გვესაუბრება პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე:
- ლევან, ლარის დასტაბილურებას ყოველდღიურად გვპირდებიან, თუმცა ჯერჯერობით, შედეგი საპირისპიროა. ეროვნული ბანკის დანაშაული სახეზეა, მაგრამ მომკითხავი არავინაა. რატომ არ დგება დღემდე იმ გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ლარი ამ დღეში ჩააგდო. სადამდე შეიძლება გაგვექცეს ლარი, სად არის ზღვარი?
- დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ლარის გაუფასურებაზე მუშაობს, დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკაა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესება საჭირო არაა, მან მინიმალური გადასახადი უნდა გადაიხადოს, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს და ბიზნესი თურმე, თავად მოაგვარებს ყველაფერს. ანუ, სახელმწიფო უარს ამბობს კანონის საფუძველზე რეგულატორი იყოს - მოაწესრიგოს ურთიერთობა საქართველოს მოსახლეობასა და მსხვილ ბიზნესმენებს შორის. სახელმწიფო არაფერში ერევა. იცით, შედეგად რას ვიღებთ? - ბიზნესმენები ჩვენი რესურსების, სიმდიდრეების ხარჯზე კოლოსარულ მოგებას ნახულობენ, ბიუჯეტში მინიმალურ გადასახადს იხდიან, დასაქმებულებს მინიმალურ, სრულიად არაადეკვატურ, ხელფასს უხდიან და რესურსების რეალიზაციისგან დარჩენილი მოგება ქვეყნის გარეთ გააქვთ, რასაც ხან ოფშორულ ზონაში აბანდებენ, ხან საერთაშორისო საბანკო დაწესებულებაში. ანუ, ჩვენი რესურსებიდან მოპოვებული თანხის - დოლარის უდიდესი დაწილი, მასა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის და უკან არაფერი ბრუნდება. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველი საბჭო ორი ჯგუფისგან შედგება - ერთია, უშუალოდ ყოფილი მმართველი პარტიის „ნაც.მოძრაობისადმი" დაქვემდებარებული ჯგუფი ვგულისხმობ, ადეიშვილის სამეგობრო წრეს, მეორე - უბრალოდ, ტექნოკრატები არიან, რომლებიც ნებისმიერი მმართველის პირობებში ნებისმიერ დავალებას ასრულებენ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ გასცემს დავალებას - ჰიტლერი თუ ნებისმიერი კეთილშობილი ადამიანი. როცა ასეთი ბალანსია - ადეიშვილის მხარდამჭერები და უბრალოდ კარგი შემსრულებლები, ბუნებრივია, მმართველი საბჭო ისე იქცევა, როგორც „ნაც.მოძრაობას" აწყობს: რეფინანსირების განაკვეთს არ ზრდიან, რაც შეიძლება ლარის კურსის რეგულირების საშუალება იყოს, დოლარის მასას ისევ ბაზარზე არ აბრუნებენ, ქართულ ბაზარზე დოლარის რეალიზაციას არასწორი თანმიმდევრობით ახდენენ - ხან გამოუშვებენ, ხან შეწყვეტენ, მერე, უცებ,ჩვენი სარეზერვო ფონდებიდან ერთბაშად უშვებენ დოლარს. ეს, ცხადია, დივერსიული პოლიტიკაა. შევაჯამოთ, ლარის გაუფასურებით გამოწვეული ფაქტორები: პირველი - საქართველოში ბიზნესს არავინ არეგულირებს; მეორე - ადეიშვილთან დაახლოებული კლანი ეროვნული ბანკისხელში არსებული რესუურსებით მანიპულირებს; მესამე - საქართველოს მთავრობა არ ზრუნავს, რომ იმპორტული პროდუქცია ჩავანაცვლოთ, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, ექსპორტზე, რაიმე სერიოზული ინდუსტრიული ნაწარმი გავიტანოთ და მეოთხეა - საერთაშორისო ფაქტორები.
