reportiori.ge - ხელნაწერთა ცენტრის ახალი ხელმძღვანელი დაწესებულებაში ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 16:50
პრეს-დაიჯესტი
ხელნაწერთა ცენტრის ახალი ხელმძღვანელი დაწესებულებაში ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს
ავტორი:
27 მაისი, 2015. 17:13


„ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ძალიან გამოცდილი ადამიანები მუშაობენ, რომელთაც ცენტრის ისტორია თავისი ღირებულებით ჩვენამდე მოიტანეს, ამიტომ არავითარ საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ. მითუმეტეს ძველი თაობის წარმომადგენლების გაშვება საერთოდ აბსურდია, ასეთ შემთხვევაში ცენტრი აუცილებლად გაჩერდება და მუშაობას ვერ შეძლებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე. "რეზონანსი" მას სამომავლო გეგმებსა და ცენტრში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა:

 

 

- პრემიერმა ჩემთან შეხვედრა თავად მოისურვა, რათა ცენტრში არსებულ პრობლემებზე აზრი მოესმინა. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ პროცესებში ისე ბოლომდე ვერ ვარ ჩახედული, როგორც ბუბა კუდავა იყო, მხოლოდ იმაზე ვისაუბრეთ, რაც ამ ეტაპზე აუცილებელად გადასაჭრელია.


თუმცა ცხადია, რომ პრობლემები, რომელზეც ბუბა წლების განმავლობაში საუბრობდა, ჩემთვისაც და ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილი იყო.


ძალიან კარგია, რომ მთავრობა ხელნაწერთა ცენტრის პრობლემებით დაინტერესდა და ყველა წამოწყებაში სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა. იქნება ეს ცენტრის ახალი შენობა, ფონდებისა თუ ხელნაწერების აღდგენის საქმე. მოკლედ რომ გითხრათ, პრემიერმა კონტროლის ქვეშ აიყვანა ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს ხელნაწერთა ცენტრს აწუხებს.

 

 

- ცენტრის ახალი შენობის მდებარეობა ახსენეთ, თუ განიხილეთ პრემიერთან შესაძლო სამომავლო ლოკაცია და საბოლოოდ რაზე შეთანხმდით?


- საუბარი იყო სამების ტაძრის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე. ესაა ერთ-ერთი ადგილი, რომელიც თბილისში გამოინახა, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქში ახალი შენობისთვის შესაბამისი ადგილის მოძებნა, საკმაოდ რთული საკითხია. ცხადია, ვგულისმობ ასეთი დანიშნულების შენობას, თორემ სხვა დანარჩენისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება.


ხელნაწერთა ცენტრს შესაბამისად გამორჩეული ადგილის შერჩევა სჭირდება, აქედან გამომდინარე, თბილისში შეზღუდულები ვართ. მეორე ვარიანტად მცხეთა განიხილება, ხოლო მესამედ არსებული მშენებლობების სრული რეკონსტრუქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა ისტორიული შენობების აღდგენა და სრული რეკონსტრუქცია მოხდება, ცენტრი კი იქ განთავსდება.


მოკლედ აქ იმ ობიექტების მთელი ნუსხის შედგენაა საჭირო, რომელიც შესაძლოა გამოგვადგეს, ამიტომ კონკრეტულ ადგილზე საუბარი ჯერ კიდევ არ არის. ეს საკითხი კომისიამ უნდა შეისწავლოს და გადაწყვიტოს თუ რომელი ადგილია უფრო შესაფერისი ასეთი მნიშვნელობის დაწესებულებისთვის. ყოველ შემთხვევაში თუკი ახალი ლოკაცია თბილისში შეირჩევა, აქ მოხდება ყველა ნორმის დაცვა, რაც ცენტრის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭიროა. ცენტრს ექნება ყველა საჭირო დარბაზი, სამუზეუმო და სამეცნიერო სივრცე. ამასთანავე მნიშვნელოვანი საცავი.

 

- რამდენად მნიშვნელოვანად მიგაჩნიათ ამ შემთხვევაში თანამშრომელთა აზრის გათვალისწინება და ვინ იქნებიან კომისიის წევრები?


- ცენტრის ახალი შენობის მდგებარეობის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ დირექტორი ან მთავრობა ვერ მიიღებს, შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს, სადაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული თანამშრომელთა აზრი. კომისიაში სხვადასხვა ჯგუფები იგულისხმება, აქ აუცილებელია საზოგადოების ფართო წრეების მოწვევა, რომელთაც იციან, თუ რას ნიშნავს ხელნაწერთა ცენტრი ქვეყნისთვის თავისი ისტორიითა და კულტურით. ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება.


- საკადრო ცვლილებებს თუ გეგმავთ?


