reportiori.ge - რა სარგებელი მივიღეთ რიგის სამიტიდან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:44
პრეს-დაიჯესტი
რა სარგებელი მივიღეთ რიგის სამიტიდან?
ავტორი:
26 მაისი, 2015. 11:18


საქართველომ რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაცია ვერ მიიღო, თუმცა, როგორც ყოველთვის, იყო გადაჭარბებული მოლოდინი, თითქოს ხელისუფლება რიგიდან დაგვიბრუნდებოდა კონკრეტული შედეგებით, მაგრამ ვიზა-ლიბერალიზაციის ნაცვლად გამოგვატანეს „სვისტოკები", - თქვენ ხომ არ უსტვენთო?! მოკლედ, ევროპელები კარგ დროს გვატარებინებენ. ჯერ იყო და „შალახოს" მელოდიაზე ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოგვაწერინეს ხელი და ახლა, რიგიდან „სვისტოკებით" ხელდამშვენებულები გამოგვიშვეს... სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკოსები მეძავების კონკურენტები გახდნენ, ყიდიან საკუთარ თავს - სამშობლოს და ერთმანეთში საკუთარ მეძავობას ხედავენ. ასე მაგალითად, სააკაშვილმა რიგის სამიტზე ჩასვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაასწრო და ნამუსგასხვისებულმა საერთაშორისო მაწანწალამ, საქართველოს გაბანძებული ეძახა. „საქართველოს ხელისუფლებამ არ გააკეთა საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უახლოეს მომავალში უვიზო მიმოსვლა ჰქონოდათ, ჩვენ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებამდე მივაგორეთ, როგორც ურემი, მაგრამ იმის იქით ვეღარ მიგორავს. იმ ქვეყანას, სადაც ხალხი მშიერია, არავინ არსად მიიღებს. ყველამ იცის, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და პოლიტიკური ლიდერები ციხეებში სხედან, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერები არიან"... ცხადია, შენს ამ განცხადებაზე ჩემო ნაპრეზიდენტალო ადეკვატური პასუხი მხოლოდ ერთია: „მაშ, მტყუნის!!!" დანარჩენი თქვენთვის მომინდვია, ძვირფასო მკითხველო... და კიდევ, მიშა აცხადებს, - „ხელისუფლებას სულ ფეხებზე ჰკიდია ვიზა-ლიბერალიზაცია, თვითონ ხომ კარგად იღებენ ვიზებს და დასასვენებლად დადიან ევროპის ძვირადღირებულ კურორტებზეო", - აქაც ერთხმად გავიმეოროთ - „მაშ, მტყუნის!!!", ჩემო ნაპრეზიდენტალო, რას ამბობ, შენ ხომ იკლებდი ძვირადღირებულ კურორტებს, ნაშებს და ომის შემდეგ საკუთარი თვითმფრინავით ჩამოყვანილ მასაჟისტებს, ეს ისე, უბრალოდ, რელაქსაციისთვის... მიშა ღადაობას აგრძელებს: „თურმე ლატვიის მთავრობამ უნდა დამიჭიროს და გადამცეს ამ უდღეურებს, მთავრობას როცა ეს პროტესტი აქვს, იმ მთავრობისგან როგორ შეიძლება რამე დადგეს საერთოდ, გარდა იმისა, რომ თავს იბანძებს. ქვეყანას დააცინინებს და ყველა იტყვის, რომ ეს ქართველები ვერ არიან, ნუ, მთავრობაზე, რა თქმა უნდა... ამავე დროს არც იმის ენერგია არა აქვთ, რომ რაღაც კონკრეტული გააკეთონ თავის ხალხისთვის... დამანებონ რა, მე თავი და ხალხს მიხედონ..." შეუძლებელია, არ დაეთანხმო ერთ კონკრეტულ ასპექტში, - დიახ, სააკაშვილის დაჭერის ჟინით შეპყრობილი ხელისუფლება თავს იბანძებს, ამხელა სახელმწიფომ ამ ერთ ჩოყლაყს, გიჟვრაცუას, სისხლის სამართლის დამნაშავეს ამდენი ხანი ვერაფერი მოუხერხა, ამ სიტუაციის შემყურე კაცი იტყვის, რომ მიშა გიჟია, მაგრამ არც ესენი აკლებენ, სააკაშვილი ხან ნიუიორკიდან, ხან უკრაინიდან, ხან ლატვიიდან გვერთვება და მასზე ძებნაა გამოცხადებული. რაც არ უნდა იცავდე წესებს, რა მაგრად უნდა გაკლდეს, რომ ამ საერთაშორისო მაწანწალას ქვეყნის შიგნით ეძებდე, ეს ხომ არანორმალური მოვლენაა... რა მულტფილმის გმირებს დაემსგავსეთ, თქვე საცოდავებო, რა „ტომი და ჯერი" აგიტყდათ, სამთავრობო თვითმფრინავი დაშვებული არ არის და ეს გაბრუებული მიშა რიგის ქუჩებში დაწანწალებს, აბა, დამიჭირეთო!.. თქვენ კი პასუხობთ, - ერთი ადგილი გვაქვს და შეგვიძლია გავიყოლოთო... აბა, გამოიცანით, რომელ „ერთ ადგილს" გულისხმობს ხელისუფლება... არა, უკანალს - არა... თვითმფრინავის ბორტზე რომ სააკაშვილი აცუნცულდება და მთავრობას გამოყვება, ესაა ნაგულისხმები... მოდით, საქართველოს დავარქვათ „ანეკდოტების ქვეყანა", ნაკლებად გავღიზიანდებით და ბევრს ვიცინებთ. როცა ეს ორი პროსტიტუციაგადაჯოკრილი ძალა საუბრობს იმაზე, რომ წინა ხელისუფლებამ იქურდა, „იგულავა" და ჩვენს თავზე გადაიარაო, მეორე პასუხობს, - რას ამბობთ, თქვენ ხომ რას აკლებთ, ვერ ძღებით პრემიებით, რასაც ჩვენ შავ ფულს ვეძახდით, იმას თქვენ იპრავებთო!.. ხელისუფლებამ ლარის ინფლაციას ქამრების შემოჭერა დაუპირისპირა, მაგრამ არა საკუთარი ქამრების, არამედ ჩვენი... მაშ ასე, რა კულუარულ ინფორმაციებს უყვება საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, რას ამბობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, რამდენად ახდენს გავლენას მიშას ბოროტული წამოძახილები ჩვენს ევროპელ მეგობრებზე?

