reportiori.ge - თემურ ბასილია: ბიძინა ივანიშვილის სახელი უკვე არის შესული საქართველოს ისტორიაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:49
ინტერვიუ
თემურ ბასილია: ბიძინა ივანიშვილის სახელი უკვე არის შესული საქართველოს ისტორიაში!
ავტორი: ანა ნოდია
20 მაისი, 2015. 18:00


„რეპორტიორის" კითხვებს ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია პასუხობს:



- 11 წელია თბილისში არ ყოფილხართ. როგორია შორიდან დანახული საქართველო?


- უცხოეთიდან საქართველო განსხვავებულად ჩანს, ვიდრე მას აღვიქვამთ საქართველოში. ამ თემაზე ბევრი საუბარი შეიძლება, თუმცა, მე მხოლოდ სამ, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან, კონცეპტუალურ პრობლემას გამოვყოფდი.


პირველ რიგში, თვალში საცემია, რომ ქართველებს არა გვაქვს კარგად გააზრებული, რომ ჩვენ სამშობლოს, ჩვენს სახელმწიფოს ჩვენ უნდა მოვუაროთ და არავინ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელ საქმეს. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ ვიღაცა ვალდებულია მოვიდეს და სახელმწიფო ინსტიტუტები შეგვიქმნას, ეკონომიკა ააღორძინოს, წესრიგი დაამყაროს, სამართლიანობა დაამკვიდროს და ა.შ. სინამდვილეში არავინ არის ვალდებული და არც ვინმე მოვა - ეს ჩვენი, ქართველების გასაკეთებელია.


მეორე - ხშირად არსებულ პრობლემებს არა საკუთარ თავს, არამედ სხვებს ვაბრალებთ. სინამდვილეში კი, თუ დღეს საქართველოში პრობლემებია, ეს პირველ რიგში, ჩვენი, ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების ბრალია. ქართული სახელმწიფო, უკვე 25 წელიწადია დამოუკიდებელია, თუმცა, არასოდეს დაგვისვამს კითხვა რა შეცდომები დავუშვით, რა ვერ გავაკეთეთ სწორად, რომ ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო. მე არ მინახავს მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ანალიზი სადაც ასევე, მეტ-ნაკლებად ობიექტურად იქნებოდა შეფასებული ქართული სახელმწიფოს მიერ განვლილი ბოლო 25 წლიანი ისტორია. ეს უნდა გაკეთდეს არა იმისათვის, რომ ვინმე გავასამართლოთ, არამედ იმისათვის, რომ ვიცოდეთ მომავალში რა და როგორ გავაკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვივლით ისევ ერთი და იგივე წრეზე, როგორც ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში დავდივართ.


მესამე - ხშირად ქართველები გადაჭარბებულად ვაფასებთ საქართველოს როლს, მის  ადგილს და გვგონია, რომ მთელი სამყარო საქართველოზე ფიქრში ათენებს და აღამებს. ნამდვილად არ არის ასე - უცხოელებსაც აქვთ თავიანთი სამშობლო, რომლის მიმართ მათაც მსგავსი დამოკიდებულება გააჩნიათ. საქართველო ჩვენთვის არის ძვირფასი ჩვენი ქვეყანა, ხოლო, უცხოელებისთვის საკუთარი ქვეყანაა ყველაზე ძვირფასი. ის ქვეყნები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი პრიორიტეტების და ინტერესების მიხედვით მოქმედებენ და საქართველო მათთვის არ არის უმთავრესი პრიორიტეტების ჩამონათვალში.


ამიტომ, უნდა გავთავისუფლდეთ სხვადასხვა ილუზიებისგან და გავიაზროთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვუაროთ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ქართული სახელმწიფოს შექმნა და მისი ფეხზე დაყენება. ამისთვის კი აუცილებელია ყოველდღიური და მიზანმიმართული შრომა. სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მეორადია ამ პროცესში; მათ მხოლოდ დახმარების გაწევა შეუძლიათ.


- რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა ან როგორი უნდა იყოს გზა ამ პრობლემების გადასაჭრელად?


- აქაც, ბევრი პრობლემის ჩამოთვლა შეიძლებოდა, თუმცა, მხოლოდ უმთავრესს გამოვყოფ.


უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ არ არის შემუშავებული ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც დაეფუძნებოდა სერიოზულ ანალიზს. ხელისუფლების გადაწყვეტილებები არ უნდა ეფუძნებოდეს ემოციას და პირად სიმპათია-ანტიპათიას; იგი უნდა ეფუძნებოდეს ციფრებს და ანალიზს.


