reportiori.ge - ვნებათაღელვა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და მინისტრი მწყაზარი სახით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 20:52
პრეს-დაიჯესტი
ვნებათაღელვა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და მინისტრი მწყაზარი სახით
ავტორი:
28 მაისი, 2015. 10:42


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და განათლების მინისტრის აშკარა დაპირისპირების ფონზე, ცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი დაინტერესდა. მოპოვებული დოკუმენტების ანალიზიდან გაირკვა, რომ ხეც-ის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება შეუსაბამოა საქართველოს საჯარო სექტორში არსებულ სახელფასო პოლიტიკასთან და ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოს საჯარო სექტორში. შედარებისთვის, ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ცენტრისა და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული სხვა უწყებების სახელფასო ნუსხა, რომლითაც ირკვევა, რომ სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო 490 ლარს შეადგენს, ხოლო მინიმალური - 175 ლარია. სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სხვა უწყებებში (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და ა.შ.) მინიმალური ხელფასი 700-დან 900 ლარამდე მერყეობს, ხოლო მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო თითქმის 3000 ლარს აღწევს.


სანამ საზოგადოება და არასამთავრობოები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანმშრომელთა ხელფასებს ითვლიდნენ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ შექმნილი ცხრაკაციანი კომისიიდან შვიდმა წევრმა (ცენტრის კოლექტივის რეკომენდაციის იგნორირებით) ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ისტორიკოსი და ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ზაზა აბაშიძე აირჩია. ამავე დროს ცნობილი ხდება კომისიის მუშაობაში საკანონმდებლო ორგანოს წევრების ჩარევის შესახებ. „ჩემთვის სრულიად გასაოცარი იყო, რომ კომისიას ესწრებოდა სამი პარლამენტარი: გუბაზ სანიკიძე, ფრიდონ საყვარელიძე და გია ჟორჟოლიანი. როგორც ამიხსნეს, პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, დაესწრონ კომისიას, მაგრამ მათ არ ჰქონდათ განხილვაში მონაწილეობის უფლება. ბატონმა სანიკიძემ დაარღვია წესი და მიიღო მონაწილეობა განხილვაში. მან თავისი კომენტარები დატოვა, როცა კომისია ესაუბრებოდა აბაშიძეს. მან ჩემზე დატოვა ძალიან უარყოფითი შთაბეჭდილება, - განაცხადა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა და რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელმა მარინა ჩიტაშვილმა.


მალე ცნობილი ხდება, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალმა დირექტორმა ბუბა კუდავას მხარდამჭერ თანამშრომლებთან მუშაობაზე და შესაბამისად, თანამდებობაზე უარი განაცხადა. „არავითარი სურვილი არ მაქვს, ამ ინსტიტუტში შევდგა ფეხი. არ უნდათ თანამშრომლებს და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ის, რაც აქვთ. მე რასაკვირველია, ხვალ სამსახურში არ მივალ. მუხლის ჩოქვით რომ მოვიდნენ, მე იქ ფეხს არ შევდგამ", - აცხადებდა ზაზა აბაშიძე რამდენიმე დღის წინ, თუმცა გადაწყვეტილება მალევე შეცვალა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურებაზე, საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლაზე და სამომავლო გეგმებზე „საერთო გაზეთს" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე ესაუბრა:


- არ ვიცი, ეს ყველაფერი საიდან დაიწყო და რა გახდა ბუბასა და სამინისტროს შორის კონფლიქტის მიზეზი, მაგრამ ვიცი, ეს არ უნდა განმეორდეს და ქვეყნის უმთავრეს სამეცნიერო დაწესებულებას ასეთი სასაცილო ხელფასები არ უნდა ჰქონდეს. ამაზე უნდა ვიზრუნოთ. როცა მინისტრს და მინისტრის მოადგილეს შევხვდი, პირველ რიგში, ამაზე ვისაუბრეთ და მითხრეს, რმ მთავრობა მიიღებს ყველა ზომას, რომ აუცილებლად გაიზარდოს ბიუჯეტი და მათ შორის, სახელფასო ფონდიც, მე ფინანსისტი არა ვარ, მაგრამ იქ ფინანსისტებთან და აუდიტის წარმომადგენლებთან ერთად მივალ, რომ საქმის კურსში ვიყო, რა არის და როგორ არის. რომ მერე ფინანსთა სამინისტროს ჩემი ხედვა უნდა წარვუდგინო.


- კონფლიქტი, რომლის გამო ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე უარი განაცხადეთ, უკვე ამოწურულია?

 

- მე უკვე ვიყავი ინსტიტუტში და თანამშრომლების დაახლოებით 70%-ს შევხვდი. ამ ადამიანებს ავუხსენი, რომ მე არავითარ კავშირში არა ვარ ბუბას იქიდან წასვლასთან, არც იმ კონფლიქტთან, რომელიც იქ იყო. მე „გარედან" მოსული პიროვნება ვარ და ამდენად, ეს ჩემთვის მართლა უცნობია. მართალი გითხრათ, არც მინდა, ამ კონფლიქტის სიღრმეებში შევიდა და ვიღაცის მხარე დავიჭირო ან არა.



ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება „ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთ ლიდერს მანანა ნაჭყებიას ვთხოვეთ:


- მე გულდასმით შევისწავლე ორივე მხარის არგუმენტები და დავრწმუნდი იმაში, რომ რაც ბუბა კუდავას ირგვლივ ხდება, ეს არის მის მიმართ რაღაცა ტიპის პრეტენზიები. ეს არის დაუმორჩილებელი ადამიანი, რომელმაც მინისტრის სამწუხაროდ, გააკეთა ის განცხადება, რომელიც გააკეთა და ამას მოჰყვა იმის გადაადგილება.


- თამარ სანიკიძე კუდავას თანამდებობიდან გათავისუფლებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს საკადრო ცვლილება უფლებამოსილების ვადის ამოწურვით იყო გამოწვეული.

 

- შესაძლოა, თანამდებობაზე ყოფნის ვადა გაუვიდა, მაგრამ ჩვენ არაერთი ადამიანი ვიცით, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ და თავიდან აირჩიეს. სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან, დაავიწყდათ ავტონომიურობა, რომლისთვისაც ვიბრძოდით და დღეს ვართ სრულიად აბსურდული სიტუაციის წინაშე, როცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს ირჩევენ მინისტრი, მისი მოადგილეები და კომისიის წევრები, რომლებიც ამ სიტუაციაში მხარეს წარმოადგენენ. მეორე მხარეს გვაქვს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა თაობის თანამშრომელთა პროტესტი. ხანდაზმული თაობის გვერდით დგას ახალგაზრდა თაობა, რომელიც ბრძოლისთვისაა შემართული. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექტივში ჩვენ ვხედავთ ერთსულოვნებას და ამ დროს განათლების მინისტრის მშვიდი და მწყაზარი ხმით განცხადებების კეთება სრულიად მიუღებელია. თამარ სანიკიძის საუბარში არ ჩანს გულისტკივილი ან თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ კი გვინდა მინისტრი, რომელსაც დარგზე და თითოეულ თანამშრომელზე გული შესტკივა. მინისტრის პოზიცია ეჭვს აჩენს, რომ დავალებული აქვს, ცენტრიდან მოაცილოს ადამიანი, რომლის ძმაც არის საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში და ერთმნიშვნელოვნად, „ნაციონალური მოძრაობის" მომხრე.


- ცენტრის დირექტორის შესარჩევი კომისიის მუშაობის პროცესში პარლამენტარების გამოჩენას როგორ შეაფასებდით?

 

- მე მინდა ვკითხო გუბაზ სანიკიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს პარლამენტშია, იმისთვის ვიბრძოდით, რომ პარლამენტის წევრმა გადაწყვიტოს, ვინ იყოს ამა თუ იმ ინსტიტუტის თუ ცენტრის დირექტორი და ვინ არა? პარლამენტი ქმნის კანონებს, რომელიც ძალიან ცუდი და სრულიად მიუღებელია სამეცნიერო დაწესებულებებისთვის და არამც და არამც არ ერევა კადრების შერჩევაში. ყველას გვაქვს იმდენი გონებრივი შესაძლებლობა, რომ რაღაც ქმედების უკან დავინახოთ პოლიტიკური ნიშნები, იმიტომ მგონია, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და სანიკიძე და სხვები იყვნენ მისი აღმსრულებლები.


- მე ვესაუბრე ზაზა აბაშიძეს, რომელმაც მითხრა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობისგან მიიღო ცენტრის ბიუჯეტისა და სახელფასო ფონდის გაზრდის პირობა. თქვენი აზრით, რატომ გახდა ამისთვის აუცილებელი ცენტრის დირექტორის შეცვლა?

 

- ძალიან გული მწყდება, რომ ზაზა აბაშიძე ამ გაუგებრობაში მოხვდა. იმიტომ, რომ მიყვარს ეს ადამიანი, პატივს ვცემ და არ მინდა, რომ მან თავისი მოღვაწეობა და ძალიან საინტერესო საქმიანობა დაამთავროს იმით, რომ საზოგადოების ნეგატიური განწყობა დაიმსახუროს. სრული აბსურდია, თუ ბუბა კუდავა თანამშრომლების ხელფასებს „ჭამდა", მაშინ თანამდებობიდან კი არ უნდა გაუშვან, უნდა დაიჭირონ, მაგრამ ცხადია, ეს ისე არ არის და კუდავა თანამშრომლებს იმას აძლევდა, რაც ბიუჯეტში იყო. აბაშიძის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კუდავა ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო. მას, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, ბიუჯეტს არ უზრდიდნენ და მისი გაშვების შემდეგ ეს პრობლემა მოხსნილია. სულ არ მაინტერესებს, კუდავა იქნება თუ სხვა, ვისი გულშემატკივარია, მთავარია, საქმე გააკეთოს და საერთოდ, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დღესაც ცოცხლობს, მთლიანად ამ ხელისუფლების დამსახურებაა.


ბუნებრივია, ყოველივე ზემოთქმულთან დაკავშირებით, ცენტრის ყოფილ დირექტორთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა ბუბა კუდავას მობილური ტელეფონი მომსახურების ზონიდან გასული აღმოჩნდა.

 

ნელი თორდია

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016