რას ფიქრობენ ხელისუფლებაში კვირის განმავლობაში განვითარებულ მთავარ მოვლენებზე, როგორ აფასებენ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ აშკარად გააქტიურებულ მთავრობის ანტი-პიარკამპანიას და როგორ გეგმავენ მასთან დაპირისპირებას, როგორ აფასებენ „ნაციონალური მოძრაობის" შანსებს და რა უნდა გაითვალისწინონ „ქართული ოცნების" ამომრჩევლებმა?
„რეპორტიორს" პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე ესაუბრა:
- ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციას, „ნაციოანლურ მოძრაობას", როგორც ჩანს, ძალიან კარგი სამოქმედო გეგმა აქვს გაწერილი. დაიწყეს სიარული რეგიონებში, მიმდინარეობს გამგებლების, მერების მიზანმიმართული დისკრედიტაცია... სარგებლობენ იმით, რომ საზოგადოებას ნამდვილად უჭირს. საერთო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ბინძურად იყენებს საზოგადოების გაჭირვებას.
თავის დროზე, ამავე პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხალხი მიეყვანათ იმ გაჭირვებამდე, რომელშიც ახლა არიან. წლების განმავლობაში არაფერი არ გააკეთეს, რომ არ დაცლილიყო სოფლები, მიეხედათ სოფლის მეურნეობისთვის. არაფერი გაკეთდა ბიზნესის მხარდაჭერისთვის, ყველას ახსოვს, როგორ უსწორდებოდენენ ბიზნესმენებს, სხვადასხვა იძულების მექანიზმით... ეს და სხვა ფაქტორები იწვევდა ხალხის გაღატაკებას. ახლა ჩვენ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ, რომ ხალხმა ყოველდღიური სარჩოს მიღება შეძლოს. უკვე უამრავი სასიკეთო რამ გაკეთდა, თუნდაც ჯანდაცვის სისტემაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ზოგადადაც, შეიცვალა ადამიანებისადმი მიდგომა... დღეს მშობელი აღარ ფიქრობს, ახალ სასწავლო წელს ეყოფა თუ არა ფული სახელმძღვანელოებისთვის.
- მაგრამ ლარი გაუფასურდა და ეს შეღავათები უკვე ბევრს არაფერს ნიშნავს...
- დიახ, ლარი გაუფასურდა, მაგრამ EBRD-იც კი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ფონზე, საქართველო ნამდვილადაა უპირატეს მდგომარეობაში. ამის მიუხედავად, დღეს „ნაციონალური მოძრაობა" ამ საკითხით მანიპულირებს, ცდილობს, ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს და ამით პოლიტიკური ქულა ჩაიწეროს. მათი ერთადერთი მიზანია, ამ გაჭირვებული ხალხის მეშვეობით დაიბრუნონ ძალაუფლება. ისე აქვთ გამძაფრებული ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი, რომ მათი ყველა ქმედება, ყველა სიტყვა ამას ემსახურება, მათ შორის მანანა კობახიძისთვის ტალახის სროლაც.
- ფაქტია, რომ „ნაციონალებს" ესმით პიარი, ზუსტად დაიჭირეს ის წერტილი, რომლითაც შეუძლიათ, ასე თუ ისე, მართონ საზოგადოება, მთლიანად თუ არა, რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც. რას აპირებს ხელისუფლება, როგორ გეგმავთ, ამ საკითხს დაუპირისპირდეთ?
