ყველაზე ძველი საერთაშორისო ტურნირი „კოპა ამერიკა" წლევანდელ გათამაშებაშიც ლაღი და ტექნიკური ფეხბურთის დემონსტრირებას გვპირდება. ტურნირზე 12 გუნდი იღებს მონაწილეობას. ისინი 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. „კოპა ამერიკა 2015"-ის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი" წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს. შევეცდებით, საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.
ჩვენი დღევანდელი სტუმარი A ჯგუფის უკანასკნელი წევრი - ეკვადორის ნაკრებია, რომელსაც შემდგომ ეტაპზე გასაღწევად ტურნირის მასპინძელ ჩილეს, ბოლივიისა და მექსიკის ეროვნულ გუნდებთან მოუწევს დაპირისპირება.
ეკვადორმა „კოპა ამერიკას" სამჯერ - 1947, 1959 და 1993 წლებში უმასპინძლა. მათ არათუ ჩემპიონობა, არამედ საპრიზო ადგილის დაკავებაც კი ვერასდროს მოახერხეს. საუკეთესო მაჩვენებელი საკუთარ კედლებში - 1959 წელს დააფიქსირეს, როდესაც ნახევარფინალში გააღწიეს, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში ბრაზილიასთან დამარცხდნენ.
ეკვადორის ნაკრებს 2015 წლის მარტიდან გუსტავო კინტეროსი თავკაცობს. მთავარი მწვრთნელის რანგში ეს მისთვის პირველი სანაკრებო გამოცდილებაა. მანამდე იგი ბოლივიის, არგენტინისა და ეკვადორის რამდენიმე კლუბს ედგა სათავეში. კინტეროსი საკმაოდ ამბიციური მწვრთნელია და წელს ეკვადორის ნაკრების ისტორიის გადაწერას გეგმავს.
გუსტავომ „კოპა ამერიკა 2015"-ისთვის ფეხბურთელები ჯერ კიდევ 2 კვირის წინ იხმო. გთავაზობთ ეკვადორის ნაკრების საბრძოლო შემადგენლობას:
მეკარეები: ალექსანდრ დომინგესი („ლდუ კიტო"), ესტებან დრეერი („ემელეკი"), ლიბრადო ასკონა („ინდეპედიენტე დე ვალე"), მაქსიმო ბანგუერა (გუაიაქილის „ბარსელონა");
მცველები: ხუან კარლოს პარედესი („უიტფორდი", ინგლისი), ფრიკსონ ერასო („გრემიო", ბრაზილია), ლუის რომერო („ლდუ კიტო"), გაბრიელ აჩილიერი, ჯონ ნარვაესი, ოსკარ ბაგი (ყველა „ემელეკი", უალტერ აიოვი („პაჩუკა", მექსიკა), არტურო მინა, მარიო პინეიდა (ორივე „ინდეპედიენტე დელ ვალე"), რობერტ არბოლედა („უნივერსიდად კათოლიკა");
ნახევარმცველები: კრისტიან ნობოა („პაოკი", საბერძნეთი), ანტონიო ვალენსია („მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), რენატო იბარა („ვიტესი", ჰოლანდია), პედრო კინიონესი, ოსვალდო ლასტრა (ორივე „ემელეკი"), ფიდელ მარტინესი, ჯონათან გონსალესი (ორივე „ლეონეს ნეგროსი", მექსიკა), მაიკლ აროიო („ამერიკა", მექსიკა), ხუან კასერესი („ბანფილდი", არგენტინა), პედრო ლარეა („ლდუ ლოხა"), ფერნანდო იდალგო („ლდუ კიტო");
თავდამსხმელები: ენერ ვალენსია („ვესტ ჰემი", ინგლისი), ხაიმენ აიოვი („გოდოი კრუზი", არგენტინა), ჯეფერსონ მონტერო („სუონსი", ინგლისი), ანხელ მენა, მილერ ბოლანოსი (ორივე „ემელეკი").
დიდი ალბათობით, ეკვადორის ნაკრები „კოპა ამერიკა 2015"-ზეც ტრადიციული 4-4-2 ტაქტიკით ითამაშებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეკვადორელები საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობენ როგორც საკუთარი კარის უსაფრთხოებას, ასევე ბურთის შეტევაში ატანას, რაც ტურნირის არაერთ ფავორიტსაც კი შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს.
გთავაზობთ, ჩვენი წარმოდგენით შემდგარი ეკვადორის ნაკრების ძირითად შემადგენლობას „კოპა ამერიკა 2015"-ისთვის:
ეკვადორის ნაკრების კალენდარი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე (თბილისის დროით):
12 ივნისი. 03:30 ჩილე : ეკვადორი
16 ივნისი. 01:00 ეკვადორი : ბოლივია
20 ივნისი. 01:00 მექსიკა : ეკვადორი