 

- გიორგი, საქართველოში იმედგაცრუებულთა არმია დიდია, რატომღაც ყველას ეგონა, რომ რიგის სამიტიდან საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას ჩამოიტანდა.


- არ ვიცი, რატომ შეიქმნა ასეთი მოლოდინები რიგის სამიტამდე, ხშირად ვწერდი სოციალურ ქსელში, რომ ხალხისთვის არ უნდა მიგვეცა გადაჭარბებული მოლოდინები, რომ ხელისუფლება რიგის სამიტიდან ვიზალიბერალიზაციით დაბრუნდებოდა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მთავრობა ამ დაპირებას არ იძლეოდა, პირიქით, ნაცები ყოველთვის იმაში ადანაშაულებდნენ მთავრობას, რომ გინდა თუ არა, უნდა მივიღოთ რიგის სამიტზე ვიზა-ლიბერალიზაცია და თქვენ არაფერს აკეთებთ ამისთვისო, არადა, „ნაციონალებმა" ყველაზე კარგად იციან, რომ რიგის სამიტის ფორმატი არ ითვალისწინებდა ვიზა-ლიბერალიზაციის მოცემას. ევროკავშირი, ეს არ არის ნატო, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღება სამიტებზე, ევროკავშირი დიფერენცირებული სტრუქტურებია, ყველას თავისი ადგილი აქვს, რიგის სამიტი არის უმაღლესი დონის შეხვედრა, სადაც განიხილება გლობალური საკითხები და იქ არ არის კონკრეტიკა... საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2012 წლიდან ევროკომისიასთან მუშაობს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ამ მიმართულებით მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მივდივართ, ფაქტობრივად, ჩვენ მეორე ეტაპი გადავლახეთ, თან ისე, რომ ვალდებულებების 15 პუნქტიდან, 7 შეფასდა დადებითად, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა. 5 შეფასდა ნაწილობრივ შესრულებულად, გამოსწორების ვადა მოგვეცა ნოემბრამდე და დარჩენილი ვალდებულებების განხორციელებისკენ მოგვიწოდეს. ფაქტობრივად, ჩვენ მაქსიმუმის მაქსიმუმი მივიღეთ რიგის სამიტზე.


- თუმცა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ჯერ კიდევ შორს არიან ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებამდე და უფრო მეტი რეფორმების გატარებისკენ მოგვიწოდა. კონკრეტულად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ და სასამართლო სისტემის გაძლიერებისკენ.


- სხვათა შორის, როგორც კი ეს ინფორმაცია ვნახე, თითქოს ანგელა მერკელი ნაადრევს უწოდებს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას, მაშინვე დავიწყე ძებნა გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურენოვან ინტერნეტრესურსებზე, მსგავსი განცხადება, გარდა „ვესტი რუს"-ი, არც ერთ უცხოურ სააგენტოს არ გაუკეთებია. პირიქით, ანგელა მერკელმა ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რომ საქართველოც და უკრაინაც იმსახურებენ ევროკავშირში ვიზა-ლიბერალიზაციას. კულუარებში მიდის მუშაობა შემდგომი სამიტისთვის, ევროკავშირის შიგნით მიდის საუბრები იმაზე, რომ ექვსი ქვეყნიდან სამ ქვეყანას - მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ჰქონდეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში განსაკუთრებული სტატუსი, იმიტომ, რომ აზერბაიჯანს, სომხეთსა და ბელორუსს არ სურს დაახლოება ევროკავშირთან ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ამიტომაც მიდის მუშაობა, რომ სამ ქვეყანას - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ჰქონდეს განსაკუთრებული სტატუსი.