დღეს საუბარია სხვადასხვა ალტერნატივაზე: ევროგაერთიანებაში გაწევრიანებაზე, ევროკავშირთან დაახლოებაზე, ევრაზიულ კავშირზე, ნეიტრალიტეტზე, როგორც იყო მაგალითად ფინეთი გასული საუკუნის მეორე ნახევარში. მაგრამ, ეს საუბრები არ გასცდენია ემოციის დონეს. არც ერთი ამ იდეის მხარდამჭერებს არ გაუკეთებიათ ეკონომიკური გათვლები, რას მიიღებს საქართველო მათ მიერ შემოთავაზებული იდეის განხორციელების შემთხვევაში. მთავრობის როლი იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ მოიწვიოს მაღალი რანგის პროფესიონალები, რომლებიც ჩაატარებენ ობიექტურ კვლევებს და დადებენ რეალურ სურათს თითოეული ამ სცენარის შემთხვევაში რას შეიძლება ველოდოთ. ჩემი პირადი დამოკიდებულებაც - მე საქართველოს ევროგაერთიანებაში გაწევრიანების მომხრე ვარ - ემოციას ეფუძნება; თუმცა, ვფიქრობ რომ ეკონომიკური გაანგარიშებებიც ამ იდეის ეკონომიკურ სარგებლიანობას დაადასტურებს. მაგრამ, ესეც ჩემი, სუბიექტური მოსაზრებაა და სასურველია რომ ჩვენი მოსაზრებები არა ემოციურ დონეზე, არამედ ანალიზისა და ციფრების საფუძველზე მივიღოთ.


მაგალითად, 90-იანების შუა წლებში დიდი დისკუსია იყო - უნდა გაერთიანებულიყო თუ არა საქართველო დსთ-ს საბაჟო კავშირში. ამ იდეას ბევრი მომხრე ყავდა, მათ შორის მთავრობაში; თუმცა, მათი მოსაზრება მხოლოდ ემოციას ემყარებოდა და არ ჰქონიათ რაიმე კვლევა, რაიმე ეკონომიკური გაანგარიშება, რაც დაადასტურებდა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა. იმისათვის, რომ გაგვერკვია ეს საკითხი, მოვიწვიეთ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის სფეროს საუკეთესო პროფესიონალები, რომლებმაც რამდენიმე თვე იმუშავეს, გაანალიზეს ყველა დეტალი და აღმოჩნდა, რომ საქართველო დსთ-ს საბაჟო კავშირში გაწევრიანებით ყოველწლიურად მილიარდ დოლარამდე იზარალებდა. სწორედ, ამ კვლევამ დაუსვა წერტილი ამ თემაზე დისკუსიებს და გადაწყვეტილებაც საკმაოდ ადვილად იყო მიღებული.


სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ასეთი ანალიზი არავის ჩაუტარებია. საქართველოს რომ სერიოზულ კვლევებზე დაფუძნებული სტრატეგია ჰქონდეს, რომელსაც მთავრობა თანმიმდევრულად განახორციელებდა, ძალიან მალე, სულ რამდენიმე წელიწადში ვნახავდით რეალურ შედეგებს და ქვეყანაც მოკლე პერიოდში დადგებოდა ფეხზე. ამისათვის სულაც არ არის საჭირო 20 თუ 30 წელიწადი ლოდინი.


გარდა ამისა, თავად მმართველ კოალიციაში არ არის ერთიანობა ამ კონცეპტუალურ საკითხზე. იქ არის პოლიტიკური ჯგუფები რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას; თუმცა, ასევე არის ძალები, რომლებიც საუბრობენ დსთ-ს საბაჟო კავშირში გაერთიანებაზეც. ეს ქმნის სერიოზულ გაუკვევლობას ამომრჩევლებში და საბოლოოდ ზიანს აყენებს თავად მმართველ კოალიციას.


- ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით - რა პოზიცია გაქვთ, რატომ დაეცა ლარის კურსი და იყო თუ არა ხელოვნურად გამოწვეული?


- ლარის კურსის ცვლილება რაც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, ორი ფაქტორით იყო გამოწვეული. პირველი, საგარეო ფაქტორი, რაც გამოწვეული იყო ნავთობპროდუქტებზე ფასების ცვლილებით, ზოგადი მდგომარეობით სავალუტო ბაზარზე და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით.


