4 წლის წინ, 2011 წლის 26 მაისს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ძალოვანმა უწყებამ მშვიდობიანი მანიფესტანტები დაარბია და სასტიკად გაუსწორდა.
ამბავი ასე დაიწყო - 2011 წლის 25 მაისს, თბილისში, როცა ხელისუფლება საზეიმო აქციისთვის ემზადებოდა, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო მანიფესტაცია მიმდინარეობდა, რომელსაც „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა.
„სახალხო კრება" 3 მაისიდან საპროტესტო აქციებს მართავდა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან", 25 მაისის დილით კი რუსთაველზე გადაინაცვლა. ღამის 12 საათის შესრულებისთანავე ხელისუფლებამ მანიფესტაცია ოფიციალურად არასანქცირებულად და უკანონოდ გამოაცხადა, რადგან 26-ში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სამხედრო ძალის მასობრივი დემონსტრაციით უნდა მოეხდინა. მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცდანაყოფებმა და პოლიციამ ტერიტორია ყველა მხრიდან ალყაში მოქციეს და მანიფესტანტებს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები დაუშინეს. წყალმა აქციის პერიმეტრზე განთავსებული ხელნაკეთი ბარიკადები წალეკა და მომიტინგეები პოლიციელებმა ძალადობრივი გზით დაარბიეს!
აქციის ზოგიერთ მონაწილეს ხელბორკილები დაადეს, სცემეს და მიწაზე დაყარეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა, მოგვიანებით, ზოგიერთი მათგანის კვალს საპატიმროებში მიაგნეს. პოლიციამ აქციაში მონაწილე რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. მეორე დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ აქციისას დაიღუპა ორი ადამიანი - ერთი მომიტინგე და ერთი პოლიციელი. ხელისუფლება ორივე ადამიანის დაღუპვაში ბურჯანაძის ესკორტს ადანაშაულებდა. თუმცა, მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მომიტინგეების რიცხვი გაცილებით მეტი იყო. აქციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან" მაღაზიის სახურავზე, ორი გარდაცვლილი მომიტინგეც იპოვეს. აქციისას დაშავდნენ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე ჟურნალისტები, რომლებსაც ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, მიიღეს დაზიანებები და დაემტვრათ აპარატურა.
ამ ყველაფრისთვის კი, მაშინდელ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვით შეეფარდა.
წელს, 26 მაისს, სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმით აღნიშნავს, თუმცა, ეს დღე ნადვილად არ არის საზეიმო იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ პროცესებში უშუალოდ მონაწილეობდნენ.
„რეპორტიორს" მსახიობი გია ბურჯანაძე ესაუბრა:
- 26 მაისს ყოველგვარი აღლუმის ჩატარების წინააღმდეგი ვარ! დიახ, ტერიტორიებდაკარგულ და გაუბედურებულ ქვეყანაში სამხედრო აღლუმები არ უნდა ტარდებოდეს! თუმცა, ამ დღეს ერს თუ აქვს იმის განწყობა, რომ ისეირნოს და იდღესასწაულოს, სხვა ამბავია, მაგრამ რა გვაქვს სადღესასწაულო?!
- რას ფიქრობთ, როგორ უნდა აღინიშნოს ეს დღე?
- ეს დღე უნდა იყოს სახალხო და არა სამხედრო და სამთავრობო. ვისაც ჰგონია, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ისეირნონ, ჩაატარონ სახალხო ზეიმები.
- რაც შეეხება 2011 წლის 26 მაისს, ამ საქმეზე შს ექს-მინისტრს ვანო მერაბიშვილს 4 წლით და 6 თვით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. რამდენად ადეკვატურად მიიჩნევთ ამ სასჯელს?
- საერთოდ, არაადეკვატურადაა შეფასებული სააკაშვილის რეჟიმის ქმედებები არსებული ხელისუფლების მიერ! არც მიკვირს, ეს არის კოჰაბიტაციის შედეგი.
- „26 მაისის" მონაწილეების უმეტესობა თვლის, რომ აღნიშნული საქმე უნდა გადაიხედოს. თქვენ თუ მიიჩნევთ ამ საქმის გადახედვას საჭიროდ?
