reportiori.ge - რა აზრი აქვს ჩვენი მთავრობის სამიტზე წასვლას და რისთვის ჩადის სააკაშვილი რიგაში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:28
პრეს-დაიჯესტი
რა აზრი აქვს ჩვენი მთავრობის სამიტზე წასვლას და რისთვის ჩადის სააკაშვილი რიგაში?
ავტორი:
21 მაისი, 2015. 14:23


რიგის სამიტის წინ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „ასოშეიტედ პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში მაგარი პროვოკაციული „რეჩი" დაარტყა. მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ გრძნობს სამხედრო საფრთხეს რუსეთისგან: „თუ დასავლეთის მხრიდან რუსეთის ქმედებები მკაცრად არ დაიგმობა, მსგავსი ქმედებები რუსეთმა შესაძლოა, სხვა მოსაზღვრე ქვეყნებშიც გაიმეოროს. საქართველოს საფრთხე კრემლის პროპაგანდისგანაც ემუქრება, რომელიც ცდილობს, მოსახლეობაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს, განსაკუთრებით უკრაინაში მისი ჩართულობის გამო. რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა სააგენტო „სპუტნიკმა" საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო, რომელიც ახალი ამბების მიწოდებას ქართულად და რუსულად უზრუნველყოფს. კრემლის პროპაგანდის მიზანია, ქართველებს საკუთარ არჩევანთან - ევროპასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვა გაუჩნდეთ, რომ ნატო და ევროკავშირი უახლოეს მომავალში წევრობას არ სთავაზობს. ძირითადი გზავნილია - ევროპელები არ ზრუნავენ თქვენზე, თქვენ მიტოვებული ხართ, არჩევანი არ გაქვთ და საქართველოს ევროპული არჩევანი განწირულია".


რუსეთის პოზიციები და აგრესია რომ დასაგმობია, ეს ვიცით, ეს გასაგებია, მაგრამ რა საჭირო იყო რიგის სამიტამდე ერთი დღით ადრე ასეთი განცხადებების გაკეთება? მერედა რა არის ამაში გასაკვირი, ან რაში ტყუის იგივე კრემლი, უახლოეს მომავალში ნატო და ევროკავშირი წევრობას გვთავაზობს და ჩვენ კიდევ უარზე ვართ? მარგველაშვილმა, თავისი ჭკუით, სამი კურდღელი მოკლა: პირველი - კოჭი გაუგორა დასავლეთს და კიდევ ერთხელ წაექლესავა ამერიკელებს, მეორე - თავისებურად დაარტყა რუსეთს, მესამე - ასევე, თავისებურად დაარტყა საქართველოს მთავრობას, რომელიც უკვე ფიქრობს რუსეთის ხელმძღვანელობასთან მაღალი დონის შეხვედრაზე.


რას ნიშნავს ეს ყველაფერი დიპლომატიურ ენაზე და რას მივიღებთ შედეგად?


„ალიას" პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:


- სანამ მარგველაშვილის საქციელზე გეტყვი, გადავხედოთ, როგორი დინებაა ევროპასა და ამერიკაში: ცოტა ხნის წინ სოჭში პუტინს ეახლა ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი. ეს ადამიანი წასული არც იყო, ანგელა მერკელი ხელად ჩაცუნცულდა მოსკოვში. ერთისა და მეორის ჩასვლაც პუტინთან, იყო კომპრომისები დასავლეთის მხრიდან. მარგველაშვილს ამერიკელებმა ინგლისურ ენაზე აუხსნეს, როგორ უნდა დაიკავოს დასავლური, ანუ „სწორი" პოზიცია. აი, ახლა იკავებს „სწორ" პოზიციას. თუ მარგველაშვილს ჰგონია, ანტირუსული რიტორიკით რიგის სამიტზე ვინმეს გულს აუჩუყებს და სავიზო რეჟიმს გაგვიმარტივებენ, ძალიან ცდება. ეს თვითონაც კარგად იცის, მაგრამ მომენტი ნახა და თავისებურად გამოიყენა.


