დღეს „ახალგაზრდა ადვოკატები", თბილისის მერიასა და „სითი პარკს" შორის არსებული ხელშეკრულების სამართლებრივ ანალიზს წარმოადგენს და ხელშეკრულების დღემდე უცნობ დეტალებს გაასაჯაროებს.
რა აჩვენა ხელშეკრულების ანალიზმა? რა მუხლებია გამოტოვებული და რა მუხლები - გასაიდუმლოებული? „ალიას" ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელი, ჯაბა სირაბიძე ისაუბრა:
- ჯაბა, ნარმანიამ განაცხადა, ხელშეკრულება მერიის და თბილისელების საზიანოდ არის შედგენილიო. რა მუხლებია ისეთი იქ, რომლის გამოც ასე გამწარებულები არიან თბილისელები?
- ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის მერიასა და კომპანია „სითი პარკს" შორის 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, არ გამორიცხავს, პარკირების თაობაზე თბილისის მერიის ყოფილ ადმინისტრაციასა და მოქმედ კომპანიას შორის არსებობდეს ჯერ კიდევ საზოგადოებისთვის უცნობი, სხვა „ჩრდილოვანი ხელშეკრულებები", რომლებიც დედაქალაქის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების ფინანსურ ინტერესებსა და კომპანიასთან კარტელურ გარიგებებს გულისხმობდეს.
- რას გულისხმობთ კონკრეტულად?
- არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისის მერიასა და კომპანია „სითი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილი ჯერ კიდევ საიდუმლოა. მოსაზრებას ამყარებს ხელშეკრულების შესწავლის დროს გამოკვეთილი გარემოება. კერძოდ, თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტში და მასში შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებში, რომელიც თბილისის მერიის მიერ იქნა წარმოდგენილი, ხელშეკრულებისთვის არსებითი მნიშვნელობის გარკვეული პუნქტები გამოტოვებულია.
- რომელი მუხლებია, რომლებიც მერიისა და ხალხის სასარგებლოდ არაა?
- ხელშეკრულებამ წლების განმავლობაში, რამდენიმე ცვლილება განიცადა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვნად უნდა ჩაითვალოს თბილისის მთავრობის 2011 წლის 28 მარტის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულებაში შევიდა მორიგი ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
ხელშეკრულების ანალიზით დგინდება, რომ მხარეები ხშირ შემთხვევაში არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ხელშეკრულების ის ნორმები, რომლებიც შემოსავლების განაწილების საკითხს აწესრიგებს. ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მერიას უნდა მიეღო პარკირების შემოსავლების 60% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი, ხოლო კომპანიას - პარკირების შემოსავლის 40% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი.
ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შემოსავლების დიდ ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს, მაგრამ უცნობია მერიისა და კომპანიის მიერ მისაღები თანხის რეალური შეფარდება. უნდა ხელშეკრულებით არ კონკრეტდება, დამატებითი მომსახურების შემოსავლად რა უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად, სხვა სახით გენერირებული თანხების (გარდა პარკირების საფასურისა) განაწილების საკითხი ბუნდოვანია და კითხვებს ბადებს ხელშეკრულების ფინანსურ ნაწილზე.
- როგორ იქნება ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხი, მერიამ რომ მოინდომოს? რადგან ცნობილია, რომ 6 თვის წინ შევიდა იქ აუდიტი და დღემდე არ გააცნეს თბილისელებს დასკვნა.
- ხელშეკრულების 12.2 პუნქტით გათვალისწინებულია კომპენსაციის რაოდენობა, რომელიც თბილისის მერიამ უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების მე-9 მუხლის პირობის დარღვევისთვის, რაც კომპანიისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების მესამე პირებისთვის გადაცემას გულისხმობს. ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არანაკლებ საყურადღებოა ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, კომპანიის მხრიდან გარკვეული ვალდებულებების შესრულებამ სავალდებულო ხასიათი დაკარგა, როგორიც არის, მომსახურების განსახორციელებლად ტექნოლოგიური სისტემების დამონტაჟება, ხელშეკრულების მე-16 მუხლის თანახმად, სპეციალური თანხმობის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, კომპანია „სითი პარკი" ვალდებული იყო, დედაქალაქის ტერიტორიაზე განეთავსებინა პარკირების საფასურის გადახდის სპეციალური მოწყობილობები. ასევე, საყურადღებოა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გახანგრძლივებაც, რაც თავის დროზე, როგორც მთლიანად ხელშეკრულებაც, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენდა.
- რატომ იყო აქამდე ხელშეკრულება საიდუმლო? მისი კაბალურობის გამო?
- ხელშეკრულების ანალიზმა ცხადყო, რომ მისი „გრიფით საიდუმლოდ" შენახვაც კანონდარღვევით მოხდა, ვინაიდან ხელშეკრულება წარმოდგენილი ტექსტით, არ განეკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოების კატეგორიას.
- რას აპირებთ?
- ორგანიზაცია მიმართავს დედაქალაქის თვითმმართველობას, უზრუნველყოს თბილისის მერიასა და კომპანია „სითი პარკს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზა. ამასთანავე, „ახალგაზრდა ადვოკატები" ეხმაურება წინადადებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია დედაქალაქში საქმიანობა „სითი პარკის" ალტერნატიულმა კომპანიამ დაიწყოს და მიიჩნევს, რომ ინიციატივა, ასევე ახალი რისკებისა და სირთულეების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მოქალაქეებისთვის, თუკი არ იქნება საკითხის ეკონომიკური და სამართლებრივი მხარე ობიექტურად დასაბუთებული.
- როგორ შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულება?
- შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მაგრამ ვალდებულება წარმოიშვება ორივე მხარეს, თუ ვადამდე შეწყვეტას გადაწყვეტენ. ხელშეკრულება თუ დაირღვა, იქნება მილიონობით ლარის კომპენსაცია გადასახდელი, რადგან ამ კომპანიას აქვს ექსკლუზიური უფლება ბაზარზე ოპერირების. ხელშეკრულება თუ შეწყდება არასაპატიო მიზეზით, სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს. ეს არის ერთგვარი დაცვის მექანიზმი მხარეებისთვის. ხელშეკრულება ისეა გაკეთებული, რომ დღევანდელი მთავრობა ვერ გადის ამ ვალდებულებებიდან. ხელშეკრულების დიდი ნაწილი უკვე არაა საიდუმლო, მაგრამ არის პუნქტები, რომლებიც საიდუმლოა და, ალბათ, მისი გასაჯაროებაც მოხდება.
- ვინ უნდა მიეცეს პასუხისგებაში?
- ეს გამოძიების საქმეა, ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება, უკვე მიმდინარეობს გამოძიება.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"