reportiori.ge - ახალი სასკოლო საგნის წინააღმდეგ აქციები იგეგმება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 17:05
პრეს-დაიჯესტი
ახალი სასკოლო საგნის წინააღმდეგ აქციები იგეგმება
ავტორი:
26 მაისი, 2015. 11:03


სოციალურ ქსელში გავრცელდა ორგანიზაცია „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელის ზვიად ტომარაძის შემდეგი სახის ინფორმაცია: „განათლების სამინისტრო გაისად სკოლებში (მე-3-4 კლასებში) შესატანად ამზადებს ახალ საგანს - „მე და საზოგადოება". საგნის სასწავლო პროგრამის გაცნობისას, ადვილად შეინიშნება „მზაკვრობა", ჩვენს შვილებს ბავშვობიდან უნდა ასწავლონ: „გენდერული იდენტობა", „პიროვნული იდენტობა", „უმცირესობის დისკრიმინაცია", „ბავშვის უფლებები", „ტოლერანტობა". ალბათ, ყველანი ვხდებით, სიო საიდანაც უბერავს. ჰოდა, ახლა გეკითხებით, მზად ხართ, დავიცვათ ჩვენი შვილები და ვიბრძოლოთ, რომ ეს საგანი სკოლებში არ შევიდეს? ვინც მზად ხართ, კომენტარებში დაწერეთ: „დიახ".


პირველი, ვინც ამ განცხადებას გამოეხმაურა და „დიახ" დაწერა, დიმიტრი ლორთქიფანიძე გახლდათ.


რატომ დასჭირდათ ამ საგნის შემოტანა საქართველოს სკოლებში და რა მიზნით?


„ალიას" უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა:


- ესაა ბავშვთა აღმზრდელობითი პროგრამა, რომელიც დასავლურ ინსტიტუციებშია აპრობირებული და რომელიც გულისხმობს გენდერული თეორიის განვითარებასა და ცნობიერების ამაღლების. ესაა საკითხი, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ჩვენი მომავლის საწინააღმდეგოდ მიმართული ძალისხმევა, რასაც წინ უნდა აღვუდგეთ აუცილებლად. გლეხური ენით რომ გითხრათ, ეს პოლიტიკური მართვის ელემენტია.


ეს ინსტრუმენტია, რომელმაც სოციალური ექსპერიმენტი გაიარა უკვე სკანდინავიის ქვეყნებში და, მას შემდეგ რაც იქ უკვე აქტიურადაა დანერგილი, სურთ, რომ ჩვენთანაც დაინერგოს. იგივე სკანდინავიის ქვეყნებში მშობელი მოხსენიებულია არა როგორც დედა და მამა, არამედ როგორც „მშობელი ერთი" და „მშობელი ორი". შესაბამისად, ბავშვობიდანვე არ ხდება იდენტიფიცირება სქესის, ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ ბავშვმა უნდა გაიაროს საადაპტაციო დრო იმისთვის, რომ თავად ჩამოყალიბდეს საკუთარ სქესში: გოგონა უნდა რომ იყოს, თუ ვაჟი მომავალში.


ამის გამო სკანდინავიაში არის უკვე მეთოდოლოგია დანერგილი, რომლის თანახმადაც, მაგალითად, ბიჭი გარკვეული ხანი არის გოგონას ტანსაცმლით, გარკვეული ხანი - ვაჟის ტანსაცმლით, ანუ ეს არის ადამიანის ანტითეისტური ბუნების პირდაპირი გამოვლინება. ეს ყველაფერი კი არის მზაკვრული გეგმა, რამაც, საბოლოო ჯამში, უნდა წაშალოს ყველანაირი შესაძლებლობა იდენტობისა ღმერთთან, ანუ ის, რომ ჩვენ ვართ შემოქმედი ღვთის მიერ გაჩენილები და გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, თავისუფლებასთან ერთად. ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ მახსოვს, რამდენიმე წლის წინათ როგორ ითარგმნა კლასგარეშე ლიტერატურად, და რაშიც ათეულ ათასობით დოლარიანი გრანტი დაიხარჯა, ეს იყო „მხიარული საუბრები სექსზე". რომელიც გასკანდალდა კიდეც თბილისის 24-ე სკოლაში. გახსოვთ, ალბათ, რომ ეს სკოლა მზად იყო, დაენერგა ეს სახელმძღვანელო კლასგარეშე საკითხავად, რასაც მოჰყვა საზოგადოებიდან შესაბამისი ადეკვატური პროტესტი. თუ არ ვცდები, ამის წინააღმდეგ გამოვიდა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი", მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე არ უნდა მოხდეს ამ ფაქტის გაპროტესტება.


