reportiori.ge - პაველ შერემეტი: სააკაშვილი, საქართველო, დაღუპული ოცნებები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:53
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
პაველ შერემეტი: სააკაშვილი, საქართველო, დაღუპული ოცნებები!
ავტორი:
26 მაისი, 2015. 12:01


უახლესი ისტორია არამარტო ისტორიკოსთა შრომებში იწერება, არამედ ჟურნალისტების უბის წიგნაკებსა და მათ მიერ მომზადებულ მასალებში. გავბედავ და ვიტყვი, რომ ამ უკანასკნელთ მეტი უპირატესობა აქვთ, იმიტომ, რომ მათ ყოველდღიურად საზოგადოების მაჯისცემაზე უდევთ ხელი, პოლიტიკური ამინდის შემქმნელებს პირადად ხვდებიან და ისტორიისთვის პირველწყაროს წარმოადგენენ. ჩვენმა კოლეგამ, ცნობილმა ტელეჟურნალისტმა პაველ შერემეტმა თავისი წიგნი „სააკაშვილი. სქართველო. დაღუპული ოცნებები" სწორედ ამ შეხვედრებსა და ინტერვიუებზე ააგო და საქართველოს უახლესი ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები დადო. გთავაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან, სადაც აღწერილია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, როგორი იყო წინაპირობები, ვინ და როგორ მოაწყო პატარკაციშვილისა და მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის ერეკლე კოდუას შეხვედრა ლონდონში, როგორ გავრცელდა მათი შეხვედრის ჩანაწერი სატელევიზიო სივრცეში, ვინ იყო მისი ერთგული, ვინ - მოღალატე.


2006 წლის ზამთარში ახალგაზრდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, რაშიც მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, ბადრი პატარკაციშვილისგან ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკის საფუძველი გახდა: „ბოლო 9 თვის განმავლობაში ველოდი, რომ ხელისუფლება თავისი მოქმედების მეთოდებს შეცვლიდა - ველოდი და ვდუმდი, მაგრამ სიჩუმე უკვე დანაშაულად იქცა. ხელისუფლებას ვურჩევ და ვთხოვ, განაახლოს დიალოგი ბიზნესმენებთან, ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც რეალურად მზად ვართ მათ მხარდასაჭერად, თუკი ჩვენს აზრებსა და რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ". პატარკაციშვილისგან ეს იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო პირველი სიგნალი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ მოისმინა, „გაატარა", მაგრამ ჩაუღრმავდა. იმ დროისათვის პატარკაციშვილს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტისა და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.


ბადრი პატარკაციშვილის გასანეიტრალებელი ოპერაციის ჩატარებამდე, საქართველოს ხელისუფლებამ მთელი 2006 წელი რუსეთის აგენტების ძიებას მიუძღვნა. რუსეთის ხელისუფლებაც თითქოს მათ წისქვილზე ასხამდა წყალს - მარტის ბოლოს აკრძალეს ქართული და მოლდავური ღვინის შეტანა. მაისის თვეში ასპარეზზე გამოვიდა რუსეთს თავშეფარებული საქართველოს უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი იგორ გიორგაძე, რომელიც სააკაშვილის „ჭინჭრების რევოლუციით" დაემუქრა. ღვინის ემბარგოსა და „ჭინჭრების რევოლუციით" მუქარას სააკაშვილმა კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციით უპასუხა, აღკვეთა სვანი ემზარ კვიციანის კონტროლი ამ ადგილებში (რომელიც იმ პერიოდისთვის თბილისს კი ემორჩილებოდა, მაგრამ ნებისმიერ დროს შეეძლო საწინააღმდეგო მხარეს გადასვლა). კოდორის ხეობას „ზემო აფხაზეთი" დაარქვა და იქ აფხაზეთიდან ლტოლვილი მთავრობა დასვა. 2006 წლის სექტემბერში დააკავეს იგორ გიორგაძის მხარდამჭერი პარტია „სამართლიანობის" ლიდერები, მოძრაობა „ანტისოროსისა" და კონსერვატიულ-მონარქიული პარტიის წევრები.


