reportiori.ge - თბილისის რომელ ადგილებში აყენია არასწორი საგზაო ნიშნები მძღოლების დასაჯარიმებლად?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:07
პრეს-დაიჯესტი
თბილისის რომელ ადგილებში აყენია არასწორი საგზაო ნიშნები მძღოლების დასაჯარიმებლად?
ავტორი:
29 მაისი, 2015. 12:33


რატომ არის თბილისში არასწორად დამონტაჟებული საგზაო ნიშნები? ვინ ხეირობს ამით? რატომ არ ცვლის ამ ნიშნებს თბილისის ტრანსპორტის სამსახური?


რამდენიმე საათის მანძილზე „ალიამ" და სამართლის დოქტორმა ავთანდილ კახნიაშვილმა ერთად იმოგზაურეს ქალაქში და დაფიქსირეს არასწორი საგზაო ნიშნები. თუმცა მანამდე ავთანდილ კახნიაშვილს მოვუსმინოთ:


- ეს სქემა მუშაობდა კომუნისტების დროს, მერე ნაციონალების დროს და ახლა არც „ქოცებმა" თქვეს უარი, როცა საგზაო ნიშნების არასწორი დაყენება ემსახურებოდა ბიუჯეტის შევსებას, მაგრამ ისეთი განუკითხაობა, რაც ბოლო ათი წლის მანძილზე მიდის, ქალაში არ ყოფილა არასდროს, რადგანაც შევარდნაძის დროს იყო ორგანო, რომლებიც ამ მოქალაქეების დავებს იხილავდა, ამას მე-12 ოთახი ერქვა და ხშირად ხდებოდა საქმის გადაწყვეტა მოქალაქის სასარგებლოდ, თუ საგზაო ნიშანი არასწორად იყო დასმული.


„ნაციონალების" დროს პოლიცია მუდმივად მართალი იყო და მოქალაქეს პერსპექტივა საქმის მოგებისა არ ჰქონდა. ერთადერთი მოქალაქე ვარ, რომელმაც „ნაციონალების" დროს პოლიციას მოვუგე დავა, როცა არასწორად გამომიწერეს 20-ლარიანი ჯარიმა და, როცა შუქნიშანი იყო არასწორად დამონტაჟებული.


- არასწორში რას გულისხმობთ?


- როცა დამატებითი სექცია აქვს შუქნიშანს, ამ შემთხვევაში კანონი ითხოვს, რომ შუქნიშანზე ძირითად სექციაში უნდა იყოს კონტურული ისარი. მოკლედ, ეს ისარი მაშინ არასწორად იყო დაყენებული და ეს საქმე მოვიგე. სწორედ მერიამ მოიგონა თავის დროზე ასეთი რამ, რაც დღესაც აპრობირებულია, რომ ბევრ შემთხვევაში ქალაქში არის არასწორად დაყენებული საგზაო ნიშნები, რომელიც, ვიმეორებ, ემსახურება ბიუჯეტის შევსებას. რადგანაც, ჩემი აზრით, ამ საგზაო ნიშნებს აყენებენ განზრახ, ან ზოგჯერ უცოდინრობით.


ესაა პოლიციური მახეები და საპატრულო პოლიცია ჯარიმებს უწერს საწყალ მძღოლებს. ამას ემატება ვიდეოკამერები, რომლებიც ასეთ ადგილას დამონტაჟდა და ასეულ ათასობით ჯარიმა მისდით მოქალაქეებს. ამ დროს მათ უმეტესობა ჯარიმას სასამართლოში არ ასაჩივრებს და ამ ფულით კი ივსება ხაზინა. ესაა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის გაჩალიჩებული და წესით, ამას უნდა უთანხმებდნენ საპატრულო პოლიციას, მაგრამ ამ შემთხვევაში ისიც გასუსულია, რადგანაც, საბოლოო ჯამში, მილიონები შედის მოქალაქეთა ხარჯზე.


- მაგალითად, სად დგას არასწორად საგზაო ნიშნები?


- ახლა მიგიყვანთ ხეთაგუროვის ქუჩაზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან და თავად დარწმუნდებით, რომ არავითარი საგზაო მონიშვნა ასფალტზე არ არის, არავითარი საინფორმაციო მაჩვენებელი არ არის, რომელიც მეტყვის, რომ მე პირველი რიგიდან უნდა წავიდე მარჯვნივ, შუა რიგიდან - პირდაპირ, როგორც ყველა ქვეყანაშია დახაზული.