- აბა, რას გულისხმობთ?

 

- რას და სრულიად ეროვნულ დონეზე მოხდეს ამისი გაცნობიერება, ამისთვის კი ჩვენ გვჭირდება პირველი არხის სადისკუსიო მაგიდა, რომელსაც ვალდებულება აქვს, რომ მსგავსი ტიპის სოციალური ექსპერიმენტების წარმოების შემთხვევაში საშუალება მისცეს საზოგადოებას, საჯარო ეთერით მოხდეს თემის განხილვა, რადგანაც საქმე უკვე ერის ყოფნა-არყოფნას ეხება...

 

- რაც შეეხება ჩვენს საკითხს, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ამ სწავლების მეთოდოლოგია, როგორ უნდა აუხსნან პატარა ბავშვებს იდენტობის არსი და უმცირესობის დისკრიმინაცია?


- ეს უკვე თეორიის ნაწილია და მე ვერ შევალ სიღრმეებში, რადგანაც ეს ძალიან მკაფიოდ არის გასაანალიზებელი სპეციალისტების მიერ და ასევე, ყველა ის საფრთხე, რომელთა რაოდენობაც ძალიან ბევრია.


- ეს ევროკავშირის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აუცილებლად ვასწავლოთ ეს საგანი ბავშვებს?

 

- ესაა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს ჯერჯერობით, თუმცა ევროპარლამენტში უკვე კულტივირდება იმდაგვარი საკანონმდებლო აქტები, რომლითაც მშობლებს გარკვეული უფლებები ეზღუდებათ შვილებთან მიმართებაში და ერთერთი ასეთი მიმართულება არის ე.წ. იუვენალური იუსტიცია, რაც  ითვალისწინებს მშობლებისთვის ბავშვების ჩამორთმევას და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს კავშირშია სწორედ ტრადიციული ღირებულებების მატარებელ ოჯახებში განვითარებულ მოვლენებთან და იმ პროცესებთან, რაც სოციალური მუშაკის ჩართვას გულისხმობს მშობელსა და შვილს შორის. ამერიკაში და მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში წახალისებულია შვილის მიერ მშობლის დაბეზღება და ეს ყველაფერი გამართლებულია ვითომ ოჯახური ძალადობის პრევენციისთვის. ამიტომაცაა დღეს საქართველოში ეს ტერმინი - „ოჯახური ძალადობა" ასე აქტიურად დანერგილი და ინსტალირებული თითოეული ჩვენგანის ტვინში.


მოგეხსენებათ, როგორი კამპანია მიდის ამ მხრივ, რომ ამის ფონზე მოხდეს შემდგომში ბავშვების გააქტიურება მშობლების წინააღმდეგ, რაც გამოიწვევს სერიოზულ კოლაფსს საზოგადოებაში, შვილის ტრადიციული ფასეულობებით გაზრდის საქმეში კი - დიდი ბზარს.


- და რა იდეოლოგიით გაიზრდებიან ჩამორთმეული ბავშვები? მათ ინტერნატებში გაზრდიან?


