reportiori.ge - ელიზბარ ჯაველიძე: ამ ახალ პარტიას „ეროვნულ მოძრაობას“ დაარქმევენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:28
ინტერვიუ
ელიზბარ ჯაველიძე: ამ ახალ პარტიას „ეროვნულ მოძრაობას“ დაარქმევენ
ავტორი:
26 მაისი, 2015. 14:27


რას საყვედურობს პრეზიდენტ მარგველაშვილს? რას ამბობს ბიძინა ივანიშვილზე? ვის დასჯას ითხოვს და რას ამბობს ოთხი „ნაციონალის" პარტიიდან წასვლაზე?


დღეს 26 მაისია, იმ მოედანზე, სადაც ხელისუფლება და სრულიად საქართველო დამოუკიდებლობას ზეიმობს, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა სისხლის გუბეები დააყენა. ეს იყო ერთ-ერთი ვანდალური დარბევა მშვიდობიანი მანიფესტაციისა, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ... მაშინდელმა ოპოზიციამ ზურგი  აქცია ამ ვანდალურ ფაქტს მხოლოდ იმიტომ, რომ აქციას მართავდა ნინო ბურჯანაძე. შეგახსენებთ, რომ ამ სისხლიანი დარბევის შემდეგ ალასანიამ ნინო ბურჯანაძესთან მისულ მომიტინგეებს მეორეხარისხოვანი ქართველები უწოდა.


რას საყვედურობს პრეზიდენტ მარგველაშვილს? რას ამბობს ბიძინა ივანიშვილზე? ვის დასჯას ითხოვს და რას ამბობს ოთხი „ნაციონალის" პარტიიდან წასვლაზე?

 

„ალიას" „სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრა:


- 4 წელი გავიდა 2011 წლის 26 მაისის დარბევიდან, ეს იყო ტრაგედია, მახსოვს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პირადად გამოაცხადა, - 26 მაისის ტრაგედიამ გარკვეულად მიბიძგა, რომ პოლიტიკაში მოვსულიყავიო, მაგრამ გამოხდა ხანი და 26  მაისს საერთოდ აღარ ახსენებენ, არც არავინ დაუჭერიათ, არც არავინ დაუსჯიათ და ის „ზონდერები", რომლებიც ჩვენ გვირტყამდნენ და ქართველებს ხოცავდნენ, მრავალი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ გააქრეს, ის ხალხი დღესაც ხელისუფლებაშია. როგორ შეიძლება მთავარ „ზონდერს", გიორგი ონიანს ადვოკატი და უფლებადამცველი ერქვას, ბულდოგს რომ ჰგავს, მონაცემებითაც რომ ბულდოგია. განა შეიძლება ეს ხალხი ნებივრობდეს და დაუსჯელად დადიოდეს, ტელევიზიით გამოდიოდნენ და ზნეობაზე გველაპარაკებოდნენ, დემოკრატიის სიკეთეზე გველაპარაკებოდნენ. რა გინდათ, გული გინდათ გაგვიხეთქოთ?!.  მაგრამ ამ ყველაფრის უმთავრესი მიზეზი გახლავთ ის, რომ სისტემა, რომელიც დააფუძნა ამერიკის შეერთებული შტატების მითითებით მიხეილ სააკაშვილმა, ამ სისტემაზე ამოიზარდნენ კოალიცია „ქართული ოცნების" მთელი რიგი პარტიები და დღესაც ეს სისტემა მძლავრობს, ესენი ქვეყანასა და ხალხზე კი არა, საკუთარ კარიერაზე ფიქრობენ და ანგარიშს უწევენ, რას იტყვიან ამერიკელები და ევროპელები, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლების უმეტესობას მიმაჩნია, რომ საქართველოს მტრად მოექცნენ.


- კონკრეტულად, ხელისუფლებაში მტერს ვის ხედავთ?

 

- დავიწყოთ იქიდან, რომ ირაკლი ალასანიას განცხადებები იმთავითვე იყო საქართველოს მტრობა, ასევე, მისი შემდგომი მოქმედებები არის გამოკვეთილი მტრობა, „ქართულ ოცნებას" სურს, შეაკოწიწოს სახელმწიფო, მაგრამ არ გამოსდის. უკმაყოფილო ვარ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადადგმული ნაბიჯებით, რომელიც უკრაინაში შეხვდა მიხეილ სააკაშვილს. რაზე ილაპარაკეს მათ, ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუმცა მათი შეხვედრის შედეგებს მოვიმკით. გახსოვთ, ირაკლი ალასანიას განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტები, სახელმწიფო რეფორმები და ამისთვის მას ამერიკიდან გადაუხადა მადლობა. ეს ჩვენი თვალჟუჟუნა „რესპუბლიკელები" იმთავითვე აცხადებდნენ, რომ მათი ამოცანა იყო „ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა. იუსუპოვმა ახალი წელიც კი მოულოცა მიხეილ სააკაშვილს, კოჰაბიტაცია, რომელიც ამერიკამ მოგვახვია თავს, ეს იყო მათთვის ჟანგბადის ბალიში და დღესაც გრძელდება.


