„ჩემი თვალით დავინახე, ლელა კილაძე იქ როგორ შევიდა!"
რატომ აძლევს ხელისუფლება გიგი უგულავას სასამართლოზე მიტინგის მოწყობის უფლებას? რა ქონებას ფლობენ რეალურად გიგი უგულავა და მისი მეუღლე ლელა კილაძე?
„ქრონიკას" ესაუბრება „თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი:
- ჩვენი ყოფილი მერის გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე ყველაფერის აკეთებს, რომ არეკლამოს თავისი გიგი. გეტყვით, რატომ გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა ლელა კილაძისა და გიგი უგულავას ქონება და ამ საკითხით დავინტერესებულიყავით: „რუსთავი 2"-ზე საღამოობით გადის რეკლამა, სადაც ლაპარაკია, რომ გიგი უგულავა ტყუილად ზის ციხეში და რომ ის უდანაშაულოა. ამას მოჰყვა ის ფაქტი, რომ ჩემს მეგობართან ვიმყოფებოდი სახლში, რომელიც ცხოვრობს ჩიტაძისა და ინგოროყვას ქუჩის კვეთის ადგილას მდგარ სახლში და დავინახე, რომ იქ აშენებულ ფეშენებელურ სახლში შედიოდა ლელა კილაძე. მოვიკითხე ხალხში, სამეზობლოში და გავარკვიე, რომ ლელა კილაძე ზუსტადაც რომ ცხოვრობს ამ სახლში, ესაა ინგოროყვას 19, მერე მოვიძიე ინფორმაცია და მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ მათ საკუთრებაში არსებული სახლებიდან დაწყებული, ნათესავების დასაქმებით დასრულებული ინფორმაცია. მოკლედ, საქმე ეხება იმ ელიტარულ სახლს, რომელიც მდებარეობს ზუსტად ძველი პარლამენტის უკან, ხომ ხვდებით, ძვირადღირებული მრავალსართულიანი კორპუსი რომ დგას და ერთ-ერთი უძვირესი ბინა რომაა დღეს თბილისში.
- რა ღირს ამ შენობაში კვადრატული მეტრი?
- დაახლოებით 1500 ამერიკული დოლარიდან - 2500, 2700 დოლარამდე. მოკლედ, დავინტერესდი და გავარკვიე, რომ ამ ბინაში კი ცხოვრობს ლელა კილაძე, მაგრამ მის სახელზე არ არის სახლი გაფორმებული, ქალბატონ რუსუდან კილაძეზეა, რომელიც გიგის მეუღლის მამიდაა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელიც გაცემულია 2012 წელის 19 ოქტომბერს (№ 010270039034) წერია, რომ აქ, ამ ელიტარულ სახლში მას შეძენილი აქვს შეძენილი ბინა, რომლის ფართობიცაა 465.00 კვ.მ. და ფასი არ გაინტერესებთ, რა უწერიათ ნასყიდობაში?
- რამდენიაო?
- 500 დოლარი და გამოდის მთლიანად ამ ბინაში ქალბატონ რუსუდანს, ანუ ლელას, გადაუხდია 240 000 დოლარი, ამ დროს ესაა ტყუილი, რადგანაც თქვენც და ნებისმიერ მობინადრესაც შეუძლია, იქვე, ამ სახლის პირველ სართულზე ნახოს სამაკლერო ორგანიზაცია, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი შევა და იკითხავს ბინის ფასს და იქვე ეტყვიან სიმართლეს. 500 დოლარი არასად არ არის ბინის ფასი და რაღა მაგათთვის იქნებოდა? მოკლედ, ძალიან მარტივი არითმეტიკული გამოთვლით აქ საუბარია დაახლოებით მილიონზე, უფრო ზუსტად 930 000 ამერიკულ დოლარზე. მაგრამ ეს თანხა მხოლოდ შავ კარკასშია გადახდილი ამ ქალბატონის მიერ და ამას დაუმატეთ, როგორც შემდგომში გაირკვა, დაახლოებით 400-450 დოლარი დაუჯდა ლელა კილაძეს კვადრატული მეტრის გარემონტება და, რამაც საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა იქამდე, რომ ეს ბინა, რომელიც დღეს ქალბატონ რუსუდანზეა გაფორმებული, სინამდვილეში კი ქალაქის ყოფილი მერისაა, უხეში გამოთვლით უკვე ჯდება მილიონ ნახევარი დოლარი!
