თემურ მირიანაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სააკაშვილს, საჯაროდ, პირში მიახალა - ცნობილი გიჟი და არანორმალური ხარო... როგორც თავად ამბობს, ბევრჯერ მოუწია მწარე სიმართლის თქმა და მისი წინასწარმეტყველებაც არაერთხელ ამხდარა. შევარდნაძის მრჩეველი ამჯერად საქართველოს ევროპულ არჩევანზე საუბრობს და კიდევ ერთ მწარე სიმართლეს ეუბნება ქართველ საზოგადოებას:
- საქართველოს მიღება ევროკავშირში გამორიცხულია! ტყუილად ვკარგავთ დროს, ენერგიასა და სახსრებს. გარდა იმისა, რომ საქართველოში ევროპის მოწინააღმდეგეთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, მათაც არ სურთ ჩვენი მიღება. ასი სულხან-საბა ორბელიანიც რომ ალოდინონ ევროპის კართან, მაინც არ მიგვიღებენ! მეტიც - ევროპიდან იქით გარბიან - იშლება! ის ევროპა, საითკენაც მივისწრაფით, სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად იბრძვის! რაჭველებზეა ერთი ანეკდოტი - რა უცებ მოხდა მიწისძვრა, ძლივს მოვასწარი სახლში შესვლაო. ასე გვემართება ჩვენც. სად მივძვრებით, დაშლილი ევროპის ნანგრევებში?! ევროპა არასოდეს არაფერში დაგვხმარებია და არც მომავალში დაგვეხმარება. 25 წელია, დასავლეთს შევყურებთ. გეკითხებით, კარგი რა გაგვიკეთეს?
- სხვა რომ არაფერი ვთქვათ, არაერთხელ გამოუწვდიათ დახმარების ხელი, გამოუგზავნიათ ჰუმანიტარული დახმარება...
- ეს ყველაფერი კარგად დადგმული აფიორაა! ამერიკელების მოცემული თანხიდან ნახევარი „ატკატი" უკან მიდის, ქვეყანას კი ვალად მთელი თანხა ეწერება. ეს ჩემზე კარგად არავინ იცის. ყველაფერს ხელში იგდებენ, აკონტროლებენ და ასმაგად იღებენ უკან. ნათქვამია, თუ დახმარება გინდა, თევზი კი არ უნდა აჭამო ადამიანს, თევზის დაჭერა უნდა ასწავლოო... სწორედ ამერიკული პოლიტიკის წყალობით განადგურდა საქართველოში მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება... მიპასუხეთ, რომელი სფერო განავითარეს?! რა სიკეთე და სარგებელი მივიღეთ მათგან?! დღეს კიდევ უფრო დიდი აბსურდია, რომ დასავლეთი რამეში დაგვეხმარება, თავად ამერიკასა და ევროპაშია უმძიმესი კრიზისი.
- როდესაც შევარდნაძის მრჩეველი იყავით, ქვეყანას მაშინაც პროევროპული კურსი ეჭირა...
- შევარდნაძეს იმიტომ ჰქონდა დასავლური კურსი აღებული, რომ ვერ ბედავდა ამერიკის წინააღმდეგ წასვლას. ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ აძალებდნენ სააკაშვილის „გაქაჩვას". ამერიკიდან ჩამოსული დელეგაციები მასთან საუბარს სააკაშვილით იწყებდნენ. ვაშინგტონის სურვილს კი წინ ვერავინ აღუდგებოდა, მათ შორის, შევარდნაძეც.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მაშინ ქვეყანაში პროამერიკული განწყობა იყო! დღეს სულ სხვა ვითარებაა - ხალხის განწყობა დიამეტრალურად არის შეცვლილი! სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძეს ე.წ. „ვარდების რევოლუცია" ამერიკელებმა მოუწყვეს. მის ადგილას კი არანორმალური, გონებრივად და ზნეობრივად ხეიბარი სააკაშვილი მოიყვანეს.
- როგორ უნდა მოვიქცეთ, ოკუპანტ რუსებს ჩავეხუტოთ?