- ეს ბავშვები მოექცევიან სოციალურ თავშესაფრებში, როგორც, მაგალითად, სკანდინავიაშია, შემდეგ გადაეცემიან კერძო სტრუქტურებს და შემდგომში ასეთი მასალა - ბავშვების სახით არის ძალიან სარფიანი ბიზნესი, რადგანაც ხშირად ხდება ამ ბავშვების გაშვილება ერთსქესიან წყვილებზე, რაზეც საქართველოშიც დიდი ხანია, უკვე დაწყებულია ლაპარაკი და ამაზე თქვენი გაზეთი უკვე წერდა. უბრალოდ, ისაა უცნაური, რომ კონკრეტული ფაქტები და დოკუმენტები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რაც იუსტიციის სამინისტროში მოხდა, როცა ერთსქესიან წყვილებზე გაშვილდნენ ქართველი ბავშვები და ამაზე რეაქცია არაა.


- ნახეთ, დავიწყეთ საუბარი სკოლებში `იდენტობის~ სწავლიდან და რა სერიოზულ თემებზე გავედით. როგორ აპირებთ ამ ახალი საგნის წინააღმდეგ ბრძოლას? ეს იქნება საპროტესტო აქცია, თუ რა?

 

- მე ჯერ კიდევ 2009 წელს ვთქვი, რომ ერთსქესიანი ქორწინებები და ე.წ. მსგავსი ცოდვისადმი ტოლერანტული აქტები გახდებოდა ჩვენი ქვეყნისთვის თავსმოხვეული წესი იმ ძალთა წახალისებით, რომლებიც ნეოლიბერალურ ძალთა ერთობას წარმოადგენს. ჩემი ამ თემისადმი დამოკიდებულება საჯაროდ გავაჟღერე და აქტიურ წინააღმდეგობას ვუწევდი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას. დღესაც შევახსენებ ჩვენს პრემიერს, რომელმაც ამ კანონის პარლამენტში განხილვამდე ღიად განაცხადა, რომ ის იქნებოდა ინიციატორი კონსტიტუციაში იმ დამატებების შეტანისა, რომლითაც სამოქალაქო ქორწინების სუბიექტი ქალი და მამაკაცი იქნებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბატონმა ირაკლიმ დაივიწყა დაპირება და დღემდე არაა ინიცირებული ეს საკითხი. ანუ ეს ნათელი დადასტურებაა, რომ ახალი ხელისუფლება, ისე, როგორც ძველი, ასეთ მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით არ აპირებენ ქმედით ნაბიჯებს.


რაც შეეხება ჩვენს ამ საკითხთან დამოკიდებულებას, უნდა ჩამოვყალიბდეთ ისე, რომ ერთიანი ღირებულების მატარებელმა ძალებმა პოლიტიკური ნება უნდა ვიბოძოთ და უნდა გამოვნახოთ ძალა, რომ ერთიანად ვიბრძოლოთ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხის მოგვარებისთვის.


- კონკრეტულად?


_ ხელი უნდა მოვაწეროთ მემორანდუმს, რითაც ასეთ საკითხებს ერთიანი ძალისხმევით აღვუდგებით წინ, ვიმეორებ, ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა დღეს საქართველოში!


კომენტარისთვის ვუკავშირდებით განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ნატა ასათიანს:


- ესაა იგივე საგანი, რასაც ვასწავლით „სამოქალაქო განათლების" ნაწილში, თემატიკაც იგივეა, ესაა: ოჯახი, ჰიგიენა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სამშობლო. აი, ეს თემებია ძირითადად. არავითარი „გენდერული იდენტობა", „პიროვნული იდენტობა" და „უმცირესობის დისკრიმინაცია" - მსგავსი არაფერი!


- ვისი ინიციატივითაა ეს საგანი შემოტანილი ჩვენს სასწავლო პროგრამაში?


- არავის, ესაა ჩვენი ეროვნული გეგმით გათვალისწინებული საგანი.


ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს და გამოჩნდება, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016