- მეზობლები რას ამბობენ, ამ სახლში ცხოვრობდა წყვილი, თუ ბინა გარემონტებული და დაკეტილია, რადგანაც ეჭვი მაქვს, მსგავსი ნოყიერი ბინები მერს კიდევ ექნება.
- აქ ლელა ცხოვრობს, დამიჯერეთ, ამას კულუარულად კი არ ვამბობ, ჩემი თვალით მაქვს ნანახი არაერთხელ მისული ამ სახლში ქალბატონი კილაძე. მე-6 სართულზე არიან და მთლიანი სართულია ნაყიდი. ანუ უზარმაზარი ფართია, აპარტამენტები და ამხელა ფული რომ ბინის ფასად იქნება გადახდილი, შიგნით როგორი იქნება ბინა, წარმოგიდგენიათ? სამწუხაროდ, საამისო ინფორმაცია ვერ მოვიძიე, მაგრამ ვხვდები, შიგნით როგორი რემონტიცაა და ავეჯიც. აი, ეს არის ჩვენი პატიოსანი მერის სახლი, რომელიც თურმე უსამართლოდ ზის ციხეში და პოლიტპატიმარია. ლელა კილაძით დავიწყეთ და გარდა ამ სახლისა, ჩვენი კვლევის დროს დაფიქსირდა მისი უამრავი ნათესავი, რომლებიც ჩართული იყვნენ უგულავას მერობის დროს კორუფციულ სქემებში. საქმე ისაა, რომ ნაციონალებიდან ხშირად მესმის სიტყვა „ნეპოტიზმი" და მინდა, მოგახსენოთ ქალბატონი ლელას უამრავი ნათესავის მდგომარეობა, რომელებსაც 2006 წლიდან მოყოლებული და, პრაქტიკულად, 2012 წლამდე, სანამ უგულავა მერი იყო, უამრავი ქონება აქვთ დაგროვილი. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული ამბავია ის, რომ არსებობს შპს „მანი", რომლის მფლობელიც არის შალვა კილაძე, ლელას მამა, ხოლო დირექტორად არის მოხსენიებული ლელას დედა ნინა კილაძე. ჩემი ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია 2010 წლიდან არის დაარსებული, უფრო სწორად 2006 წელს, მაგრამ აქტიურ ფაზაში გადავიდა 2010 წლიდან და ფლობს საკმაოდ დიდ ტერიტორიას კრწანისში, სადაც მოიძიება გაჯი, საუბარია დაახლოებით 10 000 კვ.მ.-ზე და ამ ფართობზე განლაგებულ საკმაოდ დიდ (დაახლოებით 2000 კვ.მ.) შენობა-ნაგებობაზე, რომელიც ასევე საკმაოდ ძვირად არის შეფასებული. რატომ მომყავს ეს შპს მაგალითად? რადგანაც ამ შპს-ს 2014 წელს შეექმნა დღევანდელ ხელისუფლებასთან პრობლემა, თუმცა მას რატომღაც ვერ დაუმტკიცდა ბრალეულობა იმ დროს, როცა „მანი"-ს რეალურად უკანონოდ ჰქონდა მოძიებული გაჯი. ამ დროს არსებობს კანონი, რომ შპს-ს არ ჰქონდა უფლება 10 ტონაზე მეტი გაჯის მოძიების და თუ გაჯის მოპოვება ამ ციფრს გადასცდება, ეს უკვე პროკურატურის საქმეა და ამ შემთხვევაში ფირმა ჯარიმდება. ამ დროს შემოსავალი ამ ფირმიდან არის სამ მილიონზე მეტი და ეს მაგალითი არ არის ნეპოტიზმის გამოვლინება? თავად გიგის ჰყავს ძმა ირაკლი უგულავა, კომპანია „ჯეოლენდის" ხელმძღვანელი, რომელიც აწარმოებდა აზომვით სამუშაოებს. მოკლედ, ეს კომპანიაც ასევე დიდ შემოსავლებს ფლობს. გიგის მერობის დროს „ჯეოლენდს" 38 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული და, ჩემი ინფორმაციით, აქვს მიღებული 6 მილიონ 500 000 ლარი შემოსავალი, თუმცა, შეიძლება, ეს თანხა მეტიც იყოს. კომპანია ასევე ფლობს კვების 21 ობიექტს ბაკურიანში და აქედან შემოსავალი ყოველწლიურად არის ნახევარი მილიონი ლარი, რადგანაც ეს სეზონური შემოსავალია, მოგეხსენებათ. ყველაზე საინტერესო ამ „ჯეოლენდთან" მიმართებაში იყო ის, რომ ცხადდებოდა ტენდერი და ამ სატენდერო პირობებში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა და ბუნებრივია, მხოლოდ ის იყო გამარჯვებული. ამ ინფორმაციის მოძიება თავისუფლად შეიძლება საჯარო რეესტრიდანაც და დაინტერესებული პირი დარწმუნდება ჩემი სიტყვების სისწორეში. ასევე, „ჯეოლენდთან" დადებულია 114 ხელშეკრულება და, შესაბამისად, მოგება აქედან მიღებულია 131 843 ლარი. არ იფიქროთ, რომ სულ ასე ახლო ნათესავებს ასაქმებდა უგულავა, ასევე, მოვიძიეთ გიორგი ღონიაშვილზე მასალა, რომელიც გახლავთ უგულავას ქვისლი და რომელიც ყაზბეგში ფლობს 8 000კვ.მ უძრავი ქონების სახით ფართს, რაც მას პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა 1 ლარად თავის დროზე და აქ ძალიან საინტერესოა, რატომ ეძლევა ამ ხალხს ამხელა ფართი სიმბოლურ ფასად, როცა ნაციონალები დღეს სხვადასხვა ჩინოვნიკებს ბრალს დებენ ნეპოტიზმში?
- კი, მაგრამ არც ესენი რჩებიან ვალში!
- მაგაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ შემდგომ წერილებში, რადგანაც ჩვენ უსინდისობას ვამხელთ, ზოგადად. მოკლედ, ღონიაშვილზე ვსაუბრობდით და მას გუდაურში აქვს გაფორმებული 102 კვ.მ ბინა და 82 000 კვ.მ მიწა. ამას იმიტომ გიყვებით, რომ 5-6 წელიწადში გიგი უგულავას ყველა ნათესავი უეცრად გადაიქცა მილიონრად. უკაცრავად, აქ ერთი ნათესავი გამომრჩა, ესაა თამაზ გოგიაშვილი, რომელიც არის გიგის მამიდის ქმარი. ის 100% წილს ფლობდა შპს „თ.ფ"-ში, სადაც მას 13 სახელმწიფო სატენდერო ხელშეკრულება აქვს მოგებული და მისი მოგება უდრის 3 მილიონს. ეს ადამიანი ეწეოდა ფოიერვერკების მასალის ექსპორტსა და რეალიზაციას. გოგიაშვილს ჯერ მარტო ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 28 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და აქედან 631 329 ლარი აქვს მიღებული.
- რას ერჩით, საკმაოდ ხელგაშლილი კაცი ყოფილა გიგი უგულავა.
