reportiori.ge - მიხეილ ცაგარელის წინასწარმეტყველებით „ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ 6 წელი დარჩება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:08
პრეს-დაიჯესტი
მიხეილ ცაგარელის წინასწარმეტყველებით „ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ 6 წელი დარჩება
ავტორი:
28 მაისი, 2015. 12:54


რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში? როდის გამოსწორდება ეკონომიკური მდგომარეობა? რომელი მინისტრების პასუხისმგებლობა დადგება?

 

 

„ალიას" ასტროლოგი მიხეილ ცახარელი ესაუბრება:


- ბატონო მიშა, 2 კვირის წინ ჩვენთან ინტერვიუში თქვით, მალე საინტერესო პოლიტიკური პროცესები დაიწყებაო. „ნაციონალების" დაშლის დაწყებას გულისხმობდით?

 

- მე თავის დროზე ვუკიჟინებდი „ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს, რომ 9 წელი სიმბოლური დროა. 9 თვის თავზე ქალი აჩენს ბავშვს, პლანეტა მარსი მართავს ამ ციფრს და ეს ნიშნავს იმას,რომ რაღაც ახალი ფორმაცია უნდა შეიქმნას. 9 წლის შემდგომ ძველებურად ცხოვრება და მუშაობა რა შეიძლება. გახსოვთ, ალბათ, 9 წლის შემდეგ დაიშალა „მოქალაქეთა კავშირი". ასევე, ვაფრთხილებდი, რომ დაიშლებოდა „ნაციონალური მოძრაობა", რადგან ისინი არხეინად აგრძელებდნენ ძველებურ ცხოვრებას. ასე მოუვა „ქარულ ოცნებასაც", თუ 9 წლის მერეც ეცდებიან, ისე გააგრძელონ, როგორც ახლა არიან. 9 წელს დაემატება ისიც, რომ სატურნი არის პოლიტიკის ერთ-ერთი მამამთავარი, უკან მოძრავი გახდა მშვილდოსნის ზოდიაქოში. მშვილდოსანი არის მიხეილ სააკაშვილის ზოდიაქო. ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ახლა განიცდის სრულ სტაგნაციას. მას საკმაოდ რთული პერიოდი ექნება წინ, განსაკუთრებით 19 სექტემბრის შემდეგ, უახლოესი 2 წლის განმავლობაში. აკეთებს რამეს, თუ არ აკეთებს, მოძრაობა სჭირდება იმისთვის, რომ პიარი გააკეთოს. დადის, ლაპარაკობს, ქაქანებს და ქმნის განცდას, რომ რაღაცას აკეთებს, თუმცა შედეგი არის მიზერული. ყველა ხედავს, რომ ეს კაცი რაღაცას აკეთებს და საქმიანობს. ეს მისი სტილია. მისი მოძრაობები ნუ მოგატყუებთ, მოვა დრო, სერიოზულად დადგება უკრაინაში მისი საკითხი. ამას ვნახავთ უახლოეს მომავალში.


- მარტო „ნაციონალებში" იწყება რღვევა, თუ სხვა პარტიებშიც უნდა ველოდოთ?

 

- ჯერ სად ხართ, მოვლენები წინ არის.


დიდი პრობლემები იქნება იდეოლოგიის პოლიტიკის სფეროში. ეს არ შეეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას", ეს შეეხება ალასანიას პარტიასაც და „ქართულ ოცნებასაც". „ნაციონალები" შეეცდებიან ტრანსფორმაციას, რადგან შიდა ბირთვი რჩება, დანარჩენი დაიყოფიან. ზოგი იძმაკაცებს „ქართულ ოცნებასთან", ჩაინერგებიან იქ, ნაწილი ახლოს მივა მარგველაშვილთან, ალასანიასთან, „რესპუბლიკელებთან", მესამე ნაწილი შექმნის ცალკე ჯგუფს, ისინი დაიწყებენ მტკიცებას, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან". ეს დასაწყისია, სერიოზული პროცესები იქნება.


- რას გულისხმობთ?

 

- ჩვენ ვნახეთ, რომ შეიცვალა რამდენიმე მინისტრი, არაა გამორიცხული, რომ კიდევ იყოს ცვლილებები, მათ შორის პრემიერის დონეზეც, წლის ბოლომდე, ამიტომ მოვლენები ისე განვითარდება, თქვენ არ მოიწყენთ, ჟურნალისტები, მე გაძლევთ ამის პირობას. სამიტი რომ იყო რიგაში, მაშინ ვთქვი, რომ ეს სამიტი იქნებოდა ძვალი ჩვენთვის, რომ დავამთავროთ ყეფა. არაფერი განსაკუთრებული არ იქნება ევროპის მხრიდან-თქო, მით უმეტეს ნატოს შესახებ. ეს არის უაზრო პიარკამპანია, რომელსაც ვტკეპნით.


- სააკაშვილისგან რას უნდა ველოდეთ, პარტიის დაშლის ფონზე რა სვლა შეიძლება გააკეთოს?

 

- სანამ სააკაშვილი არსებობს და მას აქვს ბერკეტები თუნდაც თავისი პარტიის მეშვეობით, რომ რამე არიოს, ის ამით სულ ისარგებლებს. ამაში ორი აზრი არ არსებობს. სადაც არ უნდა იყოს და რომელ ქვეყანაშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ის დაძაბავს ქართველი ხალხის ნერვებს და გააღიზიანებს, მაგრამ არანაირ შედეგს არ მოუტანს „ნაცმოძრაობას". ორი წელი ექნება საკმაოდ რთული ამ პარტიას და ტრანსფორმაციის შემდეგ შეიძლება უარესი კრახი ჰქონდეთ.


