საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკალათბურთო გუნდი „შსს აკადემია" დღეს სუპერთასის მფლობელი გახდა. სუპერთასი გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველად მიისაკუთრა. ლეგენდარული მოთამაშისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მოპოვებისთვის „შსს აკადემია" თბილისის „დინამოს" დაუპირისპირდა და მეტოქე 84:76 დაამარცხა. წლევანდელი საკალათბურთო სეზონი „შსს აკადემია"-ს ისტორიაში გამორჩეულია. წელს შსს-ს კალათბურთელებმა ოთხი პრესტიჟული ტიტულიდან სამი მოიპოვეს.
სუპერთასის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე წლის საუკეთესო მწვთნელად „შსს აკადემია"-ს მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში დაასახელა. ამას გარდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, წლის საუკეთესო მოთამაშე „შსს აკადემია"-ს კალათბურთელი გიორგი ცინცაძე გახდა. აღსანიშნავია, რომ დღესვე გაიმართა 18-წლამდელთა საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური შეხვედრა და შესაბამისი ასაკობრიბივი კატეგორიის „შსს აკადემიის" გუნდი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
„შსს აკადემია"-მ წლის დასაწყისში ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალურ ტურნირში გაიმარჯვა, 26 მაისს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო დღეს, 31 მაისს სუპერთასი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრების ხუთი წევრი თამაშობს, წლევანდელი სეზონიდან კი გუნდს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი კოტე ტუღუში წვრთნის.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)