აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მასპინძელმა ქვეყანამ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის წარმომადგენლებს ხელით ნაკეთი ხის სასტვენები (სვილტაუნიექსი) უსახსოვრა. ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენო, მაგრამ... სასტვენი ფრინველის ხმას გამოსცემს თუ ლომის ღრიალისას, რა მნიშვნელობა აქვს, „შვიშტოკის" გამო გარბოდა ის ხალხი ლატვიაში თუ იგულისხმება, რომ „შვიშტოკი" ვიზა-ლიბერალიზაციაზე უკეთესია, როგორც „მაპ-ზე უკეთესი" უკვე ვიხილეთ?!
უპირველესად, ის არის გაურკვეველი, რატომ და ვინ მიაბა საქართველოს ხსენებას აუცილებლად უკრაინა და შემდეგ, თქვა ანგელა მერკელმა, რომ საქართველოსთვის (და უკრაინისთვის) სავიზო რეჟიმის შერბილება ჯერ ადრეა და დანარჩენ მასხარაობას რატომ უკრავენ ტაშს? - მასხარაობა კი, მართლაც უგვანო სცოდნიათ ევროპელებს...
„შვიშტოკების" დარიგებამდე ორიოდე დღით ადრე (12 მაისს) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა, ორგანიზაცია „იდენტობას" და 13 განმცხადებლის სასარგებლოდ მე-14 მუხლთან მიმართებით მე-3 და მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა, რის გამოც საქართველოს სახელმწიფოს 32 000 ევროს გადახდა დაეკისრა, „იდენტობას" 1500 ევრო, დანარჩენები 2000-4000 ევროს გაინაწილებენ, ანუ მთლიანობაში 33 500 ევრო უნდა გადაიხადოს. „სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა იმ რისკების შესახებ, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არსებობდა, შესაბამისად, მათ ჰქონდათ ვალდებულება, აქციის მონაწილეების ადექვატური დაცვა უზრუნველეყოთ" - ნათქვამია გადაწყვეტილებაში. აღსანიშნავია, რომ სასამართლო 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევის საქმესაც განიხილავს.
რა თქმა უნდა, იმ ფონზე, როცა იტალიის პარლამენტის ნეოლიბერალური ფრაქციის წევრები ე.წ. ჰომოფობიის წინააღმდეგ პერფორმანსს შუა სესიის მსვლელობისას წარმოიწყებენ, „ზასაობას" ატეხენ ერთმანეთში განურჩევლად სქესისა, საქართველო დასასჯელია...
ვინ არის თქვენი მასხრად ასაგდები და დასაცინი საუკუნოობით დაუბანელო ევროპა? ევროპამ საქართველოს როგორ უნდა მიუთითოს რა არის სწორი და რა - არასწორი?
ანტიკურ სამყაროში ჰიგიენური პროცედურები ერთ-ერთ მთავარ სიამოვნებად ითვლებოდა, რომლის დასტური ცნობილი რომაული თერმებია (აბანოები). მხოლოდ რომში 1000-ზე მეტი აბანო ფუნქციონირებდა, თუმცა შემდეგ, კათოლიკურმა ეკლესიამ ყველა აბანო დახურა.
ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი აზრი, რომ ბანაობა სარისკოა, რადგან ბანაობისას ორგანიზმში ავადმყოფობა ხვდება კანის (ფორები იხსნება) მეშვეობით, თან ცივი წყალი აციებს ადამიანს - ეს მაშინ, როდესაც მდინარეში უამრავი სიბინძურე ისხმებოდა და ამავე მდინარიდან იღებდნენ სასმელ წყალს... იყო მეორე მიზეზიც, რაც უფრო ყურით მოთრეულს ჰგავს, სიშიშვლე ცოდვად ითვლებოდა, თუმცა ასე, მოგვიანებით, XVIII-XVIV საუკუნეებში ფიქრობდნენ. ცხელი აბაზანის მიღება მთლად არარეალური იყო - შეშა ძვირი გახლდათ, მისმა ძირითადმა მომხმარებელმა, ინკვიზიციამაც კი სხვა სახის მოკვდინებით ჩაანაცვლა ასე „საყვარელი" სიკვდილით დასჯა, კოცონზე დაწვა...