სწორედ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მოხდა ის, რომ დღეს „სტოსი" მიჰყავთ ხელისუფლებაში „რესპუბლიკელებს". ღარიბაშვილის გარდა, მთავრობაში ჩვენ არ გვყავს კაცი, რომელიც ევროპიდან და დასავლეთიდან წამოსულ წარღვნას დაუპირისპირდება. ამიტომაც მიყუჟეს ეს ყმაწვილი კედელთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს, მიჭირს თქმა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, მისი როლი ამ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს ძალიან უარყოფითად.


რა არის ეს, როცა ამერიკის ელჩის გარეშე კრება არ იმართება, კადრი არ ინიშნება. განა შეიძლება ასე უსინდისოდ ერეოდეს საქართველოს მთავრობის დაკომპლექტებაში?!. ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ძმები ბერძენიშვილებიდან ერთ-ერთი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება. თუკი ეს ინფორმაცია გამართლდა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერძენიშვილებს ჩააბარეს, ჩათვალეთ, საქართველო აღარ იარსებებს, ისედაც ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვდგავართ. ჰოდა, ეს მსოფლიო ზეცაში მოჭიკჭიკე მერცხლები, რომელთაც არაფრად მიაჩნიათ ქართველი ერი, დასცინიან ყველას, ვისაც სამშობლო უყვარს და პატრიოტიზმზე სიცილით სკდებიან, რომლებიც არაერთგზის ბიძინას ფულის ტომრად მოიხსენიებდნენ და დღესაც ბერძენიშვილები ბიძინა ივანიშვილს სოფლიდან ჩამოსულ ქაჯუნიას უწოდებენ, აი, ესენი წამოგვასხდნენ ქართველებს თავზე. უფრო სწორად, წამოგვასვეს, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას, „რესპუბლიკური პარტია" არ აურჩევია.


- თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი რატომ არის ამდენი ხანი გაჩუმებული, როგორ ფიქრობთ, მას აქვს სამოქმედო გეგმა?

 

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და გაჩუმების ერთადერთ მიზეზს იმაში ვხედავ, რომ მას ძალიან დიდი ფინანსები აქვს დასავლეთის ბანკებში განთავსებული, რომ რამდენიმე საათში, თუ დაინტერესებული ძალები მოინდომებენ, ნულზე დაუყვანენ ფინანსებს. როცა შეეჯახა იმ რეალობას, რომ დასავლეთი მას აიძულებდა, კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა, კოჰაბიტაცია იყო იძულებით თავსმოხვეული ვალდებულება, მიხვდა, რომ ამ შემთხვევაში განრიდება ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იყო. პრემიერ-მინისტრად მოვიდა ახალგაზრდა კაცი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც თქვა, რომ „ნაცმოძრაობა" არის ბოროტი ძალა, სექტა, მათთან არ შეიძლება თანამშრომლობა და თქვენ ნახეთ, მთელი დასავლეთი ყალყზე დადგა, დაირაზმა მის წინააღმდეგ. ამიტომაც ნურავის გაუკვირდება ქართველ ხალხს გაუტყდა  გული დასავლეთისადმი და საქართველოში იმატა ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვმა, ახლა წივილ-კივილია, 31% რა ამბავიაო, საკუთარ თავებს ჰკითხონ. ხალხში დავდივარ და კარგად ვიცი, რომ მოსახლეობის 80% მხარს აღარ უჭერს ამ ხელისუფლებას და ერთერთი მიზეზია ის, რომ დასავლეთის კურსს ატარებს, რომელმა კურსმაც ჩვენ დაგვიკანონა ანტიდისკრიმინაციული კანონი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაგვიკანონონ.


- რიგის სამიტიდან ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციის ნაცვლად „სვისტოკებით" გამოუშვეს. ეს გააძლიერებს თუ არა ანტიდასავლურ განწყობას და მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტებზე ყოფნას როგორ აფასებთ, რომელიც ქვეყნის შიგნით ძებნილია?

