reportiori.ge - გია ბურჯანაძე: სისხლის გუბეები იდგა საქართველოში და მხოლოდ „ლგბტ“ დარბევაზე აეხილათ თვალები?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:53
პრეს-დაიჯესტი
გია ბურჯანაძე: სისხლის გუბეები იდგა საქართველოში და მხოლოდ „ლგბტ“ დარბევაზე აეხილათ თვალები?!
ავტორი:
26 მაისი, 2015. 12:11


გია ბურჯანაძის თვალით დანახული 26 მაისი, რა შეიცვალა 2011 წლიდან დღემდე? როგორ აფასებს ხელისუფლებას, რომელსაც ხალხი იმედის თვალით შესცქეროდა. სახურავებზე შემოდებული გვამების ავტორები დღემდე დაუსჯელად დადიან. თავისუფლების მოედანზე 2011 წლის 26 მაისს დარბეული ადამიანების სისხლის ლაქები ჯერ კიდევ ამჩნევია, მაგრამ ეს მოვლენაც გადავყლაპეთ, ამანაც ჩაიარა, ყველას ყველაფერი შერჩა. მაშ ასე, „სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი გია ბურჯანაძე „კვირის ქრონიკის" კითხვებს პასუხობს.

 

- რა შეიცვალა 2011 წლის 26 მაისიდან დღემდე, ხართ ამ ხელისუფლების კმაყოფილი?

 

- ამ ხელისუფლების კმაყოფილი არ ვარ, „სახალხო კრებას" რა მოთხოვნებიც ჰქონდა 26 მაისს, დღემდე არაფერი არ შესრულდა, ჩვენ ვითხოვდით თავისუფალ არჩევნებს, მე გეკითხებით, - შეიცვალა რამე ორ წელიწად-ნახევარში?.. ორი არჩევნები ჩატარდა იმავე სიებით, რასაც ვაპროტესტებდით, იგივე საარჩევნო კანონია, არადა, ის პარტიები, რომლებიც კოალიციის სახელით შევიდნენ, ბაქრაძეს მიუსხდებოდნენ მაგიდასთან ხან „რვიანის", ხან „ექვსიანის" ფორმატში, მას ვერაფერი გამოგლიჯეს და არც იმის თავი, ნება და სურვილი აღმოაჩნდათ, რომ რამე შეეცვალათ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ჩვენ ვითხოვდით თავისუფალ სასამართლოს, განა, ეს სასამართლო თავისუფალია?.. იგივე ხალხით არის დაკომპლექტებული, ვისაც სააკაშვილის რეჟიმს ემონებოდა. ვითხოვდით მედიის თავისუფლებას, გამჭვირვალობას. გეკითხებით, მედია თავისუფალია?.. ამ ტელევიზიების შემყურე ხალხს, გული უსკდება. ის მაინც გააკეთონ, რომ ამ ხალხმა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ ტელევიზიას და საჯარო გახადონ ოფიციალურად ეს თემა. ხალხი დაიღალა, ყველა წუწუნებს, ყველა ცუდად არის, ან რატომ უნდა ვიყოთ კარგად? რასაც ვიმსახურებთ, სულ ისეთი ხელისუფლება გვყავდა. „ქართული ოცნება" ჩამოყალიბებული არ არის, ამორფულ მასასავითაა და მიჰყვება დინებას. საიდანაც ვიღაც დაუშტვენს, ყველას პასუხობენ, ხშირად უსუსურად, პასუხის გაცემაშიც უუნაროები არიან, მოკლედ, რა უნდათ, არ იციან.


- ხალხი ენდო ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დაგვპირდა, რომ საოცარ დემოკრატიას შექმნიდა და წასვლის შემთხვევაში ხალხს სანდო ხელისუფლების ხელში დატოვებდა. დღეს როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, შეცდომა იყო?