ეკლესიასთან შუქნიშანზე ვდგებით და, მართლაც, ვხედავ, რომ მანქანების უწყვეტი ნაკადი უნებურად აღმოჩნდა უწყვეტ ხაზზე, რომელიც დახაზულია ზუსტად შუქნიშნის წინ, როცა ასეთი რამ მე, მძღოლს, გაცილებით ადრე უნდა მქონდეს მინიშნებული, სანამ ამ ნიშნულამდე მივალ. ასევე არ არსებობს არანაირი საგზაო საინფორმაციო ნიშანი დაფის სახით და, როგორც ავთო კახნიაშვილმა მითხრა, მოპირდაპირე მხარეს მდგარი კამერით დადასტურდა, რომ უამრავმა მანქანამ ერთბაშად დაარღვია საგზაო წესი უწყვეტი ზოლის გადაკვეთის გამო და სახელდახელოდ 20-ლარიანი ჯარიმა 24 მანქანამ ერთბაშად „აიკრა". ეს ჯარიმა, როგორც ასევე გავარკვიე, თუ ათ დღეში არ გასაჩივრდა, შემდეგ გასაჩივრების დრო ეწურება და, თუ 30 დღეში არ გადაიხადა, 150 ლარით სახლში მოგიკაკუნებენ. ამ დროს წყვეტილი ხაზი უცებ დაარეგულირებდა საქმეს.


მოდით, ისევ კახნიაშვილს მოვუსმინოთ:


- ახლა გაჩვენებთ, კოლმეურნეობის მოედანზე რა ხდება. აქ საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე, ისე, რომ შეიძლება მანქანიდან ვერ შეამჩნიოთ, დგას ნიშანი „მართვა   შესაძლებელია სავალდებულოდ მარჯვნივ", ამ დროს მანქანები მასიურად უხვევენ მარცხნივ და არ არის ეს მახე? აქ მარჯვნივ არავინ უხვევს პუშკინის ქუჩაზე, იმიტომ რომ ზემოთ თავისუფლების მოედანი მუდამ გადატვირთულია და ხომ ხედავთ, რომ ამ ნიშანს აგერ თვალწინ ყველა მეორე მძღოლი არღვევს? მაგრამ საპატრულო რას ფიქრობს ამაზე?  


ვხედავთ, რომ ღმერთი ერთ ასეთ საპატრულოს ეკიპაჟს „მიგზავნის": გაჩერებულია პოლიციის მანქანა, გადმოსულია სერიოზული ახალგაზრდა პოლიციელი და რაღაცას წერს. მივდივართ მისკენ და ვეუბნებით, რომ ვართ დაინტერესებული მოქალაქეები და კითხვას ვსვამთ, რა საჭიროა ეს საგზაო ნიშანი, როცა მანქანები თამამად მოძრაობენ საწინააღმდეგო მიმართულებით? თან არც არავინ მისდევს ამ მანქანებს და არავინ აჯარიმებს? შეფიქრიანებული პოლიციელი პასტით ზემოთ იწევს ქუდს და ისე გვიყურებს, გეგონება, საოცრებას ვუპირებდე, თან ხელში დიქტოფონს ამჩნევს:


- ეს ნიშანი რას ემსახურება?


- კი, ბატონო, ვაჯარიმებთ ხოლმე ხალხს, მაგრამ ახლა სხვა რამისთვის ვდგავართ.


- გასაგებია, მაგრამ ეს „მარჯვნივ შეუხვიე" ნიშანი აქ რა საჭიროა? თან დაბლაა, მძღოლი ვერ ხედავს ამ ნიშანს და რა ხდება?


- მერიამ დაამონტაჟა! ჩართული გაქვთ რამე?



სანამ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დავუკავშირდებოდე, მანამდე ავთანდილ კახნიაშვილი მელაპარაკება:


- მეტეხის ხიდთან თუმანიანის ქუჩა რომ ჩამოდის, გადიხარ პირდაპირ მოედანზე და არც „მარჯვნივ წადი" ნიშანი დგას და არც „მარცხნივ", არაფერი დგას, უფრო მეტიც, წაშლილია ასფალტზე უწყვეტი ხაზი და მანქანა, რომელიც გადის მეტეხის ხიდზე, მას აჩერებს პოლიცია. ამ ადგილას თუ გაგაჩერებთ პატრული, შეგიძლიათ უთხრათ, რომ არანაირი ნიშანი არ დგას და რას გერჩით?


ამას გარდა, ქალაქში არის არასწორად განთავსებული შუქნიშნები, ამ დროს საგზაო მოძრაობის კანონს აქვს მიზანი, რომ მოაწესრიგოს ქალაქში მოძრაობა, შეგნებულად და შეუგნებლად მოძრაობაში ქაოსის შექმნა კი არა. თავისუფლების მოედანიც არასწორადაა დახაზული, ხშირია ავარიები და ამ ყველაფერს, რაც მოგიყევით, ჰქვია თაღლითური სქემა.


- გამოანგარიშებული გაქვთ, რა თანხა შედის ბიუჯეტში ამ გზით?


