„ნაციონალური მოძრაობიდან" ოთხი ლიდერის სწასვლა კვირის ყველაზე სკანდალური თემაა, იწერება უამრავი ვერსია, ისმის ბევრი კითხვა: ვინ გადაიბირა? რამდენი გადაიხადა? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? რა ჩაიფიქრეს „ნაციონალებმა" და რა ხდება სინამდვილეში?
ამ და სხვა საკითხებზე „ალიას„ ექპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა:
- ბატონო მამუკა, თქვენი ინფორმაციით, რატომ, ვისი გადაწყვეტილებით ტოვებენ პარტიას აქტიური სახეები?
- ჯერჯერობით სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მოხდა რეალურად, არ მაქვს, თუმცა შემიძლია ვარაუდების გამოთქმა. „ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ნიშნები ჯერ კიდევ მაშინ იყო, როდესაც 2012 წლის არჩევნები მოახლოვდა. მაშინ დაპირისპირების ფორმატი იყო ახალაიებსა და მერაბიშვილს შორის ლაფანყურის მოვლენაზე და შემდგომში, ეს დაპირისპირება გაღრმავდა. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მიატოვა „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების შემდეგ. მაგალითად, მარიკა ვერულაშვილმა და ზოგიერთმა სხვამ. ნებისმიერ პარტიაში ყოველთვის არსებობენ მედროვენი, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ახლა, ცოტა სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. პარტია დატოვეს ისეთმა ცნობილმა ფიგურებმა, რომლებიც ქმნიდნენ ახალ სახეს „ნაციონალური მოძრაობისა", პირველ რიგში ეს გახლდათ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე. პარტიის აღმასრულებელი მდივნის წასვლა ძალიან სერიოზული დარტყმაა პარტიაზე, რაც არ უნდა ტაქტიკური სვლა იყოს, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რადგან არსეობს ასეთი ვერსია, - ისინი გავიდნენ პარტიიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი თანამშრომლობა „ნაცმოძრაობასთან" გადადის იატაკქვეშეთში. პრინციპში, გაიმარჯვა იმ დოქტრინამ, რომელიც არსებობდა პარტიაში იმის თაობაზე, რომ საჭიროა ახალი სახეები და პარტიის რებრენდინგი.
არც ვიცი, ჩართულია თუ არა ამ საკითხში გიგა ბოკერია, ინტუიციურად ვგრძნობ, რომ რაღაც ფორმით მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული გიგა ბოკერიას, თუმცა ამის დადასტურება ნამდვილად არ შემიძლია ჯერჯერობით. ასე რომ, დღეს შეგვიძლია თქვათ, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისთვის, რაც მოხდა, ეს სერიოზული სიგნალია, მაგრამ, მეორე მხრივ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს გარკვეული ტაქტიკური ნაბიჯები, რომელიც შორსმიმავალ გეგმებზეა გათვლილი, თუმცა ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რა გეგმებზეა საუბარი.
ჩვენ გამოვტოვეთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს ჯგუფი „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო იმიტომ, რომ შიგნით მოხდა განხეთქილება, თუ იმის გამო, რომ გარედან ვიღაცამ იმუშავა?.. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი.
- თქვენ იზიარებთ „ნაციონალების" პოზიციას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ოთხი ლიდერის გადმობირებაში როლი?
- „ნაციონალური მოძრაობის" ისეთმა წევრმაც კი, როგორიც არის ნუგზარ წიკლაური საკუთარ თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ დაედანაშაულებინა თავის განცხადებაში, თუმცა მე არც ამას გამოვრიცხავ, რომ გარკვეულმა ძალებმა გარედან იმუშავეს. ყველა ვერსია შეიძლება იყოს გადაჯაჭვული ერთმანეთზე.
- აქტიურად ვრცელდებოდა კულუარული ინფორმაციები, რომ გიგა ბოკერია შექმნიდა დამოუკიდებელ პარტიას. საინტერესოა, თქვენი აზრით, პროცესები როგორ განვითარდება, ეს ოთხი ლიდერი შევა ალასანიას პარტიაში, ყოფილი დიპლომატების პარტიას „ივერიას" შეუერთდებიან, თუ ცალკე წამოიწყებენ პოლიტიკურ თამაშს, თავად შექმნიან პარტიას და საჭირო მომენტში „ნაციონალებთან" კოალიციას შექმნიან?