ფაქტია, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და იქ არსებული მდგომარეობა გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზეც. ასევე, მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, რომლებიც დანაზოგებს უგზავნიან საქართველოში თავიანთ ოჯახის წევრებს და ახლობლებს. თუ რუსეთში კრიზისი იქნება, ეს იქ მცხოვრებ ქართველებსაც შეეხება და ისინიც ვერ შეძლებენ იმ ოდენობით თანხების გადმორიცხვას, როგორც ადრე. არადა, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან მოდის სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უცხოეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში უცხოური ვალუტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა.


მეორე, ეს შიდა ფაქტორები გახლავთ. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ვალუტის გაცვლით კურსზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას; კერძოდ, 1. ქვეყნის ეროვნული ბანკის მონეტარული, ანუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, 2. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, 3. ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი, 4. ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთები, 5. სავალუტო ბაზრის მონაწილეთა ქცევები, 6. სავალუტო სპეკულაციები.


არ ვიცი, მკითხველისთვის რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს თითოეული ამ ფაქტორის განხილვა, როდესაც  ძირითადად ეკონომიკური ტერმინებით მოგვიწევს საუბარი. ამიტომაც, მოკლედ ვიტყვი რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე პასუხისმგებელია ქვეყნის ეროვნული ბანკი. ეს მკაფიოდ არის გაწერილი როგორც ქვეყნის კონსტიტუციაში, ასევე ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში. ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ გასული წლის შემოდგომიდან ეროვნული ბანკი ზრდიდა ფულის მასას მიმოქცევაში და ეს ძირითდად ხდებოდა საკრედიტო აუქციონების მეშვეობით. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ლარის კურსის ვარდნა. ანუ, იმის ნაცვლად, რომ ეროვნულ ბანკს, შეეზღუდა ფულის მასა მიმოქცევაში, რათა შემცირებულიყო უარყოფითი საგარეო გავლენა, ისინი პირიქით, ზრდიდნენ მას და კიდევ უფრო ამძიმებდნენ მდგომარეობას.


მე არ შემიძლია ვამტკიცო, რომ ეს შეგნებულად ხდებოდა თუ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა სათანადო პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. ეს ხელისუფლების, პირველ რიგში პარლამენტის გასარკვევია, რადგან ეროვნული ბანკი პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული.


ამასთან, როგორც ზემოთ აღნიშნული ფაქტორებიდან ჩანს, მთავრობის საქმიანობასაც საკმო გავლენის მოხდენა შეუძლია გაცვლით კურსზე. ასე, რომ ყველას თვისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია ამ პროცესში.


- დგას თუ არა დღეს საქართველო მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე?


- საქართველო ნამდვილად დგას სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ლარის დევალვაციას. პრობლემები გაცილებით ღრმა და ფუნდამენტურია. 1995 წლიდან დაწყებული, ვერ ვიხსენებ ვერც ერთ წელს, როდესაც ეკონომიკური ზრდა 2.5%-ს არ აღემატებოდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში არ ხდება იმ ოდენობით ინვესტიციების ჩადება, რომ შესაძლებელი იყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ისეთი სურათი ჩანს, რომ არა თუ უცხოელი ინვესტორები არ მოდიან საკმაო ოდენობით, არამედ ის ქართველებიც კი, ვისაც საქართველოში აქვთ ბიზნესი, ამჯობინებენ უცხოეთში ინვესტირებას, რადგან იქ გაცილებით უკეთესი საინვესტციო გარემოა.


ათი წლის წინ, საქართველოს საუკეთესო ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდა კავკასიაში. დღეს კი, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოსა და სომხეთში თითქმის თანაბარია და ორჯერ და მეტად ჩამორჩება აზერბაიჯანის ანალოგიურ მაჩვენებელს. გარდა ამისა, ჯინის კოეფიციენტი აჩვენებს, რომ საქართველოში ხდება არსებული რესურსების არასამართლიანი გადანაწილება, როდესაც მდიდრების მცირერიცხოვანი ჯგუფი კიდევ უფრო მდიდრდება, ხოლო მოსახლეობის ძირითადი ფენა, ღარიბდება. სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალია სიღარიბისა და სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა რაოდენობა. ეს კი, საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს.