- რა თქმა უნდა, ეს იყო შეცდომა. ბიძინამ თქვა, როცა ქვეყანას დავალაგებ, პოლიტიკიდან მერე წავალო. დაალაგა კი არადა, უფრო არეული დატოვა. თითო კედლის გადანაცვლებით, არაფერი შეიცვლება, თუ საძირკველს არ შეცვლი. ბიძინა შეგვპირდა, მესამე წელი უკეთესი იქნებაო და თავზე გვენგრევა ყველაფერი. ლარი დაგვექცა, მძიმე სოციალურეკონომიკური პრობლემებია, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე უნდა აეღო პასუხისმგებლობა და მას ხალხიც გვერდით დაუდგებოდა. ახლა ხალხში არის ძალიან დიდი განაწყენება და იმედგაცრუება, „ქართული ოცნება" ცდილობს, ყველა უბედურება „ნაციონალებს" გადააბრალოს, „ნაციონალები" რომ საბოტაჟს მოგიწყობდნენ, თქვე დალოცვილებო, ხომ იცოდით და რაღატომ შედიოდით კოჰაბიტაციაში?!. საქართველოში სიტყვა „კოჰაბიტაცია" ვინმემ იცოდა?.. ეს ხომ გარედან მოხვეული ტერმინია და „ოცნებაც" გაება... გარედან ბევრ რამეს გვახვევენ, მაგრამ ასე ყველაფერში ბრმად რომ მივყვეთ, უკაცრავად და, სადღა არის ჩვენი სუვერენიტეტი?.. ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის და რა მივიღეთ, 9 აპრილს, ან 26 მაისს რა დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ?!. ამიხსენით, რა მნიშვნელობა აქვს, საიდან იმართება ქვეყანა - მოსკოვიდან თუ ვაშინგტონიდან, ფაქტია, რომ ქვეყანა იმართება. მესმის, რომ იზოლაციაში ვერ აღმოვჩნდებით და ვერ გავუწევთ სამყაროს გლობალიზაციას წინააღმდეგობას, ეს შეუქცევადი პროცესია, მაგრამ ჭკვიანი და თანმიმდევრული ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ აქედან სიკეთე მიიღოს. დღეს საქართველოს სულიერ და ბიოლოგიურ გადარჩენაზეა საუბარი, დაუცველია ჩვენი ტერიტორიები, ის, რაც დაკარგული გვაქვს, ამაზე ხომ ხმას არავინ იღებს, ერთი ნაბიჯი ვერ გადადგმულა, მასე სააკაშვილსაც ჰქონდა ლოზუნგები - „ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს!.."  კლიპებს იღებდა და მერე ორდენებს ურიგებდა კლიპებში მონაწილე ხალხს და მერე რა, ამით აფხაზეთი დავიბრუნეთ, თუ პირიქით, რუსებს უკვე დაკანონებული აქვთ აფხაზეთში ბაზები... გული მტკივა, ჩვენი ტერიტორია რომ დაუცველია. ხვალ ვინმეს რომ მოუნდეს სხვა ტერიტორიების წართმევა, ვინმე არის ჩვენი პატრონი, ვინც დაგვიცავს?!. რისთვისაც გვინდოდა დასავლეთთან, ევროპასთან ურთიერთობა, თუნდაც ოკუპანტ მეზობელთან, რომ ზედმეტი ტერიტორია აღარ წაეღო, ხომ ხედავთ, ყველა ისე იქცევა, როგორც მათ აწყობთ. ამასობაში რას ვაკეთებთ ჩვენ?.. ნახეთ, ვინ იყვნენ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრები? ისინი ჭრიჭინას ჰგვანან. გახსოვთ ფილმში „ჭრიჭინა" გამოცდაზე რომ გადის,  - „მიჩურინის ვაშლი, მიჩურინის ვაშლმა, მიჩურინის ვაშლითო..." ასე ატრიალებენ ერთი და იგივე აზრს სხვადასხვა ბრუნვაში, იმის იქით ვეღარ მიდიან... ამ შვიდ ბრუნვაში გასცემენ ერთსა და იგივე დაპირებას, რომ ეს ხალხი დააბოლონ, რომ მათი ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანონ. იყო გაუთავებელი მოლოდინი ვიზა-ლიბერალიზაციაზე და რა მივიღეთ - არაფერი! ვიზა-ლიბერალიზაციასაც კი არ გვაძლევენ და მართლები არიან. მე რომ ვიყო ევროპელი ლიდერების ადგილზე, არც მე მივცემდი საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები, ეს ევროპელმა უნდა თქვას, რომ შენ ხარ ევროპელი... არ ვუნდივართ იმ ევროპელებს, არ გვცნობენ ევროპელებად, რადგან შენ ხარ კავკასიელი, რომელსაც უნდა, რომ ჰქონდეს ის სიკეთეები და ღირებულებები, რაც აქვს ევროკავშირს, მაგრამ რომელ ღირებულებებზეა ლაპარაკი, რომელიც თავზე დაგვამხო ჯერ სააკაშვილმა, რომელსაც მხარს უჭერდა ევროპა და ამერიკა და შემდეგ, დღევანდელმა ხელისუფლებამ. მე ჩამოგითვლით ევროპულ ღირებულებებს, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი სასამართლო, მიუკერძოებელი გამოძიება, თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი და გამჭვირვალე მედია... რომელი ერთი გვაქვს აქედან?.. ერთადერთი, რასაც თავგამოდებით იცავენ, არის ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც პარლამენტში გრიალით დაამტკიცეს და არ იყო არც ერთი წინააღმდეგი, გასაგებია, რომ ესეც გარედან მოგვახვიეს, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც მნიშვნელოვან რამეს თმობს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს, იმავე ხელისუფლებამ თავისი ინტერესი უნდა გაიტანოს. აბა, ასე, ვინც არ უნდა დასვა სკამზე, იგივე სიტუაციას მივიღებთ და მაშ, რატომ ვირჩევთ ხელისუფლებას, თუ ის საკუთარი ინტერესების დაცვას ვერ განახორციელებს და სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების სანაცვლოდ, ჩვენი ქვეყანა მოგებას ვერ ნახავს?!

