ხვალ, 27 მაისს, ვარშავაში, თბილისის დროით 22:45 საათზე, ევროპა ლიგის 2014/2015 წლების გათამაშების ფინალური დაპირისპირება გაიმართება „დნიპროსა" და „სევილიას" შორის. სეზონის დასაწყისში, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დნეპროპეტროვსკის კლუბი ასეთი მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა, თუმცა გუნდი ფინალშია და არა მხოლოდ საკუთარი ისტორიის დაწერისთვის, არამედ იმ გმირებისთვის იბრძოლებს, რომლებიც უკრაინის თავისუფლებისთვის ფარად დგანან. ევროპა ლიგის შარშანდელი გამარჯვებული ესპანელები კი, ტიტულის დაცვას შეეცდებიან.
შეხვედრა უდავოდ საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან ორი სრულიად განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიის მქონე გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს. ნათელია, რომ „სევილიას" დამანგრეველ შემტევ პოტენციალს „დნიპრო" ყრუ დაცვასა და პრაგმატულ ფეხბურთს დაუპირისპირებს. როგორც წესი, ასეთ შეხვედრებში ის იგებს, ვისაც მეტად უმართლებს.
„დნიპროს" თავკაცმა მირონ მარკევიჩმა პოლონეთში 22 ფეხბურთელი წაიყვანა. მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც მოხვდა, რომლის როლიც ფინალურ მატჩში შესაძლოა ყველაზე დიდი აღმოჩნდეს, ვინაიდან სწორედ საყრდენი ნახევარმცველის უშეცდომო თამაში განაპირობებს „დნიპროელთა" კარის უსაფრთხოებას და ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა.
ჯაბას მნიშვნელობა თავად მარკევიჩმაც კარგად იცის, სწორედ ამიტომ, მან უკრაინის ჩემპიონატში „შახტართან" დაპირისპირებისას ქართველი ლეგიონერი დაასვენა და მისი კონცენტრირება ევროპა ლიგისთვის მოახდინა.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალური დაპირისპირების გამარჯვებული, 11 აგვისტოს, „დინამო არენაზე", სუპერთასის მატჩში ჩემპიონთა ლიგის 2014/2015 წლების გათამაშების გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში კი, ერთმანეთს „ბარსელონა" და „იუვენტუსი" შეერკინებიან.