენტები ფოტოზე აღბეჭდა და შთამომავლობას შემოუნახა.


ბატონი დემიკო „ასავალ-დასავალის" რედაქციაში, თავისი მორიგი ნაღვაწით ხელდამშვენებული გვეწვია - თბილისის „დინამოს" კაპიტანის, 13 მაისის ბრწყინვალე გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედის, დიდი ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის შესახებ წიგნი გამოუცია.


დემიკო ლოლაძეს თან ახლდა ცნობილი პარტიული მუშაკი და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, ბატონი ოთარ ჭითანავა, რომელიც 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში, „რაინშტადიონზე" იმყოფებოდა და იმ დიადი წუთების უშუალო შემსწრე გახლდათ.


ოთარ ჭითანავა: - ჩვენი დელეგაცია, რომელიც დიუსელდორფში გაემგზავრა, 61 კაცისაგან შედგებოდა და ყველანი ფეხბურთის დიდი მცოდნეები და გულშემატკივრები იყვნენ. დელეგაციაში პარტიული მუშაკების გარდა, ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწეები შედიოდნენ, მათ შორის, ვეტერანი ფეხბურთელები - ვოვა ელოშვილი, ილია დათუნაშვილი, ავთო ჭკუასელი...


იმჟამინდელ თბილისის „დინამოში" მინიმუმ 5 კაცი მაინც თამაშობდა ისეთი, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ გრანდს დაამშვენებდნენ. დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია, თენგიზ სულაქველიძე, ოთარ გაბელია - ზღაპრული გუნდი გვყავდა, რომელსაც დიდი სტრატეგი ნოდარ ახალკაცი ხელმძღვანელობდა.

 

- უშუალოდ დიუსელდორფში ჩასვლა და იქაური პერიპეტიები გაიხსენეთ...

 

- ბევრი მხიარული მომენტი მახსენდება... როცა ჩავედით, ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ცეკა-ს განყოფილების გამგემ შოშიტაიშვილმა თქვა, ილო დათუნაშვილმა ავტობუსიდან პირველად მარჯვენა ფეხი გადადგას, რათა კარგად დაგვებედოს და თამაში მოვიგოთო. ილო მიუტრიალდა და უთხრა, ერევანში მარცხენა ფეხით ხუთი ბურთი გავიტანე და ახლა შენ მასწავლი, როგორ უნდა მოვიქცეო?


დიუსელდორფში რომ ჩავედით, დელეგაციის ხელმძღვანელმა გაგვაფრთხილა, ყველა ქართველ ემიგრანტს დაელაპარაკეთ, ოღონდ ნუგზარ შარიას არ გაეკაროთო!


- რადგან დისიდენტი იყო?

 

- დიახ. ჩვენს დელეგაციაში იყო ბორის წიფურია, რომელმაც თქვა, ნუგზარ შარია თუ გამოჩნდა, ჩემთან გამოუშვით, თეატრალურში ერთად ვსწავლობდით, ფული შემომაკლდა და უნდა ვესესხოო.


- თამაშის შესახებ რისი გახსენება შეგიძლიათ?

 

- თამაში რომ დამთავრდა, არცერთს ხმა აღარ გვქონდა შერჩენილი, 90 წუთის განმავლობაში იმდენი ვიღრიალეთ, მატჩის მსვლელობისას, ვალიდოლით დაწყებული, რა წამლები არ გადავყლაპეთ, ნერვიულობისაგან გული რომ არ წაგვსვლოდა.


1945 წლის 9 მაისს ქართველმა მელიტონ ქანთარიამ ბერლინის რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა რომ ააფრიალა, მას შემდეგ ქართველებმა ყველაზე დიდი გამარჯვება გერმანიაში 1981 წლის 13 მაისს მოვიპოვეთ!


- თქვენ ქართულ დელეგაციაში რა სტატუსით იმყოფებოდით?

 

- მაშინ პარტიული მუშაკი ვიყავი, ენგურჰესის მშენებლობის პარტიული კომიტეტის მდივანი გახლდით.


34 წლის წინათ, 13 მაისს, დიუსელდორფში განცდილი ბედნიერი წუთები ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება!


- ბატონმა დემიკო ლოლაძემ შეძლო და საქართველოს ისტორიას იმ დიდი გამარჯვების ამსახველი ფოტომასალა შემოუნახა...

 

- დემიკო ლოლაძე ქართული ფეხბურთის ცოცხალი მემატიანეა. ეს არის კაცი, რომელიც დღესაც უდიდეს საქმეს აკეთებს.


სხვათაშორის, დიუსელდორფის თამაშზე დემიკო ლოლაძე აკრედიტებული არ იყო, თვითნებურად გადახტა სტადიონზე და გადაღება დაიწყო, თორემ იმ ისტორიული მატჩის ამსახველი არცერთი ფოტო არ გვექნებოდა!


- ისე, საინტერესოა, ამხელა მნიშვნელობის მატჩზე არათუ საქართველოდან, მთელი საბჭოთა კავშირიდანაც კი ფოტორეპორტიორები რატომ არ იყვნენ მივლენილნი?

 

- იმიტომ, რომ მოსკოვმა არ მოინდომა. რუსებს არ გაუხარდათ, რომ თასების თასი თბილისის „დინამომ" მოიპოვა!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016