რუსეთიდან ღვინის ემბარგომ საქართველოს მილიონობით დოლარი დააკარგვინა. პრობლემის გადაჭრა დაევალა თავდაცვის მაშინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს. ხელისუფლებამ ბიზნესმენებს ყურძნის მთელი მოსავალი შეაძენინა, იმ პერიოდში ბევრი ღვინის ქარხანა დაიხურა, ფირმები გაკოტრდა. მოსახლეობაში უკმაყოფილების ტალღა აგორდა, ასპარეზზე გამოვიდნენ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც სპონსორად და სულისჩამდგმელად ბადრი პატარკაციშვილი მოევლინა. პატარკაციშვილი სააკაშვილს არც პოპულარობით ჩამოუვარდებოდა, არც ქარიზმით. ოპოზიციაში გადავიდა ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც თავდაცვის მინისტრობიდან და ეკონომიკის განვითარების მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ერთი წელი ჩუმად იყო, ხოლო 2007 წლის 25 სექტემბერს განცხადება გააკეთა საკუთარი პარტიის „ერთიანი საქართველოს" შექმნის შესახებ და იმავე დღეს ბადრი პატარკაციშვილის ტელეკომპანია „იმედის" ეთერით გააჟღერა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილი ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზე. ორი დღის შემდეგ ოქრუაშვილი დააპატიმრეს - კახეთში სანადიროდ წასული ხელბორკილებით ჩამოიყვანეს. ციხეში გატარებული ერთი კვირის მერე კი, მოულოდნელად, იმავე ოქრუაშვილმა ტელეკამერების წინ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და 7 მილიონი დოლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სახლში ჩაიკეტა, ხოლო ერთი კვირის მერე გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა. ოქრუაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. გერმანიაში დააკავეს, გადასცეს საფრანგეთს, პატიმრობაში იყო 2008 წლის იანვრამდე. ოქრუაშვილის დაპატიმრებამ ქუჩაში ხალხი გამოიყვანა გაერთიანდა 11 ოპოზიციური პარტია, მთავრობის სასახლის წინ 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა, მიტინგზე ბადრი პატარკაციშვილიც გამოვიდა, მისი ტელეკომპანია „იმედი" ხალხს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა. იმ პერიოდისთვის პატარკაციშვილი უკვე მოხსნილი იყო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეობიდან და დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. ხელთ ჰქონდათ ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებებიც, სადაც ის პატარკაციშვილს ოპოზიციის სპონსორად ასახელებდა. მაშინდელი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ყველანაირ ხერხს მიმართავდა, რომ პატარკაციშვილს საქართველო დაეტოვებინა (იმ დროისთვის პატარკაციშვილი უკვე ლონდონში იყო გადასული).


ბადრი პატარკაციშვილის რეზიუმე: პატარკაციშვილი მოსკოვიდან საქართველოში 2000 წელს დაბრუნდა, შეისყიდა უძრავი ქონება, იყიდა თბილისის ცირკის შენობა, რიტუალების სასახლე, შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყო ახალი კურორტის გაშენება, ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთან ერთად შეიძინა მინერალური წყლის კომპანია „ბორჯომი", შეიძინა სხვა საინტერესო აქტივები. რაც მთავარია, დააარსა ტელეკომპანია „იმედი", ცდილობდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დამეგობრებას, დააფინანსა რამდენიმე პოლიტიკური პარტია. რუსეთიდან გამოქცევის შემდეგ ის ძალებს იკრებდა. პატარკაციშვილი სააკაშვილს თითქოს დაუმეგობრდა, მაგრამ 2005 წლის 3 თებერვალს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მერე ერთმანეთს მტრად მოეკიდნენ.


ბოლოს კი, 2006 წელს პატარკაციშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ უკვე ღიად გამოვიდა, თუმცა, ყველას რომ ეგონა, ბრძოლა დაიწყებოდა, პატარკაციშვილი რაღაც დროით გაყუჩდა და მხოლოდ 2007 წლის გაზაფხულზე განაცხადა, საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედებით დავკავდებიო, სახლი შეიძინა ლონდონში, იქ გადაიტანა ავტომობილების კოლექცია და უმეტესწილად ლონდონში იყო, ვიდრე საქართველოში. თუმცა, ნათქვამი ჰქონდა, თუ ზღვრამდე არ მიმიყვანეს, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩავერევიო. ოპოზიციამ ბადრის თბილისის მერის კანდიდატობა შესთავაზა, მაგრამ მერობაზე მან უარი განაცხადა.


ამასობაში ხელისუფლებას არ ეძინა და პატარკაციშვილს ჩუმად უახლოვდებოდა - სააკაშვილსა და მის გარემოცვას მისი განცხადებების არ სჯეროდა.