 

- მიხეილ სააკაშვილი კი არის ჭკუიდან გადასული, მაგრამ არ მგონია, „გიჟი თავისუფალია"-ს პრინციპის გამო მიუშვა ამერიკამ თავის ნებაზე. ამერიკა მსოფლიოს აჩვენებს, რომ ის არის მსოფლიოს გამგებელი. არ დაიჯეროთ, რომ ამერიკა ოდესმე რუსეთს დაუპირისპირდეს საქართველოს გამო, მას აინტერესებს საქართველოს ტერიტორია და ისეთი ძალები, ვინც ბაყაყებივით იყიყინებენ რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ სჭირდებათ სააკაშვილი, რომელიც ყველას ყურში ენას გვიყოფს ხან უკრაინიდან, ხან რიგიდან, ხან თურქეთიდან. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ძალიან გახარებული ვარ, რომ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი არ მოგვანიჭეს, რადგან საქართველოს სიკეთეს არ მოუტანდა. რაც ხდება, ეს არის გაუნათლებელი ხალხისთვის ქაღალდების ფრიალი, შეხედეთ თურქეთს, 30 წელია ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ვიზალიბერალიზაცია მათთვის არ მიუციათ და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია იცით, რას ნიშნავს? ისედაც მილიონ-ნახევარი კაცია გასული უცხოეთში, მონებად მუშაობენ, ვიზალიბერალიზაცია რომ მოგვცენ, საქართველოში მდიდრებისა და მაღალჩინოსნების გარდა, არავინ დარჩება.


- „ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს გიორგი მელაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მონოლითურ ერთიანობას წარმოადგენდა, მარტივ მამრავლებად იშლება. ამას წინ უსწრებდა ირაკლი წერეთლის ჩაბჟირებული შიმშილი და ლოზუნგი - „გავგიჟდები, მიშა თუ არ ჩამოვა", როგორ ფიქრობთ, რა ხდება, „ნაცმოძრაობა" სტრატეგიას იცვლის და ეროვნულობის საფარქვეშ ახალ პარტიას ქმნის?..

 

- ირაკლი წერეთელს დიდი ხანია ვუყურებ და განცვიფრებას ვეღარ ვმალავ, დღეს რომ გამოდის და შიმშილობს, ეს არის ეროვნული მოძრაობის თავის მოჭრა. კარგად წაიკითხოს ირაკლი წერეთელმა ჩემი სიტყვები, მას ეროვნული სულის გაღვივებაში წვლილი აქვს შეტანილი, პოლიტიკურ სცენაზე მისი გამოყვანით საზოგადოებას ამზადებენ. სამწუხაროდ, პოლიტიკა გახდა ის ბინძური ადგილი, სადაც ყველაზე მარტივად იშოვება ფული, თუმცა არ მაქვს ფაქტი იმისა, აიღო თუ არა ირაკლი წერეთელმა სააკაშვილისგან ფული.


„ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ ერთი პრინციპით იყო შეკრული - „ყველა დამნაშავეა" და ეს წარმოადგენდა დამნაშავეთა გაერთიანებას, როცა ერთ დამნაშავეს იჭერ, ჯაჭვური რეაქციით მიჰყვება ყველას დაჭერა, ამიტომ თავის გადარჩენის მიზნით გამოიქცნენ დამნაშავეთა პარტიიდან. დასავლეთმა ახალი თამაში წამოიწყო, ბევრი მცდელობის მიუხედავად მათ დაინახეს, რომ საქართველო „ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს აღარ მიიღებს, ახლა მათი მიზანია შედარებით გაუსვრელი სახეებით ახალი „ნაციონალური მოძრაობა 2" შექმნან, რა სახელს დაარქმევენ, ეს სხვა საკითხია. აი, ეს არის კიდევ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათი პარტიიდან წამოსვლისა. ამ სქემას კი ხელმძღვანელობს გებელსი - ბოკერია, რომელიც ცდილობს, სახეშეცვლილი წარდგეს ამომრჩევლის წინაშე.


დიდი ეჭვი მაქვს, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ახალ პარტიას „ეროვნულ მოძრაობას" დაარქმევენ, ამიტომ დასჭირდათ ირაკლი წერეთლის გამოყვანა, რასაც მოჰყვა პარტიის დაშლა და სულ მალე ჩვენ ვიხილავთ ეროვნულ საფარქვეშ აღმოცენებულ პარტიას, რომელიც „ნაციონალებით" იქნება დაკომპლექტებული. ისიც მახსოვს, აქტიური ზვიადისტი როგორ გადაიქცა მიშისტად და ისიც მახსოვს, ზვიადის მიმდევარი ერთ-ერთი ცნობილი ქალი ამბობდა, - „მიშას სხეულში ზვიადის სული ჩასახლდაო"... აი, მაშინ კი ვთქვი, რომ ახლა დაიღუპა საქართველო-მეთქი... სწორედ ამ სახეცვლილებასთან გვაქვს დღეს საქმე, ასეთი ადამიანების კი მე არ მწამს, ესენი ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ მუცელზე და არა საკუთარ სამშობლოზე...

 

 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016