reportiori.ge - რატომ დასჭირდა ზურაბ ადეიშვილს უკრაინულ პრესაში ინტერვიუს გამოქვეყნება და რა რეაქცია მოჰყვა „მეოცნებეებში“?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 17:08
პრეს-დაიჯესტი
რატომ დასჭირდა ზურაბ ადეიშვილს უკრაინულ პრესაში ინტერვიუს გამოქვეყნება და რა რეაქცია მოჰყვა „მეოცნებეებში“?
ავტორი:
20 მაისი, 2015. 18:04


უკრაინულმა გამოცემა „გლავკომმა" საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც არის რამდენიმე მონაკვეთი, რომელიც შეიძლება აღიარებით ჩვენებადაც კი ჩაითვალოს. ადეიშვილი პირველად აცხადებს, რომ მისი ოჯახი ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს, რომელმაც მას თავშესაფარი მისცა. რაც შეეხება ე.წ. აღიარებით ჩვენებას, ეს გახლავთ საპროცესო გარიგება და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მიერ „ჭკვიან" მენეჯერად მონათლული ადეიშვილი დღესაც ფიქრობს, რომ ეს იყო დიდი და წარმატებული რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი: „თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ მათ, ვინც აღიარებდა ბრალს და ჩვენებებს იძლეოდა მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ჩვენ ვთავაზობდით სხვა პრობლემების მოგვარებასაც. ყველაზე მთავარი, რითაც ჩვენ დავიწყეთ - სამართალდამცავებთან თანამშრომლობის მექანიზმი შევქმენით, ასევე, კორუმპირებული პირების მიერ მოპარული ქონების კონფისკაციის მექანიზმი. ჩვენ ვიცავდით მათ, ვინც მოდიოდა თანამშრომლობაზე. ვინც აძლევდა ქრთამს და ჩვენ გვეხმარებოდა, ნაკლებად ისჯებოდა ან საერთოდ თავისუფლდებოდა სასჯელისგან, თუ გვაძლევდა მნიშვნელოვან ინფორმაციას".


რა თქმა უნდა, უკრაინელებს გაუკვირდებათ, მაგრამ ჩვენ უკვე აღარაფერი გვიკვირს და ისიც კარგად გვახსოვს, რა ფასად დაუჯდა ქვეყანას „ჩაშვების" ინსტიტუტის დამკვიდრება, ქონების კონფისკაცია, საპროცესო გარიგებები მილიონების სანაცვლოდ, ქრთამის მიმცემთა თუ ამღებთა განთავისუფლება, უდანაშაულო ადამიანების წამება, იძულების წესით ჩვენებების მოპოვება და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ადეიშვილი ამ ყველაფერს აღიარებს, მაინც მიიჩნევს, რომ ის მსხვერპლია: „მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, ჩემს წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. სასამართლო პროცესი ჩემს გარეშე მიმდინარეობს ორ წელზე მეტია, გადაწყვეტილება კი ამ დრომდე არ არის მიღებული. ფორმალურად მე მადანაშაულებენ იმაში, რომ პატიმრების უფლებები ირღვეოდა, მაგრამ პენიტენციური სისტემა საქართველოში იუსტიციის სამინისტროს არ ექვემდებარება, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ეს დაიწყო 2012 წლის გლდანის ციხის ირგვლივ აგორებული სკანდალის დროს. ჩვენ მაშინ ხელისუფლებაში ვიყავით და ციხეებში წამების ორგანიზატორები დავაკავეთ, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ზოგიერთი მათგანი გაათავისუფლა. ახლა ინტერპოლი მიხვდა, რომ მე პოლიტიკური ნიშნით მდევნიან. თუმცა ახლა არ შემიძლია საქართველოში დავბრუნდე".


ამჯერად რასთან გვაქვს საქმე, ხომ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილის თანხმობით ბატონი ადეიშვილი საქართველოში დაბრუნებას? ხომ არ იყო წითელი ცირკულარიდან მისი ამოგდება იმის საწინდარი, რომ საერთოდ შეწყვიტონ მისი სამართლებრივი დევნა? რატომ დასჭირდა ადეიშვილს ინტერვიუს დაბეჭდვა ახლა? რა რეაქცია მოჰყვა „მეოცნებეებში"?



„ალიას" ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრა:



- შალვა, როგორც გავიგე, ბიძინა ივანიშვილთან მიდის მოლაპარაკება, რათა მან გასცეს „დაბრო" და ზურაბ ადეიშვილს მოუხსნან ძებნილის სტატუსი. როგორც ამბობენ, სწორედ ამის წინაპირობა იყო წითელი ცირკულარიდან მისი ამოგდება. ახლა ადეიშვილი რაღაც საეჭვოდ გამოჩნდა, 2012 წლიდან მოყოლებული მას ინტერვიუ არ მიუცია არც ერთი გამოცემისთვის.

 

 

- მეც მესმის კულუარულად უცნაური რაღაცები, ადეიშვილზე მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ახლა ამ ყველაფრის გადადება, საქმის შეწყვეტა ადეიშვილზე პოლიტიკური თვალსაზრისით როგორ უნდა ახსნას იგივე ბიძინა ივანიშვილმა? ასეთი პრეცედენტები მსოფლიოში არის, მაგრამ ეს იქნება „ქართული ოცნების" სიკვდილი. რაღაც უცნაური თამაში რომ მიდის, ეს ფაქტია, უკვე აშკარაა, ახლოვდება არჩევნები და საქმე მთლად ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს, ჩვენ ვდგავართ ახალი პოლიტიკური სპექტაკლის წინაშე.