აქაც შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი უხმაუროდ და მშვიდად თბილ ურთიერთობას ინარჩუნებდა მეორე ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან. ამ უკანასკნელს კი, გავრცელებული  ინფორმაციით, ბადრი ვერ იტანდა...


ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ პირველი გადადგმული ნაბიჯი ის იყო, რომ დაცვის შეცვლა აიძულეს, რუსეთის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული დაცვის წევრები საქართველოს მოქალაქეებმა შეცვალეს. ვანო მერაბიშვილმა გაამხილა, რომ ოპერაციას ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ ერთი წლის განმავლობაში ამზადებდა - ვზივარ პრემიერ-მინისტრის მანქანაში, ვანო საჭესთან ზის და მშვიდად მიყვება, როგორ ამზადებდნენ ოპერაციის ნიუანსებს. „აუდის" საჭესთან მე რომ ვმჯდარიყავი, აუცილებლად ხეს დავეჯახებოდი, მაგრამ ვანო ამ სპეცოპერაციაზე ისე მშვიდად ლაპარაკობს, როგორც მოთხრობაზე თევზაობის შესახებ, სულაც არ ეუხერხულება, რომ მის საუბარს ვიწერ. მას მიაჩნია, რომ სისტემამ შეუდარებლად იმუშავა, რადგან პატარკაციშვილი საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებას. ვანო მერაბიშვილი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ არ იყო პოლიტიკოსი, იყო ტექნოკრატი, ყურადღებას აქცევდა პრობლემის არა მორალურსა და ეთიკურ ასპექტებს, არამედ ეფექტურობას.


სპეცოპერაცია შემდეგნაირად დაიგეგმა: 2006 წლის ბოლოს ვანო მერაბიშვილმა გასცა სანქცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ერეკლე კოდუას პატარკაციშვილის გარემოცვაში შეეღწია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განზრახვის დასაფარად საგადასახადო პოლიცია თავს დაესხა ერეკლე კოდუას ძმისა და დედის ბიზნესს, წაართვეს შენობა და აიღეს ის, როგორც არაკანონიერად აშენებული. ყველას უნდა დაეჯერებინა, რომ ამ ამბების გამო ერეკლე კოდუა ხელისუფლებაზე ნაწყენი იყო და სააკაშვილზე შურისძიებას აპირებდა - მთავარი იყო, ეს ყველაფერი ბადრი პატარკაციშვილს დაეჯერებინა და მან ეს დაიჯერა - მეტიც, კოდუა სტუმრად მიიწვია და მასთან დამეგობრებას შეეცადა - სპეცსამსახურების ენაზე რომ ვთქვათ, გადაბირება სცადა. ბადრის არ უყვარდა ღია დაპირისპირებები, მისი სვლები იყო - კონტაქტი სპეცსამსახურებთან და პოლიტიკოსებთან მეგობრობა.


ასე რომ, ამ გზებით ერეკლე კოდუამ პატარკაციშვილის გარემოცვაში შეაღწია. მათ, ჯერ კიდევ თბილისში, კოდუას თანდასწრებით დაიწყეს სააკაშვილის საწინააღმდეგო გეგმების განხილვა და აზრადაც არ მოსდიოდა, რომ მათი ყველა საუბარი იწერებოდა. კოდუა პატარკაციშვილთან შეხვედრასა და მისგან გარანტიების მიცემას ითხოვდა. ბადრი კი მისთვის ჩვეული სტილით მოქმედებდა, ის არ გახდა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ფორმალური ძალაუფლება კი არა, ნამდვილი ძალაუფლება სურდა - რუხი კარდინალის როლში ყოფნა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად ლევან გაჩეჩილაძე დასახელდა. მოგვიანებით ბადრი პატარკაციშვილმა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში წამოაყენა. სააკაშვილისთვის ეს იყო სენსაცია, რადგან იმ დროისთვის  პატარკაციშვილი ძალიან სერიოზული მეტოქე იყო.


...და აი, ერეკლე კოდუა ბადრი პატარკაციშვილთან ლონდონში ჩაფრინდა. ბადრიმ მასთან ერთად გენიალური კომბინაცია მოიფიქრა. 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიაზე თავდასხმისა და მიტინგის დარბევის შემდეგ ბადრი საქართველოში არ გამოჩენილა, მერაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ის თბილისიდან რაც შეიძლებოდა, შორს ყოფილიყო („იმედი" ვერ დაიცვა ვერც News Corp-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა რუპერტ მერდოკმა, რომელსაც ბადრიმ მართვის სადავეები გადასცა, ბადრიმ ვერ გაითვალა, რომ ამერიკის 43-ე პრეზიდენტი სააკაშვილისკენ მაქსიმალურად იყო გადახრილი).