საქართველო ასევე დგას სერიოზული ფინანსური კრიზისის საფრთხის წინაშე. მილიარდზე მეტი სესხები აქვთ გაცემული ქართულ ბანკებს საქართველოს მოსახლეობაზე, ვისაც თავისი ბინა, საცხოვრებელი და სხვა აქტივები აქვთ ჩადებული გირაოში. ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა გადახდისუუნაროა და ისინი ვერ შეძლებენ ამ ვალების დაფარვას. ამას მოყვება ამ ადამიანთა ქონების დაყადაღება, მათი საცხოვრებლიდან გამოსახლება და ა.შ. ეს ის თემაა, რომელიც ჯერ არ ჩანს აშკარად, მაგრამ თუ ამას ახლავე არ მიექცა ყურადღება, იგი უცებ, მოულოდნელად იფეთქებს. სწორედ ამ მიზეზის გამო მოხდა აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში ფინანსური კატაკლიზმები რამდენიმე წლის წინ. ამ ქვეყნებს ჰქონდათ რესურსი და შეძლეს სიტუაციის დასტაბილურება, მაგრამ საქართველოს ამის რესურსი არ გააჩნია. მესმის, რომ ეს პრობლემა, ისევე როგორც ბევრი სხვა, სააკაშვილის რეჟიმის დროს დაიწყო, მაგრამ უსახლკაროდ დარჩენილი ხალხისთვის ამას არ ექნება რაიმე მნიშვნელობა: ისინი მათი პრობლემების გადაწყვეტას არსებულ ხელისუფლებას მოთხოვენ, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მთავრობამ დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი.


- არსებული პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, საჭიროა თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება?


- ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა რეჟიმის შეცვლაში და მისი სახელი უკვე არის შესული საქართველოს ისტორიაში. როგორც მე მესმის, ახლა ის ცდილობს თანდათან გავიდეს გვერდზე და ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა განვითარდეს ბუნებრივად. აქედან გამომდინარე, არა მგონია, ის ისევ მობრუნდეს პოლიტიკაში; თუმცა, თავისი პირადი ავტორიტეტისა და ფინანსური აქტივების წყალობით მას კვლავ ექნება საკმაო გავლენა არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ მომდევნო მთავრობებზეც.


- როგორ აფასებთ დღევანდელ მინისტრთა კაბინეტს? სამი წლის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტი რამდენჯერმე შეიცვალა, რამდენად არის საჭიროება სამთავრობო ცვლილებები ამ რაოდენობით?


- რამდენადაც საქართველოში არ ვცხოვრობ, ჩემთვის ძნელია მთავრობის საქმიანობის შეფასება. ჩემი შეფასება შეიძლება ეყრდნობოდეს ჩემთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსა და შეფასებებს; ამიტომაც ის შეიძლება სუბიექტური იყოს.


რაც შეეხება ცვლილებებს, ნებისმიერ ცვლილებას უნდა ჰქონდეს რაღაც მიზანი. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც სამთავრობო ცვლილება განხორციელდა და მას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი - თავიდან ყოფილიყო აცილებული სამთვრობო კრიზისი. ეს გახლდათ ალასანიასა და მისი პარტიის წევრების მთავრობიდან წასვლის დროს. სხვა შემთხვევაში სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობა ან საჭიროება არავის აუხსნია.


როგორც წესი, სამთავრობო ცვლილებები არჩევნების შუა პერიოდში იმ შემთხვევაში არის დადებითი,  თუ რაიმე იცვლება ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში და სხვა პირი უკეთ შეძლებს თავი გაართვას ახალ მოთხოვნებს. ასევე, შესაძლებელია მთავრობის წევრი შეიცვალოს მასზე უკეთესი კვალიფიკაციის მქონე პიროვნებთ.


- საუბარია ხელისუფლების საქმიანობის არასწორ პიარზე. როგორ ფიქრობთ, არასათანადოდ შუქდება მათი საქმიანობა და საზოგადოება ვერ იგებს რეალურ შედეგებს?


- რამდენადაც უკვე კარგა ხანია ჩემს სამშობლოში არ ვყოფილვარ, საქართველოში მიმდინარე ამბებზე ინფორმაციას ვღებულობ ინტერნეტით ან პირადი კონტაქტებით. სამწუხაროდ, იშვიათად თუ შემხვდება ისეთი ინფორმაცია, სადაც მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებზე იყოს საუბარი. ჩემთვის ძნელია რეალური მიზეზის დასახელება: ეს იმის გამო ხდება, რომ მთავრობა მართლა ცოტას აკეთებს და მას სათქმელიც ბევრი არაფერი აქვს, თუ, მთავრობა ნამდვილად აკეთებს, მაგრამ მოიკოჭლებს მისი საინფორმაციო პოლიტიკა. როგორც არ უნდა იყოს, ეს სერიოზული შეცდომაა. ახლა 21-ე, საინფორმაციო საზოგადოების საუკუნეა - იმდენად არის განვითარებული კომუნიკაციის საშუალებები, რომ ადამიანებს ხელი მიუწვდება უამრავ ინფორმაციაზე.