 

- ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად გაისმის კითხვა, - რატომ ვირჩევთ ხელისუფლებას, რომელსაც კრიზისების მართვა არ შეუძლია?.. სხვათა შორის, თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის დიდმა პროცენტმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, იყო თუ არა ეს საგანგაშო სიგნალი?


- წარმოიდგინეთ, ბელგიაში, დანიაში, ჰოლანდიაში, არჩევნებზე რომ 37% გავიდეს, იქ ერთი ამბავი ატყდება და ჩვენთან, ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა 27% გავიდა, ეს ნიშნავს, რომ ხალხი არის გულგატეხილი, იმედგაცრუებული და ესეც ხომ ხელოვნურად შექმნა ამ ხელისუფლებამ?!. როდესაც ადამიანები უყურებენ, რომ მათი საქმეები არ არის გამოძიებული, დამნაშავეები არ არიან დასჯილები, თუნდაც 26 მაისის ამბავზე ხელისუფლებას ყური არ გაუბარტყუნებია და ხალხი ხედავს, რომ ევროკავშირში შეტანილ საქმეზე ბიუჯეტიდან 38000 უნდა გადავიხადოთ „ლგბტ" საზოგადოების დარბევის გამო, უფრო მეტი იმედგაცრუება ჩნდება. რა, ევროსასამართლომ სხვა ვერაფერი განიხილა?!. სისხლის გუბეები იდგა საქართველოში, ამდენი ახალგაზრდა უდანაშაულოდ ჩაცხრილეს და მხოლოდ „ლგბტ" დარბევაზე აეხილათ თვალები?!. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც ხალხის გულგატეხილობას იწვევს.