მერაბიშვილისვე ჩანაფიქრით, კოდუას პატარკაციშვილის საუბარი უნდა ჩაეწერა, რაც შემდეგ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა გასანეიტრალებლად გამოადგებოდა. ვანო დარწმუნებული იყო, რომ მათი შეხვედრის ოთახში ბადრი ხმის ჩამხშობს არ დააყენებინებდა, რადგან თავადვე მოისურვებდა ლაპარაკის ჩაწერას. ვანო არ შემცდარა. პატარკაციშვილთან შეხვედრის წინ კოდუა ძირფესვიანად გაჩხრიკეს, კინაღამ ტრუსამდე გახადეს. მიუხედავად ისეთი ჩხრეკისა, ბადრის მოწინააღმდეგე მხარეს იმავე ბადრისა და კოდუას საუბრის ჩანაწერის მოპოვება არ გასჭირვებია, რადგან  ამ შეხვედრის თაობაზე საქართველოს სპეცსამსახურებმა ოფიციალურად საქმის კურსში ჩააყენეს ბრიტანეთის მთავრობა და მათგან ოპერაციის ჩატარების უფლებაც მიიღეს. გავრცელდა ხმები, რომ ინგლისელებმა და ამერიკელებმა „ქართველი მეგობრები" სუპერთანამედროვე სპეცტექნიკით მოამარაგეს. ითქვა, რომ კოდუას ეკეთა სპეციალური ლინზები და დამაგრებელი ჰქონდა კანქვეშ შესაყვანი „ჟუჩოკები", რომლებიც დაცვამ ჩხრეკის დროს ვერ აღმოაჩინა. მერაბიშვილის თქმით: „ყველამ იცის, რომ ორ და სამ შემთხვევაში მიკროფონს ფეხსაცმლის ქუსლში მალავენ. ეს იცოდა ბადრის დაცვამაც. ამიტომ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ფეხსაცმლების ქუსლების დაჭრას არავინ დაიწყებდა, ჩვენ მათ გაცილებით მოხერხებულად და ვერაგებად მივაჩნდით".


შეხვედრაზე კოდუა თითქმის ჩუმად იჯდა, ლაპარაკობდა ბადრი და რაღაც მომენტში იმდენად გადააჭარბა, ისეთი რამ თქვა, რომ მისი სახით, საშიში მოწმის მოცილების სურვილი არათუ სააკაშვილს შეიძლებოდა გასჩენოდა, არამედ ვლადიმერ პუტინსაც! ბადრის ეგონა, რომ სიტუაციას მთლიანად აკონტროლებდა და ვერ წარმოიდგენდა, რომ ხაფანგში ებმებოდა. შესაძლოა, მას კოდუას გამოცდაც უნდოდა, გაეგო, რამდენად ვერ იტანდა ის სააკაშვილს და რამდენად მზად იყო სერიოზული საქმის შესასრულებლად.


არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ბრიტანულ გაზეთ The Sunday Time-ის საიტზე აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ორი უცნობი - სავარაუდოდ, საქართველოს შს სამინისტროს ოფიცერი და ჩეჩენი უვას ახმედოვი ბადრი პატარკაციშვილის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე საუბრობდნენ. მეორე დღეს საქართველოს მთავრობამ პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის ვალერი გელბახიანისა და ერეკლე კოდუას საუბარი გამოაქვეყნა, სადაც გელბახიანი ცდილობდა ერეკლე კოდუას დათანხმებას გადატრიალების ორგანიზებაზე. მეორე დღეს ხელისუფლებამ კოდუასა და პატარკაციშვილის ლონდონში საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა.