- რუსების მმართველობის ქვეშ ძალიან დიდი ხანი ვიცხოვრეთ, არაფერი გვაკლდა, ადამიანურად ვცხოვრობდით, არავითარი დამპყრობლები არ იყვნენ, პირიქით, ყველა სფერო განავითარეს საქართველოში, დაწყებული ეკონომიკით, მრეწველობითა და სოფლის მეურნეობით, დამთავრებული მეცნიერებით. დღეს ყველაზე ოპტიმალური, გონივრული და ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ევრაზიულ კავშირში შესვლა. მართალია, მოდურად ჟღერს ევროპა, მაგრამ აგერ ნახავთ, საქართველო მალე აღმოჩნდება ევრაზიულ კავშირში! ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა ერთ-ერთ გამოსვლაში - თუ საქართველოსთვის კარგი იქნება, რატომაც არ უნდა შევიდეთო... სიტუაცია სწორედ აქეთკენ მიდის, რაც მთავარია ამ მიმართულებით ხალხის განწყობა იზრდება. ახლახან ათი დღით კახეთში ვიმყოფებოდი. გავოცდი - კახელებს, ამერიკის ხსენება არ უნდათ. ყველა ამბობს - რუსეთი! მორჩა და გათავდა! რაც არ უნდა მწარე და მიუღებელი იყოს, ეს არის სიმართლე!
- რას ამბობთ, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი - აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთს უკავია!
- ამაში ჩვენც მიგვიძღვის წვლილი - პროვოცირება თავად მოვახდინეთ. წაიკითხეთ მაშინდელი პრესა, როგორი მტრული დამოკიდებულება გვქონდა.
დარწმუნებული ვარ, როგორც კი ევრაზიულ კავშირში შევალთ, აფხაზეთიც და სამაჩაბლოც საქართველოს ავტომატურად შემოუერთდება. ეს გარდაუვალია!
მარტივი არჩევანის წინაშე ვდგავართ - ან დასავლეთისკენ უნდა წავიდეთ და საბოლოოდ დავკარგოთ ტერიტორიები, მეტიც, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები ან ევრაზიაში გავწევრიანდეთ და აფხაზეთი, სამაჩაბლო დავიბრუნოთ! რადგანაც სულხან-საბა ევროპაში ელჩად იყო წარგზავნილი, საბა პრემია დააწესეს, რომელიც, სამწუხაროდ, გარყვნილების ტირაჟირებას ხმარდება. ავიწყდებათ, ან არ იციან - სულხან-საბა ევროპიდან რომ დაბრუნდა, რუსეთში წავიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა და ახლაც იქ არის დაკრძალული. აი, ეს არის სიმართლე!
ჩვენს ქვეყანაში რუსის ჯარი ორასი წლის განმავლობაში იდგა. გაგიგიათ, რუსის ჯარკაცმა ვინმეს აწყენინა?! აბა ნახეთ, რას აკეთებენ ვილნიუსში ამერიკელი ჯარისკაცები. ბოდიში, მაგრამ ქუჩებში ქანდაკებებზე შარდავენ. ლიტველები გაგიჟებულები არიან! რა გვინდა ამ დასავლეთთან, მომავალ თაობას, მაინცდამაინც, ჰომოსექსუალიზმით უნდა მოვუწამლოთ გონება? დასავლეთი სწორედ ამას გახვევს თავზე! გეუბნება - თუ გინდა ევროპაში გაწევრიანება, პირველი ნაბიჯი ჰომოსექსუალიზმის დამკვიდრება უნდა იყოსო. ქურდი, მამაძაღლი სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქმე არის აღძრული, დღეს ევროკავშირის ქვეყანაში არხეინად დააბიჯებს და გვლანძღვავს. ეს არის ევროპა?! იმ ევროპისკენ მივილტვით, რომელიც გათახსირებულ სააკაშვილს ხელს აფარებს?! ეს ხომ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა?! ფსიქიკურად ავადმყოფ სააკაშვილს უფრო მეტ პატივს სცემენ, ვიდრე ჯანმრთელ ქართველ საზოგადოებას!