 

- თქვენ ამბობთ, რომ პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა 2011 წლის მაისიდან დღემდე, ის ფაქტი, რომ ადამიანებს ქუჩაში არ ხოცავენ და სისხლის გუბეები არ დგას, ცვლილებებისკენ არ მიანიშნებს?


- როგორ არ შეიცვალა, ხელისუფლებაში პირველი პირები არ არიან ისინი, რომლებიც სულის ამოხდით გვემუქრებიან, მაგრამ ხალხს რომ გულს უხეთქავენ, ამას ვერ ხვდებით?.. „ნაციონალური მოძრაობის" წევრების, ამ ბანდიტების ტელევიზიაში გამოჩენა და ის უტიფარი ლაპარაკი, ხომ მოქმედებს ხალხზე?!. დამიჯერეთ, ხალხს გული უსკდება, ოთხივე ცენტრალური არხი მაგათი პიარითაა დაკავებული, მათ პოლიტიკას ატარებენ, ამ დამნაშავე ბანდიტური დაჯგუფების დღის წესრიგზე აგებენ საინფორმაციო გამოშვებებს, სულის ამოხდა მარტო ის კი არ არის, რომ გვცემდნენ და ციხეებში გვყრიდნენ, რაც ახლა ხდება, ესეც სულის ამოხდაა, ადამიანებს აიძულებენ, უსმინონ მათ უტიფარ გამოსვლებს. 26 მაისის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგვკითხეს, არაერთხელ ვიყავი დაბარებული პროკურატურაში, მაგრამ რა არის შედეგი, ვინმე დაისაჯა?!. ადამიანი რომ ხედავს დამნაშავე არ არის დასჯილი, გული უცრუვდება. გამოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, რომელსაც უამრავ გახმაურებულ საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული და საქმეები აქვს ფალსიფიცირებული, და ისე უტიფრად მელაპარაკება, თითქოს ის საქმეები ჩემი გაყალბებულია. გეკითხებით, კიდევ ესენი უნდა იყვნენ სასამართლოში, თუნდაც ჩემი ორი მოსამართლე, ვინც გამასამართლა, ერთია დარასელია და მეორე, ეფრემიძე... 2010 წელს პატიმრების წამების წინააღმდეგ აქცია მოეწყო, მივედი, ხმაც არ ამომიღია. აქციაზე 300 კაცი ვიდექით და იქ პატიმრების ახლობლები „ნაციონალური მოძრაობის" შიშით არ მოსულან და მხოლოდ იმის გამო, რომ ამ აქციაში მივიღე მონაწილეობა, მოსამართლე დარასელიამ გამასამართლა. 26 მაისს კი - ეფრემიძემ. მაგრამ მარტო მოსამართლეები და პროკურორები კი არ სჩადიოდნენ დანაშაულს, მოჰყავდათ ცრუ მოწმეები. სად არიან ისინი, ცრუდასმენისთვის პასუხს რატომ არავინ აგებს?!. გახსოვთ, „ნაცმოძრაობის" აქტივისტმა პირდაპირ ეთერში რომ ვთქვა, „ნაცმოძრაობა" ცრუმოწმეების მოყვანაში მაინც იყო მაგარი და თქვენ ამაშიც არ უქნიხართ ღმერთსო!.. ამ ადამიანმა პრაქტიკულად დანაშაული აღიარა, ადვოკატები იყვნენ შეკრულები „ნაცმოძრაობასთან", მათ პასუხი არ უნდა აგონ?!. ღამღამობით ქონებებს რომ აფორმებდნენ, ვინმემ რაღაცა დაიძახა, რამე თქვა?!. 55 ათასი საქმეა და ვერ გამოვიძიეთო... კარგი, ბატონო, ვთქვათ, ათასობით საქმეს გპატიობს საქართველოს მოსახლეობა, ორ წელიწად-ნახევრის მანძილზე 55  საქმე მაინც როგორ ვერ გამოიძიე, როგორ ვერ დააყენეთ დანაშაული მათზე, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი?!. რაც ხდება, იცით, ეს რას ნიშნავს? - ყველას ყველაფერი შერჩა, გაუვიდა და იმიტომ, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია, რადგან