27 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გასაკვირიც იყო, „ნაციონალები" აქამდე რომ არ დაიშალნენ, ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ ერთ გუნდად თავის წარმოჩენას. შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლებიანო. „ნაციონალების" დედა „ტერეზა", ირმა ნადირაშვილი თავს იგიჟებს და პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, ოპოზიციურ ძალაში მიმდინარე მოვლენებზე გაბრწყინებული სახით ლაპარაკისგან თავი შეიკავოს. მისი თქმით: „ღარიბაშვილს ტყუილად აქვს მოლოდინი, რომ ქვეყნის დაქცევის პასუხისმგებლობას გაექცევა. ვფიქრობ, გაბრწყინებული და მოჭიმული სახე ამ სიტუაციაში ადეკვატური ნამდვილად არაა".
მამალი „ნაციონალების", ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი მელაძის, გოგა ხაჩიძისა და პავლე კუბლაშვილის წასვლის თაობაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა - ზოგი ამბობს, ესენი ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდაო, ზოგი ამტკიცებს, ამ ადამიანებს მიშა სააკაშვილის ხუშტურები ამოუვიდათ ყელშიო, ზოგი იფიცებს, ამათ ლენინივით ახალი იდეები აწუხებთ, უფრო ფართო ასპარეზი სჭირდებათო. სინამდვილეში კი ყველაფრის თავი და თავი პარტიაში ე.წ. ფინანსური გაფლანგვა, ანუ მითვისება, 2016 წლის არჩევნებისთვის მზადება და მომავალი სიის შედგენა ყოფილა.
„ნაცმოძრაობაში" სიტუაცია ყველაზე მეტად 2015 წლის 21 მარტამდე დაიძაბა. რეალურად იყო რამდენიმე სერიოზული მიზეზი: პირველი - დიდი გაუგებრობა გამოიწვია ზუგდიდის ოფისიდან დავით კეზერაშვილის მიერ გამოგზავნილი 52 ათასი ევროს გაქრობამ. ჩვენ ამ თემაზე იმ პერიოდშივე ვწერდით, როცა ფულის „მოტეხვა" აკო მინაშვილსა და თენგიზ გუნავას დაჰბრალდათ, მაგრამ ეს ფაქტი არც ერთ მათგანს არ უარყვია. ამონარიდი 2015 წლის 19 მარტს „ალიაში" გამოქვეყნებული სტატიიდან: „როგორც ირკვევა, „ნაციონალებს" სამეგრელოსთან დაკავშირებით ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, აკაკი მინაშვილი ზუგდიდში ორი საქმისთვის იყო ჩასული: პირველი - მას ჯერ დავით კეზერაშვილის მიერ გამოტანებული 52 ათასი ევრო უნდა წამოეღო, რომელიც დათა ახალაიამ გადასცა თავის კაცს და ამ კაცმა შემოიტანა სამეგრელოში „ქეშად"; მეორე - ფულის ნაწილი უნდა დაეტოვებინა ზუგდიდში მდებარე „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში", რათა 21 მარტისთვის გამოეყენებინათ, ნაწილი კი თბილისის ცენტრალურ ოფისში უნდა მიეტანა... როგორც სანდო წყარო ამტკიცებს, დავით კეზერაშვილის გამოგზავნილი თანხა დაიკარგა და ახლა „ნაციონალები" ხოცავენ ერთმანეთს... ამ საქმეში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, თენგიზ გუნავა და აკო მინაშვილი არიან გარეულები".
მოკლედ, ასეა თუ ისე, ეს საქმე ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილილმა ჩაფარცხა. მაშინ „ნაცმოძრაობაში" ნადარეიშვილს ადანაშაულებდნენ, რომ სწორედ ფულის „მოტეხვის" გამო ვერ ჩამოიყვანა 21 მარტის აქციაზე 5 ათასი კაცი ზუგდიდიდან; მეორე - განხეთქილება დაიწყო აქციაზევე, როცა ვანო მერაბიშვილი საერთოდ არ ახსენეს და ბაჩო ახალაია კიდევ გმირად შერაცხეს. არადა, ამ აქციას, როგორც ამბობდნენ, კეზერაშვილის გარდა, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავაც აფინანსებდნენ. „ნაციონალებში" ფურთხვა-გინება უფრო გაძლიერებულა, როცა ანი ნადარეიშვილმა „პარადის" წაყვანა და მომავალი არჩევნებისთვის სიაში ჩაწერა მონდომებია; მესამე - როგორც კონფიდენციალური წყარო ამტკიცებს, ანი ნადარეიშვილის ხუშტურებს ძალიან გაუღიზიანებია გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი: „დღეს ეს ქალბატონი ისე ლაპარაკობს, თითქოს საერთოდ არ ჩარეულა პარტიულ საქმიანობაში და არ იცის, რა ხდებოდა შიგნით. ნადარეიშვილმა ჩერგოლეიშვილს ამ ეტაპზე მოუგო, „ჩერეზ" კეზერაშვილი მიშას ჩააწვეთა, გიგა ბოკერია და მისი ცოლი ფულით ვეღარ ძღებიან, თან პარტიის ხელში ჩაგდებასაც აპირებენო".
ჩვენ ასევე ვწერდით, როგორ დაეტაკნენ ერთმანეთს ბოკერია და სააკაშვილი თანხების თაობაზე, გიგამ მიშას პარტიიდან წილიც კი მოსთხოვა. კულუარული ინფორმაციის თანახმად, ამ საუბრის შემდეგ, გაცოფებულ სააკაშვილს კეზერაშვილისთვის დაურეკავს და უბრძანებია, ჩერგოლეიშვილისთვის ტელევიზიის („ტაბულა"), საიტისა და მივლინებების დაფინანსება შეეწყვიტა. აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ ენდობა ასე კეზერაშვილი ახალაიებს? წყაროს თქმით, ის დავალებულია, ახალაიებს ამაგი აქვთ და ამიტომაც გაიღო 1 მილიონი ევრო საბერძნეთში დაპატიმრებული დათა ახალაიას განთავისუფლებისთვისო. ეპიტნავება თუ არა სააკაშვილს ახალაიების „სასტავი"? ალბათ, გახსოვთ, როგორ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და როგორ დაგვიწყო „დაბოლება", დათა სამჯერ მყავს ნანახიო (ამონარიდი 2013 წლის 16 აპრილის გამოსვლიდან): „არათუ დათა ახალაიასთან კონტაქტი არ მქონია იმ ხნის განმავლობაში, რაც ის წასულია ქვეყნიდან, მინდა გითხრათ, რომ 2003 წლის შემდეგ სულ სამჯერ თუ შევხვედრივარ მას და ისიც, ცალკეულ ჯგუფებში".
სხვათა შორის, თავის დროზე სააკაშვილს ვანო მერაბიშვილი აღიზიანებდა და ჩასჩიჩინებდა, ახალაიები ჩამოიშორეო. ერთი პერიოდი გაუფუჭა კიდეც ურთიერთობა მათთან, მაგრამ, როგორც ამბობენ, ახლა სხვა აზრზეა. მიშას უკრაინაში ერთ-ერთი შეხვედრის დროს თავის გარემოცვაში უთქვამს, ძალიან ვნანობ, რომ ვანო მერაბიშვილი არ დავიჭირე, ბაჩო ახალაია მეუბნებოდა და არ დავუჯერეო. ამ დღეებში ზოგიერთმა იმაზეც კი დაიწყო ლაპარაკი, ვანო მერაბიშვილმა ახალი თამაში წამოიწყო და „ოთხეული" ამიტომაც განერიდა სიტუაციასო.
ინკოგნიტო წყაროს თქმით, გიგა ბოკერიასაც უნდა პარტიიდან წასვლა, მაგრამ ჯერ ისევ წილს ელოდება და იმის გარკვევასაც ცდილობს, რატომ „დაადო" კეზერაშვილმა. ამ დროს მიშა სააკაშვილმა აქცენტი აიღო გიორგი ვაშაძეზე და მის გარშემო შემოკრებილ ახალგაზრდებზე: „მიშა ქაჩავს ვაშაძეს, რომელიც პარტიაში არ ევასებათ, არც გიგა ბოკერიას და არც სხვა ლიდერებს. ცოტა მოგვიანებით პარტიას ასევე დატოვებენ ბოკერია, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი და სხვები. მიშას უნდა, რომ ეგენი დაფერთხოს, ახალგაზრდების წამოწევას ცდილობს, ძველები გასვრილები არიან, აღარ მჭირდებიანო, თითქოს თვითონ სუფთა და გაუსვრელი იყოს.
ჩერგოლეიშვილი პარტიაში მიშაზე რომ ლაპარაკობს, მიშას კი არ ახსენებს, ის ყ...ეო. სიმართლე გითხრათ, წასულებისგანაც ისმოდა მიშას მისამართით უწმაწური სიტყვები. როგორ გგონიათ, ეს ყველაფერი არ მიდის მიშასთან? ახლა ბევრს ლაპარაკობენ, თითქოს „ნაციონალები" რაღაც გეგმას ათამაშებენ წინასაარჩევნოდ, ჯაფარიძე იმასაც აცხადებს, პოლიტიკურ მოძრაობას ვქმნით, მაგრამ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთო, რის გამკეთებლები არიან ყრუ-მუნჯები?
ზოგი ამბობს, ნიკა რურუას „ივერიას" შეუერთდებიანო, იქ ამათ გრიგოლ ვაშაძე და რურუა კი მიიღებენ, მაგრამ დანარჩენები ვერ იტანენ. სრული სიმართლე თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს „ნაცმოძრაობაში" არსებობს გიგა ბოკერიას ჯგუფი, ახალაიების ჯგუფი და მიშა სააკაშვილის ჯგუფი. უახლოეს ხანში ბოკერია გავარდება თავის ცოლთან ერთად, დარჩება ახალაიების „სასტავი" კეზერაშვილის ლობირებით და შედეგი კი ის იქნება, რომ ანი ნადარეიშვილი თავისას გაიტანს და საარჩევნო სიაში ჩასვამენ".
ელოდნენ თუ არა „ნაცმოძრაობაში" ასეთ „გარღვევას"? არ ელოდნენ, რადგან რაღაც ეტაპზე მოილაპარაკეს, რომ „განქორწინება" ცოტა გვიან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც წასულები დარწმუნდნენ, პარტიაში ეპოლეტები უკვე აგვყარეს და ფულსაც აღარ გვაძლევენო, მოვლენებს დაასწრეს. სადაც ფულია, ძალაუფლებაც იქ არის, აღარ ჩააყოფინეს ტიპებს ცხვირი ფინანსებში და ამით აგრძნობინეს, დაახვიეთო, თორემ რომელი იყო პარტიიდან წამსვლელი?
რა იქნება შემდეგ, როგორი იქნება შედეგი? 27 მაისს წასულებმა გამოაქვეყნეს ე.წ. ახსნა-განმარტება, რაც სრული აბდაუბდაა:
„ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრორუსული ძალები. ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ოპოზიციურ ძალას, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წნეხს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან, გადარჩა და აგრძელებს ბრძოლას... პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისთვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა „ნაცმოძრაობამ" ვერ ჩააბარა. არადა სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა".
ესე იგი, ესენი თან რეალურ საფრთხეს ხედავენ, თან პარლამენტში არ აპირებენ შესვლას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ წასულებს რაიმე პოლიტიკური მომავალი აქვთ, ძალიან ცდება. მომავალ პარლამენტში შევლენ „ნაციონალები" მცირე რაოდენობით და ვითომ განახლებული შემადგენლობით, მაგრამ წარსული ნამდვილად არ არის ასეთი იოლი დასავიწყებელი.
დასკვნა: „ნაციონალებიდან" წამოსულებს ჰქონდათ სამი მიზეზი. პირველი - ახალაიების ჯგუფის გაძლიერება პარტიაში და შესაბამისად, ვანო მერაბიშვილის გაღიზიანება; მეორე - დავით კეზერაშვილის მიერ ფინანსების შეწყვეტა; მესამე - პოლიტიკური თვალსაზრისით მათი გაკოტრება „ნაცმოძრაობაში". მოგეხსენებათ, ეს ის თემებია, რაზეც გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი და სხვები ვერ და არ ილაპარაკებენ. დაუკვირდით, მათი ყველა გამოსვლა და კომენტარი არაფრისმთქმელია, აშკარად ჩანს, რომ ბევრ რამეს მალავენ.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"