- და მაინც, რა სარგებელი მივიღეთ ჩვენ ამ სამიტიდან?


- ჩვენ რა მივიღეთ? 200 მილიონის დაფინანსება, ეს ცოტა არ არის, 2 მილიარდი ევროთი დაგვიფინანსებენ ეკონომიკას, მარტო ვიზა-ლიბერალიზაციაზე როცა ვაკეთებთ აქცენტებს, ასე არ არის, იქ სხვა მნიშვნელოვანი ამბებიც მოხდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისთვის გამოიყო საკმაოდ დიდი თანხები, ეს არ არის კრედიტი, ეს ფულადი დახმარებაა. ეს არის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტები, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს მოხმარდება და ეს დიდი მიღწევაა. ანგელა მერკელმა პირიქით თქვა, საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს წლის ბოლომდე მოაგვარებსო. ანგელა მერკელი არ არის ის ადამიანი, რომელიც ჰაერში ისვრის სიტყვებს. მე სულ ვაკრიტიკებ მთავრობას, მაგრამ ეს არ არის ის შემთხვევა, როცა მთავრობა მაინცდამაინც უნდა გააკრიტიკო... მე მაინც პირველ ჩვენებას ვაწვები და ვამბობ, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას 2017 წლისთვის მივიღებთ. ერთ კულუარულ ინფორმაციას გეტყვით, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში მიდის ლაპარაკი, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ნიადაგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ქვეყნები, რომლებიც ევრაზიულ კავშირში არიან და ქვეყნებში, რომლებიც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაში არიან, ისეთი მექანიზმი მომზადდეს, რომ სავაჭრო ეკონომიკური კავშირები არ დაირღვეს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ევროკავშირი რუსეთის ფაქტორსაც ითვალისწინებს, სწორად მიანიშნა ანგელა მერკელმა, რომ რუსეთის ინტერესები არ იქნება დარღვეული, აზერბაიჯანი, ბელორუსი, სომხეთი - რუსეთის ინტერესებშია.


- ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ როგორია ევროპელი ლიდერების განწყობა, რას ამბობენ მასზე და როგორ აფასებენ მის საქმიანობას?

 

- რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მე კიდევ დავუბრუნდები იმ საკითხს, რასაც ჰქვია ქვეყნის შიგნით დაგარეთ ლობიზმი და პიარი, მთავარი პრობლემა არის ლობისტების შერჩევა, მინდა გითხრათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში ისე არ არის ცნობილი, როგორც ეს საჭიროა. მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, ძალიან კარგად უნდა იყოს წარმოდგენილი ევროპაში, არა მხოლოდ სამიტებზე, სამიტების გარეშეც. მე ვერ ვხედავ ჩვენი პრემიერ-მინისტრის უფრო მეტ ვიზიტს ევროპაში, ვიდრე ეს საჭიროა. ეს უნდა დაგეგმონ საგარეო ლობისტებმა, ის უნდა გაიცნონ ევროპელებმა კარგად, როგორც ეს საჭიროა, საქართველოს მთავრობა კონფერენციებს უნდა ატარებდეს ევროპაში, ევროპულმა მედიამ უნდა გაიცნოს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ევროპულ მედიას რომ გადავხედე რიგის სამიტის წინ, იგრძნობოდა, რომ უკრაინასა და მოლდოვას სერიოზული ლობისტები უწევდნენ პიარს. ძალიან კარგი პრესა ჰქონდათ, საქართველოზე არც ერთ გაზეთში არც ერთი სიტყვა არ დაწერილა, ეს უკვე ჩავარდნაა. ისე გამოგვდის - „ამირან გულში მღეროდაო", თუ შენ შენი ატლანტიკური მისწრაფებები არ გააცანი ევროპელებს, ისინი ვერ გაიგებენ, რა გინდა...


- ლატვიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის წარმომადგენელს ხის „სასტვენები" უსახსოვრა, რამაც ქართველი მოსახლეობა მხიარულ ხასიათზე დააყენა. ეს საჩუქარი რას ნიშნავს, - წადით და უსტვინეთ, სანამ ვიზა-ლიბერალიზაციას არ მოგცემთო?


- ამაზე ერთი პასუხი მაქვს, აი, ახლა გავიგე, ევროკავშირის ქვეყნები ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში რატომ ყვებიან ლატვიელებსა და ესტონელებზე ანეკდოტებს. არავის ვამცირებ, მაგრამ ეს იყო ტიპური ლატვიური სიაბდლე. მათ ჰგონიათ გაგვიკეთეს ფანტასტიური საჩუქარი, ამ დროს დაგვისტვინეს და გამოგვიშვეს „სვისტოკებით". ლიტველებმა „შალახოზე" გვაცეკვეს, ლატვიელებმა „სვისტოკები" მოგვცეს. სინამდვილეში ამ საჩუქარს აქვს სიმბოლური დატვირთვა და ეს მდგომარეობს იმაში, რომ ფრინველებისთვის არ არსებობს საზღვრები. ლატვია იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებს ევროკავშირთან ღია საზღვრები ექნებათ.

 

 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016