- გამოდის, ლარის ვარდნა წმინდა სპეკულაციაა. 2000 წელს ლარი დოლართან მიმართებაში 2.45-ზე ავიდა, თუმცა, მაშინ კურსის დასტაბილურება მალევე მოხერხდა. რა ხდება ახლა, რატომ ვეღარ „ვიჭერთ" ლარს?
- 2000 წელს მსოფლიოში ეკონომიკური ბუმი იყო. 2008 წლის მერე მთელი მსოფლიო კრიზისშია. 2000 წელს, პირიქით, მხოლოდ საქართველო იყო კრიზისში, მსოფლიო კი განვითარების გზას ადგა, განსაკუთრებით, ჩვენს სამეზობლოებში. მეორე და მთავარი - მაშინ ეროვნულ ბანკში შედარებით პროფესიონალები იყვნენ, რომლებიც რომელიმე ძლიერი ოპოზიციური პარტიის მანიპულაციის საგანს არ წარმოადგენდნენ. დღეს, საერთაშორისო მდგომარეობაც გაუარესებულია და, რაც მთავარია, ეროვნული ბანკი პოლიტიკური მექანიზმია. კონსტიტუციაში დევს მუხლი: პრეზიდენტს ვირჩევთ ხუთი წლით, პარლამენტს - ოთხი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს - 7წლით. რატომ? - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კონსენსუალური ფიგურა უნდა იყოს, ყველას ინტერესების გამტარებელი და დამცველი, რომელიც პოლიტიკურ ბატალიებში და დაპირისპირებებში კი არ უნდა ერთვებოდეს, არამედ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ისეთივე გარანტი უნდა იყოს, როგორიც წესით, პრეზიდენტი კონსტიტუციური უსაფრთხოებისა. ეროვნული ბანკი პოლიტიკური პროცესისგან სრულიად გამიჯნული უნდა იყოს. ამის ნაცვლად, სახეზე გვაქვს ის, რომ ეროვნული ბანკი, მთლიანად, ქვეყნის დესტაბილიზაციაზე მუშაობს.
- მიუხედავად იმისა, რომ დოლარზე ვართ მიბმული, იგი ქვეყანაში მაინც არ მუშაობს. დოლარით ვაჭრობის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ბანკებს აქვთ. სწორედ, აქ ხომ არ მარხია ძაღლის თავი, მცირედი რყევებითაც კი ხომ დიდი ფული კეთდება?
- რა თქმა უნდა, ეს მანიპულაციები, ლარის თამაში გარდა იმისა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენაა მიმართული, ასევე ემსახურება იმას, რომ ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა საბანკო დაწესებულებებმა კიდევ უფრო მეტი მოგება ნახონ. თუ ოდესღაც, ვთქვათ, ხელფასი 167 ლარი მქონდა, დღეს, ჩემი ხელფასი ისევ 167 ლარია, მაგრამ ბანკში გადასახდელი მაქვს 238 ლარი. ანუ დამატებით უნდა ვიშრომო, მოვიპოვო რესურსი - დამატებითი 70 ლარი და ისიც ბანკს გადავუხადო, ანუ მთელი მოგება მათთან მიდის. მაგრამ, თქვენ, სხვა კუთხით, ძალიან საინტერესოდ დასვით შეკითხვა. ვინ არეგულირებს საქართველოში ბანკებს? - წესით, ეროვნულმა ბანკმა უნდა დაარეგულიროს. ეროვნული ბანკის ვალდებულებაა ისიც, რომ ლარი როგორც ეროვნული ვალუტა არა მხოლოდ გაამყაროს, არამედ მის მიმოქცევაში შესვლას, სიძლიერეს შეუწყოს ხელი. საქართველოში, ფაქტობრივად, არანაირი რეგულაციაარ არსებობს, რომელიც ლარს მხარს დაუჭერს. ბანკები კრედიტებს დოლარში გასცემენ. ქვეყანაში ბინას ლარად ვერ იყიდით, ეს შეუძლებელია. ბანკები, მიზანმიმართულად, ყველა ოპერაციას დოლარში ახორციელებენ - დოლარით ხდება კრედიტის გაცემა, ბინის, მანქანის შესყიდვა და ა.