ეს ხელისუფლება იფიქრებს, მეც თუ ჩავიდენ მსგავს დანაშაულს, შემრჩებაო... მაგალითად, გაისად რომ გავიდეს გაუბედურებული ხალხი ქუჩაში, ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ არ განმეორდება 7 ნოემბერი და 26 მაისი, რადგან არ არის დასჯის პრეცედენტი შექმნილი. დაუსჯელობის სინდრომი დაითესა. იცით, „ქართულმა ოცნებამ" „ნაცმოძრაობა" ოპოზიციაში რატომ დატოვა? - წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა", ხალხი პრეტენზიას რომ გამოთქვამდა, რას ეტყოდნენ ესენი?!.. ახლა პასუხი აქვთ, - „ნაცმოძრაობა" საბოტაჟს ეწევაო... თქვენ რა გგონიათ, „ნაციონალური მოძრაობა" რა პრეტენზიებსაც უყენებს ამ ხელისუფლებას, სამართლიანად არ უყენებს?!. სხვა საქმეა, რომ ტუტუცები და თავხედები არიან, თავისი არ ახსოვთ, მიუღებელია დამნაშავე ძალისგან პრეტენზიის მოსმენა, მათ არ აქვთ არც პოლიტიკური და არც მორალური უფლება, ეს კითხვები და პრეტენზიები წაუყენონ ხელისუფლებას, მაგრამ ისინი მართლები არიან... ახლა ვნახოთ, რა არის ხელისუფლების პასუხი, - აი, თქვენ რომ 9 წელი ანგრევდით ქვეყანას, ქონებას ართმევდით ხალხს, ქუჩაში რომ ხოცავდით ახალგაზრდებს... და მიდის გადაძახილები, იმ „ნაცმოძრაობასაც" აწყობს ეს ხელისუფლება და პირიქით... ამათზეა ნათქვამი, - ხელი ხელს ჰბანს და ორივე პირსო და ამ შემთხვევაში, პირის დაბანა ჩვენი ქვეყნის გაუბედურებას ნიშნავს. ამოვიდა ყელში ამათი კოჰაბიტაცია, რომელიც დღემდე გრძელდება. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთი ეზიზღებათ, ან რატომ უნდა უყვარდეთ და მოსწონდეთ ერთმანეთი, პოლიტიკამ მეგობრობა არ იცის, მაგრამ ისინი ერთ საქმეს აკეთებენ. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატები", „რესპუბლიკელები" და „ნაცმოძრაობა", ამიტომ არიან ისინი მოტივირებული, მაგრამ დანარჩენი ამორფული მასა, რასაც ჩვენ, „ქართული ოცნების" ხელისუფლებას ვეძახით, ისინი უმოტივაციო ხალხია, ისიც კი არ იციან, რატომ არიან ერთად. ჩემს მიერ ჩამოთვლილმა პარტიებმა კი იციან, რა არის მათი მიზანი. ერთი ოთახიდან იღებენ დავალებას, ვერაფერს იტყვი, გასდით, მართლები არიან. გვერევიან... ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, მიშა კი არ იყო მაგარი, ჩვენ ვიყავით მთხლეები და ნუ ვთხოვთ იმ ქვეყნებს პასუხს, ვინც ჩვენ ამ ძალებს თავს გვახვევენ. ჩვენ ვართ პირდაფჩენილი მთხლეები, რომლებსაც არც არაფრის გაკეთება გვინდა, რომ შევეწინააღმდეგოთ, არჩევნებში გამოსვლაც გვეზარება, რომ გააზრებული გადაწყვეტილება მივიღოთ და ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც ამომრჩევლის ხმა 20 ლარად იყიდება. მეტი არაფერი აქვთ დარჩენილი და იმასაც 20 ლარად ყიდიან, ანდა ხათრით პრეზიდენტის არჩევა სადმე გსმენიათ?!. ამის მერე რატომ უნდა ვიყოთ კარგად?!. ან რატომ ვაგინებთ ცალკე ვაშინგტონს და ცალკე - მოსკოვს, ისინი მართლები არიან, თავის ინტერესს ატარებენ ჩვენს ქვეყანაში და რაც უნდათ, იმას იღებენ.

