განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ პროკურატურა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ბუბა კუდავას საქმიანობით დაინტერესდეს. მინისტრის განცხადებით, აუდიტის სამსახურმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მუშაობა უკვე დაასრულა და მისი შედეგები დღეს გახდება ცნობილი.
„ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უკვე გადიოდნენ დასკვნის საბოლოო ვერსიას როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის წარმომადგენლები. ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს. არის თუ არა ეს სხვადასხვა ორგანოებში გადასაგზავნი მასალა, ამას საბოლოოდ აუდიტი დაგვიდასტურებს. აუდიტის შედეგი დღეს უკვე შეიძლებავ რომ საჯარო იყოს, იმიტომ რომ დასრულდება", -აცხადებს თამარ სანიკიძე.
თამარ სანიკიძეს ხელნაწერთა ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი პასუხობს. ბუბა კუდავას აზრით, განათლების მინისტრს ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე პრინციპული ადამიანი არ სჭირდებოდა და ახლა მას ბოლშევიკური მეთოდებით ებრძვიან.
„ამქვეყნად არავის არანაირი ძალადობა და უსამართლობა არ შერჩება. მართალი კაცის დევნა არავის შერჩენია. თუ ამას ისტორიაში საუკუნეები და ათწლეულები სჭირდებოდა, რომ მოვლენებს თავის სახელები დარქმეოდა, დღეს 21-ე საუკუნეა, დაჩქარებული ტემპია და სულ მალე ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა..." - განაცხადა ბუბა კუდავამ.