reportiori.ge - მერაბ შათირიშვილი: შინაური და გარეული პოლიტიკური აფერისტები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:52
პრეს-დაიჯესტი
მერაბ შათირიშვილი: შინაური და გარეული პოლიტიკური აფერისტები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავენ!
ავტორი:
21 მაისი, 2015. 18:49


„საერთო გაზეთის" სტუმარია მერაბ შათირიშვილი. მწერალი, საზ. მოძრაობის „ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი.


- ბატონო მერაბ, როგორ შეაფასებდით დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, ხელისუფლება რესპუბლიკურმა პარტიამ ჩაიგდო ხელში, პარტია „ქართული ოცნება" კი გარდაიცვალაო, ამბობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, თქვენც ასე ფიქრობთ?

 

- მთავარი პრობლემა არის ის, ქვეყანაში რომ 2012 წლის განცდა დაიკარგა. ე.ი. რა მინდა ამით გითხრათ? იცით, „ქართულმა ოცნებამ", და მის კოალიციაში შემავალმა პარტიებმა დაკარგეს 2012 წლის პირველი ოქტომბრის განცდა. განცდა, რისთვისაც მოდიოდნენ ხელისუფლებაში და რა მდგომარეობაშიც იყო მაშინ საქართველო. ახლა რა ხდება და რა კატასტროფული შედეგები მოიტანა ამან პოლიტიკური თვალსაზრისით? საქართველოში 90-იანი წლებიდან პარტიები, რომლებიც დამარცხდნენ არშემდგარ პარტიებად გამოცხადდნენ და პირველი შემთხვევა იყო, რომ 2012 წელს დამარცხებული პარტია შედგა პარტიად. თანაც, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთი დამარცხებული პარტია 2012 წლამდე არ ხასიათდება იმ დანაშაულებებით, იმ მასშტაბის დანაშაულებები არავის ჩაუდენია ქვეყანაში, როგორიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ". ეს შეცდომა ყველა შემთხვევაში ეკისრება „ქართულ ოცნებას" და მის კოალიციას. „ნაცმოძრაობა" და მათი ლიდერები, იდეოლოგები, თავები, ასე ვთქვათ, ცხადდებიან სახელმწიფო დამნაშავეებად, სხედან ციხეებში და მათთვის სასამართლოს კანონიერად აქვს მისჯილი, ასე ვთქვათ, დამსახურებული სასჯელი, რიგი ფიგურები კი, რომლებიც ასევე იდეოლოგები არიან ამ პარტიისა, იძებნებიან და ისინი, ფაქტობრივად, ქვეყანას არიან გარიდებულნი. ამ სამართლებრივ დევნას უცხოელები აფასებენ, როგორც პოლიტიკურ დევნას და არც ერთი დამნაშავის ექსტრადირება არ მოხდა. რატომ? იმიტომ რომ, საქართველოში სახელისუფლო ძალა და მთავრობა თვითონვე აცხადებს, რომ ეს პარტია არის ოპოზიციური ძალა. ჩვენ ვიცით, 9 წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" თვალში აყრიდა ნაცარს ევროპას და უმტკიცებდა, რომ აქ იყო დემოკრატია აყვავებული და „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ დემოკრატიის ახალი პიონერები და ამ დროს ვიცით, რომ ყველაფერი იყო ფასადური. ახალმა ხელისუფლებამ ევროპას არ დაუმტკიცა, რომ ეს იყო 9-წლიანი ტყუილი, ფარდა ბოლომდე არ გაუხსნა, არ გააშიშვლა რეჟიმი.


- რატომ არ გააშიშვლა რეჟიმი, რატომ აცოცხლებს ამ პარტიას?