შ. სერიოზული რამის ყიდვა თუ გინდა, დოლარში უნდა იყიდო,თუ კრედიტის გამოტანა შედარებით შეღავათიან პირობებში გინდა, დოლარში უნდა გამოიტანო. ლარი მეორეხარისხოვან, არაფრის მსყიდველობით უნარის მქონე ერთეულადაა გადაქცეული, რაშიც დიდი წვლილი სწორედ საქართველოს ბანკებს მიუძღვით. რატომ აკეთებენ ამას? - იმიტომ, რომ თუ ისინი კრედიტებს ლარში გასცემენ, სხვადასხვა ურთიერთობებში ლარის ბრუნვას შეუწყობენ ხელს, მაშინ ისინი კურსის მონაცვლეობით მანიპულაციას და საკუთარი მოგების მაქსიმალიზაციას ვეღარ მოახდენენ. მათ აწყობთ ეს მოგებები, კურსის მერყეობა და ისიც, რომ მოსახლეობამ, რომელიც ლარზე მუშაობს ყველანაირი გადასახადი თუ კრედიტი დოლარში გადაიხადოს, რათა ამით მათი შემოსავალი, ძალაუფლება, შესაძლებლობები გაიზარდოს. საქართველოში ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესის ფლობა შეეზღუდათ. დღეს, საქართველოში, არიან ბანკები, რომელბიც ფლობენ ღვინის, ბოთლის, საცობის წარმოებებს, უნივერსიტეტს, სარეკლამო, სალიზინგო დაწესებულებებს, ტურისტულ, სამშენებლო კომპანიებს, ანუ ყველაფერს. ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ბანკი შეიძლება იყოს ან კომერციული ან საინვესტიციო დაწესებულება. მათ, უფლება არ აქვთ არაპროფილურ, სხვა დარგის ბიზნესებში ჩაერიონ, იქ მონოპოლიები დაამყარონ, ამით საკუთარი ჯიბეები გაისქელონ, მერე, ეროვნული ბანკი დაიმორჩილონ, რითაც ლარის კურსის მერყეობა გამოიწვიონ და მერე, ამით თავისი მოგება გაჭირვებული მოსახლეობის ტანჯვის, შრომის და მინიმალური ანაზღაურების ფასად, გაიორმაგონ, გაიასკეცონ. სახელმწიფო დუმს იმიტომ, რომ მას ბანკების წინააღმდეგ წასვლისეშინია. იმიტომ, რომ რეალურად, ქვეყანაში შიდა სახელმწიფოები არსებობს. საქართველო პოლიტიკური სახელმწიფოა, მაგრამ აქ, რამის გაკეთება თუ გინდა შიდა სახელმწიფოსა და ბანკების მიერ შექმნილი დიდი იმპერიებისგან მხარდაჭერა გჭირდება. შესაბამისად, დღეს, პოლიტიკური ელიტის უდიდესი უმრავლესობა კომერციული და ბიზნეს-ელიტის მონაა. ისინი, მათ, თავიდან ბოლომდე აკონტროლებენ.
- კომერციული ბაკები 90-იანი წლებიდან მომრავლდა, სახელმწიფო დიდ აფიორაში გაეხვა, მოსახლეობას მთელი ფული ჯიბიდან ამოაცალეს, გააპროლეტარიატეს. ფაქტობრივად, ქვეყანა დაანგრიეს...
- ...და ეს ნგრევა დღემდეგრძელდება, არ შეჩერებულა. იცით, რას აკეთებენდღეს,ეს ბანკები? - მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებზე, ინტერნეტ-საბანკო დაწესებულებებზე კრედიტებს გასცემენ. წელიწადში 392%-ია გადასახდელი. ნებისმიერ ახალგაზრდას მხოლოდ პირადობის მოწმობით შეუძლია ინტერნეტ-ვალის - ელექტრონული კრედიტის აღება. კრედიტებს იღებენ კიდეც იმიტომ, რომ პირადობის მოწმობის გარდა, სხვა არაფერია საჭირო და შემდეგ, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებისთვის 392%-ის გადახდაუწევთ. ვგულისხმობ, ვივუს.ჯის და სხვა ორგანიზაციებს. ანუ, ეს ბანკები იმის ნაცვლად რომ მართლა რაღაცაში აბანდებდნენ ფულს, რაც ქვეყანას შედეგს მოუტანს, ძირითადად, თანხას ასეთ მძარცველურ ორგანიზაციებში აბანდებენ. სახელმწიფო კი მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონს არ იღებს, რაც ამ ბაზარს დაარეგულირებდა და ადამიანს ხელს შეუწყობდა ასეთი კოლოსალური პროცენტული განაკვეთი არ გადაეხადა.