- სულ რომ უსახური ფიგურები ყოფილიყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში", მიხეილ სააკაშვილს ისეთი ენერგეტიკა აქვს,მას შეუძლია პოლიტიკური ძალა გაქაჩოს. ასე რომ, ვერც ერთი ის ფიგურა, ამ ოხთეულიდან და ის ფიგურებიც, რომლებიც შედიან „ივერიაში", ვერ შეძლებენ ქარიზმატული გუნდის ჩამოყალიბებას. გიგა ბოკერია რომ დარწმუნებულიყო იმაში, რომ მას შეუძლია ასეთი გუნდის შექმნა, ის კარგა ხნის წინათ გადადგამდა ამ ნაბიჯს და შექმნიდა თავის დამოუკიდებელ პარტიას.
მართალია, ამ ადამიანებს ამბიციები აქვთ, მაგრამ პოლიტიკას არ უყვარს ასეთი გამოხტომები და როგორც წესი, კრახით მთავრდება.
- სააკაშვილი დიდ იმედებს ამყარებდა გოგა ხაჩიძეზე და ზურაბ ჯაფარიძეზე, როგორ ფიქრობთ, სააკაშვილისთვის ეს შოკისმომგვრელი სიურპრიზი იყო, თუ მათ შორის მოხდა ინტერესთა გადაკვეთა?
- არა, მიშას როლს აქ ნამდვილად ვერ ვხედავ, რადგან საააშვილს არ უნდა აწყობდეს ასეთი ტიპის ექსცესები, გინდ ღია, გინდ ფარული, დადგმულ-დაგეგმილიც კი არ უნდა აწყობდეს პარტიაში ახლა ასეთი ექსცესები, როდესაც სტარტს იღებს საარჩევნო მარათონი. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილის როლს, მართალი გითხრათ, აქ ვერ ვხედავ. მე უფრო ვიხრები იმ ვერსიისკენ, რომ აქ იმუშავა სამმა კომპონენტმა - პარტიაში განხეთქილებამ, კონკრეტული ფიგურის ჩანაფიქრმა და გარე ზეწოლამ.
- „ნაციონალების" კულუარებში ოთხეულის წასვლის ლიდერად პავლე კუბლაშვილს თვლიან და ამბობენ, რომ სწორედ მან აწარმოა მოლაპარაკებები სახელისუფლებო ძალასთან, კონკრეტულად კი „ნაციონალების" ყოფილ მაჟორიტარებთან. არის ის ვერსიაც, რომ მათი ეს ნაბიჯი სოლიდური თანხით დაფინანსდა.
- თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარედან არსებობდა ზეწოლა, შეთავაზებები, მაშინ ეს გაკეთდებოდა მათი ყოფილი თანაგუნდელების, ან ყოფილი მეგობრების ხელით. თუ ეს ინფორმაცია რეალურია, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ნების გარეშე ეს არ მოხდეობოდა, მაგრამ იყო კი ეს ასე? ეს დადასტურებულად არ ვიცით, მაგრამ თუკი ეს ვერსია გამართლდა, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ტაქტიკური სვლა ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო მოფიქრებული.
- თუკი პარტიიდან გადინების პროცესი შეუქცევადი გახდება, ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რადარებიდან გაქრება?
- მე ამ ოთხეულს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ვინც არ უნდა დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილს აქვს იმის რესურსი, რომ სრულიად ახალი პარტია შექმნას, ეს გახლავთ უნიჭიერესი კაცი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დანაშაული აქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ვიდრე არსებობს მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა" მუდამ იქნება...
- უნდა კი მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობა", პარტია, რომელიც ასოცირებულია უამრავ უბედურებასთან და დანაშაულთან?
- ეს სხვა საკითხია... თქვენ გულისხმობთ პარტიის სახელს და ამ პარტიის ზოგიერთ ლიდერს, ვინც დანაშაულთან არის ასოცირებული, მიხეილ სააკაშვილს ეს პარტია რომ არ უნდოდეს, ან ადრე გააკეთებდა რებრენდინგს და ახალ პარტიას ჩამოაყალიბებდა სხვა სახელით, ან ამას გააკეთებდა ცოტა მოგვიანებით, როცა უფრო მოახლოვდებოდა არჩევნები, მაგალითად, შემოდგომაზე.