 

- იმიტომ რომ, აქ იყო ქვეცნობიერი შიში, შიში იმის, რომ ამ ხელისუფლებას პრორუსულობა არ დაბრალებოდა. ე.ი. 2012 წელს დაწყებული ბრძოლა ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მე ადრეც ვამბობდი, რომ გველეშაპი კუდს აქიცინებს, საჭიროა კუდის მოკვეთა, არ მოხდა ეს, და გველეშაპი წამოიწია. დღეს, უკვე ბრდღვინავს და თავებიც მოუმრავლდა. 2012 წელს საბოლოოდ უნდა ამოძირკვულიყო „ნაცმოძრაობა", როგორც პარტია და ამის საფუძველი უკვე გამარჯვებულ ძალას ჰქონდა. ჩემოდნებზე მსხდარი ნაცების, რომლებიც კანკალებდნენ და  გეგმავდნენ, როგორ გადარჩენილიყვნენ,  გაცოცხლება არ უნდა მომხდარიყო, უნდა დაწყებულიყო იმ ავადსახსენებელი ფარული ჩანაწერების გამოაშკარავება, ზუგდიდში რაც ამოთხარეს და ნახეს. დიახ, ამ ფაილების გასაჯაროება იყო საჭირო. კამეჩის ნეხვს ქერქი ბოლომდე უნდა მოხდოდა, ეს ჭიები უნდა აფუთფუთებულიყვნენ, ის სიმყრალე უნდა გასულიყო სივრციდან, გამიგეთ?! არ მოხდა ეს. „ქართულმა ოცნებამ" თავისი გაუბედაობით, იმით, რომ ევროპის გული მოეგო, დაინდო „ნაცმოძრაობა" და როგორც პოლიტიკური პარტია, შეინარჩუნა. ყველაფერ ამას ხელი შეუწყვეს „ქართული ოცნების" კოალიციაში შემავალმა პარტიებმაც, კერძოდ, „რესპუბლიკელებმა" და „თავისუფალმა დემოკრატებმა". მერწმუნეთ, ეს პარტიები იდეოლოგიურად დღესაც „ნაცმოძრაობას" ეყრდნობიან, „ქართული ოცნება", როგორც პარტია, ამიტომაც ვერ შედგა. მერწმუნეთ, „რესპუბლიკური პარტია" , ალასანია, მარგველაშვილი და ბოკერია, იგივე სააკაშვილი გაერთიანდებიან, ეს არის შესანიშნავი ოთხეული, ევროპა ცდილობს, რომ, აი, ეს ძალა მოვიდეს 2016 წელს ხელისუფლებაში, დიახ, ამას ცდილობს ევროპა, არსებობს გეგმა, რომ ბიძინა ივანიშვილი გადააგდონ. მისი რესურსების გამოყენება მოხდა და მორჩა, აღარ სჭირდებათ, ვიმეორებ, ივანიშვილის გადაგდებას აპირებენ. მათ პოლიტიკაში სახალხო პერსონები არ სურთ, ამიტომ მოხდა მისი რესურსის გამოყენება, და ახლა აღარ სჭირდებათ, ცხადია, ამას ხელი შეუწყვეს მისმა მრჩევლებმაც და მისმა პოლიტიკურმა გულუბრყვილობამ. მეტსაც გეტყვით, წარმოიდგინეთ, არა მარტო ამ პარტიებზეა საუბარი, ლაპარაკია თვითონ „ქართულ ოცნებაში" მყოფ ადამიანებზეც, რომლებიც იდეურად უკვე ვექტორს მოატრიალებენ ამათკენ, როგორც კი პრინციპში ამ ძალის მობილიზება მოხდება პოლიტიკურ სივრცეში. არ მინდა ახლა თქვენი გაზეთის საშუალებით გავამწვავო ურთიერთობა და მათი სახელები ვთქვა, მაგრამ მიმიხვდებიან თვითონ „ქართული ოცნების" ის მოთავეები,  ვისაც ნადვილად უნდა საქართველოში სიკეთე, რომ შიგნითვე ჰყავთ უკვე ფიგურები, რომლებმაც მოაძლიერეს თავიანთი კლანი და მზად არიან, როგორც კი, აი, ეს ევროპაში დაგეგმილი და კარგად გათვლილი პოლიტიკური მიზანდასახულობა აციმციმდება, იმ წამსვე ამ ძალებთან გადაინაცვლებენ.