უამრავი დოკუმენტური მასალაა ცნობილი დიდგვაროვნების შესახებ, რომლებიც დაუბანლობისგან გამოწვეული დაავადებებით გარდაიცვალნენ...
ესპანეთის დედოფალი იზაბელა კასტილიელის (XV საუკუნის ბოლო) სიტყვებია, რომ მან მხოლოდ ორჯერ იბანავა, დაბადებისას და ქორწილის დღეს;
ჰერცოგ ნორფოლკის სხეული დაუბანლობით გამოწვეული ჩირქოვანი გამონაყარით იყო დაფარული. თუმცა მაინც უარს ამბობდა ბანაობაზე, მხოლოდ მის ძლიერ დათრობაზე იყო დამოკიდებული მისი დაბანა, რათა გონებადაკარგული, ძალის გამოყენებით როგორმე დაებანათ მსახურებს;
რუსმა ელჩებმა, რომლებიც ლუდოვიკო XIV-ის კარს ეწვივნენ, ისტორიაში სამუდამოდ დატოვეს ფრაზა „მისი აღმატებულება ისე ყარს, როგორც მხეცი". თვით რუსები მთელ ევროპაში გარყვნილებად და გადახრების მქონედ ითვლებოდნენ, რადგან თვეში ერთხელ (ზოგჯერ მეტჯერ) მაინც ბანაობდნენ.
თუკი XV-XVI საუკუნეებში შეძლებული მოქალაქეები წელიწადში ორჯერ მაინც იბანდნენ, XVII-XVIII საუკუნეებში სრულიად შეწყვიტეს აბაზანის მიღება, მხოლოდ სამკურნალო მიზნით „იყენებდნენ". ამ „საშინელი და სამარცხვინო" პროცედურისთვის კი გულმოდგინედ ემზადებოდნენ - წინდაწინ ოყნასაც იკეთებდნენ... საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ემ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იბანავა, ისიც იმიტომ, რომ ექიმებმა ურჩიეს, თუმცა ბანაობამ ისე შეაძრწუნა, დაიფიცა, რომ არასოდეს აღარ იბანავებდა...
კათოლიკე მქადაგებლები (გარდა იმისა, რომ სხეულის მოვლა ცოდვად ითვლებოდა) ხალხს მოუწოდებდნენ ძონძებში სიარულისკენ და დაუბანლობისკენ, რადგან მხოლოდ ასე შეიძლებოდა სულიერი სიწმინდის მიღება. ტილებს სულაც „ღმერთის მარგალიტებს" უწოდებდნენ და სიწმინდის ერთ-ერთ ნიშნად თვლიდნენ... ცალკეული ორდენის წევრები იმით ტრაბახობდნენ, რომ არასოდეს შეხებია წყალი მათ ფეხებს გარდა მდინარეზე გადასვლისა...
იმდენად დაუბანელი იყო ხალხი, რომ ექიმი ბილცი XIX საუკუნის ბოლოს გამოცემული სამედიცინო სახელმძღვანელოთი სთხოვდა ხალხს რომ ებანავათ. „არიან ადამიანები, რომლებიც, სიმართლე უნდა ითქვას, ვერ ბედავენ მდინარესა თუ აბაზანაში ბანაობას, რადგან ბავშვობიდან მოყოლებული, არასდროს შესულან წყალში. ეს შიში უსაფუძვლოა. მე-5 ან მე-6 აბაზანის შემდეგ ამას შეიძლება მიეჩვიოთ", - წერდა ბილცი წიგნში „ახალი ხალხური მკურნალობა", მაგრამ დაბანასთან დაკავშირებით ნაკლებად სჯეროდათ ექიმის...
სუნამო - ეს არის ევროპული მოვლენა, რეაქცია სუნზე, ცნობილი ფრანგული პარფიუმერიის თავდაპირველი ამოცანა იყო მძაფრი და მდგრადი სუნით გადაეფარათ ის სიმყრალე, რაც წლობით დაუბანელ სხეულებს ასდიოდა.
შუა საუკუნეების ევროპის სიბინძურის შესახებ ცნობებს იმდროინდელი სპარსეთის ელჩის მოგონებაც აღწერს. როდესაც ის ერთხელ (როგორც ჩანს, პირველად) სასახლეში მიიწვიეს ორი დღით, ელჩმა სასწრაფო მიზეზი მოიდო და სპარსეთის დელეგაციამ სასახლე დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ელჩმა საძინებლის მოფუსფუსე მწერებისგან ამოძრავებული ქვეშაგები (ლეიბი) იხილა, სასახლეში სტუმრობის შემდეგ დელეგაციის წევრებმა ტანისამოსები დაწვეს და თავები გადაიპარსეს...
მხოლოდ დაუბანლობა არ აყროლებდა ევროპას. „წინწაწეული" ევროპული სასახლის „ტუალეტი" უმარტივესი იყო - ყველაფერი ისხმევა ფანჯრიდან.
ევროპას „დაავიწყდა" ჩარეცხვადი საპირფარეშოების არსებობა და კვლავ ღამის ქოთნებზე გადასხდნენ. მივიწყებული კანალიზაციის როლს ქუჩებში არსებული თხრილები ასრულებდა, სადაც „უშურველად" მიედინებოდა აყროლებული მასა (საუკეთესო შემთხვევებში ოთახი-საპირფარეშო არსებობდა, მაგრამ იქაც ღამის ქოთნის გამოყენებით, ანუ იქ მოსაქმებულიც, ქუჩაში, ასევე თხრილში ან მდინარეში იღვრებოდა). ადამიანები ისაქმებდნენ იქ, სადაც მოუნდებოდათ, არ ჰქონდა მნიშვნელობა სასახლის კიბეები იყო თუ ციხე-სიმაგრის, აივანი თუ ეზო. ფრანგი მეფეების სასახლეში არ იყო არც ერთი საპირფარეშო. მეფის კარზე მყოფი და მეფეები იკუზებოდნენ ან გაღებული ფანჯრის ფართო რაფებზე, ან პირადად მათთვის მიჰქონდათ ღამის ქოთანი, რომლის შიგთავსიც, ჩვეულებრივ, სასახლის უკანა კართან იღვრებოდა. ფრანგული სამეფო კარი პერიოდულად გადადიოდა ერთი სასახლიდან მეორეში მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე შეუძლებელი ხდებოდა დღეების განმავლობაში საწოლების ქვეშ შემდგარი აქოთებული ღამის ქოთნების სუნის სუნთქვა.
იგივე ხდებოდა ვერსალშიც, მაგალითად, ლუდოვიკო XIV-ს დროს, რომლის ცხოვრების წესი კარგად არის ცნობილი სენ სიმონის მემუარებიდან. სასახლის კარის ქალბატონები უშუალოდ საუბრის დროს (ან ვთქვათ, კაპელაში თუ მესის დროს) დგებოდნენ და ვითომც არაფერი, რომელიმე კუთხეში ისაქმებდნენ. ამ „საჭიროებისთვის" სასახლის კედლები აღჭურვილი იყო მძიმე პორტიერებით, კორიდორებში კი კეთდებოდა ყრუ ნიშნები, არადა, შუასაუკუნეების ევროპისთვის კვებიდან გამომდინარე, დიარეა (კუჭის აშლილობა) პერმანენტული მოვლენა იყო...