- ბატონო სოსო, უკვე ყველამ ვიცით, რომ რიგის სამიტზე არაფერს არ მოგვცემენ, ვიზალიბერალიზაციამაც ჩაილურის წყალი დალია. არის კიდევ ისეთი რამ, რაც ცოტაოდენ მაინც დაგვამშვიდებს?

 

- დასავლეთში მოღვაწე პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს აქვთ ძალიან დიდი ტალანტი, რომ დაგპირდნენ, კმაყოფილი დაგტოვონ და სინამდვილეში არაფერი მოგცენ. შეგაქებენ, უცებ ცაში აგიყვანენ, შენ უკვე თავბრუ გეხვევა წარმატებებისგან, გიხარია, რომ გთვლიან თავიანთ წევრად, მაგრამ ერთ დღესაც ეიფორია გაგივლის, რაღაც დოკუმენტს დახედავ და მიხვდები, თურმე არაფერია სასიხარულო, ეფექტი ნულია.


დაუკვირდი, აქამდე არ იყო დაზუსტებული, რას ნიშნავს ვიზა-ლიბერალიზაცია, ჩვენ იმითაც კმაყოფილი ვიქნებოდით და ვიქნებით, თუკი გამარტივდება სავიზო რეჟიმი სტუდენტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მეცნიერებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ასე შემდეგ. თუ ოდნავ მაინც შეაღეს კარი და ცალი ფეხი მაინც შეგვადგმევინეს, ეგეც კარგი იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეგეც არ იქნება, მხოლოდ დაპირებებით გამოგვისტუმრებენ.


დღეს ევროკავშირისთვის პრიორიტეტი არის ე.წ. ტერორისტული ტურიზმის აღკვეთა. ევროპაში ამჟამად ძალიან ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს, კაცები ტურისტების სტატუსით მიდიან სირიასა და ერაყში საბრძოლველად, 5-6 თვე რჩებიან. ასევე, მიდიან გოგოები მათ დროებით ცოლებად და მერე ისევ ბრუნდებიან ევროპაში.


- ვერ გავიგე, ეს ერთგვარი ბიზნესია?

 

- არა, ფულს არ იღებენ, ეგენი ფანატიკოსები არიან. სტატისტიკის მიხედვით, ათიდან სამი კვდება. ახლა ევროკავშირში წვალობენ, რაღაც ფორმულის მოფიქრება უნდათ, რომ ასეთები დასაჯონ. აი, ეს არის ახლა მთავარი თემა, შენი ვიზალიბერალიზაცია და კიდევ თავის ზედმეტი ტკივილი ვის სჭირდება? ტურისტული ტერორიზმი, როგორც ტერმინი, ორი კვირაა, რაც გაჩნდა.


- გამოდის, ჩვენი მთავრობის წევრები ამ სამიტებზე სასეირნოდ დადიოდნენ და ახლაც რიგაში „საგულაოდ" ჩავიდნენ...

 

- ეს იქნება მორიგი ტურისტული მოგზაურობა, იქ იქნება ღიმილები, მხარზე ხელის დარტყმები, ხელის ჩამორთმევები... ასევე, იქნება გამოსვლები, მეგობრული რიტორიკა: აი, ჩვენ ევროპა ვართ, ჩვენ ევროპულ ღირებულებებს ვეთაყვანებით. ამის შემდეგ ჩამოვლენ, აქ დაიწყება კიდევ მოსახლეობისთვის ნაცრის შეყრა. ხომ იცი, რომ ესენი იხტიბარს მაინც არ გაიტეხენ და არ იტყვიან, რომ მოგვატყუეს.


- ანუ ჩვენ, რიგით მოკვდავებს, ისევ არაფერი, ხომ? მორიგი ტყუილებით აგვავსებენ.


- არაფერი დაპირებებისა და ნაცრის შეყრის გარდა.


- ჩვენ, მოქალაქეები ამის შემდეგ როგორ უნდა მოვიქცეთ, ტყუილებსაც საზღვარი აქვს.