- თქვენ აცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ დონის ნიჭიერია, რომ პარტიაში ერთი კაციც რომ დარჩეს, ის გააძლიერებს და ერთპიროვნული ლიდერი იქნება, მაგრამ რამდენად რეალურია, ეს მოახერხოს დისტანციურ რეჟიმში უკრაინიდან?
- ეს მას არ გაუჭირდება. ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ მიხეილ სააკაშვილი კიევში წამოწოლილია. სააკაშვილი იქ ქმნის თავისი მომავალი პოლიტიკური რევანშისთვის სიტუაციას და ცდილობს, წაუგებელი თამაში ითამაშოს. ეს არის კონტაქტების დამყარება მსოფლიოს პოლიტიკურ ფიგურებთან, გაძლიერება არსებული კონტაქტების, ამ ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ის საჭირო ფიგურაა,
რაც მან მოახერხა და გარდა ამისა, კიევში დღეს არის უამრავი ქართველი ჩასული, რომელიც თავის თავს მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრად, მის რიგით ჯარისკაცებად მოიაზრებს. ჯარისკაცს პირდაპირი გაგებით ვგულისხმობ, მე არ მინდა კონკრეტული ციფრი დავასახელო იმ სამხედროებისა, რომლებიც ჩასული არიან უკრაინაში, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ქართველი სამხედროები უკრაინის თავდაცვის სისტემაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ბევრს ჰგონია, რომ ეს ხალხი უკრაინიდან ზარბაზნებით დაბრუნდება საქართველოში და სამოქალაქო ომს დაიწყებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ისინი შეკრებილნი არიან დღეს თავიანთი ლიდერის გარშემო. ეს გახლავთ ადამიანების კონსოლიდირებული ჯგუფი, რომლებიც ძალიან შემართული არიან კონკრეტული იდეის გარშემო. ასე რომ, პარტიაზე მუშაობა მიდის, ახალზე, ძველზე, როგორც გინდა გაიგეთ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს თავისი პოლიტიკური გუნდის მშენებლობა არასდროს მიუტოვებია, რეპეტიციას რეპეტიციაზე გადიან, პრაქტიკას იღებენ და ა.შ.
- თუკი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" რეფორმა ჩავარდა უკრაინაში, მისი პოლიტიკური შანსები არ შემცირდება?
- თუ მისი რეფორმები ჩავარდა, სააკაშვილი ამას უკრაინის ხელისუფლებას დააბრალებს, მან ეს უკვე გააკეთა, თავის თავს უფლება მისცა, გამოსულიყო უკრაინის „ნაციონალური" არხით და ეთქვა, - ძალიან რთულია რეფორმირება იმიტომ, რომ უკრაინის ჩინოვნიკური აპარატი მოუქნელი და კორუმპირებულიაო. მართალია, ეს მან გადათქვა, მაგრამ ხომ თქვა?..
მინდა გავაკეთო განცხადება და ეს იცოდეს ქართველმა საზოგადოებამ, - ქართველები ძალიან აქტიურად მონაწილეობენ უკრაინის პროცესებში, ისინი არიან შეიარაღებულ ძალებში. როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო პოლიტიკურმა მანქანამ გადაწყვიტა იმ მეთოდის გამოყენება,რომელიც გამოიყენა 2008 წლის ომის დროს. მაშინ უამრავი ქართველი, რომელიც რუსეთის ჯარში მუშაობდა, შეაგროვა და გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ, დღეს ანალოგიური სიტუაციაა - უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველებს რუსებმა რუსეთის მოქალაქე ქართველები დაუპირისპირეს. არიან ძალიან ბევრნი და არის ძალიან მზაკვრეული ჩანაფიქრი. ეს არის ქართველების ერთმანეთან დაპირისპირება, ეს მოხდება უახლოეს ხანში, ვფიქრობ, მარიუპოლზე შეტევის დაწყების დროს.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია"