ყველაზე ძველი საერთაშორისო ტურნირი „კოპა ამერიკა" წელს ჩილეში გაიმართება. ლათინოამერიკული ხასიათითა და თამაშის სტილით გაჯერებულ ტურნირში მონაწილეობას 12 გუნდი იღებს და ისინი 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. „კოპა ამერიკა 2015"-ის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი" შეეცდება, ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ მასში მონაწილე გუნდების შესახებ.
დღეს ჩვენი სტუმარია B ჯგუფში განთესილი პარაგვაის ნაკრები, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასაღწევად არგენტინის, ურუგვაისა და იამაიკის ეროვნულ გუნდებთან მოუწევს დაპირისპირება.
პარაგვაიმ ისტორიის მანძილზე მხოლოდ ერთხელ - 1999 წელს უმასპინძლა „კოპა ამერიკას". თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტურნირზე საკმაოდ კარგად ასპარეზობს და1953 და 1979 წლებში ჩემპიონობაც კი მოიპოვა. გარდა ამისა, ნაკრებმა „კოპა ამერიკის" ისტორიაში 6-ჯერ დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო მესამე ადგილი - 7-ჯერ. ამას გარდა, ისინი მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში 6-ჯერ დამარცხდნენ.
პარაგვაის ეროვნულ ნაკრებს 2014 წლის დეკემბრიდან 55 წლის სპეციალისტი რამონ დიასი თავკაცობს, რომლისთვისაც აღნიშნული სამუშაო პირველი სანაკრებო გამოცდილებაა. მანამდე მან გარკვეული წლები არგენტინაში, ინგლისსა და მექსიკაში სხვადასხვა კლუბების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმოღვაწევა. ფეხბურთის აქტიურ გულშემატკივარს იგი ყველაზე უკეთ „ინდეპენდიენტესა" და „რივერ პლეიტში" გატარებული პერიოდიდან ახსოვს.
გუშინ დიასმა „კოპა ამერიკა 2015"-ისთვის საბოლოო 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.
მეკარეები: ხუსტო ვილიარი („კოლო-კოლო", ჩილე), ენტონი სილვა („ინდეპენდიენტე მედელინი", კოლუმბია), ალფრედო აგილარი („გუარანი");
მცველები: პაულო და სილვა („ტოლუკა", მექსიკა), პაბლო აგილარი, მიგელ სამუდიო (ორივე - „ამერიკა", მექსიკა), მარკოს კასერესი („ნიუელზ ოლდ ბოიზი", არგენტინა), ივან პირისი („უდინეზე", იტალია"), ფაბიან ბალბუენა („ლიბერტადი"), ბრუნო ვალდესი („სერო პორტენიო");
ნახევარმცველები: ვიქტორ კასერესი („ფლამენგო", ბრაზილია), ოსვალდო მარტინესი („ამერიკა", მექსიკა), ნესტორ ორტიგოსა („სან-ლორენსო", არგენტინა), რიჩარდ ორტისი („ტოლუკა", მექსიკა), ოსმარ მოლინასი („ლიბერტადი"), ოსკარ რომერო („რასინგი", არგენტინა), ედუარდო არანდა („ოლიმპია");
თავდამსხმელები: როკე სანტა კრუზი („კრუს ასული", მექსიკა), ლუკას ბარიოსი („მონპელიე", საფრანგეთი), ნელსონ ვალდესი („აინტრახტი", გერმანია), ედგარ ბენიტესი („ტოლუკა", მექსიკა), დერლის გონსალესი („ბაზელი", შვეიცარია), რაულ ბობადილა („აუგსბურგი", გერმანია).
აღსანიშნავია, რომ გუნდის ერთ-ერთ კოზირ რაულ ბობადილას ტრავმა აქვს, თუმცა დიასი იმედოვნებს, რომ „აუგსბურგის" ფორვარდი მალე აღიდგენს ძალებს და ტურნირის დაწყებამდე ჩადგება ფორმაში.
პარაგვაი სავარაუდოდ, „კოპა ამერიკა 2015"-ზე ჩვეული 4-4-2 ფორმაციით ითამაშებენ. მათი მთავარი კოზირი ურთიერთგაგება და დისციპლინაა, რომელიც გუნდში მთავარმა მწვრთნელმა საკმაოდ მაღალ დონეზე დაამყარა. პარაგვაელებს მატჩის მსვლელობის დროს მოულოდნელი აფეთქებები სჩვევიათ და ასეთ დროს მსოფლიოს საუკეთესო გუნდებსაც ხშირად უჭირს მათი შეჩერება.
გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით შემდგარი პარაგვაის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობას „კოპა ამერიკა 2015"-ისთვის:
პარაგვაის ნაკრების კალენდარი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე (თბილისის დროით):
14 ივნისი. 01:30 არგენტინა : პარაგვაი
18 ივნისი. 01:00 პარაგვაი : იამაიკა
20 ივნისი. 23:00 ურუგვაი : პარაგვაი