- ისევ და ისევ 24-საათიანი შრომით და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვით, რომ ეს ყველაფერი საკუთარ ოჯახებზე იგრძნონ ადამიანებმა. ჩვენ ძალიან განვიცდით თითოეული მოქალაქის მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერია, ჩვენ არ გავურბივართ ამ პრობლემების აღქმას, პირიქით... სამწუხაროდ, ამ პრობლემების დაძლევა ორ და სამ წელიწადში შეუძლებელი იყო. რაც გაკეთდა, შესაძლოა, ის ყველას არ შეეხო, ვიღაცას არ დასჭირდა ექიმთან მისვლა, ღმერთმა სულ ჯანმრთელად ამყოფოს, არ ჰყავს სკოლის მოსწავლე, არ აქვს ნაკვეთი, რომ მიწა მოეხნათ, არც სტუდენტი ჰყავთ, რომ 21 უფასო ფაკულტეტით ესარგებლა, არ მუშაობდა და არც დღეს მუშაობს... საზოგადოებას ცოტა გადაჭარბებული მოლოდინიც ჰქონდა, რადგან ბატონი ბიძინა მილიარდერია. შეექმნათ მოლოდინი, რომ მათ ასე, პირდაპირ ფინანსებს გადასცემდნენ. ეს გამორიცხულია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, თითოეულ მოქალაქემდე მივიდეთ და ვფიქრობ და მჯერა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, სოციალურად ორიენტირებულ გზაზე.
- შეცდომებზე რას გვეტყვით?
- რა თქმა უნდა, შეცდომები იყო, უშეცდომო არავინაა, მითუმეტეს, ხელისუფლება ვერ იქნება. შეცდომა იყო იმ პრემიების აღება, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით არ იკრძალება. მე ვამბობ, რომ ეს არ იყო სწორი და ამას იზიარებს ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა, მაგრამ შედარება უნდა შეგვეძლოს - სად ვიყავით და სად ვართ.
- ქალბატონო მანანა, მას მერე, რაც ბოლო სამთავრობო ცვლილება განხორციელდა, საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ქვეყანას „რესპუბლიკელები" მართავენ. ამბობენ - ჩვენ „ქართული ოცნება" ავირჩიეთ და არა რესპუბლიკური პარტიაო. რას ეტყვით ამ ხალხს?
- ჩვენ კოალიციის სახით მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენს ამომრჩეველებში იყვნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომელთა მიმართაც ამომრჩეველს არ ჰქონდა დადებითი დამოკიდებულება და არცთუ ისე ცოტა იყო ასეთების რიცხვი. ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მაგრამ როცა საქმე გვაქვს კოალიცისთან, აქ გადანაწილებული უნდა იყოს ფუნქციები, მითუმეტეს, როცა „ქართული ოცნება" დომინირებს ყველა მიმართულებით. კოალიციაა და ერთი პარტიის მმართველობა ვერ იქნება.
- NDI-ს და IRI-ს კვლევების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის" და „ქართული ოცნების" რეიტინგი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. რამდენად სანდოა თქვენთვის კვლევების შედეგები და ზოგადად, როგორ აფასებთ დღეს „ნაციონალური მოძრაობის" მდგომარეობას?
- მე ამ კვლევების მიმართ არ მაქვს ნდობა და ამ უნდობლობას საფუძველი გააჩნია. გაიხსენეთ, რა შედეგები დაიდო 2012 წელს, წინასაარჩევნოდ. არ მგონია, რომ ამ რეიტინგს უნდა გამოვეკიდოთ, თუმცა, არც დამშვიდების საშუალება გვაქვს, ეს კვლევებიც რომ არ არსებობდეს, ისედაც კარგად ვიცით, რა პრობლემები აქვს საზოგადოებას და უნდა ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ მდგომარეობას - „ნაციონალური მოძრაობა" დღითი დღე ემსგავსება სექტას, რომელსაც ძალიან კონკრეტული მიზნები აქვს - დაბრუნდენენ ხელისუფლებაში. ამ წლების განმავლობაში მათ არ უღიარებიათ შეცდომები და არც კი უფიქრიათ, რომ ამისთვის საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადათ, ცინიკოსობენ და ცდილობენ, ხალხს აჩვენონ, თითქოს არიან ის ძალა, რომლის გარდა არავის შეუძლია ქვეყნის მართვა, მაგრამ ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს და ამ რეჟიმს ქართველი ხალხი არ დააბრუნებს. როგორც კომუნისტური რეჟიმი ვერ დაბრუნდება ქვეყანაში, როგორც სტალინური რეპრესიები ვერ დაბრუნდება, ისე ვერ დაბრუნდებიან „ნაციონალები" ხელისუფლების სათავეში!