- უნდა გავბრაზდეთ და აგერ, 2016 წლის არჩევნებიც კარს მოგვადგება. აქ ერთი პრობლემაა, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას, დღეს ქვეყანას აკლია შემტევი კაცები, მთავრობაშიც სულ ისეთები არიან, რომლებიც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ, ან ვერ იღებენ. მაგალითად, დღეს მართლა გაურკვეველია, ბოლოს და ბოლოს, ვარეგულირებთ თუ არა რუსეთთან ურთიერთობას? მე ზურა აბაშიძეს უკვე 40 წელია ახლოს ვიცნობ, ეს არის ძალიან რბილი ინტელიგენტი, საჯაროდ არ გამოვა არასოდეს და ხალხს არ აუხსნის, რა ხდება. არც მწვადს წვავს, არც შამფურს. დღეს არავინ არის მთავრობაში, რომელიც იტყვის: ხალხო, ევრაზიული კავშირი არ გვინდა, ეს არ გვინდა, ის არ გვინდა, მაგრამ რუსეთის ბაზარი ხომ გვინდა? გავიდეთ ხალხში და დავსვათ შეკითხვა არა ევრაზიულ კავშირზე, არამედ რუსეთის ბაზარზე და რამდენ პროცენტს მივიღებთ, იმასაც ვნახავთ.


გამოდის ბიძინა ივანიშვილი და გვეუბნება, ქვეყანაში „რუსთავი 2" დომინირებსო, ეს სიმართლეა, მაგრამ შენ ამ დროს უნდა შექმნა ალტერნატივა, ბოლოს და ბოლოს, გაზეთები მაინც გააძლიერე, რომ მოსახლეობა დაიცვა არასასურველი პროპაგანდისგან.  მარგველაშვილი რომ იძახის, „სპუტნიკი" შექმნეს რუსებმაო, ეს რაში გვჭირდება, მაგას ვინ უსმენს? მე მახსოვს, თავისუფალ პრესას ივანიშვილი რაღაცებს ჰპირდებოდა და ამანაც ჩაიარა. რა შეცდომებიც დაუშვა სააკაშვილმა, იგივეს იმეორებენ ესენიც. როცა მისი მრჩეველი ვიყავი, წელიწადში მილიონ ლარს აძლევდა „24 საათს". მიშასთან კაბინეტში რომ შევდიოდი ხოლმე, მარტო ეგ გაზეთი ედო 7-8 ცალი საერთოდ გადაუშლელი, არც კითხულობდა. ყველა გაზეთი მოგვდიოდა ადმინისტრაციაში, მაგრამ მდივანს მარტო „24 საათი" შეჰქონდა და მაგიდაზე უდებდა, აბა, „ალიას" ვინ შეუტანდა, მაგას ვინ გაბედავდა? ყველა პრობლემა დეტალებიდან მოდის და აშკარად ჩანს, რომ ესენიც კარგად ჩასხდნენ სააკაშვილის მიერ შექმნილ სისტემაში.

 

- ბატონო სოსო, რიგაში 21 მაისს, ასევე, ჩადის მიხეილ სააკაშვილი და ჩადიან „ნაციონალებიც", კერძოდ, დავით ბაქრაძე.


- სააკაშვილის მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ჩავიდეს რიგაში. მას არ ექნება ოფიციალური შეხვედრები, მაგრამ ხომ იქნებიან ჟურნალისტები, რომლებიც გამოეკიდებიან და შეკითხვებს დაუსვამენ? მიშა არ ნებდება, პიარს იკეთებს, რომ არავის დაავიწყდეს. ამას ავალებენ თავისი მამები ამერიკიდან, მათ აწყობთ. აქ „ევროპის სახალხო პარტიაა" ჩართული და ამით ყველაფერია ნათქვამი. რიგაში ჩასვლა სააკაშვილს დიდ პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მოუტანს, მაგრამ მას აქვს ერთი მიზანი, სულ უნდა იტივტივოს. თუ დღევანდელმა ხელისუფლებამ პრობლემებს თავი ვერ გაართვა, რა თქმა უნდა, დაბრუნების იმედი უფრო მეტად ექნება. პოლიტიკა დიდი მოულოდნელობებით არის სავსე. თან ახალგაზრდაა, მოიცდის, დეგოლიც იცდიდა 10 წელი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ მეთოდი იგივეა, მიშას დღეს სჭირდება პიარი და ის, რომ არავის დაავიწყდეს.

 

 

 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016