- „სითი პარკიდან" ვიცი, რომ 30 მილიონი შედის ბიუჯეტში და საპატრულო ჯარიმებიდან, როგორც ვიცი, არანაკლებ 50 მილიონი ლარი წლიურად. არადა, გარდა ამისა, ნასვამობის ინსტიტუტიც არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და რომ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, დრო არაა, ელემენტარულიდან დავიწყოთ სახელმწიფოს მოწყობა? როცა ვხედავ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 24 წელი გავიდა და ის, რასაც არ სჭირდება პოლიტიკა და აურზაური, რაზეც ყველას ერთი აზრი გვაქვს, მაგალითად, იგივე ღვედების შემოღების საკითხი, რასაც მივესალმებით, რა გახდა ამ საგზაო ნიშნების მოწესრიგება ქალაქში? „ნაციონალების" დროს საპატრულო პოლიციას ჰქონდა არაოფიციალური გეგმა და დღეს ხომ აღარ არსებობს ეს გეგმები?


- გარდა იმისა, რომ შეცვლიდით ამ საგზაო ნიშნებს და მოაწესრიგებდით ქალაქს, კიდევ რას შეცვლიდით უკეთ მგზავრობისთვის?


- ცუდია, რომ მოქალაქეებმა არ ვიცით მოძრაობის წესები კარგად, ცუდად ვასწავლით და ამიტომაც არის ამდენი სატრანსპორტო შემთხვევა. კარგ მაგალითს  მოგიყვანთ, ჩვენმა ერთმა პროფესორმა, რომელიც აქ ატარებდა ავტომანქანას წლების მანძილზე, გერმანიაში ვერ აიღო მართვის მოწმობა, რადგანაც იქ ჩათვალეს, რომ ვერ ფლობდა მოძრაობის წესებს. კიდევ, აუცილებლად აღვადგენდი ქალაქში რეიდების მექანიზმს, უამრავ არაკეთილსინდისიერ მძღოლს გამოვავლენდი და ნახავდით, რომ ეს ერთ კვირაშივე მოაწესრიგებდა ქალაქში მოძრაობის სიტუაციას, მაგრამ ეს რომ შემოიღონ, მაშინ ნახეთ „ნაცების" ყვირილი, კომუნისტების დრო დააბრუნეს ქვეყანაშიო.


რას ამბობენ მერიაში არასწორად დამონტაჟებულ საგზაო ნიშნებზე?


მალხაზ ჭამპურიძე, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი:


- საგზაო ნიშნებთან დაკავშირებით, თუმანიანთან ნიშანი უნდა იყოს და თუ არ არის, გადავამოწმებთ. რომ იცოდეთ, საგზაო ნიშნები ცოცხალი ორგანიზმია და ხან მანქანა ეჯახება. ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის აკონტროლებენ, სად რა ხდება.


- პირველად გავიგე, რომ საგზაო ნიშანი ცოცხალი ყოფილა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ის მძღოლიც ცოცხალია, ვინც მართავს მანქანას და ისიც ვიცი, რომ ამდაგვარი სიტუაციის გამო უამრავ მოქალაქეს აჯარიმებენ.


- თუმანიანთან მიმართებაში მანდ მარჯვნივ მიმართულება უნდა იყოს, კი.


- მე იმაზე გეტყვით, რაც რამდენიმე საათის მანძილზე ვნახე და ერთ დღესაც არ დაგვეზარება და უფრო მეტ მაგალითს მოგიყვანთ. მანამდე, იგივე ჩუღურეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან ვნახეთ, რომ ნამდვილად არ არის დახაზული სწორად, არც საგზაო ნიშანია და იმ ორმა ათეულმა მძღოლმა რა დააშავა, დღეს რომ ოცლარიანი ჯარიმა აირტყა ამის გამო? ჩაატარეთ მონიტორინგი, რა ხდება ქალაქში, არ გაინტერესებთ?


- რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ და არის კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ამ ნიშნებს განათავსებს, სადაც საჭიროა. კვირაში ერთხელ დავდივართ, კვირაში ერთხელ კი არა, უფრო ხშირად, და ყველაფერს ვნახულობთ.


- და რა გახდა მერე ამის გამოსწორება? გამოდის, ეს ბიუჯეტის შევსების გამო ხდება...


- არავითარ შემთხვევაში. ასეთი რაღაც როგორ შეიძლება? პირიქით, გვინდა, რომ მოძრაობა უსაფრთხო გავხადოთ და ყველგან დახაზული იყოს.



„ალია" აუცილებლად გადაამოწმებს იმ საგზაო ნიშნებს, რომლებიც არასწორადაა დამონტაჟებული და რის გამოც მძღოლებს აჯარიმებენ. ვნახოთ ერთი, რაში ვუხდით ხელფასს მერიის ჩინოვნიკებს, რამდენ ხანში გამოასწორებენ შეცდომას. და თუ არ გამოასწორებენ,მაშინ მართალი ყოფილა ავთანდილ კახნიაშვილი - ეს ნიშნები შეგნებულადაა დამონტაჟებული, როგორც მახე და ჯარიმების „ასახევი" საშუალება.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016