პატარკაციშვილი პანიკაში ჩავარდა, შეცდომას მიხვდა, მაგრამ ვერაფრით ახსნა, ხელისუფლების ხელში როგორ აღმოჩნდა ჩანაწერი. მან თავისი ვიდეოჩანაწერის სრული ვარიანტი თბილისში, ტელეკომპანია „იმედში" გადააგზავნა - მათ შორის, ჩხრეკის  კადრებიც. ამით რისი მიღწევა უნდოდა, უცნობია, მაგრამ, აშკარაა, რომ ამ ნაბიჯით ვანო მერაბიშვილს დამატებით ახალი კოზირები მისცა. ბადრიმ სპეციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კოდუასთან საუბარი შეეხებოდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ ძალის არგამოყენებას. აღიარა, რომ ამისთვის მზად იყო კოდუასთვის დიდი ფულიც გადაეხადა, რომ აგრძელებდა ბრძოლას საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად, რადგან იმავე ხელისუფლებამ „ვარდების რევოლუციის" იდეებს გადაუხვია. მაგრამ ბადრის ყველა ცდა უკვე ამაო იყო, ერეკლე კოდუას ჩანაწერში გარკვევით ისმოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბადრი ვანო მერაბიშვილის დაჭერას აპირებდა, ხოლო წინააღმდეგობის შემთხვევაში, სპეცსაშუალებების გამოყენებით დააძინებდა. საჯარო გახდა მისი საუბარი სააკაშვილთან კონფლიქტზე, კომპრომატებზე, პუტინთან ურთიერთობასა და სხვა საკითხებზე.


ამ ჩანაწერებმა ბადრი პატარკაციშვილის რეპუტაცია დასცა, ისეთი დიდი დარტყმა მიიღო, რომ გონს მოსვლა გაუჭირდა. ავტორიტეტის აღსადგენად ისრაელში პიარის სპეციალისტიც დაიქირავა, გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდა, მაგრამ ყველა ცდა ამაო იყო. თანამშრომელთა გადაწყვეტილებით, მოულოდნელად გაითიშა ტელეკომპანია „იმედიც" (უკვე მეორედ), ანალიტიკური გადაცემების სამსახურის უფროსი გიორგი თარგამაძის განმარტებით, ტელევიზიაში მუშაობა შეუძლებელი იყო და პატარკაციშვილს ბრალი დასდო ხელისუფლებასთან კულუარულ გარიგებებში, დაადანაშაულა ოპოზიციაც, რომლებმაც ჟურნალისტები ღვთის ანაბარა მიატოვეს.


2008 წლის 12 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში გულის შეტევით გარდაიცვალა. ექიმების ეშინოდა, არ ენდობოდა, თუმცა, იცოდა რომ გული დაავადებული ჰქონდა, დღის განმავლობაში 3 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. ბოლო დროს წონაში მოიკლო, რუსეთიდან იძულებითმა გამოქცევამ და შემდეგ საქართველოში არეულმა ცხოვრებამ თავისი დაღი დაასვა, უდროოდ დააბერა - 52 წლის გარდაიცვალა, მაგრამ გაცილებით ასაკოვნად გამოიყურებოდა. მისი სიკვდილის შემდეგ სააშკარაოზე გამოვიდა მისი პირადი ისტორიაც ორი ოჯახის არსებობის შესახებ... ბადრი პატარკაციშვილი დაიკრძალა რეზიდენცია „არკადიას" (ყოფილი რიტუალების სასახლე) ეზოში.


ბადრის სიკვდილის შემდეგ ოპოზიცია მიყუჩდა, შეწყდა აქციები. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორს გიორგი თარგამაძეს, თავისი პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" დააარსა და პარტიის დამფუძნებელი ყრილობა პატარკაციშვილის დაკრძალვიდან ერთ თვეში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩაატარა. ამ პარტიის ლიდერები გახდნენ ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზიის ყოფილი წამყვანები და ჟურნალისტები. პარტია და გიორგი თარგამაძის პოლიტიკაში მოღვაწეობა დალოცა თვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ასე რომ, წარსულში ეს არარელიგიური ახალგაზრდა კაცი ეკლესიის მთავარ პროპაგანდისტად და დამცველად მოგვევლინა. ასეთ მოკლე დროში ადამიანის ცნობიერებაში ასეთი დიდი გარდატეხის დაჯერება ძალიან ძნელია.


ბადრი პატარკაციშვილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ რამდენიმე თვე ცხოვრობდა მშვიდად, ბოლოს სიმშვიდესა და ომს შორის არჩევანი გააკეთა, ომი აირჩია და ნაცნობ რიტმში ჩაჯდა - იმიტომ, რომ სააკაშვილი ექსტრემალურ სიტუაციაში თავს გაცილებით კარგად გრძნობს.

 

 

 

მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016