რით დაასაბუთებენ აკრძალვას? რა ჩაიწერება სარჩელში?
„ალიას" უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ესაუბრა:
- დიდი ხანია, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა, მაგრამ რეალური ნაბიჯები ამის აღსრულებისკენ არ გადადგმულა.
- როგორ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის" გაუქმება, მყარი იურიდიული მტკიცებულებები გაქვთ?
- 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, წესით და რიგით, პოლიტიკურად უნდა მომხდარიყო ამ პარტიის აკრძალვა, მაგრამ ისე მოხდა, რომ პროცესი არ შედგა, რადგან ხელისუფლება კოჰაბიტაციის რეჟიმში იძულებით ჩააყენეს. ამის მიუხედავად, მოთხოვნა, ამ პარტიის აკრძალვისა, კვლავ აქტიურია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.
როგორ უნდა მოხდეს? ვაპირებთ, ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში გადავიყვანოთ, მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვოთ ამ პარტიის აკრძალვა. ჩვენ ვადგენთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ორგანული კანონის პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საფუძველზე, რაც დასაბუთებული გვექნება და ვეცდებით, საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობა" არაკონსტიტუციურად გამოცხადოს.
- რას ჩაწერთ სარჩელში, როგორ დაასაბუთებთ?
- მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიის 20%, ცალკე საკითხია, ამ დროს როგორ უნდა მოვქცეულიყავით და ვინ დაიწყო ომი. შემდეგი - „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში განაჩენების 99% იყო გამამტყუნებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება უზურპირებული იყო და ერთი, კონკრეტული პარტია აკონტროლებდა სისტემას. სასამართლოს გამოჰქონდა ის განაჩენები, რასაც ავალებდნენ. ასევე, იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი, ახალგაზრდების ჩაცხრილვა ქუჩებში. მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარი საფუძველი არის ის, რომ აღნიშნული პარტია, თავისი მმართველობის პერიოდში მოქმედებდა საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესები მთლიანად ჰქონდა უგულებელყოფილი. ასევე, გვახსოვს ძალიან ბევრი შემთხვევა რელიგიური შუღლის გაღვივებისა. საერთო ჯამში კი, მთელი მმართველობა შესაძლოა, შეფასდეს, როგორც დანაშაულებრივი ქმედებები ერისა და სამშობლოს წინაშე.
პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის საფუძველზე, მკვეთრადაა გაწერილი, რომ, თუ პარტია მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად, აღნიშნული პოლიტიკური ძალა თუ პარტია უნდა აიკრძალოს. აღნიშნული პოლიტიკური პარტია, დღესაც ცდილობს და პრეტენზია აქვს, რომ ისევ იგივე ძალაუფლება დაიბრუნოს, რომ იმავეს კეთების საშუალება მიეცეთ, ამიტომაც ეს პარტია უნდა გამოცხადდეს გაუქმებულად.
- ვისთან ერთად მუშაობთ სარჩელზე, კონსტიტუციონალისტებთან თუ გაიარეთ კონსულტაციები?
- ჩვენ, იმ ჯგუფს, რომელსაც ორგანიზაცია აერთიანებს, შეგვწევს ძალა, ჩვენს იურისტებთან ერთად გავუმკლავდეთ ამ საკითხს.
- თქვენი იურისტების კომპეტენციაში არ შეგვაქვს ეჭვი, უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენად გამართული იქნება სარჩელი, რადგან როცა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანთ, ის მოხვდება ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დატოვებული მოსამართლეების ხელში, რომლებიც თითოეულ დეტალზე მოგედავებიან...
- სწორედ ამიტომაც არ ვჩქარობთ, შესაბამის დროს ვუთმობთ მზადებას. რაც შეეხება კონსულტაციებს, აუცილებლად გავითვალისწინებთ ნებისმიერ სასარგებლო რჩევას და თქვენი გაზეთის მეშვეობით, ვეტყვით ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ამ ჩვენს მოსამზადებელ პროცესში, მივიღებთ დიდი სიამოვნებით.
- როდის შეიტანთ სარჩელს?
- მომავალ კვირაში შევიტანთ. აღნიშნული პოლიტიკური ძალა უნდა გასამართლდეს და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაინახოს ყველა ის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რასაც ეს პოლიტიკური ძალა სჩადიოდა და რომელსაც დასავლეთში დღესაც ჰყავს მფარველები.
დიანა ლიპარტელიანი
გაზეთი „ალია"