 

- თქვენი აზრით, არასაპარლამენტო ოპოზიცია რატომ არ აქტიურობს და რატომ დაუტოვა ბურთი და მოედანი „ნაციონალურ მოძრაობას?!"

 

- მათ ხელშია ოთხი ტელევიზია, ეს პატარა ძალა არ არის, სააკაშვილი ტელევიზიით მართავდა ქვეყანას, ეკრანზე დანახული საქართველო იყო სხვა, გარეთ გახვიდოდი და იყავი სხვა საქართველოში. ჩვენ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას" გიჟებს ვეძახით, მაგრამ ისინი გიჟები არ არიან, ძალიან განათლებული და მიზანმიმართული ხალხია, ზუსტად იციან, რასაც აკეთებენ. ეს არის შეკრული ბანდიტური ჯგუფი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ინტერესებით, თან ისწავლეს, როგორ უნდა მივიდნენ მიზნამდე, კარგი მასწავლებლებიც ჰყავდათ. ჩვენ გვინდა ახალი ველოსიპედი გამოვიგონოთ, მაგრამ ეს უკვე გამოგონილია, ამაზე ინსტიტუტები 70 წელია მუშაობენ და უახლეს გამოცდილებას უზიარებდნენ და ასწავლიდნენ „ნაციონალურ მოძრაობას". ამ ტექნოლოგიებით მოგვიგეს, ამით ქვეყანა დავკარგეთ და იმიტომ ვთქვი, - რაც დღეს ხდება, ხელი ხელს ჰბანს და ორივე - პირს, პირის დაბანაში ქვეყანა დავკარგეთ. მშვენივრად გარიგდებიან ოკუპანტი რუსები და ამერიკელები, ჩვენ დავრჩებით ხახამშრალი. რომ არ გარიგდნენ, მაშინ სამყარო უნდა დაიღუპოს, არავის სჭირდება ბირთვული ომი დედამიწაზე, აი, ჩვენ რომ ვეჩრებით, სად ვეჩრებით, იქ, სადაც არაფერი გვესაქმება. რომ გაიძახიან, - ევროკავშირსა და ნატოში შევდივართო, რატომ გვატყუებენ, ამიხსნას ვინმემ, ნატოში როგორ შევალთ? როგორ წარმოუდგენიათ ენგურსგაღმა რუსეთის ბაზა და გამოღმა, 60 მეტრში ნატოს ბაზა, ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია, ასეთი რამ არ ხდება სამყაროში. დავუშვათ, ეს პრეცედენტი მოხდა და ამას მოჰყვა შეტაკება, ვიდრე ესენი ერთმანეთში გაერკვევიან, 3 საათის მანძილზე რომ საბრძოლო მოქმედებები განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ვიდრე ნაფიქრი აქვს, რა მოჰყვება ამას?.. ხომ შეიძლება ნინო სამხარაძე ცოტა რეალურად შეხედოთ ამ ყველაფერს.


- ხელისუფლებაში „რესპუბლიკელების" გაძლიერებას და თინა ხიდაშელის გამინისტრებას თავდაცვის მინისტრის პოსტზე, რას უკავშირებთ?