მას შემდეგ, რაც ლუდოვიკო IX-ს (XIII ს.) ფანჯრიდან ფეკალიები გადაასხეს, პარიზის მცხოვრებლებს ფანჯრიდან „რაღაცების" ტყორცნის უფლება მხოლოდ სამჯერ შეძახილის „ფრთხილად!" შემდეგ შეეძლოთ.
დედოფალ ანტუანეტას სასახლეში საგანგებო მსახურები ჰყავდა რომელთა მოვალეობა მხოლოდ განავლის აღება იყო...
ევროპის შუასაუკუნეების ციხესიმაგრეებს არ ჰქონდათ კანალიზაცია, მაგრამ ჰქონდათ გალავანი და წყლით ამოვსებული თავდაცვითი თხრილი - ამ თხრილში ისხმებოდა ფეკალიები. საფრანგეთში გალავნების მიღმა სიბინძურის გორაკები იმხელაზე იწევდა, რომ კედლის დაშენება უწევდათ.
ქალაქის ქუჩები იძირებოდა ჭუჭყსა და განავალში იმდენად, რომ უამინდობისას შეუძლებელი იყო გავლა. ჩვენამდე მოღწეული ქრონიკების მიხედვით, ევროპის ბევრ ქალაქში გამოჩნდა ოჩოფეხები, რომელთა გარეშე ქუჩებში უსაფრთხოდ გადაადგილება შეუძლებელი იყო.
დაუბანლობითა და მისგან გამოწვეული დაავადებების ისტორიით, ევროპას, ცხადია, ვერ შევედრებით ქართველები. ამ მხრივ რა „ჩამორჩენილები და უღმერთოებიც" ვიყავით საუკუნეების მანძილზე, ჯერჯერობით ისეთებად ვრჩებით - ბოლო-ბოლო, აბანოების სიმრავლე გვარცხვენს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი აბანოები და საკანალიზაციო სისტემების ნაშთები იქით იყოს, შორეული წარსულიდან დღემდე დახარისხებულადაც კი გვაქვს აბანოები. მაგალითად: თორღვას აბანო, მენჯის სამკურნალო აბაზანები, ნუნისის, უჯარმის, წყალტუბოს აბაზანები, ახტალის ტალახის აბაზანები და ა.შ.... ბოლო-ბოლო, შუაგულ საქართველოს დედაქალაქში, ევროპა რომ ჭუჭყისა და განავლის სუნად ყარდა, გოგირდის აბანოები გვქონდა და გვაქვს...
თბილისის აბანოები მოხსენიებული აქვს X საუკუნის არაბ გეოგრაფსაც კი, გაოცებულს სიტყვებით „აქ წყალი უცეცხლოდ დუღს.." აბანოს სახელი მისი მფლობელის ვინაობას ასახავდა ან რაიმე ნიშან-თვისებიდან იყო გამომდინარე - „ერეკლეს აბანო", „მეითრის აბანო", „ენალას აბანო", „როსტომის აბანო", „გრილი აბანო", „ჭრელი აბანო", „პატრუქის აბანო" და ა.შ.
პირველი საუკუნით დათარიღებული, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ქვისა თუ მარმარილოთი მოპირკეთებულ აბანოებში (არმაზი, ბიჭვინთა, ოზურგეთი, კახეთი, ქვემო ჭალა, ახალციხე და ა.შ.) არც ბანაობა აუკრძალავს როდესმე ვინმეს და არც ინკვიზიციას გაუჩაღებია კოცონი...
2015 წლის 12 მაისს დასჯილი და რიგის სამიტის გადაწყვეტილებით შეურაცხყოფილი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამბობს: როგორც ახლა, ყოველწლიურად გადავიხდით 33 500 ევროს საკუთარი ჯიბიდან, მაგრამ „მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი!" ხოლო, მიგვიღებთ თუ არა მაგ თქვენს რაღაც ევროკავშირში, რომელიც თქვენივე კავშირის წევრების თქმით დაშლის პირასაა, დიდად არ გვენაღვლებაო...
გიორგი ჩხეიძე
გაზეთი „საერთო გაზეთი"