- კომერციული ბანკები, აბსოლუტურად, უკონტროლო ზონაა.
- რა თქმა უნდა, ასეა.აქვე, ერთიც უნდა აღინიშნოს. ვინ დგანან ბანკის სათავეებთან: ნიკა გილაურის ძმა, რომელიც „საქართველოს ბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრი და მოწილეა; ლადო გურგენიძე, სააკაშვილის მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ლიბერთი-ბანკის" მფლობელი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ბიზნესზე უამრავ მონოპოლიას ფლობს; „თი-ბი-სი ბანკი", რომელიც არამარტო საბანკო, არამედ ყველა სხვა სფეროში ცდილობს მონოპოლიის მოპოვებას და საქართველოს წყლის რესურსებს კაპიკების ფასად ხელში იგდებს. ანუ, ამ ბანკების უკან, რეალურად, არა მხოლოდ ის ბოროტი ძალები დგანან რომლებიც ჩვენ გვაღარიბებენ, არამედ ისინი „ნაცმოძრაობის" დროს გაჯეჯილებული, გაძლიერებული ხალხია, რომელთა დიდი უმრავლესობა დღემდე კონკრეტულ პოლიტიკურ ბანაკს - „ნაცმოძრაობას" წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა, მას, ვერაფერს უბედავს. ასე, რომ ჩვენს წინააღმდეგ დივერსია მოდის არამხოლოდ ეროვნული ბანკისგან, საპარლამენტო უმცირესობისგან და საკრებულოს რიგი წევრებისგან, არამედ ამ ბანკებისგანაც, რომლებიც კონკრეტულ პარტიას - „ნაცმოძრაობას" და მის ინტერესებს წარმოადგენენ. მათ იმ პოლიტიკის შენარჩუნება აწყობთ, რაც სააკაშვილის დროს იყო. მათ, სააკაშვილის დროს, ბიუჯეტში დამატებით გადასახადს არავინ სთხოვდა, არაპროფილური ბიზნესის ფლობას არავინ უზღუდავდა, ასე ვთქვათ, ბენდუქიძისეული სამოთხე ჰქონდათ შექმნილი. მათ სამოთხეში ფული, ჩვენს ხარჯზე, კიდევ უფრო მეტად მიედინება. ესაა სამწუხარო, თორემ ბიზნესი რომ უნდა არსებობდეს და მოგება უნდანახოს, ამაზე არავინ დაობს. მათი გამდიდრება კონკურენციის ხარჯზე კი არა, ადამიანების ჩაგვრის, გაღარიბების ხარჯზე ხდება.
- ბენდუქიძე ახსენეთ და მისი გეგმით ლარი საერთოდ უნდა ამოეღოთ მიმოქცევიდან.
