დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს მისი მოადგილე სანდრო ბრეგაძე. როგორც ბრეგაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ეს ინფორმაცია სიცრუეა, ამჟამად იმყოფებიან გარდაბანში, დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად და ახალ საწარმოებს ათვალიერებენ. აქვე სანდრო ბრეგაძემ აღნიშნა, რომ დუმბაძე რამდენიმე დღით შვებულებაში გადის.
„ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. ალბათ ბევრს უნდა, რომ გადადგეს, მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო, -ამაზეა ნათქვამი. გელა დუმბაძე რამდენიმე დღით გადის შვებულებაში, მონასტრების მოსალოცად. ის თანამდებობაზე რჩება",- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
ინფორმაციას არ ადასტურებს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძეც. კიკნაველიძის განცხადებით, გელა დუმბაძე ხუთი დღით შვებულებაში გავიდა და ის 5 ივნისისთვის სამინისტროში დაბრუნდება.