reportiori.ge - ზაზა ფირალიშვილი: ზნეობრივი დეგრადაცია არც ოც წელიწადში ხდება და არც გაჭირვების გამო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:17
პრეს-დაიჯესტი
ზაზა ფირალიშვილი: ზნეობრივი დეგრადაცია არც ოც წელიწადში ხდება და არც გაჭირვების გამო...
ავტორი:
31 მაისი, 2015. 21:38


ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი  "ფეისბუქგვერდზე" ისტორიას იხსენებს, სადაც ნათლად ჩანს ადამიანთა ღირებულებები. ფირალიშვილი წუხს იმის გამო, რომ საქართველოში ზნეობა დაკნინდა და ადამინებს ღრებულებები შეეცვალათ:


"ეს შარშან მოხდა. ჩემს სიახლოვეს ორი ხელოსანი მუშაობდა, უფრო სწორად, ერთი ხელოსანი და ერთიც - დღიური მუშა. მე იქვე ვაკეთებდი რაღაცას და უნებლიედ მათი საუბარი მესმოდა. საერთო ნაცნობებს იხსენებდნენ: ვინ რითი ცხოვრობს, ვინ ცოცხალია, ვინ - მკვდარი. დღიურმა მუშამ ვიღაც ჯემალა ახსენა. მაგას რა უჭირსო, სიტყვა ჩამოართვა ხელოსანმა. ლამაზი გოგო ჰყავს, ვიღაცის საყვარელი გამხდარა ქალაქში, ის ვიღაც მაღაზიაში ამუშავებს და მშობლებს ფულს უგზავნისო. მის სიტყვებში არც აღშფოთება იყო, არც წუხილი. უბრალოდ, ფაქტი აღნიშნა და ეგაა. მუშამაც თავი დაუქნია, ჰო, მაგას გაუმართლაო. კიდევ ვიღაც ახსენა, იმასაც გაუმართლაო.

მათ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სიმპატიებზე არაფერს ვიტყვი. იოლი მისახვედრია.

 

რამ მოიტანა ეს? - დამოუკიდებლობამ, დემოკრატიამ, ბრაზილიურმა სერიალებმა?!  ვერ დავიჯერებ... ზნეობრივი დეგრადაცია არც ოც წელიწადში ხდება და არც გაჭირვების გამო. გაჭირვება უარესიც გვქონია, გაცილებით უარესი. გვსურს თუ - არა, ასეთია საბჭოთა სოციალური ინჟინერიის პროდუქტი, დღესაც რომ შენატრის იმას, ვინც მასში ადამიანური ღირსება ჩაკლა, პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა, ვეგეტატიურ არსებობაში ჩაკეტა და ეს უკანასკნელიც რაღაც მანქანებით ამგვარ ყოფაში თავისი ღირსების წყაროს ხედავს. ჰოდა ერთ დღესაც ეს პიროვნულ ნებას მოკლებული და სახელმწიფოზე ჭიპლარით მიბმული ადამიანები მათვის გაუგებარ სამყაროში აღმოჩნდნენ.

 

ღმერთმა დამიფაროს ქედმაღლობისაგან. ან კი როგორ შეიძლება ქედმაღალი იყო ამ ადამიანური ტრაგედიის მიმართ. უბრალოდ, მინდა, არ დამავიწყდეს ის ადამიანური მასალა, რომელიც დღეს საქართველოშია - საკმაოდ მრავლადაც. ჩვენ კიდევ მას თავისუფლებით მოგვრილი ღირსების ნაცვლად ხშირად ამავე თავისუფლების უგვანი პროდუქტებით ვუმასპინძლდებით და კიდევ უფრო ვაუცხოვებთ. ჰოდა ისიც ეჭიდება იმ ძველ თუ ახალ კერპებს, რომლებიც ამ მახინჯი პროდუქტებისაგან და

 

საკუთარი ბედის გამო პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებენ. რამდენი ადამიანი გააუცხოვა ადამიანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეისაგან მავანი გაურკვეველი სქესის ადამიანების სატელევიზიო შოუებმა, ღმერთმა იცის.

 

მოკლედ, კაცი ვერ გაიგებს, ვისი ლიბერალიზმი ვის წისქვილზე ასხამს წყალს. არადა, ეს არ არის ლიბერალიზმი. ესაა ლიბერალიზმად წოდებული ბანდერ ლოგი, სადაც უპასუხისმგებლო ადამიანები ლიბერალობანას, სიტყვის თავისუფლებობანას და მსგავსთ თამაშობენ, თავის სნობურ "ინტელექტუალიზმში" ჩამტკბარან, მერე კი ჩივიან პუტინისტების მომძლავრებისა და ყბადაღებული 31%-ის გამო. არადა, სწორედ თავად მიიჩნევდნენ ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების მთავარ პირობად ტრადიციული ნორმების "დეკონსტრუქციას" და თავადვე გადაულოცეს ეროვნული იდეა და რწმენა, როგორც "ჩამორჩენილობის ნიშანი", პუტინისტურ ძალებს. თითქოს უკვე დიდი ხანია ბეწვის ხიდი გავიარეთ და უკვე შეგვიძლია ლაღ თამაშებს მივეცეთ. 31%-მა გაგვახსენა, რომ ჯერ არ გაგვივლია, თურმე.

 

თავისთავად ცუდი არც ლიბერალიზმია და არც კონსერვატიზმი. ცუდი მაშინ იწყება, როდესაც ერთიც და მეორეც პატარა, უპასუხისმგებლო თავებში მოექცევა.

 

არადა, არის რაღაც, რასაც ვერც აკრძალავ და ვერც შეზღუდავ. ცხადია, ვერც ამათ აუკრძალავ თავის თამაშებს. შეეცდები და ან დამარცხდები, ან თავადაც ერთ-ერთ იმ კერპად იქცევი. უბრალოდ, რაღაც წამს უნდა მიხვდეს, რომ თავადაც ისეთივე უმსგავსია, როგორც მავანი კერპთაყვანისმცემელი.

 

მაპატიეთ, თუ კატეგორიულად ნათქვამი გამომივიდა. გუშინ იმ ხელოსანს თვალო მოვკარი და ამან გამახსენა."- წერს ფირალიშვილი.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016