- „რესპუბლიკელების" გაძლიერება, ეს ხომ არ არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, ყველამ ხომ ვიცით, ამ საქმეში ამერიკელების ხელი ურევია. ჰოდა, გეკითხებით, სად არის ჩვენი სუვერენიტეტი, რას ვზეიმობთ 26 მაისს?.. მინისტრიც კი ვერ დაგვინიშნავს ამერიკელების გარეშე, გამოდის, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, „ენდიაის" და „აირაის" გამოკითხვებს რომ გვახვევენ თავს, ვინმეს ეს სწორად მიაჩნია?.. ვაშინგტონში უნდათ, რომ ასე იყოს და გვაჩვევენ ამ აზრს. ავირჩიოთ ბარემ სენატორი, ოღონდ ამერიკამ მოგვცეს გარანტიები, რომ გვექნება მაღალი ხელფასები, პენსიები, როგორც ამერიკაშია, იყოს ისეთი კანონმდებლობა რაც იქ არის, არ დაუშვან ორმაგი სტანდარტები და ბარემ ვიყოთ ამერიკის შტატი. რა არის ეს, ადამიანებს რომ გულს უხეთქავენ, არც იქით ვარ და არც აქეთ. ჯერ ევრაზიული კავშირი შექმნილი არ არის და 31% მხარს უჭერს. ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდებით, გამოდის, ახლა ხალხს ისევ რუსეთში უნდა, იმიტომ, რომ ამერიკელებისგან ხეირი ვერ ნახეს. ცოტა დავფიქრდეთ, სანამ ერთი ხახიდან მეორეში გადავხტებით, სამწუხაროდ, ჩვენთან შოუს დონეზე წყდება საქართველოს ბედი, იმის ნაცვლად, რომ სერიოზული დებატები მიმდინარეობდეს მნიშვნელოვან საკითხებზე, 3 წამს აძლევენ საუბრის საშუალებას და ეს ყველაფერი დედის გინების ფონზე ხდება... ეს ნორმალურია?!. ხალხს ხომ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე სერიოზული დებატების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ გაანალიზონ ერთი ხახიდან მეორეში გადახტომა, რა უბედურებას მოგვიტანს. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ბეწვის ხიდზე გადაგვიყვანს. გვჭირდება სულიერი, ბიოლოგიური გადარჩენა, რაც დღეს არავის აინტერესებს. ამაზე უარესი სიტუაციაც ყოფილა, მაგრამ გადავრჩენილვართ და ღმერთს ვუმადლიდით, ერთხელაც იქნება, ვეღარ გადავრჩებით. ხალხი დღემდე სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია, სამი და ხუთი ნაძირალას ციხეში ჩასმა  არაფერს ნიშნავს, ადამიანმა ეს საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს და უნდა იგრძნოს, რომ დაცულია. როცა შენ ხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უამრავი დანაშაული მიუძღვის ხალხის წინაშე, კვლავ დაუსჯელი დადის და აქეთ გმოძღვრავს, ამაზე მეტი უსამართლობა რა გინდა?.. მაგრამ გასდის და აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილი ვიღაცამ მოქაჩეთ, რა!.. კი მაგრამ, ამ ქვეყანაში ერთი ჭკვიანი, გაწონასწორებული ადამიანი არ არის, რომ მრჩევლად დაიყენოს?!. თითქოს ეს ახალგაზრდა კაცი განწირულია, ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას, რომ ისეთი განცხადებები წინასწარ არ გააკეთოს, რაც იცის, რომ ვერ გამოუვა, გაჩუმდეს და თუ შეძლებს საქმის გაკეთებას, მერე ილაპარაკოს. სააკაშვილზე დამცინავ სიტყვებს რომ ამბობ, ჩემო ირაკლი, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დასამარდა, სასაცილოდ ნუ იხდი თავს, შენ ისიც ვერ გაგიკეთებია, რომ ერთი ძებნილი გადმოგვცენ, დაგვცინიან. მეცოდება ირაკლი ღარიბაშვილი, ვაიდა, გიკეთებენ ისეთ რამეს, რომ გაგწირონ. როგორც ირაკლიზე ვამბობ, რომ განწირულია, ასე არის ჩემი სამშობლოც განწირული და მეცოდება...

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016