- ვის გულისხმობთ?

 

- ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მოკლედ, ჩამოვთვალეთ ახლა ჩვენ პარტიები და დავხატეთ, რა სცენარი შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში და თქვენ გგონიათ, რომ ესენი მართლაც პროევროპული ძალები არიან? რა თქმა უნდა, არა, ესენი არიან მედროვე პოლიტიკური ძალები. საქართველოში საქართველოსთვის არსებული ძალები აღარ არიან უკვე. ეს არ უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მან თავიდანვე პოლიტიკური თამაში დაიწყო შეცდომით. მე არაერთხელ მითქვამს თქვენი გაზეთის საშუალებით, როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა - არ გააცოცხლოთ პოლიტიკურ სასაფლაოზე დაკრძალული პოლიტიკური გვამები, ნუ იზამთ ამას-მეთქი, მაგრამ ვინ დაიჯერა. ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ „ქართული ოცნების" სახელით რომ შეექმნა ერთობა, ის შედგებოდა, როგორც პარტია და ის გაცილებით მეტი დეპუტატით, აბსოლუტური უმრავლესობით მოვიდოდა პარლამენტში. ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი და ყველაფერს უყურებდა ვარდის- ფერებში. მას ეგონა, რომ თუკი ამ პარტიებს გვერდზე დაიყენებდა და დაამარცხებდა „ნაცმოძრაობას" ყველაფერი წავიდოდა ისე, როგორც იყო ჩაფიქრებული, თუმცა შეცდა.


მერწმუნეთ, რომ საქართველოში, როგორც კი საგარეო ვექტორი გადმოიხრება რუსეთისკენ, ამ ძალებს, რომლებიც ახლა პროევროპულობას „აწვებიან" და დუღილის ტემპერატურას ძალიან მაღლა სწევენ, რითაც, სხვათა შორის, აზიანებენ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, აზრი შეეცვლებათ. ასე რომ, საქართველოში პოლიტიკური ნებელობა არ არის ქართული. ხიდაშელის დანიშვნა არ არის ქართული ინტერესებისთვის. ეს არის დამღუპველი ქვეყნისთვის და თავად ბიძინა ივანიშვილისთვისაც, ვიდრე მმართველ გუნდში გონს არ მოეგებიან არაფერი გვეშველება.


- ბატონო მერაბ, ვინ იღებს დღეს გადაწყვეტილებებს რეალურად?

 

- ახლა რომ გითხრათ, ვინმე იღებს დღეს გადაწყვეტილებებს საქართველოში-მეთქი, ტყუილი იქნება. ქართველი საქართველოში გადაწყვეტილებას ვერ იღებს, გადაწყვეტილებების მიღება ხდება გარე და შიდა პოლიტიკური ძალების მიხედვით. ლუკაშენკო ბელარუსი ხალხის ბელარუსელი პრეზიდენტია, იგივე ალიევი აზერბაიჯანელი ხალხის აზერბაიჯანელი პრეზიდენტი, საქართველოს კი არ ჰყავს ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ფიგურები. აი, ასეთი სურათით 2016 წელსაც ქაოსს მივიღებთ. პარლამეტში ძირითადად იგივე ძალები იქნებიან წარმოდგენილნი. უფალი თუ გადმოგვხედავს, თვითონ ხალხის წიაღიდან უნდა წამოვიდეს რაღაც ძალა, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაიცავს, სხვა შემთხვევაში ქვეყანა წავა სწორედ იმ გზით, რა გზითაც მიდის უფსკრულისკენ. მედროვეების პოლიტიკური იდეოლოგიაა ქვეყანაში და მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერ ნავში გადასკუპება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი სიკეთეებით და მთელი თავისი რეიტინგით დიდი საფრთხის წინაშეა. ის შეიძლება პოლიტიკური აფერისტების აფიორის მსხვერპლი გახდეს, თუკი არ მოხდა ხელისუფლების ხალხთან ახლოს მისვლა და ახალი ძალების ამოწევა.

 

ქეთი ხომერიკი

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016