- გადასახედია 26 მაისის საქმე და არამარტო ეს საქმე. ვიღაც 50-60 ადამიანის ციხეში ჩასმაზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ, უნდა ითქვას სიმართლე, სამართლებრივად უნდა შეფასდეს ყველა ქმედება, რომ დაუსჯელობის სინდრომმა არ იარსებოს ქვეყანაში. თუ ყველას ყველაფერი შერჩა, მე არ მაქვს იმის განწყობა, რომ თუნდაც 5 წლის შემდეგ, რომელიმე იდიოზური ხელისუფალი იმავეს არ გაიმეორებს, რასაც 9 წლის განმავლობაში ყოფილი ხელისუფლება აკეთებდა.
- ბატონო გია, ყველა ის ადამიანი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები საპროტესტო ტალღაში, უმეტესად საზოგადო მოღვაწეები, ხელოვანები, დღეს მაქსიმალურად ერიდებიან მედიასთან ურთიერთობას, საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას. მაგალითად, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მედიასთან არ ურთიერთობს და კომენტარსაც კი არ აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე საკითხებზე. რით ხსნით ამას?
- იმიტომ, რომ საოცრად დიდი იმედგაცრუება ნახეს და საერთოდ არაფერში მონაწილეობის მიღება აღარ უნდათ. ხალხმა თავი შეწირა, ბოლოს და ბოლოს, ადამიანები შეეწირნენ იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას და რა მივიღეთ დღეს?! ნაცები დღესაც ჭკუას გვასწავლიან ოთხივე არხიდან. ყოველდღე ესენი ყელყელაობენ ტელევიზიებში. მეტიც, „ნაციონალებს" არ აქვთ არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება, ვინმეს უუნაროები უწოდონ. ამის შემხედვარე ადამიანებისთვის ეს ყველაფერი ძალიან ძნელი ასატანია. ალბათ ეს იყო დაგეგმილი, ამისთვის იყო მოფიქრებული კოჰაბიტაცია. ამის მიღწევა სურდათ. ხომ ხედავთ, ხალხი არჩევნებზე აღარ გამოდის. ასეთ დაქცეულ ქვეყანაში არჩევნებზე ამომრჩევლის 27% რომ გავა, ეს ნორმალურია?!
- ბატონო გია, ხომ არ ნანობთ იმ გამოჩენილ ძალისხმევას, რასაც რეჟიმის შესაცვლელად იჩენდით?
- როცა ამ თემაზე მეკითხებიან, მე ყოველთვის ვამბობ - გაიხსენეთ, რა იყო „სახალხო კრების" მოთხოვნები მაშინ, სულ 6 მოთხოვნა იყო და თუ არის მათგან რომელიმე შესრულებული? ეს მოთხოვნები შეეხებოდა - თავისუფალ სასამართლოს, საარჩევნო სისტემის ცვლილებას, მედიის თავისუფლებას...
- ყველას კარგად ახსოვს წლები, როცა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს პოლიტიკური ნიშნის მიხედვით ყოფდნენ და ათავსებდნენ ე.წ. თეთრ და შავ სიაში. დღეს რა ხდება ამ მიმართულებით?
- ვინც „ნაციონალების" დროს შავ სიაში ვიყავით, დღესაც შავ სიაში ვართ, იმიტომ, რომ ისევ „ნაციონალები" არიან ყველგან! ყველა სფეროში! „ნაციონალური მოძრაობა" არსად წასულა, ამაშია საქმე!
- ქვეყანას რომ დასჭირდეს იმავე სახით ბრძოლა, როგორც მაშინ, ისევ იბრძოლებთ?
- ვისთან ერთად?! მარტო ხომ ვერ ვიქნები ბრძოლაში?! თქვენც აღნიშნეთ, რომ ადამიანებს საუბარიც კი არ სურთ. აი, ამას მიაღწიეს...
მე 53 წლის ვარ, სად არიან ახალგაზრდები, მოსწონთ ის, რაც ხდება ქვეყანაში? გარანტირებული აქვთ მომავალი და იმავეს არ გაუკეთებენ, რასაც წლების განმავლობაში უკეთებდნენ? რატომ არ იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის? ისევ მე უნდა ვიბრძოლო?! ვისთან ერთად, თორემ, კი ბატონო. მე ასეთად დავიბადე და ვერ ვიცვლები, მიუხედავად იმისა, რომ გადავიტანე ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი გაჭირვება, ამდენი ტკივილი, 2-ჯერ დამაპატიმრეს და რატომ? ბრძოლის შედეგად მე არაფერი არ მიმიღია, როგორც ვცხოვრობდი, ისევ ისე ვცხოვრობ, პირიქით, ხელი შემიშალეს ხელოვნებაში და ბევრი რამ აქეთ დამაკლეს და რისთვის?! მე ჩემთვის არ ვიბრძოდი. ყველანაირ თანამდებობაზე უარი ვთქვი. მე რომ მეკითხებით - იბრძოლებთო? სად არის თქვენი თაობა ან თქვენ თვითონ რატომ არ იბრძვით?