- ამ კუთხით არავითარი ცვლილებები არ მოხდება და არ მგონია ეს მომავალშიც შესაძლებელი იყოს. ეს ის ხალხია, რომელთა ხელშიც ყველაფერმა გაიარა, იქნება ეს ტექნოლოგიური კვლევა, არქეოგრაფია თუ წყაროთმცოდნეობა. ყოველივე ეს ამ ხალხის მიერაა მოტანილი, შესაბამისად ეს ადამიანები ყოველთვის ცენტრის სადარაჯოზე უნდა იყვნენ. ერთადერთი რაც აუცილებლად მოხდება, ადმინისტრაციისა და დირექციის რეორგანიზაციაა, რაც ისეც ცენტრის სტატუსის ამაღლების მიზნით განხორციელდება.


- წლების განმავლობაში პრობლემური იყო ცენტრის თანამშრომელთა დაბალი ანაზღაურება, ამ კუთხით თუ გეგმავთ პოლიტიკის შეცვლას?


- პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ცენტრში სახელფასო პოლიტიკა სასწრაფოდაა შესაცვლელი, ამიტომ თანამშრომელთა ხელფასები პრაქტიკულად ივნისიდანვე გაორმაგდება.


- თქვენი დანიშვნის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებმა მასობრივი აქციები დაიწყეს, გარკვეული დაძაბულობა კი ახლაც გრძელდება, თუ გქონდათ თანამშრომლებთან შეხვედრა, მოისმინეთ მათი აზრი?


- დაძაბულობა ცენტრში ახლაც გრძელდება და ალბათ, ეს შეშფოთება მათ ასე მალე არც გაუვლით. ერთი შეხვედრა პრაქტიკულად მთელ კოლექტივთან უკვე მქონდა, შემდეგი შეხვედრა ძირითადად ფინანსისტებთან იყო, 27 მაისს კი სხვადასხვა დეპარტამენტებთან მექნება. მოვისმენ მათ ამოცანებსა და პრიორიტეტებს, თუ რა არის აუცილებელი და საჭირო ამ ეტაპზე. ეს ყველაფერი ძალიან მოკლე ვადაში უნდა ვიცოდე, ვინაიდან პრემიერს ძალიან მალე გადაუდებელი და საჭირო საკითხები უნდა გავაცნო, თანამშრომლებმა კი ყველაზე უკეთ იციან სად მოიკოჭლებს ცენტრი.


- ებრაელთა მუზეუმი ცენტრს ერთ-ერთი უნიკალური ხელნაწერის "ლაილაშის ბიბლიის" გადაცემას სთხოვდა, რაც დავის საგანი გახდა, თქვენი მოსაზრება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?


- ეს აბსოლუტური აბსურდი და ტყული, არავინ არც დროებით და არც მუდმივად ამ უნიკალურ ხელნაწერს არავის გადასცემს, ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი ხელმძღვანელობის დროს, არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება.


- კვლევით და სამეცნიერო დაწესებულებებში შესაძლოა დირექტორის შერჩევის უფლება კვლავ მეცნიერ-თანამშრომლებს მიეცეთ, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტია, თქვენ რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე?


_ კვლევით დაწესებულებებში შეიძლება რომ ეს პრეცედენტი დავუშვათ. მაგალითად: ისტორიისა და ენთნოლოგიის ინსტიტუტში, ლიტერატურის ინსტიტუტში, ან დავუშვათ ფსიქოლოგიის და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, თუმცა ხელნაწერთა ცენტრში მსგავსი პრეცედენტის დაშვება მიუღებელია. ამ შემთხვევაში კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვინაიდან ეს არაა მხოლოდ სამეცნიერო დაწესებულება ან მხოლოდ საცავი, არამედ ესაა სახელმწიფო დაწესებულება.



ამ ყველაფერს ერთ სივრცეში სახელმწიფოებრივი და განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობა გააჩნია. ამის ცვლილების გათვალისწინებით შესაძლოა დღეს თანამშრომელმა ერთი აირჩიოს, ხვალ აღარ მოეწონოთ, ხელმძღვანელმა კი თანამდებობა არ დატოვოს, ეს ყველაფერი შიდა კონფლიქტს გამოიწვევს, რაც ყოვლად დაუშვებელია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დირექტორი სახელმწიფომ უნდა დანიშნოს, ისევე როგორც საჭიროების შემთხვევაში გადააყენოს. ვფიქრობ, არც კონკურსი იყო საჭირო, თუმცა, ალბათ, მინისტრმა დემოკრატიული პრინციპი დაიცვა.



მაგალითს მოგიყვანთ: სომხეთში მსოფლიოში ცნობილი და უმნიშვნელოვანესი საცავი სახელმწიფოს წევრია, პრაქტიკულად უკონტროლო მინისტრი. უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო კი მის დირექტორს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. მეტსაც გეტყვით, მომავალში ჩვენ შეიძლება ამ მიმართულებით ცვლილების ინიცირება მოვახდინოთ.





წყარო: "რეზონანსი", სალომე სარიშვილი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016