reportiori.ge - სოსო ჯაჭვლიანი: პირადად მე რიგის სამიტს პროტესტის ნიშნად დავტოვებდი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:29
პრეს-დაიჯესტი
სოსო ჯაჭვლიანი: პირადად მე რიგის სამიტს პროტესტის ნიშნად დავტოვებდი!
ავტორი:
25 მაისი, 2015. 13:12


4 წლის წინათ, 2011 წლის 26 მაისის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 1500-მდე მშვიდობიანი მომიტინგის წინააღმდეგ, სააკაშვილის რეჟიმმა 5000-მდე სპეცრაზმელი, პოლიციელი და ზონდერი გამოიყვანა და დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე სისხლის მდინარეები დააყენა. ეს იყო ქართული „ბართლომეს ღამე"! ეს იყო გაუგონარი სისასტიკე, როცა ნიღბიანმა და ჩაფხუტიანმა მანქურთებმა ხალხი ძვლებში დალეწეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და სველ ასფალტზე დაყარეს. ცემით მოკლეს აქციის ორი მონაწილე - თბილისელი ნიკა კვინტრაძე და ვანის რაიონის მკვიდრი სულიკო ასათიანი, რომელთა ცხედრებიც მაღაზიის სახურავზე შემოაწყვეს და „დენდარტყმულებად" გამოაცხადეს. ცნობილი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, მაშინ სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და 26 მაისის ღამეს სააკაშვილის „იანიჩრებმა" სასტიკად სცემეს, მერე კი ერთი თვით საპყრობილეში გამოკეტეს. თვლის თუ არა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რომ 26 მაისის საქმეზე სამართლიანობა აღდგა? - სოსო ჯაჭვლიანს სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ვესტუმრეთ, თუმცა, ჩვენი ინტერვიუ მაინც უკანასკნელი მოვლენების, კერძოდ, რიგის სამიტის შეფასებით დაიწყო:


- ევროპა აშკარად გვეღადავება - უვიზო რეჟიმის მაგივრად, ხის სასტვენები გვაჩუქეს, ჩაჰბერეთ და ისიამოვნეთო, არადა, ამ ღადაობა-ღადაობაში ქვეყანა თავზე გვემხობა.


რიგის სამიტზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი პატრონი არავინ არის და საკუთარი თავის გარდა, არავის იმედი არ უნდა გვქონდეს. დიახ, თუ არ გამოვფხიზლდით და საკუარ თავს თავად არ მივხედეთ, ვერც რიგის სამიტი, ვერც ვაშინგტონის სამიტი და ვერც მოსკოვის სამიტი ვერაფერს გვიშველის.


ხომ ხედავთ, ამერიკის სახელმწიფო მდივანი კერი პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა და ყირიმის ანექსიაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ეს რატომ ხდება? - იმიტომ,რომ ევროპასაც და ამერიკასაც რუსეთის შიში და რიდი აქვთ.


აქედან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და საგარეო პოლიტიკაში ისეთი ბალანსი დავიჭიროთ, რომ ეს ჩვენი პატარა ქვეყანა თავზე არ ჩამოგვემხოს.


- სამიტის პარალელურად რიგაში იმყოფებოდა ძებნილი სააკაშვილი,რ ომელიც ევროპის სახალხო პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მიიწვიეს. მოკლედ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია და სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებში მხილებული, ძებნილი სააკაშვილი გვერდიგვერდ შენობებში მართავდნენ შეხვედრებს.

 

- სამიტის დღეს რიგაში სააკაშვილის მიწვევა საქართველოს შეურაცხყოფა და ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება იყო!


წარმოიდგინეთ, ძებნილი სააკაშვილი ლატვიის მთავარმა პროკურორმა მიიღო. დიახ, კაცს, რომელიც, წესით, უნდა დააპატიმრონ და საქართველოს გადასცენ, ევროპაში პატივით ხვდებიან! რა უნდა დავარქვათ ამას, თუ არა საქართველოს ხელისუფლების უპატივცემულობა და ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება?!


პირადად მე, ერთი კაცი ჩვენი დელეგაციის ადგილას რომ ვყოფილიყავი,იცით, რას ვიზამდი? - რიგის სამიტს პროტესტის ნიშნად დავტოვებდი, ან, სულ ცოტა, პროტესტს იქვე დავაფიქსირებდი და მთელი ევროპის გასაგონად ვიტყოდი  - დღეს ამ ქალაქში იმყოფება კაცი, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულშია ეჭვმიტანილი, იგი ოფიციალური ძებნილია და თუ თქვენ პატივს სცემთ საქართველოს, მაშინ ეს კაცი დააპატიმრეთ და გადმოგვეცით!


მე არ ვიცი, როდემდე უნდა აიტანოს ქართულმა სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა ასეთი შეურაცხყოფა?!


- ამა წლის 26 მაისს ოთხი წელი შესრულდება იმ საშინელი დარბევიდან და სისხლიანი ანგარიშსწორებიდან, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მომიტინგეებს მოუწყო. თქვენ მაშინ სასტიკად ნაცემიც იყავით და 30 დღის განმავლობაში ციხეშიც იჯექით; რას იტყვით დღეს, როცა ხელისუფლებაში ხართ - 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანობა აღდგა?

 

- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ 26 მაისის ტრაგედიასთან დაკავშირებით სამართალმა იზეიმა! ამ საშინელების გამო მხოლოდ ვანო მერაბიშვილი მისცეს პასუხისგებაში და იმანაც მიზერული სასჯელი მიიღო!


სად არიან დანარჩენი დამნაშავეები? ის ხალხი, ვინც 26 მაისს გამეტებით მირტყამდა, ალბათ, დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს! შესაძლოა, ხანდახან მხვდებიან კიდეც და პირში მიცინიან, გულში კი ფიქრობენ, ერთი სოსოს დედაცო!


რატომ არ უნდა ისხდნენ დღეს ციხეში ის მანქურთები, რომლებმაც 26 მაისს ნიკა კვინტრაძესა და სულიკო ასათიანს ცემაში ამოხადეს სული, მერე კი მათი ცხედრები მაღაზიის სახურავზე შემოდეს?!


წარმომიდგენია, კვინტრაძისა და ასათიანის ოჯახები 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ როგორ ელოდებოდნენ სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას!


ახლა ვიღაცა მეტყვის - შენ თვითონ ხარ მმართველი ძალის წარმომადგენელი და საყვედურს ვის ეუბნებიო?! პარლამენტის ტრიბუნებიდან თუ პრესის ფურცლებიდან ყოველთვის ვამბობ ჩემს სათქმელს და ერთმა დეპუტატმა მეტი რა გავაკეთო?! პროკურორი და გამომძიებელი არ ვარ, რომ საქმეები გავხსნა და დამნაშავეებს ხელბორკილი დავადო!


მე თუ მკითხავთ, 26 მაისს დაზარალებულებთან, მითუმეტეს, დაღუპულების ოჯახებთან, ჩვენს ხელისუფლებას ბოდიში აქვს მოსახდელი!


პირადად მე, სოსო ჯაჭვლიანი, როგორც ერთი კაცი და დეპუტატი, ბოდიშს ვუხდი 2011 წლის 26 მაისს დაღუპული ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ოჯახებს იმის გამო, რომ მათ სამართალი დღემდე ვერ ნახეს და ამ ორი ვაჟკაცის მკვლელები კვლავ დაუსჯელნი არიან!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016