მიდგომა, რომ მოდი ჩვენ საქმე გავაკეთოთ და ადამიანები ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს თავად დაინახავენ, არასწორია - თუ ადამიანებს პირადად არ შეეხო, ვერ დაინახავენ ამ საქმიანობის შედეგს; ხოლო, ის ვინც დაინახავს, ამ ზღვა საინფორმაციო ნაკადის პირობებში, მალე დაივიწყებს. ინფორმაციის სწორი ფორმით მიწოდებას მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდება - სწორად უნდა იყოს შერჩეული მთავარი გზავნილები, ამასთან ადამიანებისთვის ადვილად გასაგები ფორმით უნდა იყოს მიწოდებული ეს გზავნილები. მოკლედ, საზოგადოების სათანადო ინფორმირება საკმაოდ რთული საქმეა და თუ მთავრობა ამას არ აკეთებს, ეს სერიოზული შეცდომაა.


რაც შეეხება უცხოერ პრესას, სააკაშვილის დროს, ალბათ, კვირა არ გავიდოდა, რომ რომელიმე მნიშვნელოვან გაზეთში ან გამოცემაში საქართველოზე რაიმე არ თქმულიყო; დღეს კი, საქართველოს შესახებ ძალიან იშვიათად თუ დაიბეჭდება რაიმე.


- რა არის ახალი ხელისუფლების ამოცანა და სწორად თუ აქვთ გადანაწილებული პრიორიტეტები?


- ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს ქართველი ამომრჩევლის მიერ მიცემული მანდატის შესრულება. ქართველმა ამომრჩველმა ქართულ ოცნებას მისცა მანდატი, რომ მათ ჩამოეყალიბებინათ სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფო, რომ უკანონოდ და დაუმსახურებლად არავინ დასჯილიყო, რომ იმ პირებს, ვინც წინა რეჟიმის დროს განიცადა უკანონო დევნა, შეძლებოდათ თავიანთი სიმართლის დამტკიცება სახელმწიფო დაწესებულებებსა და სასამართლოში. სამწუხაროდ, ახალ ხელისუფლებას ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაუკეთებია. რამდენადაც მალე არჩევნების დრო მოდის, იმედია, ხელისუფლება გაიხსენებს ამომრჩევლისთვის ადრე მიცემულ დაპირებებს და ახლა მაინც დაიწყებს მათ შესრულებას.


- ვადამდელი არჩევნების საჭიროებას თუ ხედავთ?


- მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი გადადგა პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმაციის დონე საგრძნობლად შემცირდა, რადგან ქართველმა ამომრჩეველმა ოცნების ბლოკს მისცა ხმა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო; ის კი, უკვე აღარ არის ხელისუფლებაში. ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე ასევე გავლენას ახდენს წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაც - პირველ რიგში, სამართლიანობის დამკვიდრება, უფრო სწორედ არ დამკვიდრება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად დგება ვადამდელი არჩევნების თემაც. როგორც წესი, ახალი არჩევნების შემდეგ ახლად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაცია იზრდება. გარდა ამისა, პარლამენტში არსებულ ძალებს ორი-სამი სხვა პოლიტიკური ჯგუფი დაემატებოდა, რაც ასევე, ხელს შეუწყობდა პოლიტიკური პროცესების უფრო ჯანსაღად წარმართვას.


- როგორ ფიქრობთ, როგორია ახალი ხელისუფლების რეიტინგი დღეს?


- ამ კითხვაზე ზუსტად შეუძლებელია პასუხის გაცემა; უფრო სწორედ, ეს პასუხი სუბიექტური იქნებოდა. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების რეიტინგი დღეს უფრო მაღალია, ვიდრე სხვა პოლიტიკური ჯგუფების. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მათი რეიტინგი დღეს აღარ არის ისეთივე მაღალი, როგორც ორი წლის წინ იყო. ყველაზე საინტერესო ის არის, როგორი იქნება ხელისუფლების რეიტინგი არჩევნების წინ. ეს, პირველ რიგში თავად ხელისუფლების ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ ისინი ხალხისთვის მიცემული დაპირების შესრულებას, ასევე, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016