reportiori.ge - „კოპა ამერიკა 2015“, გაიცანით - მექსიკის ნაკრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:32
სპორტი
„კოპა ამერიკა 2015“, გაიცანით - მექსიკის ნაკრები
25 მაისი, 2015. 18:30


ყველაზე ძველი საერთაშორისო ტურნირი „კოპა ამერიკა" წელსაც უდიდეს ინტერესს იწვევს ფეხბურთის გულშემატკივრებში თავისი ლაღი და ტექნიკური სათამაშო სტილის გამო. როგორც იცით, „კოპა ამერიკაზე" მონაწილეობას 12 გუნდი იღებს. ისინი 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ტურნირის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი" წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს. შევეცდებით, საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.


ჩვენი დღევანდელი სტუმარი, A ჯგუფში განთესილი მექსიკის ნაკრებია, რომელსაც შემდგომ ეტაპზე გასაღწევად ტურნირის მასპინძელ ჩილეს, ეკვადორისა და ბოლივიის ეროვნულ გუნდებთან მოუწევს დაპირისპირება.


მექსიკის ნაკრები „კოპა ამერიკაზე" მოწვეული ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტურნირში ასპარეზობის უკვე საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია დაუგროვდა, ჩემპიონის ტიტული მოპოვებული არ აქვს. მექსიკელები ორჯერ - 1993-სა და 2001 წლებში იყვნენ „კოპა ამერიკის" ფინალში, თუმცა მათი დამარცხება ჯერ არგენტინელებმა (1:2) შეძლეს, ხოლო შემდეგ კოლუმბიელებმა (0:1).


მექსიკის ნაკრებს 45 წლის მიგელ ერერა 2013 წლის ოქტომბრიდან თავკაცობს. ფეხბურთის აქტიური გულშემატკივარი მას ძალიან კარგად იცნობს ემოციათა საოცარი გამოხატვის გამო. იგი ყოველ გაშვებულ-გატანილ გოლს ისე განიცდის, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტ ბურთს. მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნამდე, მას ადგილობრივ ჩემპიონატში 6 სხვადასხვა გუნდი ჰყავს გაწვრთნილი.


ერერამ „კოპა ამერიკა 2015"-ისთვის ფეხბურთელები ჯერ კიდევ 2 კვირის წინ იხმო. გთავაზობთ მექსიკის ნაკრების საბრძოლო შემადგენლობას:


მეკარეები: ხესუს კორონა („კრუს ასული"), ალფრედო ტალავერა („ტოლუკა"), მელიტონ ერნანდესი („ვერაკრუსი");


მცველები: რაფაელ მარკესი („ვერონა", იტალია), ხერარდ ფლორესი („კრუს ასული"), უგო აიალა („ტიგრესი"), ეფრაინ ველარდე („მონტერეი"), ხულიო სესარ დომინგესი („კრუს ასული"), კარლოს სალსიდო („ჩივასი"), ადრიან ალდრეტე („სანტოს ლუგანა"), მიგელ ერერა („პაჩუკა"), ჯორჯ კორალი („კერეტარო");


ნახევარმცველები: მარიო ოსუნა („კერეტარო"), ხუან კარლოს მედინა („ატლასი"), ხავიერ გუემესი („ტიხუანა"), ხესუს კორონა-რუისი („ტვენტე", ჰოლანდია), ხავიერ აკინო („რაიო ვალეკანო", ესპანეთი), ლუის მონტესი („ლეონი"), მარკო ფაბიანი („ჩივასი");


თავდამსხმელები: რაულ ხიმენესი („ატლეტიკო", ესპანეთი), ედუარდო ერერა („პუმასი"), ენრიკე ესკედა („ტიგრესი"), მატიას ვუოსო („ჩიაპასი").


რეზერვი: ენრიკე პერესი, ალფონსო გონსალესი (ორივე - „ატლასი"), ლუის ფუენტესი, დავიდ კაბრერა (ორივე - „პუმასი"), როდრიგო სალინასი, იურგენ დამი (ორივე - „პაჩუკა"), ისააკ ბრისუელა („ჩივასი").


ალბათ შეამჩნევდით, რომ ერერამ საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობა იხმო „კოპა ამერიკისთვის" და წამყვანი ფეხბურთელების საკმაოდ დიდი ნაწილი არ გამოიძახა. საქმე იმაშია, რომ მექსიკელთათვის პრიორიტეტული CONCACAF-ის „ოქროს თასია", რომლის მოსაპოვებლადაც ისინი ივლისში იასპარეზებენ. „კოპა ამერიკა" კი, რომელიც 11 ივნისს აიღებს სტარტს, ერერას გუნდისთვის ერთგვარი მოსამზადებელი შეკრებაა.


სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით არ გამოიძახა ერერამ ნაკრებში გილიერმო ოჩოა, ჩიჩარიტო და ჯოვანი დოს სანტოსი, რომელთაც ნამდვილი ფურორი მოახდინეს ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო შემდგომ, თავიანთ კლუბებშიც მშვენიერი სეზონები ჩაატარეს.


დიდი ალბათობით, მექსიკის ნაკრები „კოპა ამერიკა 2015"-ზეც ჩვეული, 5-3-2 ფორმაციით ითამაშებს, საკუთარი კარის უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას დაუთმობს და სწრაფი კონტრშეტევების იმედად იქნება, რომელთა შექმნის საშუალებაც, როგორც წესი, ერერას შეგირდებს საკმაო რაოდენობით ეძლევათ.


გთავაზობთ, ჩვენი წარმოდგენით შემდგარ მექსიკის ნაკრების ძირითად შემადგენლობას „კოპა ამერიკა 2015"-ისთვის:



მექსიკის ნაკრების კალენდარი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე (თბილისის დროით):

 

13 ივნისი. 03:30   მექსიკა : ბოლივია

 

16 ივნისი. 03:30   ჩილე : მექსიკა

 

20 ივნისი. 01:00   მექსიკა : ეკვადორი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016