- არ ვიცი, მაგ მხრივ, რას აპირებდა, მაგრამ მან მთავარი გეგმა განახორციელა - ჩვენ არაფერს არ ვფლობთ. საქართველოში, ახლაღა დაიწყო პროცესი, რამდენიმე სახელმწიფო საავადმყოფოს გაკეთების. ალბათ, იცით, ფოთის პორტში გაფიცვა მიმდინარეობს. ფოთის პორტი 17-მა კომპანიამ დაინაწილა. ქვეყნის კარიბჭეს, მთავარ ეკონომიკურ არტერიას სახელმწიფო კი არ ფლობს, არამედ 17 სხვადასხვა წვრილი კომპანია, რომლებიც მოგებას დოლარში ნახულობენ და დასაქმებულებს ლარში მიზერულ ხელფასებს უხდიან. ხალხი ხელფასის გაზრდას ითხოვს. ვიმეორებ, ბენდუქიძის პოლიტიკამ მოგვიტანა ის, რომ არაფერს არ ვფლობთ. როგორ შეიძლება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები სახელმწიფოს საკუთრება არ იყოს. ფოთის პორტი რომელიღაც ფუნდუკი, რესტორანი ხომ არ არის?! იგი საქართველოს გეო-პოლიტიკური მნიშვნელობის განმსაზღვრელი ობიექტია, ისევე როგორც რკინიგზა.
- ლევან, უკვე წლებია სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით ქვეყნის „შენებას" ვერ გავცდით. ეროვნული ბანკი ამჯერადაც სავალუტო ფონდის რეკომენდაციას მისდევს და ლარს მცურავ რეჟიმში ინარჩუნებს, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის, მიუღებელია.
- მსოფლიო სავალუტო ფონდი არის დაწესებულება, რომელიც მთელს მსოფლიოში სძულთ. მან მხოლოდ საქართველოს საწინააღმდეგოდ როდი გადადგა ნაბიჯი. ახლახან, საბერძნეთში არჩევნები ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მოიგო, პრემიერ-მინისტრი მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი გახდა.მას ხალხის მხარდაჭერა, პოლიტიკური ხელისუფლება, რეფორმების ძალიან ამბიციური და სერიოზული გეგმა აქვს, მაგრამ ვერაფერს აკეთებს იმიტომ, რომ კრიზისის შემდეგ საბერძნეთზე ხელი აქვს დადებული „ტროიკას", რომლის შემადგენლობაშია - იბიარდი, სავალუტო ფონდი და ევროკომისია. ანუ, ესენი ეროვნულ ხელისუფლებებზე მაღლა დგანან. მსოფლიო სავალუტო ფონდი ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მაღლა დგას. მათ უკვე საერთაშორისო ძალაუფლება მოიპოვეს და საქართველოსაც, სხვა ქვეყნებსაც ძალიან ცუდად ექცევიან. მათ თავიანთი მიზნები აქვთ, მიაჩნიათ რომ ჩვენისთანა ქვეყანაში ინდუსტრია არ უნდა განვითარდეს იმიტომ, რომ ეს დამატებით პრობლემებს შექმნის. მათ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა, შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ანაღვლებთ. მათთვის მთავარია მსოფლიოში ამ საერთაშორისო კომერციულ ორგანიზაციებს საფრთხე არ შეექმნათ. ანუ საერთაშორისო ბიზნეს-ელიტებს კარგი მდგომარეობა ჰქონდეთ. სავალუტო ფონდს ან მსოფლიო ბანკს ვერ დავადანაშაულებთ იმაში, თუ რატომ არ ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეზე და რატომ შემოდიან ქვეყანაში თავიანთი ბოროტი მიზნებით. მაგრამ აქ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უთხრას - ჩემს მოქალაქეზე ვზრუნავო და რაშიც საჭიროა შეეწინააღმდეგოს. მაგრამ არც 90-იან, არც 2000-იან წლებში და არც ახლა მათ ძირითად ხაზს ვერ ვეწინააღმდეგებით. არადა, მათი რჩევა მათთვისვეა სასარგებლო.
ეს მდგომარეობა კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. შეიძლება ერთ-ორ თვეში ლარი დაარეგულირონ და 2.30-ზე შეინარჩუნონ, მაგრამ იგი ძალიან მყიფე იქნება სანამ ექსპორტს არ გავზრდით, სანამ გადასახადებს არ დავაწესებთ, რათა ამ ადამიანებმა რაღაც ქვეყანაშიც დატოვონ. მანამდე კი როგორც კი ბანკებს დასჭირდებათ ლარის კურსის მერყეობა გამოიწვიონ, ასეც მოიქცევიან.
თამარ შველიძე
გაზეთი „საერთო გაზეთი"