ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე „რეპორტიორს" სამართლიანობის აღდგენის, დამნაშავე რეჟიმის დასჯისა და გამოუძიებელი საქმეების ბოლომდე მიყვანის აუცილებლობაზე ესაუბრება:
- სამართლიანობის აღდგენას ბუტას მკვლელობის გახსნის შემდეგ, რომელი საქმით დაიწყებდით?
- ვაზაგაშვილის და სანდრო გირგვლიანის საქმეებით! თუმცა, სამართლიანობის აღდგენას რეალურად დავიწყებდი რეჟიმის დასჯით!
- კონკრეტულად?
- სააკაშვილის, ადეიშვილის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების დასჯით!
- პირდაპირ გვითხრით, სახელებით და გვარებით - ვინ უნდა დაისაჯოს ბუტას მკვლელობისთვის?
- ადეიშვილი და ოქრუაშვილი, პირველ რიგში! ღვინიაშვილი, მიქაძე, დონაძე და ფირცხალავა.
- წინა ხელისუფლების დროს გაჩუმების სანაცვლოდ ფინანსური უზრუნველყოფა ვინმემ თუ შემოგთავაზათ?
- იყო ასეთი შემთხვევა - ერთად შემოგვთავაზეს მე და ირინა ენუქიძეს. თუმცა, ჩვენ მაშინვე დავუსვით წერტილი ამ ამბავს. გავაკეთეთ პრეს-კონფერენცია.
- როდის ან თუ იყო ეტაპი, როდესაც ამჯობინეთ გაჩუმება?
- არასოდეს და არც გავჩუმდები! მაშინ ვჩუმდები, როცა გამოძიების ინტერესები უნდა დავიცვა და ამის გამო არ არის საჭირო საუბარი.
- თქვენ თქვით - იური ვაზაგაშვილს ჰქონდა შეგრძნება, რომ მას უთვალთვალებდნენო. მსგავსი შემთხვევა თქვენც თუ გქონიათ?
- მქონია და დღემდე მაქვს! ვიცი, რომ ძალიან მალე საქართველოში კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა მოხდება. ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ ეს ვთქვი და მეოთხე თვეს ხარძიანი მოკლეს.
- ვინმე დაგყვებათ და გითვალთვალებთ?
- ვფიქრობ, დამყვებიან. სადაც მივდივარ, სადაც ვჯდები, უცხო პირები მკითხულობენ. მაგალითად, ერთ-ერთ რესტორანში, პეტრიაშვილზე, ორჯერ მიკითხეს, როდის მოდის, როდის მიდის, რას აკეთებსო... ეკითხებიან, კიდევ როდის მოვაო? ხშირად კითხულობენ ჩემს მარშრუტს. არავინ იცის, ვინ არიან.
- რატომ არ მიმართავთ საგამოძიებო უწყებებს, ან თუ ფიქრობთ, რომ დაცვა გესაჭიროებათ?
- ურჩევნიათ, დაცვა იმან გამოიყოს, ვინც მე მებრძვის!
- ბუტას საქმის შემდეგ, კიდევ რას ელოდებით ახალი ხელისუფლებისგან?
- ამ ხელისუფლების მტერი არ ვარ. მადლობას ვეტყვი პოლიტიკოსებს, ვინც ბუტას საქმის გახსნის პროცესში იღებენ მონაწილეობას. ხიდაშელი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა. ველოდები, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება ყველა დანაშაულზე, ყველა დამნაშავის მიმართ. ველოდები, დაისაჯონ დამნაშავე რეჟიმის იდეოლოგები!