უკვე ორი დღეა სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც აღბეჭდილია ქუთაისის „ტორპედოს" ავტობუსი და ხალხი, რომელიც ისვენებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ავტობუსი კლუბს ქუთაისის მერიამ აჩუქა.
კლუბის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა Facebook-გვერდზე ფოტოს შემდეგნაირი კომენტარი გაუკეთა:
„სირცხვილი!
ქუთაისის მერიამ „ტორპედოს" საჩუქრად გადასცა ავტობუსი, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა არამარტო გუნდისთვის, არამედ ექსკურსიებისთვისაც იყენებს".
თავად კლუბში აცხადებენ, რომ ჟვანიას სახელობის სკოლამ ექსკურსიისთვის, სტუმართათვის სალხინოს დასათვალიერებლად, „ტორპედოს" ავტობუსი ითხოვა, მათ კი უარი ვერ უთხრეს და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.
ფეხბურთში ღრმად ჩახედული ადამიანისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კლუბისთვის საკუთარ ავტობუსსა და ეკიპირებას, რომელზეც კლუბის ლოგოა გამოსახული, თუმცა ექსკურსიებისთვის გამოყოფილი ავტობუსი რა მოსატანია, როდესაც უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ მატჩში მეტოქეები ერთი და იმავე გუნდის მაისურით თამაშობდნენ.