სააკაშვილს ერთ-ერთმა პირველმა დავუსვი დიაგნოზი. რაშიც მოგვიანებით ყველა დარწმუნდა. დღეს მხოლოდ ერთს დავამატებდი - არიან კეთილი და ბოროტი გიჟები. მიხეილ სააკაშვილი ბოროტი გიჟია! მანიაკალური, სადისტური მიდრეკილებების მქონე ადამიანი! აი, ეს კაცი, ევროპამ და ამერიკამ თავზე დაგვასვა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, გიჟი სააკაშვილი დღესაც ქვეყნის მმართველი იქნებოდა! ივანიშვილის ოჯახი ააშენოს ღმერთმა, მის დედას ვენაცვალე, ასეთი შვილი რომ გაუზარდა საქართველოს!
- გიჟი ეძახეთ, ბატონო თემურ და რიგის სამიტზე პირველ პირებს შორის იმყოფებოდა...
- სწორედ ამას ვგულისხმობ გავისტუმრეთ თუ არა გათახსირებული ნაცები ხელისუფლებიდან, ამერიკელებმა კოჰაბიტაცია მოგვახვიეს თავს. ბიძინას აგინებენ, რატომ არ იჭერენ დამნაშავე ნაცებსო. იმიტომ არ იჭერენ, რომ ამერიკა დღესაც ლობირებს! რა ქნას ამ კაცმა?! ამხელა ქვეყანას ომს ხომ არ გამოუცხადებს?! თუმცა, მალე ყველაფერი იმით დასრულდება, რომ რუსეთი ამერიკას პოსტსაბჭოთა სივრციდან გააძევებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია! თქვენ გგონიათ სააკაშვილი დიდად ეხატებათ გულზე? ამერიკასაც „ეპაზორება" - ნამეტანი გიჟია, მაგრამ ეშინიათ - რომ დააპატიმრონ, ყველაფერს დაამღერებს, იტირებს კიდეც. მაგას ხომ ვაჟკაცობის ნატამალიც არ გააჩნია. ამიტომაც, როგორც გიჟს, ისე ექცევიან!
- საინტერესოა, შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი დღევანდელ პრეზიდენტზე რას ფიქრობს? რა დიაგნოზი დაუსვით მარგველაშვილს?
- მარგველაშვილი არ არის ჩემი პრეზიდენტი! არ მაქვს ამ კაცის მიმართ სიმპათია. თანამდებობისთვის შეუფერებელია! დათო მაღრაძე გყავდეს ქვეყანაში და პრეზიდენტად მარგველაშვილი აირჩიო, შეცდომაა! სამაგიეროდ, დიდ პატივს ვცემ პრემიერს - ირაკლი ღარიბაშვილს. ძალიან გთხოვთ, ეს დაწერეთ! ეს ახალგაზრდა კაცი რუსეთის მიმართ გონივრულ პოლიტიკას ატარებს! აღარაფერს ვამბობ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ჩვენი დროის გმირია - მან გადაარჩინა საქართველო!
- ბატონო თემურ პრემიერი ღარიბაშვილიც ევროკავშირისკენ მიისწრაფის, ყოველი შემთხვევისათვის განცხადებებს განცხადებებზე აკეთებს,რომ ამ ხელისუფლების პრიორიტეტი ევროპისკენ სვლაა!
- ასეთი გამონათქვამიც არსებობს - პოლიტიკოსს ენა იმისთვის აქვს, რომ თავისი აზრები დამალოს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი იქნებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ყოველგვარ დაპირისპირებას აღმოფხვრიან. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ ევრაზიაში შესვლას და სამაჩაბლოს, აფხაზეთის შემოერთებას მოვესწრებით!
და კიდევ: მომავალ არჩევნებს „ქართული ოცნება" უფრო დიდი უპირატესობით მოიგებს, ვიდრე 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა. ჯერჯერობით ყველა ჩემი წინასწარმეტყველება და დიაგნოზი ახდა! აგერ ბურთი და აგერ მოედანი!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"