როცა სააკაშვილი მოვიდა, ასეთი არნახული მხარდაჭერა არავის ჰქონდა საქართველოს ისტორიის მანძილზე, მაგრამ პრობლემა სად გაჩნდა, იცით? ყველაფერი ქარს გაატანა, რადგან არნახული სიყვარული გაუჩნდა ფულისადმი და ეს პათოლოგიაში გადაუვიდა, დაკარგა ზომიერების გრძნობა. როცა მას პირადი ჰოროსკოპი შევუდგინე, ვაფრთხილებდი. მან კი ქვეყანა გაცვალა ძალაუფლების სიყვარულზე. სულ ვეუბნებოდი, ფული ყაირათიანად და ქვეყნისთვის აუცილებელ პროექტებზე გაეხარჯა, მაგრამ ფულისადმი სიყვარულმა იმძლავრა მის აურაში და დამანგრეველი გახდა მისთვის. მან ვერ გაუძლო ძალაუფლების სიამოვნებას. მან დაკარგა დიდი კარტბლანში, ბევრი შანსი ჰქონდა გამოსწორების, მაგრამ არ გამოიყენა ეს. ახლა მათი დრო ამოწურულია და მხოლოდ ტრანსფორმაციის შანსი აქვთ. მიხვდებიან, რომ ამ გუნდით ვერ გამოვლენ არჩევნებზე, თორემ რაც აქვთ, იმასაც დაკარგავენ.


- მოსახლეობა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია. რამე საშველი ჩანს? როდისთვის შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია?

 

- დიახ, რთული სიტუაციაა. საავადმყოფოები გადაჭედილია პაციენტებით, ხალხი დაავადებულია, ფსიქიატრიული დაავადებები მატულობს, 5-ჯერ მოიმატა სუიციდის მცდელობებმა, ხალხი გაიქცა უცხოეთში. იმძლავრა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხზე საუბარმა, რადგან ყურადღება იქნას გადატანილი. ეს მეთოდი აითვისა ამ მთავრობამაც. ჩაბარდა წარსულს ფრაზეოლოგია, - არიქა, ხალხის გვერდით უნდა დავდგეთო. ხალხის დაშოშმინების მეთოდები აპრობირებულია, ან ძალადობით, ან ყურადღების გადატანით სხვა მოვლენებზე, რომელსაც ხელოვნურად შექმნიან.


სექტემბრამდე არაფერი იქნება. ცდილობს მთავრობა, მაგრამ ეს მცდელობა ზღვაში წვეთია, არ ვიცი, იმუშავებს თუ არა ეს სისტემა, სტრუქტურები არის გასასუფთავებელი. ხალხი ცუდ დღეშია, მაგრამ ბერკეტები აქვს მთავრობას და ამით ისარგებლებს. შიდა ცვლილებებიც მზადდება, იწყება მესამე და მეოთხე ძალის წინ წამოწევა. „რესპუბლიკელების" პოზიციები შეირყევა. დასავლეთი გააქტიურდება იმ მიმართულებით, რომ ევრაზიული შვეიცარია შეიქმნას ჩვენგან, მათ აწყობთ სტაბილური საქართველო, რომ აქ გაიაროს მათმა ტვირთებმა,რომ ჩაიდოს კაპიტალი.


- ლარის კურსისგან გაღატაკებული მოსახლეობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის დასჯას მოითხოვს. შერჩება ყველაფერი, თუ დაისჯება?

 

- შერჩება ისე, როგორც სააკაშვილს, მან ევრობანკისთვის იმდენი გააკეთა, რომ საყრდენი უკვე გაიმზადა. ის მშვიდად დაგვემშვიდობება და ტკბილად იცხოვრებს რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.


- ხადურის და კვირიკაშვილის საქმე როგორ იქნება, ლარის კურსის გამო, ხალხი უმოქმედობაში ადანაშაულებს.

 

- ჯერ ხადურის წასვლაზე, ვფიქრობ, არ იქნება საუბარი. მას აქვს დადებით მხარეები და მისი გამოყენება შეიძლება, ეკონომიკის მინისტრთან კი რთულად არის საქმე და იქნება პრობლემები. განათლების მინისტრი არის ქვეყნის სასოწარკვეთა, განათლება მოისპო საქართველოში და იმედია, წელს დადგება სამწლიანი რეფორმა და ამ მიმართულებით ცვლილება იქნება ტურიზმის სფეროში. გარემოს დაცვის ახალი მინისტრის, აგულაშვილის მიმართ იქნება კითხვები, თუ ვერ გაამართლა, თუნდაც სოიოს შემოსვლასთან დაკავშირებით, აღარ გავა არგუმენტი, წინა მინისტრმა მოაწერა ხელიო, ეს ხომ არის ახალი მინისტრი და გააუქმოს წინას ბრძანება. აქ ეტყობა, ფულია ჩადებული. ამ მინისტრსაც უყურებენ ცოტა ხანს და მერე დადგება მისი საკითხი.


თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე, ანა დოლიძე ცალკე თემაა. მე ვერ წარმომიდგენია, რომ თავდაცვის სფეროში მათ წარმატებით იმუშაონ. ამით ვიძლევით სიგნალს, რომ სამხედრო სტრუქტურაში არ გვყავს პროფესიონალი, რომელიც შეიძლება ჩაუდგეს სათავეში ამ სფეროს. მათი მოწყვეტა იურიდიული სფეროდან არის გაუმართლებელი.

 

ჟანა ასანია

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016