- არსებობს, ასევე, კულუარული ინფორმაცია, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილსაც მოუხსნან ძებნილის სტატუსი. ამაზე თუ გსმენია რამე?

 

 

- სამართლებრივი თვალსაზრისით ესეც შესაძლებელია, მეც მაქვს ასეთი ინფორმაცია. მე ვხედავ, რომ გარე ძალებს აწყობთ, საერთოდ გაქრეს „ქართული ოცნება" პოლიტიკური ორბიტიდან.



- რომელ გარე ძალებს გულისხმობ?



- სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს ვგულისხმობ, ჩვენ გვახსოვს, როგორ შეთანხმებულად მოიყვანეს ამერიკელებმა და რუსებმა სააკაშვილი ხელისუფლებაში, ასევე გვახსოვს, როგორ შეთანხმებულად წაიყვანეს.



- ადეიშვილის გამოჩენა არაფერზე მიგანიშნებს?

 

 

- როგორ არ მიმანიშნებს? უფრო მეტზე მიმანიშნებს, ვიდრე ეს საზოგადოებას ჰგონია. სამი წლის განმავლობაში კონკრეტული სცენარი არ არსებობდა, მაგრამ ახლა უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი უნდა გახდეს დეპუტატი, ხოლო შემდეგ პარლამენტი პრეზიდენტად აირჩევს თუ პრემიერმინისტრად, ეგ უკვე ტექნიკის საქმეა. ძალიან სერიოზული და საეჭვო ძვრები მიდის.



- ვანო მერაბიშვილს როდის ეკუთვნის ე.წ. უდო?

 

 

- ძალიან მალე, ყოველ შემთხვევაში, როგორც მე მომდის ინფორმაცია, 2016 წლის არჩევნებამდე გამოუშვებენ. ასე რომ, ვანო მომავალ არჩევნებში წარმოგვიდგება „განწმენდილი". არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭონ. ამ სცენარის ავტორები, ასევე, ძალიან სერიოზულად მუშაობენ იმაზე, რომ 2016 წლისთვის არ გამოჩნდეს ლიდერი, რომელიც ხალხს აიყოლიებს. უცნაურად არ გეჩვენება, რომ პარლამენტს გარეთ ყველა გაჩუმებულია და შეტევაზე არავინ გადადის? აშკარად ჩანს, რომ უახლოეს ხანში რაიმე ახალი ძალა არ გამოჩნდება. მე ვგულისხმობ ისეთს, რომელიც კოალიციას, „ნაციონალებს" და სხვებს კონკურენციას გაუწევს.



- შალვა, ადეიშვილს მაინც და მაინც ახლა რატომ დასჭირდა გამოჩენა, რა მიზანი აქვს?

 

 

- ახლა ადეიშვილი ყველაფერს ილაპარაკებს, რატომაც არა? აგერ, სარიშვილი, წერეთელი და ვიღაცები გამოდიან, პირდაპირ ამბობენ, ამ ხალხს დაუმტკიცეთ დანაშაული, რატომ ვერ უმტკიცებთო? ხედავ, რა ხდება? ვერ უმტკიცებენ და არ უმტკიცებენ. ახლა უკვე იმას ვითხოვ ხოლმე, რომ საქმეები მისცენ იურისტებს, ხშირ შემთხვევაში პროკურორები და გამომძიებლები იურისტები არ არიან. ვეკითხები, რომელი კანონით ხელმძღვანელობთმეთქი? მხრებს იჩეჩენ, პასუხს არ მცემენ, წარმოგიდგენია?!



რა რეაქცია მოჰყვა ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუს უმრავლესობაში? რას ფიქრობენ მის შესაძლო „გაპრავებაზე"?



როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების"  წევრი, სოსო ჯაჭვლიანი ამბობს  „ალიასთან" საუბარში, უმრავლესობაში არც ადეიშვილის ინტერვიუზე ჰქონიათ მსჯელობა და არც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადეპუტატებაზე:



„თუ ასე მოხდება, როგორც შენ ლაპარაკობ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ რას აკეთებდა და რა ხდებოდა ერთ დროს, როდესაც ადეიშვილი წითელი ცირკულარიდან ამოაგდეს, სწორედ მაშინ თქვა თემურ ბასილიამ, თუ ხელისუფლების მხრიდან თანხმობა არ იქნებოდა, ძებნილის სტატუსის მოხსნა შეუძლებელიაო. თუმცა მერე იყო ლაპარაკი, შეიძლება რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმეო, მერე დაამატეს, ინტერპოლის კანონში რაღაც ცვლილება შევიდაო. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. თუ ადეიშვილს მოუხსნიან ძებნილის სტატუსს, მაშინ ადგნენ და მე დამაპატიმრონ, მე ვყოფილვარ დამნაშავე. თუ ასეთი რამ მოხდება, ამაზე პასუხი მოეთხოვება იმას, ვინც ამას გააკეთებს. მაინც მჯერა, რომ არ მოხდება და ამაზე უმრავლესობაში არც არავინ ლაპარაკობს".

 

 

 

 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016