როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი გაათავისუფლა და ამ დროისათვის აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია.
თავის მხრივ, „ნაპოლის" დაემშვიდობა რაფაელ ბენიტესი და ესპანურ მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ესპანელი სპეციალისტი „სამეფო კლუბის" მომავალი მთავარი მწვრთნელი იქნება.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში ჰოლანდიელი თავდამსხმელი რაიან ბაბელი გამოეხმაურა და საკუთარ twitter-ზე კომენტარი დაწერა: „ბენიტესი „რეალში" გადადის? იგი რონალდუსგან დიდებულ მცველს შექმნის..."
შეგახსენებთ, რომ ბაბელი „ლივერპულში" სწორედ რაფაელ ბენიტესის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაშობდა, ხოლო 2013 წლის ივლისიდან თურქული „ქასიმფაშას" ღირსებას იცავს, სადაც ბოლო პერიოდში შოთა არველაძის დაქვემდებარებაში უწევდა ასპარეზობა.