- ნამდვილად ეტყობა. ბატონი უგულავას მეუღლე თავის დროზე გახლდათ მერიის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების მომწყობი, „ივენთმენეჯერები" რომ ჰქვიათ და მერე ანალოგიური პოზიცია ეკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როცა ტენდერები ტარდებოდა, რამდენი კორუფციული გარიგება ხდებოდა. მაგალითად, იყო ფაქტი, რომ ისეთმა შპს-მ მოიგო ერთერთი ტენდერი, რომელიც ჯერ დარეგისტრირებულიც არ იყო და ეს ფაქტი უკავშირდებოდა ლელა კილაძეს, თუმცა მაშინ ეს ფაქტი დღევანდელმა ხელისუფლებამ რატომღაც უგულებელყო და რატომღაც დაივიწყა და ძალიან მინდა, ეს საკითხი „ქრონიკის" საშუალებით ისევ გააქტიურდეს და საერთოდ, ინფორმაციამ პროკურატურამდე მიაღწიოს.
- როცა ამდენი დარღვევაა ამ ერთი პიროვნების გარშემო, როცა ასეთი ფულები ტრიალებს, საინტერესოა, ეს იცის პროკურატურამ? რატომ არ იძიებენ ამ საკითხებს? და თუ ამ კუთხით გამოძიება დაწყებულია, რატომ აძლევენ უგულავას უფლებას, სასამართლო სხდომაზე იმხელა დემაგოგიური ტირადა წარმოთქვას და შეურაცხყოფა მიაყენოს როგორც სასამართლოს, ისე საზოგადოებას?
- ეს ჩემთვის, ახალგაზრდა ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, ნამდვილად გაუგებარია. როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი არ იცოდეს პროკურატურამ? რა კითხვაც თქვენ დასვით, ანალოგიური კითხვა მაქვს მთლიანად ბადაშვილის უწყებასთან, როგორ შეიძლება, ამდენი ხანი ვერ დაუმტკიცო ადამიანს, რომ ბრალდებულია და არა მარტო იმ 26 მაისის ამბებში და სხვა მსგავს ქმედებებში, არამედ სხვა კორუფციულ სქემებზეც, რომელიც რეალურად მას და მისი ოჯახის წევრებს მილიონრებად აქცევდა და აქედან ხომ გამოდის, რომ სულაც არაა გამორიცხული, თავად გიგი უგულავა მილიარდერი იყოს ამ გარიგებების ხარჯზე? და ეს და მისი თანაგუნდელები რომ დღეს კიდევ რაღაცებს ხმამაღლა ლაპარაკობენ, ესაა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ბრალი, ამათ რომ ასე აბლატავებენ კიდევ. ამის გარდა, ჭორის დონეზე გავიგე, ანუ ჯერ გადამოწმებული არ მაქვს, რომ ამაღლების ქუჩის ბოლოში რომ გადასახვევია და იქ ელიტური სახლი დგას... იმაზე მითხრეს, რომ იქაც 2000 დოლარიდან იწყება კვადრატული მეტრის შესყიდვა და რომ იქაც ჰქონია უგულავას ფართები დაკავებული და გარდა ამისა, პირველი სკოლის უკან რომ აშენდა უზარმაზარი შენობა, ასევე ელიტარული, იქაც დევს გიგი უგულავას ინტერესებიო. ანუ საუბარია, რომ ამ პიროვნებას, შესაძლოა, თავის სახელზე არა, მაგრამ ისე, როგორც ჩიტაძის სახლის დროს ვნახეთ, ახლობლებზე აქვს გადაფორმებული უამრავი სახლი.
- ეგ გასაგებია, სხვანაირად ის ამ ბინების აშენების უფლებას არავის მისცემდა, მაგრამ მაშინ პროკურატურა იმ ხალხის შემოსავლებითაც დაინტერესდეს, ვისზეც ეს სახლებია გადაფორმებული, თუნდაც იმ ლელა კილაძის მამიდას საიდან შეიძლება ჰქონოდა ამდენი მილიონი?
- გეთანხმებით და, თუ ამაზე კვლევა არ დაიწყება და უახლოეს ხანებში არ დამიკავშირდება პროკურატურა, იქაც განცხადებას შევიტანთ და მოვითხოვოთ, რომ დაიწყოს კვლევა. ამ ქონებებს ბოლომდე მივყვებით.
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"