- თაობის სახელით არ დაგელაპარაკებით, მაგრამ რაც მე შემეხება, მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი ისე, როგორც შემიძლია. ახლა რომ თქვენ გესაუბრებით და ამ საკითხზე გესაუბრებით, ესეც გარკვეულწილად ბრძოლის გამოხატვაა.
- თქვენს გარშემო რამდენი ახალგაზრდაა, სად არიან ისინი, თქვენ ხომ ჩემზე უკეთ იცნობთ თქვენს თაობას?!
- ჩემი თაობის აქტიური ნაწილი იმედგაცრუებულია და როგორც ზოგადად საზოგადოების უმეტესობას, ბრძოლის არანაირი სურვილი არ აქვს, მეორე ნაწილი სხვადასხვა უწყებებში არიან დასაქმებული, თბილ სავარძლებში მოკალათდნენ და ჩირადაც არ უღირთ ქვეყანა და მისი მომავალი... მათ ის მიიღეს, რისთვისაც იბრძოდნენ.
- ჰოდა, ხომ ხედავთ, რა სიტუაციაა თქვენს თაობაში... თეატრში დადიხართ საერთოდ?
- საზოგადოება იმდენად პოლიტიზირებულია და სოციალურ პრობლემებზე გადართული, რომ ამის არც დრო რჩება... სწორედ ამ ფაქტორების გამო, შესაძლოა, თუნდაც ჩემი თაობის წარმომადგენლები, თქვენ, ხელოვან ადამიანს, „სახალხო კრებიდან" უფრო გიცნობდნენ, ვიდრე თეატრიდან... სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.
- სწორედ ეს მოახვია იმ რეჟიმმა თავს ხალხს, რომ ყველა ცუდი და გაფუჭებულია, ვინც მათ პოლიტიკას არ იზიარებს. მე ამაზეც ვფიქრობ და ქვეყანაზეც. აი, ამაშია განსხავება თქვენსა და ჩვენს თაობებს შორის, მაგრამ რა ხდება დღეს?
თუ თქვენი თაობა წამოიწყებს ნამდვილ ბრძოლას, მე გვერდზე დაგიდგებით, მაგრამ სიმართლისათვის! თორემ ამდენ უბედურებაგადატანილი კაცის დაწყებული ბრძოლა განწირულია წაგებისთვის. უნდა იბრძოლონ ახალგაზრდებმა, მაგრამ მართლები უნდა იყოთ ქვეყნისა და ღმერთის წინაშე!
მეტსაც გეტყვით: იმისთვის არ მიბრძვია, ამ ინტერვიუს გამოქვეყნების მერე ჩემი ლანძღვა-გინებით რომ აიკლონ სოციალური ქსელი ისეთმა ადამიანებმა, რომელბსაც ჩემი ერთი როლიც არ აქვთ ნანახი და საერთოდ, თეატრში არ არიან ნამყოფები. ჩემი გულისტკივილი ვიღაცეებმა სალანძღავად და სასაცილოდ არ უნდა აიგდონ! ძალიან გთხოვთ, ესეც დაწერეთ!
საუბედუროდ, ადამიანები ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლას შეაკვდნენ და ხალხი ამ ადამიანების ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებს. ამიტომაც არიან ჩუმად, ამიტომაც არ საუბრობენ მედიასთან. დაწერეთ ამ ტკივილზე, თუ თქვენ ნამდვილი ჟურნალისტი ხართ, თუ გაქვთ შერჩენილი პროფესიული წესიერება და სისუფთავე... თუმცა, უმეტესად, როგორც ხდება ხოლმე, დაიბეჭდება ორი ფრაზა... რატომ ვიშლი ნერვებს?!
P.S. არადა, დროა, თითოეული ჩვენგანი დაფიქრდეს - რა არის გმირობა და როგორ „ვაფასებთ" ჩვენივე დროის გმირებს. ვთქვათ სიმართლე - მათი გულისტკივილი ჩვენი ბრალია! ჩვენი, ანუ იმ საზოგადოების, რომელთან საუბარიც მათ არ სურთ...